როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები #4
ბატკუაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ბატკუა, რომელიც შემდეგში საკუთარ სახელადაც გვხვდება.
ვინმე ბატკუა მოიხსენიება ყმების გაყრილობის წიგნში 1674 წელს, რომელიც დავით იარალაშვილს ბატონისთვის მიუცია.
საქართველოში 216 ბატკუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 133, კასპში – 56, მცხეთაში – 9. არიან სხვაგანაც.
მანველაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მანველა.
მანველისშვილი იფნობს მცხოვრები, მამულით, ერთ წილად ერგო იოთამ ბარათაშვილს, ქვემო ქართლში, 1537-1538 წლებში.
მანველაშვილი და მანველიშვილი ერთი და იმავე გვარად ჩანს. რუსულ საბუთებში ჩაწერილი მანველოვები იგივე მანველიშვილები არიან.
ისტორიულ საბუთებში ვკითხულობთ, რომ მანველიშვილმა დავითმა 1691-1712 წლებში იყიდა ოთიაშვილის ვენახი.
დავით მანველაშვილი საქართველოდან ოსმალეთში ტყვედ გატაცებული ყმაა, შემდეგ კი ერაყის გამგებელი დაუდვაშის სახელით გვხვდება მეცხრამეტე საუკუნეში.
საქართველოში 35 მანველაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 21, თბილისში – 5, გორში – 2. არიან სხვაგანაც.
მიხანაშვილი
ამ ქართული გვარ-სახელის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი მიხეილი. მიხეილ ნაწარმოებია ძველი ბერძნული სახელიდან მიქელა, რომელიც ნიშნავს „ღვთის სწორს“. სახელს ცვლილებები განუცდია და მივიღეთ მიხეილ. მიხეილიდანაა წამოსული ფორმა მიხა. აქედან კი მიღებულია გვარი მიხანაშვილი.
„მიხანაშვილი ბეჟან იყო დამწერი და მოწმე დათუნა ლატრაძის მიერ გიორგი ნინიაშვილისთვის მიცემული მიწის წყალობის წიგნისა“ (მეჩვიდმეტე საუკუნის 60-იანი წლები).
საქართველოში 494 მიხანაშვილი ცხოვრობს: გორში – 240, თბილისში – 173, კასპში – 50. არიან სხვაგანაც.
გზირიშვილი-ხოსიაშვილი
გვარი გზირიშვილი წარმოშობილია ხელობა-თანამდებობისგან. გზირი ძველად სოფლის მოხელეს, მამასახლისის ხელქვეითს ნიშნავდა, იყო მის განკარგულებათა შემსრულებელი.
მეთერთმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებიან „გზირისშვილი-გზირიშვილი, განაკერტს მცხოვრები, ფლობს ქონებას, აქვს მამული, გაყოფისას მამულითურთ წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს, ეს მოხდა 1537-1538 წლებში“.
„თეიმურაზ მეფემ განუახლა ენისელთ ნაცვალ ხოსროსა და გზირიშვილის მამულის წყალობა“ (1662 წელი).
„გზირიშვილი გოდერძი, მძოვრეთში, შიდა ქართლში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის დროს, მამულით, ერგო ედიშერს“ (1688-1703 წლები).
კასპში მცხოვრები გზირიშვილი თედოს ოჯახიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი).
სამღერეთის მცხოვრები წითურა გზირიშვილი 1640 წელს წილად ერგო, ხოსია ბარათაშვილს. აქედანაა გაჩენილი გვარი ხოსიაშვილი.
საქართველოში 1 182 გზირიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 288, კასპში – 246, საგარეჯოში – 181. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით