სიყვარული რეანიმაციაში #4
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-3(838)
ანდრომ ფრთხილად გადაუსვა ცისიას თავზე ხელი და აწკრიალებულ მობილურს დახედა.
– დავითი რეკავს...
– არ უპასუხო, – ცისიას დამფრთხალი ხმა ჰქონდა. შეშინებულს ჰგავდა.
– არ გამოვა. ალბათ, უკვე გეძებენ. დიდი ხანია, გავუჩინარდით. სამი საათი გავიდა. წარმოიდგინე, იქ რა ხდება. უნდა ვუპასუხო და ალბათ, უნდა დავბრუნდეთ კიდეც.
– არ შემიძლია, – ცისიამ სახეზე აიფარა ხელები, – მე შენ გაკოცე. ამის დავიწყება არ შემიძლია. იმიტომ, რომ არ ვნანობ ჩემს საქციელს, იმიტომ, რომ მომწონხარ.
– ცისია, შენ ცოტათი მთვრალი ხარ. გაგივლის. დავითს კი უნდა ვუპასუხო.
– არა, არა... – გაღიზიანდა ცისია. სახლში წამიყვანე. დავითს კი მერე დაურეკე და უთხარი, რომ ცუდად ვიყავი. აუხსენი კარგი?
ანდრომ თავი დაუქნია და ძრავა აამუშავა.
***
ნიამ ჭიქა დადგა და გამომცდელად მომზირალ თიკოს გაუღიმა.
– ბედნიერი ხარ, ასე რომ მოხდა? – მიახალა თიკომ, – დავითი მეცოდება, განადგურებულია. შენ კი, ალბათ, გიხარია.
– სულაც არა. ჩემი ბრალი არაფერია. თანაც, მე დავითის დედა არ ვარ, რომ მასზე ვინერვიულო. საკუთარ თავს დააბრალოს, რაც მოხდა. იცი, რომ ანდროსთან ერთად გაიპარა?
თიკო შეიჭმუხნა.
– ცუდი თამაში წამოიწყე ნია, ძალიან ცუდი.
– რა სისულელეს ამბობ, ხომ გითხარი, არაფერ შუაში ვარ-მეთქი.
– დაგინახე, დავითის შვილს რომ ელაპარაკებოდი. სულელი არ ვარ, ყველაფერს ვხვდები. ადრეც ვხვდებოდი, მაგრამ მიყვარხარ და არ მინდოდა, დამეჯერებინა, ასეთი ბოროტების ჩადენა თუ შეგეძლო.
ნიამ ჩაიცინა და გაფითრებული დავითისკენ გაიხედა, ამაოდ რომ ცდილობდა ანდროსთან დაკავშირებას.
ფიზიკური ტკივილი ყველა ადამიანისთვის ნაცნობია. შეიძლება, მეტ-ნაკლები სიძლიერით, მაგრამ არავინ დავობს, რომ ტკივილის გარეშე გაცილებით სასიამოვნოა ცხოვრება. თუმცა, ზოგჯერ ტკივილის გამომწვევი მიზეზი თავად ვართ და ამას სრულიად გაცნობიერებულად ვაკეთებთ.
ვახომ ხელი შეაშველა გაფითრებულ დავითს, რომელიც აშკარად ბარბაცებდა.
– დავით, ცუდად ხარ... რამეს მოვიფიქრებ და სახლში წაგიყვან. ვერ დავუშვებ, რომ რამე დაგემართოს.
დავითმა თავი გააქნია.
– არა. სირცხვილია. თან ცისიაც უნდა მოვძებნო. ანდრო არ მპასუხობს. უკვე ეჭვი აღარ მეპარება, რომ ერთად არიან.
– ამით რისი თქმა გინდა... ცისიაში გეპარება ეჭვი? – შეშფოთებით ჰკითხა ვახომ.
– არა, მაგრამ, თუ ცისიამ ნიას შესახებ იცის, წარმოდგენა არ მაქვს, როგორი რეაქცია ექნება. გული მიგრძნობს, მარტივად ეს ამბავი არ დამთავრდება. ამ ხალხსაც ვეღარ ვიტან. ყველა ისე მიყურებს... მართალი იყავი. ცუდად ვარ და სასწრაფოდ უნდა რამე მოვიფიქროთ. ღმერთო, ეს ქალი – ცისიას დედა... ისევ ჩემკენ მოდის. არა, მასთან ლაპარაკი აღარ შემიძლია. ეს ჩემს ძალ-ღონეს აღემატება. ვახო, გთხოვ, გარეთ გამიყვანე.
