მოძღვარი გვირჩევს #4
კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია ურწმუნო ადამიანის შესვლას ქრისტიანულ ტაძარში?
პასუხი: მიწიერ ცხოვრებაში მაცხოვართან უამრავი ურწმუნო ადამიანი მიდიოდა, რჩევას სთხოვდა, ხელით ეხებოდა და კურნებას იღებდა. ტაძარი უფლის სხეულია და იქ ყველა ადამიანს შეუძლია შესვლა, რადგან ნებისმიერს უნდა მიეცეს ქრისტესთან მიახლოების შესაძლებლობა, რათა შეიცნოს უფლის სიდიადე. ურწმუნოებს ეკრძალებათ საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა, თუმცა მათ შეუძლიათ, მოუსმინონ მოძღვართა ქადაგებებს. შესაძლოა, ტაძარში შესვლა იყოს ურწმუნოსთვის წინგადადგმული ნაბიჯი ჭეშმარიტი რწმენის გზაზე.
კითხვა: ჯვრისწერისა და ნათლობის სანთლები როდის უნდა დავანთოთ?
პასუხი: არსებობს ტრადიცია, რომ ჯვრისწერისა და ნათლობის სანთლები დიდხანს უნდა შევინახოთ და ბედნიერ ან განსაცდელის დღეებში დავანთოთ. საეკლესიო კანონიკით, მნიშვნელობა არ აქვს, როდის აანთებთ მათ. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მათი ანთება. უფალი მისთვის დანთებულ სანთელს ყოველთვის შეიწირავს.
კითხვა: ვარ მძიმე სენით დაავადებული. როგორ მოვიქცე, რომ წმიდა ზეთი ვიცხო?
პასუხი: თუ დაავადება ხელს გიშლით, ტაძარში მიბრძანდეთ და იქ იცხოთ ზეთი, უთხარით თქვენს ახლობლებს, რომ მოძღვარს თქვენთან, შინ მობრძანება სთხოვონ. გასაუბრების შემდეგ, თქვენი ჯანმრთელობის გათვალისწინებით, ის მოგცემთ რჩევასა და კურთხევას საეაკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობისთვის.
კითხვა: მიზანშეწონილია თუ არა ქორწილში მეჯვარედ წავიყვანო გათხოვილი ქალი, რომელსაც შვილებიც ჰყავს?
პასუხი: მეჯვარედ შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანის წაყვანა, თვით თქვენი ოჯახის წევრისაც კი.