კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი #4

უნდა განვეშოროთ თუ არა ბიწიერ ადამიანებს
როგორც სხეული კვდება დასნებოვნებულ ჰაერში დაბუდებული გადამდები ავადმყოფობით, ასევე სულიც ხშირად ძლიერ ზიანდება მანკიერ ადამიანებთან ურთიერთობისას. ამიტომაც ქრისტემ გვამცნო, არა მარტო გავექცეთ ასეთ ადამიანებს, არამედ უარვყოთ კიდევაც ისინი.  იგი გვეუბნება: „უკუეთუ თუალი შენი მარჯვენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან“ (მთ. 4,29). ამ მცნებაში უფალი გულისხმობს ახლობლებს, მეგობრებს, რომლებიც თითქოს ჩვენი სხეულის ნაწილებად ქცეულან. იესო ქრისტე გვიბრძანებს, არ გავუფრთხილდეთ მათ მეგობრობას, რათა უფრო მშვიდად შევძლოთ საკუთარი სულის ცხონებაზე ზრუნვა. ამიტომაც, ამბობს წინასწარმეტყველი: „არა დავჯედ მე კრებულსა თანა ამაოებისასა, და უსჯულოთა თანა მე არა შევიდე“ (ფსალმ. 25,4) და იერემიაც ნეტარს უწოდებს მას, ვინც „აღიღოს უღელი სიჭაბუკესა შინა მისსა მძიმე, დაჯდეს მარტოობით და დადუმნეს“ (გოდება იერემიასი, 3,27-28). იგავთა წიგნიც ბევრს საუბრობს ამის თაობაზე და დაბეჯითებით გვირჩევს, არა მხოლოდ მოვერიდოთ, არამედ გავექცეთ კიდევაც იმ ადამიანებს, რომლებიც ბოროტ რჩევებს გვაძლევენ, და გავწყვიტოთ მათთან კავშირი. ამიტომ, ნუ გვეგონება, რომ ბოროტ ადამიანებთან ურთიერთობა ბევრს ვერაფერს დაგვაკლებს, და გავექცეთ მათთან ერთობას, თუნდაც ცოლები, მეგობრები და სულერთია, ვინც არ უნდა იყვნენ. ამგვარმა ურთიერთობამ დაუღუპა ისეთი დიდი მამრნიც, როგორებიც სამსონი და სოლომონი იყვნენ. მანვე გარყვნა იუდეველთა მთელი ერიც. ჩვეულებრივ, გარეულ მხეცებს ნაკლები ზიანი მოაქვთ, ვიდრე ბიწიერ ადამიანებს: პირველები აშკარად მაინც მოქმედებენ: მეორენი კი შეუმჩნევლად და უხმაუროდ, დღითი დღე ავრცელებენ თავიანთ გადამდებ სენს, რითაც თანდათანობით ასუსტებენ სათნოების ძალას. როგორ ფიქრობ, რატომ გახდნენ დიდნი და საკვირველნი უდაბნოში მოღვაწე მამანი? იმიტომ ხომ არა, რომ ისინი გაექცნენ ხმაურს, სავაჭრო მოედნებს და ყოფით საზრუნავის კვამლისგან მოშორებით დაიდეს ბინა? შენც მათ მიბაძე და ეცადე, თვით შუა ქალაქშიც ჰპოვო უდაბნო. მეტყვი, განა ეს შესაძლებელიაო? შესაძლებელია, თუ გაექცევი ბიწიერ ადამიანებს და სათნოებებით სავსეებს შეუდგები. ასე უფრო მეტ უსაფრთხოებას მიაღწევ, ვიდრე უდაბნოში მცხოვრებნი, რადგან არა მარტო მავნე ადამიანებისგან მოშორებით იცხოვრებ, არამედ სასარგებლოებთან სიახლოვესაც. დაე, ნურცერთ თქვენგანს ნუ ეყოლება ბიწიერი მეგობარი. თუკი ჩვენ უარს ვამბობთ ბიწიერ შვილებზეც კი, ისე რომ არაფრად ვაგდებთ არც ბუნებას, არც მის კანონებს და არც მის კავშირებს, მით უფრო უნდა განვეშოროთ ბიწიერ მეგობრებსა თუ ნაცნობებს. თუნდაც მათ არავითარი ზიანი არ მოგვაყენონ, მითქმა-მოთქმას მაინც ვერსად გავექცევით. გარეშენი ჩვენი ცხოვრების შინაგან მხარეს ვერ სწვდებიან, ისინი ჩვენზე ჩვენი წრის მიხედვით მსჯელობენ. მაშ, ისე მოვიქცეთ, რომ ურწმუნოთაგანაც კი ვერავინ ნახოს საბაბი ჩვენი სამართლიანი ყვედრებისთვის.