ვახომ სწრაფად მოჰკიდა მკლავზე ხელი, ათეულობით ცნობისმოყვარე თვალის წინ ნახევარი დარბაზი გაიარეს და გარეთ გავიდნენ. წვიმამ, სუფთა ჰაერმა დავითზე დადებითად იმოქმედა. ფერი დაუბრუნდა და უკეთესად დაიწყო სუნთქვა.
– მგონი, უკეთ ვარ. მაგრამ, თუ ცისია არ გამოჩნდება... – დავითმა წინადადება აღარ დაასრულა, სასოწარკვეთილმა ვახოს შეხედა.
– ყველაფერი კარგად იქნება, აი, ნახავ, – გაამხნევა ცოლისძმამ და ერთბაშად, მისი ყურადღება რესტორნის შესასვლელთან სწორედ იმ მომენტში გაჩერებულმა მანქანამ მიიპყრო.
– დავით, ეს შენი მანქანა არ არის? ჰო, ნამდვილად ისაა. საჭესთანაც შენი რეზიდენტი ზის. ახლა გავიგებთ, მასთან ერთად იყო თუ არა ცისია.
– როგორ, ვერ ხედავ ჩემს ცოლს? მანქანაში მარტო ანდრო ზის.
– მგონი, ჰო. მოიცა, გადმოვიდა და აქეთ მოდის.
– ცისია, ცისია სად არის? – მიახლოებისთანავე ჰკითხა დავითმა ბიჭს და პასუხის მოლოდინში სუნთქვა გაუხშირდა.
– ჩემთან ერთად არ არის, მაგრამ არ ინერვიულოთ. სახლშია, სახლში მივიყვანე.
დავითმა ანდროს მხრებში მოჰკიდა ხელი და შეანჯღრია.
– რა მოხდა, რა დაემართა ჩემს ცოლს?
– დამშვიდდით, ხომ გითხარით, სახლში მივიყვანე-მეთქი. ცოტა ნასვამი იყო და არჩია, სახლში წასულიყო.
– რა? – დავითი გაოგნდა, – ცისია იყო ნასვამი? კი მაგრამ, სად დალია.
ანდროს ყოყმანი დაეტყო.
– მითხარი, ანდრო, თქვი, რა მოუვიდა ცისიას, რატომ დატოვა წვეულება, სად იყავით და უკან რატომ აღარ მობრუნდა? ამიხსენი, – დავითმა ნელ-ნელა ხმას აუწია.
– არ გინდა, დავით, ცნობისმოყვარეები ისედაც ინტერესით კვდებიან. სიამოვნებას მივანიჭებთ, – ვახომ მკლავში ხელი მოჰკიდა და თავისკენ მოქაჩა.
– ახლავე უნდა წავიდე სახლში. მანქანის გასაღები მომეცი, – დავითმა ვახოს ყურადღება არ მიაქცია, ანდროს მტრულად უბღვერდა.
– ბატონო დავით, ცისია კარგად არის. თუ მომისმენთ, აგიხსნით.
– რას ამიხსნი, ჩემს ცოლთან ერთად რამდენიმე საათი დაკარგული იყავი. მოდიხარ და მეუბნები, რომ მთვრალი ცისია სახლში მიიყვანე. მინდა, ვიცოდე, რას აკეთებდით ამ ხნის განმავლობაში, ცისია მთვრალი რატომ არის...
– ბატონო დავით, მომისმინეთ, – ანდრო შეეცადა, აეხსნა. მაგრამ დავითი უკვე აღარ უსმენდა. ჭარხალივით გაწითლდა. ტუჩები კი გაულურჯდა და კანი აუჭრელდა. ვახო შეშფოთებული ადევნებდა თვალს.
– დავით, შენ ცუდად ხარ. ახლავე კლინიკაში უნდა გადაგიყვანო და გაგსინჯო.
– ძალიან კარგად ვარ. ეს სისულელეა. ვნერვიულობ და ამის მიზეზიც მაქვს. ცხოვრება თავზე მენგრევა. ღმერთო, ეს რა ხდება?! ანდრო, მე შენ გენდობოდი... – დავითმა პირი გააღო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
– დავით, კლინიკაში მივდივართ. მე კარდიოქირურგი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ახლა დახმარება გჭირდება.
– სერიოზული არაფერი მჭირს და არსად არ წამოვალ, სანამ ცისიას არ ვნახავ.
დავითმა გასაღები ჩაბღუჯა და მანქანისკენ გაემართა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეძლო... ვახო და ანდრო სწრაფად ამოუდგნენ აქეთ-იქით და წაქცევის საშუალება არ მისცეს.
