რა ცნობილ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი ლავრენტი ბერიამ, რომელსაც დღემდე აღნიშნავენ რუსეთში #4
მსოფლიოსთვის ლავრენტი ბერია, უპირველესად, ცნობილია, როგორც „ენკავედეს“ მრისხანე მინისტრი და ატომური პროექტის ხელმძღვანელი. ალბათ, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელია ისინი, ვინც უწყის, რომ საბჭოთა „ჟანდარმერიის მარშალი“ მრავალი საბჭოური ტრადიციის ფუძემდებელი და სულისჩამდგმელი იყო. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სვიატოსლავ კრავეცკი წერს: „ბერიას არა მარტო ადამიანების გამწარება შეეძლო (ჩემი აზრით, ეს გაზვიადებულია), არამედ მათთვის სიხარულის მოტანაც. მან (ბერიამ) ბევრ ისეთ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი, დღემდე რომ არსებობს რუსეთსა და პოსტსაბჭოური ქვეყნების უმეტეს რესპუბლიკაში. ერთ-ერთი ასეთი მთავარი ტრადიციაა, ახალი წლის პომპეზურად აღნიშვნა და უზარმაზარი ნაძვის ხის დადგმა, ყველა, დიდ თუ პატარა დაბა-დასახლებებში. ბერიას ერთ-ერთი თანაშემწე, პეტრე შამუგია იხსენებდა: „1935 წლის 27 დეკემბერს ლავრენტი პავლოვიჩმა თავის კაბინეტში მიხმო და მკითხა:
– პეტრე, ახალი წელი ახლოვდება და როგორ აპირებ მის აღნიშვნას?
ამხანაგი ბერია ხშირად ინტერესდებოდა თავისი ხელქვეითების ყოფა-ცხოვრებით. ამიტომ არ გამკვირვებია მისი შეკითხვა და მივუგე:
– ოჯახთან ერთად, ლავრენტი პავლოვიჩ. სუფრაზე დავილოცები. შემდეგ კი, მე და ცოტნე, ჩემი ვაჟი, გარეთ გავალთ, შემოვალთ და მეკვლეები ვიქნებით.
ბერიას ჩაეცინა. თავი გააქნია და მითხრა:
– მოსაწყენი და ერთფეროვანია. მე კი სხვა აზრი მაქვს და ვფიქრობ, უკეთესი ხომ არ იქნება, ახალი წლის დადგომა საერთო-სახალხო ზეიმად გადავაქციოთ. უფრო მასობრივი გავხადოთ და რაც შეიძლება, ბევრი ადამიანი ჩავრთოთო.
ბერიას სიტყვების არსს ვერ ჩავწვდი, რასაც ლავრენტი პავლოვიჩი მიხვდა და მითხრა:
– ვერ მიხვდი, ხომ?
– ვერა, – მივუგე ბერიას.
– მოკლედ, ჩემო პეტრე, – მითხრა ბერიამ და მაგიდაზე გაშლილ ფორმატზე მიმითითა, – აი, ლენინის მოედანზე ნაძვის ხე უნდა დავდგათ და მოვრთოთ. ახალ წელს ხალხი შევკრიბოთ და ყველამ ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის დადგომა. ვფიქრობ, ეს ურიგო არ უნდა იყოს და ყველა კმაყოფილი დარჩება. რას იტყვი, ცუდი იდეაა?
ბერიას არც პირფერობა უყვარდა და არც ნაჩქარევი პასუხები. რომ დავთანხმებოდი და მეთქვა, გენიალურია-მეთქი, სიცრუეს მიმიხვდებოდა და შემახურებდა. ამიტომ, მოკრძალებულად მივუგე:
– ლავრენტი პავლოვიჩ, თუ შეიძლება, ცოტას დავფიქრდები, ყველაფერს ავწონ-დავწონი და ისე გიპასუხებთ-მეთქი.
– ეჰ, პეტრე, პეტრე, – ჩაეცინა ბერიას, – ტყუილად არ მოგწონს ჩემი იდეა. ნახავ, რა მაგარი რაღაც გამოვა და როგორ აიტაცებს ხალხიო...
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბერიას დავალებით, კოჯრის ტყიდან ოცდაშვიდმეტრიანი ულამაზესი ნაძვის ხე ჩამოვიტანეთ და ლენინის მოედანზე დავდგით. შემდეგ ის ძალიან კოხტად მორთეს და 29 დეკემბერს, დილით გამოცხადდა და გაზეთებში დაიწერა, რომ ახალ, 1936 წელს, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობა ქუჩაში ხვდება და ყველა მსურველს იწვევდნენ იქ. მართლაც, როგორც ამხანაგმა ბერიამ ივარაუდა, ახალი, 1936 წლის შესახვედრად, ლენინის მოედანზე 30 ათასი ადამიანი მოვიდა. იქ იყო ლავრენტი პავლოვიჩიც, თავის ცოლ-შვილთან ერთად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცეკას პირველი მდივანი ხალხში გაერია. მისი პირადი დაცვა კი შორიახლო განლაგდა და ყველა მსურველს შეეძლო, ბერიასთან მისვლა, გამოლაპარაკება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შამპანური და ბუტერბროდები უფასო იყო. ბერიამ 50 ათასი მანეთი გამოყო ბიუჯეტიდან საამისოდ და ამ ღონისძიებამ ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა ხალხში...“ პეტრე შამუგიას მონათხრობს იმას დავამატებ, რომ ბერიასვე ინიციატივით მთელი საქართველოს მასშტაბით, 1-10 იანვარს საბავშვო, საახალწლო ზეიმ-წარმოდგენები იმართებოდა. დასწრება უფასო იყო და საჩუქრებსაც არიგებდნენ. ბერიამ ამ ღონისძიებებისთვის დამატებით 450 ათასი მანეთი გამოყო ბიუჯეტიდან. ყოველი ახალი წელი საქართველოს ბიუჯეტს ბერიას მმართველობის დროს 500 ათასი მანეთი უჯდებოდა. სწორედ თბილისის შემდეგ გაიმართა პირველი საკავშირო საახალწლო ნაძვის ხე, ანუ „კრემლის ნაძვის ხე“, რომელიც დღემდე ტარდება რუსეთში და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.