როგორ შეუძლია, ყოფითი საქმეებით დამძიმებულ ერისკაცს ხანგრძლივი ლოცვა და ეკლესიაში სიარული
შეუძლია და თანაც, ძალიან ადვილად. თუ ეკლესიაში მისვლას ვერ ვახერხებთ, ის მაინც შევძლოთ, ისე ვილოცოთ, როგორც სასამართლოში მოწმედ გამოძახებული ლოცულობს მის კართან. საამისოდ ხომ არა იმდენად სიტყვებია საჭირო, რამდენადაც აზრი, არა იმდენად ცად აპყრობილი ხელები, რამდენადაც სულის განწყობა. ანას (წინასწარმეტყველ სამოელის დედის) ვედრებაც იმიტომ კი არ იქნა შესმენილი, რომ ხმამაღლა ღაღადებდა, არამედ იმიტომ, რომ შინაგანად, გულით ითხოვდა ძლიერად. „ხოლო ხმაი მისი არა ისმოდა“ (I მეფეთა, 1,13), ამბობს საღმრთო წერილი, მაგრამ შეესმა მისი უფალს. ამას სხვებიც ხშირად იქმოდნენ: როდესაც სამსჯავროზე გამგებელი ყვიროდა, იმუქრებოდა და მრისხანებდა, ისინი პირჯვარს გამოისახავდნენ, მოკლე ლოცვას წარმოთქვამდნენ და სამსჯავროზე გადიოდნენ, რის შემდეგაც მსაჯული იცვლებოდა, მშვიდდებოდა და მრისხანეს ნაცვლად, მდაბალი ხდებოდა. ასეთ ლოცვაში მათ ხელს ვერ უშლიდა ვერც დრო, ვერც ადგილი და ვერც სიჩუმე. შენც ასე მოიქეცი: მწარედ ატირდი, გაიხსენე შენი ცოდვები, ზეცას ახედე და გულში თქვი: „უფალო, შემიწყალე!“ დაე, სულ ეს იყოს შენი ლოცვა. ვინც თქვა, შემიწყალეო, იმან აღსარება თქვა და აღიარა თავისი ცოდვები, რამეთუ შეწყალების მიღების სურვილი იმას სჩვევია, ვინც სცოდა. ვინც თქვა, შემიწყალეო, იმან მიიღო ცოდვათა მიტევება, რამეთუ შეწყალებული აღარ ისჯება. ვინც თქვა, შემიწყალე მეო, იმან ზეცათა სასუფეველი დაიმკვიდრა, რამეთუ ღმერთი, ვისაც შეიწყალებს, იმას არა მხოლოდ სასჯელისგან ათავისუფლებს, არამედ მომავალ სიკეთეთა ღირსადაც ხდის. მაშ, ნუ ვიტყვით თავის სამართლებლად, ტაძარი შორს არისო, სულიწმიდის მადლმა ჩვენ თვითონ გვყო ღმრთის ტაძრებად. თუკი სულს მღვიძარებაში ვამყოფებთ, ადვილად ძალგვიძს განუწყვეტელი ლოცვა. ღმერთს არცერთი ადგილი არ მიაჩნია სათაკილოდ, ის მოითხოვს მხოლოდ მხურვალე გულს და უბიწო სულს. ასე, მაგალითად, ავაზაკი არც სალოცავ სახლში მდგარა და არც მუხლი ჰქონია მოყრილი. არამედ ჯვარზე იყო გაკრული და მაინც, რამდენიმე სიტყვის წარმოთქმით, ზეცათა სასუფეველი მოიხვეჭა. შეძლებისდაგვარად. ხშირად უნდა ვიაროთ ეკლესიაში, შინაც ვილოცოთ სიმყუდროვეში, თავისუფალ დროს და ხელებიც უნდა აღვაპყროთ ცისკენ ვედრებით. მაგრამ, თუ გარკვეული დროის განმავლობაში ხალხმრავალ ადგილას ყოფნა მოგიხდათ, მაშინაც ნუ მიატოვებთ ლოცვას. იმგვარად, როგორც მე გამცნეთ, ილოცეთ და მოუხმეთ ღმერთს, თანაც, იმედი იქონიეთ, რომ ასეთი ლოცვისგანაც არანაკლებ სარგებლობას მიიღებთ. თუ ასე განვეწყობით, ახლანდელ ცხოვრებასაც მშვიდობიანად გავატარებთ და ზეციურ სასუფეველსაც დავიმკვიდრებთ.

скачать dle 11.3