– „სასწრაფო დახმარება“ გამოიძახე, ჩქარა, დრო ცოტა გვაქვს. დაუყვირა ვახომ ანდროს და პირდაპირ ასფალტზე დაჯდა, რომ დავითის თავი კალთაში ჩაედო.
***
ცისია შეაწუხა ბინაში გამეფებულმა სიჩუმემ. მოუსვენრად აწრიალდა, ანდრო დაჰპირდა, რომ დავითის დაელაპარაკებოდა. ერთბაშად მიხვდა, რომ ძალიან ცუდად მოიქცა, გამოუსწორებელი ეგოისტივით. წვეულებიდან გაიქცა, საკუთარი წვეულებიდან, სადაც მასპინძელი თვითონ იყო. წამოდგა და ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა. პირველად იყო ასეთ მდგომარეობაში, როცა არ იცოდა, რა გაეკეთებინა. ტელეფონი აიღო და ანდროს ნომერი აკრიფა. მერე გათიშა და მობილური გაბრაზებით მოისროლა დივანზე. დანაშაულის განცდა სულ უფრო უმძაფრდებოდა და აღიზიანებდა. სინდისის ქენჯნამ ისე შეაწუხა, მიხვდა, რაღაც აუცილებლად უნდა გაეკეთებინა. კარი მაინც უნდა გაეღო და გარეთ გავარდნილიყო. ზარის ხმა მოულოდნელად და მჭახედ გაისმა. ცისია შეაკრთო ამ ხმამ. ფეხებში თითქოს ტყვია ჩაუსხეს. დამძიმებული კიდურების დამორჩილება უჭირდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და კარი გამოაღო.
– თქვენ? შემობრძანდით, – ცისია შეცბა და უკან დაიხია.
ანა მკაცრად და ბოროტი ირონიით უყურებდა.
– მამაჩემს ელოდებოდი? ვწუხვარ, მაგრამ ჯერ ჩემთან ლაპარაკი მოგიწევს.
– კარგი. თითქმის ვხვდები, რისი თქმაც გინდა. შეგიძლია, გაბრაზებული იყო, შეგიძლია, არ მოგწონდე, შეგიძლია, ვერ მიტანდე კიდეც, მაგრამ მე იგივეთი არ გიპასუხებ. იმიტომ არა, რომ მომწონხარ, უბრალოდ, მამაშენი მიყვარს და იმასაც ვაცნობიერებ, რომ მოგვწონს თუ არა, ჩვენ მაინც ერთი ოჯახი ვართ.
– ჰო? ჩვენ ერთი ოჯახი ვართ? – ანამ ირონიულად მოჭუტა თვალები, – და, მამაჩემი გიყვარს, არა? მაშინ, იქნებ ამიხსნა, რატომ გაგიჩნდა მისთვის ტკივილის მიყენების სურვილი. თანაც, ისეთი ტკივილის, რომელმაც მთლიანად დაანგრია.
– ჰო, კარგად არ მოვიქეცი, – ცისია უხერხულობისგან გაწითლდა, – მაგრამ ცუდი არაფერი ჩამიდენია. თავს საშინლად ვგრძნობდი. გვერდით კი არავინ მყავდა. შენ ამას ვერ გაიგებ.
– რა თქმა უნდა, ვერ გავიგებ. მე ხომ მარტო საკუთარ თავზე არ ვფიქრობ. პასუხისმგებლობა გამაჩნია და ვცდილობ, ისეთი არაფერი გავაკეთო, რაც ჩემს საყვარელ ადამიანებს დააზარალებს. მაგრამ, შენისთანებისთვის ასეთი რამ უცხოა.
– არ ვაპირებ, თქვენი უსაფუძვლო საყვედურები ვისმინო, – ცისიამ გულხელი დაიკრიფა და მკაცრად მიაჩერდა ირონიულად მოღიმარ ანას, – ეს ჩემი სახლია. მიუხედავად ჩემი დავითისადმი დიდი პატივისცემისა, მეტს აღარ მოვითმენ.. წადით აქედან!
ანას წარბი არ შეუხრია, თითქოს საერთოდ არ გაუგონია ცისიას სიტყვები.
– „მიუხედავად ჩემი დავითისადმი პატივისცემისა“... როგორ კეთილშობილურად ჟღერს ეს სიტყვები, მაგრამ ყალბია, ისევე, როგორც შენი სიყვარული.
ცისიას გაეღიმა.
– ანა, მიწვევ, ცდილობ, მოთმინება დამაკარგვინო და მაჩხუბო. მაგრამ, ამას არ ვიზამ, გესმის? ბოროტი დედინაცვლის იარლიყს არ მივიწებებ. როგორც უნდა ეცადო, შეურაცხყოფას არ მოგაყენებ. დავითს გულს არ ვატკენ.