ძნელი სათქმელია, ბერიამ ეს „საახალწლო ნაბიჯი“ საკუთარი პიარისთვის გადადგა თუ მართლა მხოლოდ ხალხისა და ბავშვებისთვის ზრუნავდა. შეიძლება, ერთიც და მეორეც. მაგრამ ფაქტია, რომ თანამედროვე ტერმინი რომ ვიხმაროთ, 1936 წლიდან ბერიას რეიტინგი ისე გაიზარდა საქართველოს მოსახლეობაში, რომ მისი 75 პროცენტი ბერიას მზეს ფიცულობდა. კმაყოფილი იყო სტალინიც ბერიას მიღწევებით და საქართველოს ცეკას პირველმა მდივანმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა კრემლში მიმავალ გზაზე.
ლევრანტი ბერიას ნათელ გონებასა და საზრიანობაზე არაერთი ისტორიაა ცნობილი და ამის მკაფიო დასტურია ინჟინერ ვსევოლოდ ლავროვსკის მონაყოლი, რომელიც „მოსმეტროსტროის“ ერთ-ერთი მეთაური გახლდათ და ყველა ურთულესი მიწისქვეშა სამუშაო მას ევალებოდა. ლავროვსკი ყვებოდა: „1939 წლის ზაფხულში, მოსკოვის მეტროს მორიგი ხაზი გაგვყავდა. ამხანაგი სტალინის ბრძანებით, სამუშაოები 1 სექტემბრისთვის უნდა დაგვესრულებინა და ის (სტალინი) პირადად იბარებდა ჩვენგან ანგარიშს. 4 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე გამომიძახეს, რომ სტალინისთვის ანგარიში ჩამებარებინა. არა და, სატრაბახო არაფერი მქონდა. საქმე ის იყო, რომ მდინარე მოსკოვის ქვეშ მდებარე 800-მეტრიან მონაკვეთში, შიდა წყლები საშუალებას არ გვაძლევდა, წინ წავსულიყავით – გვირაბი წყლით ივსებოდა. ამოვტუმბავდით, ისევ ივსებოდა. პროექტი კი დამტკიცებული იყო. რომ შეგვეცვალა, პირველი სექტემბრისთვის ვერაფერს მოვასწრებდით. ერთი სიტყვით, დახვრეტას თუ არა, დაპატიმრებას ნამდვილად ველოდი და როდესაც ჩვენი გასაჭირის შესახებ სტალინს მოვახსენე და აკანკალებული ხმით დავძინე:
– ამხანაგო სტალინ, პირველ სექტემბერს პროექტს ვერ ჩაგაბარებთ-მეთქი, – სტალინმა მრისხანედ შემომხედა და ადგილზე გამაქვავა.
ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მე ოფლში ვიწურებოდი. ამ დროს ბერიას თანაგრძნობით სავსე მზერას წავაწყდი, რომელმაც სიტყვა ითხოვა და სტალინს უთხრა:
– ამხანაგო სტალინ, ვფიქრობ, გამოსავალი არსებობს. „მეტროსტროელებმა“, უბრალოდ, ის მონაკვეთი უნდა გაყინონ, საიდანაც წყალი დგება გვირაბში და პარალელურად, დრენაჟი გაუკეთონო.
„ენკავედეს“ მინისტრ ბერიას სიტყვები იმდენად უბრალო და გენიალური იყო, რომ სტალინს გაეცინა და თვალებით მანიშნა, იმოქმედეო...
და მართლაც, ბერიას მიგნება გვირაბმშენებლობაში ნოვატორული აღმოჩნდა. მას ჩვენ ხშირად ვიყენებთ ხოლმე.“
სულაც არაა გასაკვირი ლავრენტი ბერიას ინჟინრული მიგნება, რადგან მას ტექნიკური განათლება ჰქონდა. ასეც რომ არ ყოფილიყო, ისეთი არაორდინარული აზროვნების იყო, რომ გამოსავალს ყველა ლაბირინთიდან პოულობდა. ალბათ, მხოლოდ სტალინმა ამოიცნო ამ ადამიანში ასეთი გონიერება და საგანგებოდ ჩააბარა საბჭოთა კავშირის სტრატეგიული დაზვერვა, რომელიც ბერიამ არნახულ სიმაღლეებზე აიყვანა“.