რატომ არის საყვარელი ყოველთვის თავხედი და როგორ უნდა მოიქცეს ჭკვიანი ცოლი #4
როგორ უნდა მოიქცე, თუკი ქმარმა გიღალატა?! რა ჯობია ამ დროს – გააგდო მოღალატე თუ აპატიო. თუ აპატიებ, არსებობს იმის შანსი, რომ თავის საქციელს გაიმეორებს. მაგრამ, თუკი არ აპატიებ და ერთ შანსსაც არ მისცემ, მაშინ საკუთარ თავს ვერ აპატიებ, ასე რომ არ მოიქეცი... მოკლედ, ამ ჩაკეტილი წრიდან მარტივი გამოსავალი არ არსებობს. ყველა შემთხვევაში, პრობლემა დიდხანს დარჩება პრობლემად. ცოლი მომთმენიც უნდა იყოს და ძალიან ჭკვიანიც, რათა საყვარლის „შემოტევას“ გაუმკლავდეს.
დიანა (37 წლის): სულ მეგონა, მარტო ასაკოვან, ორმოც წელს გადაცილებულ ქალებს ღალატობდნენ ქმრები და ისიც პატარა გოგოებთან. ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ამ პრობლემის წინაშე, გათხოვებიდან სამი წლის შემდეგ აღმოვჩნდებოდი. ჩემი ქმარი მხოლოდ სამი წლითაა ჩემზე უფროსი. დარწმუნებული ვიყავი, არანორმალურად ვუყვარდი და ყოველთვის ჩემი ერთგული იქნებოდა. კიდევ ბევრი წარმოდგენა დამენგრა, ბევრი რამ გადავაფასე. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ თუ ქმარი გიღალატებს, იმ ქალს არ უნდა დაურეკო და არ უნდა გალანძღო. ეს ძალიან წამგებიანი სიტუაციაა. არავის ვურჩევ, მსგავსი რამ მოიმოქმედოს და პრობლემები მოიმატოს.
– თქვენ ფიქრობთ, „ის ქალი” არაფერ შუაშია? რომ მესამე ურთიერთობას არ ანგრევს?
– როგორ არ არის შუაში, მაგრამ მასთან დაპირისპირებით, ვერაფერს მიაღწევ. მხოლოდ გაირთულებ მდგომარეობას. ძალიან დიდი მოთმინებაა საჭირო და რკინისებური ნერვები, რომ ამ ყველაფერს გაუძლო. როცა ქალს მამაკაცის „მიტაცება“ აქვს განზრახული, მასთან მორალსა და აღმზრდელობით თემებზე საუბრები არ გამოვა. ისეთი სტრატეგია უნდა დაუპირისპირო, ამ ბრძოლას რომ მოგაგებინებს.
– მამაკაცისთვის ბრძოლა ღირს?
– გააჩნია მამაკაცს და შენს პრინციპებს. მე ისეთი ვარ, თავისას სხვას არაფერს რომ არ დაუთმობს. ან, რატომ უნდა დავუთმო ვიღაც ქალს მამაკაცი, რომელიც მიყვარს და ჩემია.
– მამაკაცებს სწორედ ის არ მოსწონთ, როცა საკუთრებად განვიხილავთ.
– რა თქმა უნდა. მაგრამ ამ შემთხვევაში, მამაკაცის აზრი საინტერესო არ არის. ქმრებს, ანუ კაცებს მხოლოდ ჰგონიათ, რომ რამეს წყვეტენ. რეალურად, ასე არ არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ქალმა ძალიან იაქტიურა. ჩემსას კი არ ვამართლებ, მაგრამ მამაკაცები საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში იშვიათად წყვეტენ რამეს. ამას ისე, ზოგადად, არ ვამბობ. საკუთარ ქმარზე მაქვს „გატესტილი“. იმდენი ბოდიში მომიხადა და ისეთ დღეში იყო, მისი ღალატის შესახებ რომ გავიგე, მგონი, ეს ყველაფერი, იმ ქალად არ უღირდა. ჩვენ კარგი ცოლქმრობა გვქონდა. ერთმანეთის გვესმოდა. სიყვარულიც გვქონდა და ლტოლვაც. სამწუხაროდ, ნდობაც.
– სამწუხაროდ, რატომ?
