იდეალური ყაჩაღობა #4
პოლ პრაი ნაციონალური ბანკის გენერალურ დირექტორთან ვიზიტზე ჩაეწერა, როგორც განსაკუთრებული კლიენტი. ფილიპ ბროგლი გაოცებული ატრიალებდა ხელში სავიზიტო ბარათს.
– თქვენ ჩვენი კლიენტი არ ხართ, მისტერ პოლ... ვერ გავიგე, ანგარიშის გახსნა გინდათ?
– არა. ჩემი სამსახური უნდა შემოგთავაზოთ. როცა ბანკში ძარცვა ხდება, დანაკარგის დაბრუნებისთვის ჯილდოს აწესებთ?
– დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ, ამით რისი თქმა გინდათ?
– იმის, რომ გაცილებით ნაკლებ თანხაში, ძარცვას თავიდან აგარიდებთ.
მისტერ ფილიპმა გადაიხარხარა.
– უცნაური შემოთავაზებაა, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ. თქვენი დახმარება არ მჭირდება, არანაირი ძარცვა არ მოხდება.
– მაშინ, კარგად ბრძანდებოდეთ. ჩემი სავიზიტო ბარათი კი გქონდეთ, ისე, ყოველი შემთხვევისთვის.
პოლ პრაის ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა. დიდი ხანი იყო, თვალს ადევნებდა „საბანკო სატრანსპორტო კომპანიის“ ჯავშნიან ფურგონებს. ამ ფურგონებით ბანკებს საცავებში ოქრო გადაჰქონდათ. მარშრუტი ყოველთვის წინასწარ იყო გაწერილი. საჭესთან ერთი მძღოლი, გვერდით კი – დაცვის ერთი თანამშრომელი. ბანკის შეიარაღებული დაცვა ფურგონში ოქროს ჩატვირთვის შემდეგ ბანკშივე ბრუნდებოდა. პოლ პრაიმ თავისი ინფორმატორისგან შეიტყო, რომ ბერნერ ედისონის კრიმინალური დაჯგუფება ერთ-ერთი ფურგონის გაძარცვას აპირებდა. ბერნერ ედისონი იმით იყო განსაკუთრებული, რომ პოლიციამ ერთხელაც ვერ ჩაავლო. ქალაქის ფეშენებელურ უბანში, ბენჯამინ ფრანკლინის ქუჩაზე ცხოვრობდა. რამდენიმედღიანი თვალთვალის შემდეგ, პოლმა და მისმა თანაშემწემ ზუსტად იცოდნენ, როგორ მოხდებოდა ფურგონის ძარცვა. პოლი ჩასაფრებისთვის მოემზადა. იყიდა კარამელიანი ყავა, ფუნთუშები და „საბანკო სატრანსპორტო კომპანიის“ მოპირდაპირე ქუჩაზე გაჩერებულ მანქანაში მოკალათდა. რვასაათიანი ლოდინის შემდეგ, ფურგონი ჭიშკრიდან გამოვიდა და ბანკისკენ გაემართა. პოლი ნელა გაჰყვა უკან. პროცედურა სტანდარტულად განხორციელდა. ფურგონში ოქროთი სავსე მძიმე ყუთები ბანკის შეიარაღებულმა დაცვამ ჩატვირთვა. კარი ჩაკეტეს და ფურგონი ადგილიდან დაიძრა. პოლი ისევ ფხიზლად აგრძელებდა დევნას. ხიდთან ფურგონს გზა მოულოდნელად ბოსტნეულის გადასაზიდმა მანქანამ გადაუჭრა ისე, რომ მოაჯირთან მიიმწყვდია. იქ „მერსედესის“ მარკის ახალი, შავი „სედანი“ იდგა და ფურგონმა მას უკანა ფრთა გაუფუჭა. ჯავშნიანი ფურგონიდან უნიფორმიანი მძღოლი და დაცვა გადმოვიდნენ, ბოსტნეულის გადამზიდი მანქანის მძღოლთან მივიდნენ და ჩხუბი დაუწყეს. ამასობაში, მსუბუქი მანქანიდანაც გადმოხტა ოთხი შეიარაებული „ტიპი“. მერე ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა. მოვლენები ისე განვითარდა, როგორც პოლმა წინასწარ განსაზღვრა: ფურგონის მძღოლსა და დაცვის თანამშრომელს შუბლზე იარაღი მიაბჯინეს. ოქროთი სავსე ყუთები მალე ბოსტნეულის საზიდში აღმოჩნდა. ეს მანქანაც და „მერსედესის სედანიც“ იქაურობას სწრაფად გაეცალნენ. პოლ პრაი ბოსტნეულის გადასაზიდ მანქანაში ჩაჯდა. მან დაღამებამდე იარა და ქალაქის ავტოპარკინგის ერთ-ერთ ბოქსში გაჩერდა. პარკინგის თანამშრომელმა მანქანას ნომრიანი სტიკერი დააკრა. პოლმა ცოტა შეიცადა. შემდეგ თავისი ავტომობილი მეზობელ ბოქსში გააჩერა. თავისი სტიკერი ბოსტნეულის ფურგონის სტიკერს გადააკრა და წავიდა. ახლა მთავარი უნდა გაეკეთებინა. დილითვე „მერსედესის“ მარკის „სედანი“ შეიძინა. მოფარებულ ადგილას გააჩერა. აიღო ურო და ფრთა დაუჭეჭყა. შემდეგ ვერცხლისფერი ფოლგა დაზიანებულ ადგილებზე ისე გაუსვა, რომ მანქანა ავარიაში მოყოლილს დამსგავსებოდა. თანაც, შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მანქანა ვერცხლისფერ ავტომობილს შეეჯახა. ამ ამბავში მთავარი ის იყო, რომ პოლმა ახლად შეძენილი ავტომობილი ბერნერ ედისონის სახელზე გააფორმა. როცა ავტომობილი მზად იყო, დიდი სისწრაფით წავიდა ქალაქის ცენტრისკენ და უსაფრთხოების პოლიციელის თვალწინ, სრულიად გაუმართლებელი მანევრი ჩაატარა – წითელზე გაიარა და საავარიო სიტუაცია შექმნა. ხოლო, როცა პოლიციელებმა მანქანის გაჩერება მოსთხოვეს, გადმოხტა და გაიქცა.
– ეი, მისტერ, მოიცადეთ, ეს დანაშაულია! მოიცადეთ, გაქცევა ვერ გიშველით, – პოლი თვალს მიეფარა. პოლიციელმა დამხმარე ბრიგადა გამოიძახა და მანქანა დაკვირვებით დაათვალიერა. რაცია აიღო და საპოლიციო უბანს დაუკავშირდა:
– მომისმინეთ, აქ, მგონი, ის მანქანაა, რომელიც ბანკის ფურგონის ძარცვაში შევნიშნეთ. სასწრაფოდ გამოგზავნეთ ჯგუფი, ვნახოთ, რა ხდება.
იმავე საღამოს პოლ პრაიმ ნაცნობ ინსპექტორს დაურეკა.
– ინსპექტორო მახონი, პოლი ვარ, დაკარგული ოქროს პოვნა გინდათ?
– პოლ, შე ეშმაკო, ამ საქმეში შენი ხელი ხომ არ ურევია?
– მახონი, თუ ბევრ შეკითხვას არ დასვამ, ჯილდოს წილში ჩაგსვამ. აბა, რას იტყვი ამაზე? კარგად იცი, კრიმინალი არ ვარ და თუკი დანაშაულს ჩემი მეთოდებით ვხსნი, ამისთვის არავინ დამიჭერს. ისე, შემიძლია, პირდაპირ პოლიციაში დავრეკო. ჩემგან დავალებულები არიან. ბოლოს და ბოლოს, ბერნარ ედისონის წინააღმდეგ სერიოზული სამხილი მივეცი.
– ღმერთო, პოლ, ფულთან ერთად დამაწინაურებენ კიდეც... ესეც შენი დამსახურებაა.
– მოკლედ, მე ახლა სტიკერის ნომერს გამოგიგზავნი. ოქროთი დატვირთული ბოსტნეულის გადასატანი ავტომობილი ქალაქის სადგომზე დგას. მიიყვანე პოლიციაში და თუ შეიძლება, ჩემი მანქანაც გამოიყვანე. თქვი, რომ მოპარულია. მე არ გამომატანენ, იმიტომ რომ სტიკერი აღარ მაქვს. ეს სამსახური გამიწიე.
– სიამოვნებით, – გაიცინა ინსპექტორმა მახონიმ, – იცი, მაინც ჯილდო რამდენი შეგხვდება? ძალიან დიდი თანხაა...
– ორმოც პროცენტს შენ აიღებ, სამოცი ჩემია. ჰო, კიდევ, ჩემი თანაშემწე წერილს მოგიტანს კონვერტით. ბანკის მმართველს გადაეცი. ვიცი, მალე დამირეკავს და მინდა, წინასწარ იცოდეს, რომ სერიოზულად დავეხმარე.
– როგორც გინდა, პოლ. ისე, ქალაქში ხმა გავარდა, რომ დანაშაულებს მაგნიტივით იზიდავ.
პოლ პრაიმ ხმამაღლა გაიცინა.
– მახონი, მე იღბალს ვიზიდავ... ან იქნები ჩვენი დღესასწაულის მონაწილე, ან – არა. სხვათა შორის, პოლიციას მე ვჭირდები ჩემი განსაკუთრებული მეთოდებით.
– ჰო, ასეა. პოლ, მაგარი ხარ! მერე ჩვენი იღბლიანობა აღვნიშნოთ.
დილით პოლ პრაიმ ჯილდოს სამოცი პროცენტი მიიღო იმ თანხიდან, რომელიც ბანკმა ოქროს დაბრუნებისთვის დააწესა.