– დავითს გულს არ ატკენ? – შეჰყვირა ანამ, – ამას როგორ ამბობ? შენ მას გული უკვე მოუკალი. მიყვარსო, მიმტკიცებ და არც კი იცი, ახლა სად არის შენი საყვარელი მამაკაცი. სახალხოდ შეარცხვინე. არ გიფიქრია იმაზე, რას იტყოდნენ მასზე, როცა ცოლად მიჰყვებოდი და ახლა ცდილობ, დამიმტკიცო, რომ შენი გრძნობა მის მიმართ გულწრფელია?
– არ მინდა შენთან ჩემს გრძნობებზე ლაპარაკი. ანა, ძალიან მძიმე დღე მქონდა. გთხოვ, წადი. ლაპარაკის საშუალება კიდევ გვექნება, მაგრამ ახლა არ შემიძლია. არც არის ამის დრო.
– მე გადავწყვეტ, რისი დროა და რისი არა. მამაჩემს თავგზა აურიე. სანამ გაგიცნობდი, კიდევ მქონდა იმედი, რომ ჩემი წარმოდგენა შენზე მცდარი აღმოჩნდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. აქ ჩამოსულმა გარკვევით დავინახე ის რეალობა, რომელსაც ვვარაუდობდი. თუმცა მომხდარში მარტო შენ არ ხარ დამნაშავე, მამაჩემმაც არანაკლებ გამიცრუა იმედი.
– დავითზე ასე ნუ ლაპარაკობ. მას ძალიან უყვარხარ.
ანამ ირონიულად ჩაიცინა.
– სამწუხაროდ, მამაჩემი ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც საერთოდ არ შეუძლიათ სიყვარული. ამაში დღეს დავრწმუნდი. არც შენ უყვარხარ.
– ცდილობ, წამომიკიდო? არ გამოგივა, – ცისია გაფითრდა, მაგრამ თავს მოერია და შეეცადა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა, – დავითი რომ მოვა, თუ გინდა, მასთან ერთად გავაგრძელოთ სიყვარულზე საუბარი.
– როგორი მიამიტი ხარ. ვცდილობდი, გამეგო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო, მამაჩემის მიმართ შენი, ეგრეთ წოდებული სიყვარულის მიზეზი. რატომ უნდა უნდოდეს ახალგაზრდა, ლამაზ, ჭკვიან გოგოს, შეძლებული ოჯახის შვილს, ცოლად გაჰყვეს ასაკით ბევრად უფროს მამაკაცს, რომელსაც ერთადერთი ინტერესი აქვს ცხოვრებაში – საოპერაციო. მამაჩემი არც იუმორის განსაკუთრებული გრძნობით გამოირჩეოდა როდესმე და ვერც იმას დავიჯერებ, რომ ქალების გულის მოგება შეუძლია. შენს ოჯახს რომ მატერიალურად უჭირდეს, მაშინ პასუხიც მარტივი იქნებოდა, მაგრამ ასე არ არის. იქნებ მამაჩემთან შენი ურთიერთობა განებივრებული გოგოს ახირებაა? ასეა? იმედია, გონს უკვე მოხვედი. ყოველ შემთხვევაში, საკუთარი ქორწილიდან გაქცევა რაღაცას ნიშნავს.
– არსად გავქცეულვარ, – ვეღარ მოითმინა ცისიამ, – ცოტა ხნით ბოროტი და შურიანი ადამიანების მზერას, მათ ჭორიკანა ენებს გავერიდე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს გადაწყვეტილებას ვნანობ. დავითი მიყვარს. მასთან ვრჩები.
– იმას უყვარხარ? ანუ, იმის თქმა მინდა, დარწმუნებული ხარ, რომ უყვარხარ? – ანამ გამომცდელი, კითხვით სავსე მზერა მიაპყრო გოგოს.
***
რეანიმაციული განყოფილების კარი გაიღო და იქიდან დაღლილი სახით ვახო გამოვიდა. თიკომ ყველას დაასწრო, მასთან მიირბინა და მოუთმენლად ჰკითხა:
– როგორ არის ბატონი დავითი?
ვახომ პირბადე მოიხსნა. პასუხს აყოვნებდა. მზერით ცისიას მამა, ირაკლი მოძებნა და ანიშნა, ცალკე დავილაპარაკოთო. გვერდზე გადგნენ.
– რა მოხდა, გარდაიცვალა? – შიშით იკითხა ირაკლიმ
– არა. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ჯერჯერობით მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ რთული ოპერაცია სჭირდება და შედეგზეც წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.