– იმიტომ, რომ ჩემმა ქმარმა ამ ნდობით ისარგებლა. თუმცა, მიმეორებს, რომ ნანობს.
– როგორ გაიგეთ ქმრის ღალატის შესახებ?
– თავად იმ ქალბატონმა მამცნო. საყვარლებს სასიყვარულო ურთიერთობის საიდუმლოდ შენახვა არ შეუძლიათ. ეს იცის ყველა ცოლმა, ვისთვისაც კი უღალატიათ. რა თქმა უნდა, ჩემს თავზეც გადაიარა ქარიშხალმა. სრულიად მოულოდნელად მესტუმრა ქალი, რომელმაც მითხრა, რომ მე არაფერს წარმოვადგენ, ნული ვარ და არც ქმარს ვჭირდები. ცოლები დამეთანხმებიან, რომ საყვარლები ყოველთვის თავხედები არიან – ზღვარგადასულად თამამები და რატომღაც მიზნად აქვთ დასახული ცოლების გამწარება. აი, ეს ფენომენი ვერ გავიგე – არ მესმის და რა ვქნა?!
– ქმარს ვერაფერს ატყობდით?
– სამწუხაროდ, ვერა. ნორმალურად იყო ყველაფერი. რაღაც პერიოდში, თითქოს მოვიწყინეთ – ის გიჟური ლტოლვა აღარ გვქონდა, მაგრამ ქმარი მეუბნებოდა, სტაბილურობა სწორედ ეს არის, რუტინა მოგვერიაო. ოთხ წელიწადში ახალგაზრდა წყვილს ასეთი რამ არ უნდა დაგვმართნოდა. იქნებ, რაღაცით ჩემი ბრალიც იყო, მაგრამ ეს იმ ქალბატონის უტიფრობასა და უსირცხვილობას არ ამართლებს. თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ მისი გამოჩენის შემდეგ, მოწყენის საშუალება აღარ გვქონია. პირველი სურვილი, რაც გამიჩნდა, იმ ქალის შუაზე გაგლეჯა იყო, მაგრამ რაღაც მომენტში, გონება გამინათდა და მივხვდი, სწორედ ამას ელოდა.
– რას ელოდა – თქვენს აფეთქებას?
– დიახ. რომ მერე ჩემი ქმრისთვის ეთქვა, როგორი ისტერიჩკა, კაპასი, ანჩხლი და შეურაცხადი ვარ. ამ ტიპის ქალების მთავარი მიზანიც ხომ ეს არის – გაანადგუროს ცოლის რეპუტაცია. თვითონ გამოვიდეს მსხვერპლის როლში, ცოლი კი, ურჩხულად წარმოაჩინოს. საშინელებაა ეს ყველაფერი.
– ანუ, თქვენ იცით, რა უნდა უთხრას ჭკვიანმა ცოლმა ქმრის საყვარელს?
– მგონი, ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მე კარგად გამომივიდა და გაამართლა. ვუთხარი – ჩემი ქმარი ნივთი არ არის, გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს და საბოლოო არჩევანიც გააკეთოს-მეთქი. მე გამოცდილება არ მქონია. შინაგანმა ხმამ მიკარნახა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. შეიძლება, ჭკუაც მაქვს. არ ვიცი, არ მიჩხუბია. თუმცა, გიმეორებთ, მისი თმებით თრევის სურვილი მქონდა. ამ გრძნობას ვერ წაუხვალ. მაგრამ, თავს უნდა მოერიო. ის კი არა, ყველაზე ახლობელი ქალისთვისაც კი არ გამიმხელია, რაც ხდებოდა. ყველა ემოცია ჩემში ჩავიკალი. თავს მოვერიე. იცით, რაშია საქმე? – დაქალს, შეიძლება, უნდა, რომ დაგეხმაროს. შეიძლება, რაღაც რჩევები მოგცეს კიდეც, მაგრამ ის მაინც გარეშე პირია, რომელიც ვერაფერში წაგადგება – სეირს უყურებს, შეწუხდება და მორჩა. საკუთარ პრობლემასთან პირისპირ და მარტო რჩები. ამ ყველაფერზე უნდა იფიქრო. ძნელია, მაგრამ თუ ქმრის შენარჩუნება გინდა, უნდა შეძლო.