როგორ ცდილობდნენ სტალინის გატეხას მსოფლიო ლიდერები #4
მას მერე, რაც კომუნისტური პარტიისა და უშიშროების არქივების ნაწილის განსაიდუმლოება მოხდა, მკვლევრებსა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს საშუალება მიეცათ, შეისწავლონ სტალინის ბიოგრაფიის დღემდე უცნობი ეპიზოდები. პროფესორი ალექსეი ფილიმონოვი წერს: „მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ, ომის შემდეგ ეს კავშირი, ფაქტობრივად, დაინგრა. გაჩაღდა „ცივი ომი“ და ყოფილი მოკავშირეები ერთმანეთის დაუძინებელ მტრებად გადაიქცნენ. თუკი იოსებ სტალინი და ფრანკლინ რუზველტი ერთმანეთს კარგად უგებდნენ და ეწყობოდნენ, სრულიად რადიკალური სურათი მივიღეთ, „თეთრ სახლში“ პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის მისვლით. ამერიკის შეერთებული შტატების 33-ე პრეზიდენტი – ტრუმენი იმ დროს გახდა „თეთრი სახლის“ მასპინძელი, როდესაც ამერიკას უკვე მზად ჰქონდა ატომური ბომბი. ტრუმენის ბრძანებით, ჩამოაგდეს ის იაპონიაში და დემოკრატი პრეზიდენტი ატომური შანტაჟის წყალობით სცდილობდა სტალინის გატეხას (სასაცილოა) თუ არა, მის დაყოლიებას მაინც, რაც არც ერთხელ არ გამოუვიდა... ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი 1949-1953 წლებში, დინ აჩესონი იხსენებდა: „ჰარი ტრუმენი საკმაოდ ძალაუფლების მოყვარული იყო. უკან დახევა არ უყვარდა და საკუთარ თავს ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოს ლიდერად მიიჩნევდა, რომელსაც გლობალური საკითხების გადაწყვეტა ძალუძდა. თავის მთავარ კონკურენტად კი, ის საბჭოეთსა და მის მმართველ სტალინს მიიჩნევდა. სანამ ტრუმენი ამერიკას მეთაურობდა (1945 წლის 12 აპრილი – 1953 წლის 20 იანვარი), ის მუდმივად დაპირისპირებულ პოზიციაში იმყოფებოდა სტალინთან, მაგრამ ვერც ვერაფერზე, მცირე დათმობაზეც კი, ვერ დაიყოლია, რასაც საკმაოდ მტკივნეულად განიცდიდა. ტრუმენს სტალინის გამო ფსიქოლოგიური ჩავარდნებიც კი ჰქონდა, როგორც ეს 1952 წლის 12 ნოემბერს მოხდა... საგულისხმოა ის, რომ, როდესაც 1953 წლის 20 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის, დუაოტ ეიზენჰაუერის ინაუგურაცია იმართებოდა, ჩემ გვერდით მდგომმა ტრუმენმა მიჩურჩულა: ერთადერთი, რასაც ჩემი პრეზიდენტობისას ვერ მივაღწიე, ისაა, რომ სტალინს ვერ ვაჯობე და ისე მივდივარ, დაუმარცხებელ სტალინს ვტოვებო. მიმავალი პრეზიდენტის გულახდილ აღიარებაზე არანაირი პასუხი არ გამიცია, ან, რა უნდა მეთქვა, როდესაც აბსოლუტურ სიმართლეს ამბობდა.“
ჰარი ტრუმენის მსგავსად, სტალინის დამარცხება, გატეხა არაერთ, ტრუმენზე მეტად ძლიერ და ჭკვიან ადამიანს უცდია, მაგრამ არაფერი გამოსვლიათ. ამის გამო კი არა მხოლოდ ფსიქოლოგიური ჩავარდნა ჰქონიათ, არამედ საშინელი ისტერიკაც იპყრობდათ, როგორც ეს ჰიტლერს დაემართა მოსკოვთან, კურსკთან და სტალინგრადთან დამარცხებების დროს. ამ შემთხვევებში, საშინლად გაღიზიანებული ფაშისტი ფიურერი იატაკზე გორაობდა და ისტერიკულად იქნევდა მუშტს, თან გაჰკიოდა: სტალინს მოვსპობ, სტალინს გავანადგურებო... მართალია, ტრუმენს ასეთი რამ არ დამართნია 1952 წლის 12 ნოემბერს, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში გახლდათ, რომ მზად იყო, ატომური იარაღი მეორადაც გამოეყენებინა...
1952 წლის 8 ნოემბერს უახლესი და იმ დროისთვის ულტრათანამედროვე რეაქტიული ბომბდამშენი – „ბ 47“, რომელიც სასწავლო-სადაზვერვო ფრენას ახორციელებდა და საბჭოეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო, კუნძულ კამჩატკაზე იძულებით დაჯდა. თვითმფრინავის ეკიპაჟი სასწრაფოდ მოსკოვში გადაიყვანეს და უშიშროებაში დაამუშავეს, თუმცა ძალის გამოუყენებლად. თავად თვითმფრინავს კი, საბჭოთა სპეციალისტები შეესივნენ, რომ უახლესი ამერიკული რეაქტიული მოდელი კარგად შეესწავლათ. მეორე დღეს, 9 ნოემბერს, თვითმფრინავის ამბავი უკვე პრეზიდენტმა ტრუმენმა იცოდა. მან სასწრაფოდ შეადგენინა ტექსტი და სტალინს გაუგზავნა, რომელშიც კატეგორიული ფორმით მოითხოვდა თვითმფრინავისა და ეკიპაჟის სასწრაფოდ უკან დაბრუნებას. ამისთვის კი 12 საათს იძლეოდა, რაც ფაქტობრივად, ულტიმატუმი იყო. თუმცა, პასუხი არ მიუღია და რა თქმა უნდა, არც თვითმფრინავი დაუბრუნებიათ და არც მისი ეკიპაჟი. ტრუმენი სამი დღე ელოდა. 12 ნოემბრის დილას კი, ამერიკის პრეზიდენტმა უკვე პირადი მიმართვა გაუგზავნა სტალინს. ტონი და ფორმა იგივე დატოვა, თან დაამატა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თერმობირთვული სახელმწიფო იყო. მსოფლიოში უძლიერეს წყალბადის იარაღს ფლობდა, რომელიც 1 ნოემბერს გამოცადა და თვითმფრინავისა და მისი ეკიპაჟის სასწრაფოდ დაბრუნებას კატეგორიულად მოითხოვდა. ტრუმენმა სტალინის პასუხი სულ რაღაც ერთ საათში მიიღო. ეს დეპეშა კონგრესის ბიბლიოთეკაშია დაცული და მასში წერია: „მუქარა ის ტონი არაა, რომლითაც საბჭოეთსა და მის ლიდერს უნდა ელაპარაკო. თერმობირთვული მუქარა კი ისეთივე უაზრობაა, როგორი უაზრობაც ჰიტლერის აღმოსავლური ლაშქრობა გახლდათ საბჭოეთზე. რაც შეეხება საბჭოეთის სივრცის უკანონოდ დამრღვევი სამხედრო თვითმფრინავისა და მისი ეკიპაჟის ბედს, ეს საკითხი სრული კანონიერების დაცვით გადაწყდება. სტალინი“.
ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველი ჯონ საიმონსი, თავის წიგნში „თეთრი სახლის ვნებანი“ ასე აღწერს ტრუმენის რეაქციას სტალინის პასუხზე. საიმონსი წერს: „ტრუმენმა რომ სტალინის პასუხი წაიკითხა, გაფითრდა. ჩაფიქრებულმა დაიწყო ბოლთის ცემა ოვალურ კაბინეტში. ბოლოს კი თავის სახელმწიფო მდივანს, დინ აჩესონს, რომელიც მასთან იმყოფებოდა, უთხრა:
– სტალინის თავხედობას საზღვარი არ აქვს. კიდევ ერთ დეპეშას გავუგზავნი და ვეტყვი, რომ თუკი თორმეტი საათის განმავლობაში არ შეასრულებს ჩემს მოთხოვნას, ატომურ დარტყმას მივაყენებ და მართლაც ვიზამ ამას.
– ბოდიში, ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ შეცდომას დავუშვებთ. თანაც, გამორიცხული არაა, რომ სტალინმა პირველმა მოგვაყენოს ატომური დარტყმა, როცა გაიგებს, რომ ჩვენ ვაპირებთ ამას, – უთხრა აჩესონმა ტრუმენს.
პრეზიდენტი საშინელ დეპრესიაში იყო – ერთი მხრივ, უდიდესი პასუხისმგებლობის ტვირთი აწვა, მეორე მხრივ კი, თავმოყვარეობა ჰქონდა შელახული მისი მოთხოვნის უგულებელყოფის გამო. საბოლოოდ, საღმა აზრმა გაიმარჯვა და ტრუმენმა ვნებები დაიოკა. თუმცა, ეს შემთხვევა მას მთელი ცხოვრება არ ასვენებდა და მიიჩნევდა, რომ სტალინმა ის დატკეპნა“...
ბომბდამშენ „ბ 47-ის“ ეკიპაჟი სამშობლოში 29 ნოემბერს გაუშვეს, რომლებიც ერთხმად აცხადებდნან, რომ საბჭოელები მათ იდეალურად ეპყრობოდნენ – ხიზილალითა და არყით უმასპინძლდებოდნენ. თავად „ბ 47“ კი, 12 დეკემბერს გადასცეს ამერიკელებს, მას შემდეგ, რაც მისი ყოველი ჭანჭიკი საგულდაგულოდ შეისწავლეს. თავად სტალინს, მთელი საბჭოთა სტრატეგიული ავიაცია 12 ნოემბერს სრულ მზადყოფნაში ჰყავდა მოყვანილი და თუ ტრუმენი იერიშის მიტანას დააპირებდა, მზად იყო, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექვსი ატომური ბომბი ჩაეგდო. ამერიკის ელჩი საბჭოეთში 1952 წელს, ჯორჯ კენანი ასე იხსენებს სტალინთან შეხვედრას: „1952 წლის 12 ნოემბერს მე მოლოტოვთან ერთად გავემგზავრე კრემლში. იქ სტალინმა მიმიღო. ჯერ ტრუმენის დეპეშა გამაცნო, მერე თავისი პასუხი ამ დეპეშაზე და ბოლოს მითხრა:
– ბატონო კენან, ტრუმენის „ატომური კომბალი“, რომელიც მან ჯერ კიდევ 1945 წელს მოგვიღერა, ჰაერშია გაშეშებული და იმედია, ძირს დაუშვებს. ხოლო, თუკი დარტყმას მოინდომებს, შესაძლო, პირველ დარტყმას, ჰაერიდანვე მიიღებს.“
საბჭოთა ბელადის სიტყვები სულ მალე „თეთრ სახლს“ გადავეცი და ვფიქრობ, ჩემი წვლილიცაა იმაში, რომ საბჭოთა კავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთმანეთში ატომური ომი არ გააჩაღეს“.
ფაქტია, რომ 1952 წლის 12 ნოემბერს საბჭოეთი და ამერიკა კატასტროფული ომის ზღვარზე იდგნენ და სტალინის შეუვალობამ, მისმა მტკიცე დიპლომატიამ, ეს არ დაუშვა.