– ეს რას ნიშნავს, რას გულისხმობ?
– მე კარდიოქირურგი ვარ. გული ავამუშავე, მაგრამ ნეიროქირურგიული ჩარევაც ესაჭიროება. წინასწარ რამის თქმა ძნელია.
– ანუ, თუ გადარჩა, შეიძლება, ინვალიდი დარჩეს?
– შეიძლება, – თავი დაუქნია ვახომ.
ირაკლი გაფითრდა.
– ღმერთო, ცისიას ეს როგორ ვუთხრათ.
– უნდა ვუთხრათ, ირაკლი. უფლება აქვს, იცოდეს, მისი ცოლია, – ვახომ დალისკენ გაიხედა, რომელიც მირიანს ელაპარაკებოდა და მთელი ყურადღება მათკენ ჰქონდა, – იქნებ, ეს თქვენმა მეუღლემ გააკეთოს.
– არა. აჯობებს ცისიას თავად დაველაპარაკო. ახლავე წავალ მასთან.
***
ნიამ სიგარეტს მოუკიდა და კმაყოფილებით გაიღიმა.
– ღმერთს ვერ დავემდურები, აშკარად იცის, როდის რა გააკეთოს. ვერც იმას ვიტყვი, რომ სამართლიანობა არ არსებობს.
ანდრომ გაოცებით და საყვედურით შეხედა.
– ამას როგორ ამბობ? ბატონი დავითი შეიძლება, მოკვდეს.
ნიამ მხრები აიჩეჩა.
– მე და შენ სიკვდილს თითქმის ყოველდღე ვხედავთ. უკვე შევეჩვიე.
– თავს საზიზღრად ვგრძნობ. ასე მგონია, ამ ყველაფერში მეც მიმიძღვის ბრალი.
– რა თქმა უნდა, – დაეთანხმა ნია, – მაგრამ, რაც მოხდა, სრულიად ლოგიკურია. ასეა, როცა დავითისნაირ კაცს ცისიასნაირი ლაწირაკი გოგო მოჰყავს ცოლად. დაჰკრა ფეხი და შენთან ერთად საკუთარი ქორწილიდან მოკურცხლა. გაუსკდებოდა კაცს გული, აბა, რა იქნებოდა. მით უმეტეს, რომ მისმა ქალიშვილმა მამის აღვირახსნილობის შესახებ ყველაფერი შეიტყო.
ანდრო შემობრუნდა და ნიას განცვიფრებული მიაჩერდა.
– რა? ნია, რა ჩაიდინე...
გოგომ მხრები აიჩეჩა.
– ისეთი არაფერი. ანას ჩემი და ბატონი დავითის ურთიერთობის შესახებ ვუთხარი.
– და ბატონმა დავითმა იფიქრა, რომ ეს ამბავი ცისიამაც იცოდა?
– წარმოდგენა არ მაქვს, ბატონმა დავითმა რა იფიქრა. ეს ჩემი საქმე არ არის. ტყუილი არ მომიგონია და ჩემი სინდისის წინაშე მართალი ვარ.
– არ მეგონა, ასეთი ბოროტი თუ იყავი, მართლა არ მეგონა.
– არ გინდა, ანდრო. ჩემგან ურჩხულს ნუ შექმნი. რაც მოხდა, გარდაუვალი იყო. დავითის სიკვდილი არ მინდა. იციცხლოს, თუკი მის სიცოცხლეს რამე აზრი აქვს, – ნია შემობრუნდა და ერთბაშად გაცეცხლებული თიკოს პირისპირ აღმოჩნდა.
– იცოდე, თუ ბატონი დავითი მოკვდება, ამას არასდროს გაპატიებ, – გამოსცრა დაუფარავი სიძულვილით, – ნამდვილი გველი ხარ. საშინელი ქალი, შენთან როგორ ვმეგობრობდი?!
ნიამ გაიცინა.
– ერთბაშად ყველა როგორი ანგელოზი გახდა, მაგრამ შენთან ჩხუბს არ ვაპირებ. ეს ეიფორიული მდგომარეობა გაგივლის და მიხვდები, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
– ღმერთო, შენ ვინ ყოფილხარ. ახლა ცისია მოვა. როგორ უნდა შეხედო თვალებში.
– მერე, ვინ გითხრა, რომ უნდა შევხედო? – მხრები აიჩეჩა ნიამ, – ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ და შენც ნუ მოიკლავ თავს. საკმარისზე მეტი ჭირისუფალი ჰყავს ბატონ დავითს.
***
ცისია გაფითრდა.
– ეს... ეს ვინ გითხრა? ტყუილია. არ მჯერა შენი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში