გასაუქმებლები #4
ანუ აი, ვინ არის ეროვნული სიამაყე!
იგიც (გიგი უგულავა) გამოვიდა და ისინიც („ნაციონალები“) გაიყარნენ. მართალია, რთული სათქმელია, პირველმა გამოიწვია მეორე თუ მეორემ პირველი (კვერცხისა და ქათმის ამბისა არ იყოს), მაგრამ, სამაგიეროდ, იმის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, რომ ქართულ ციხეში მეტად საამური ცხოვრება ყოფილა (თუ, მაგალითად, გიგი უგულავას ვიზუალს სულხან მოლაშვილის ვიზუალს შევადარებთ).
ერთი სიტყვით, გამოვიდა და პოლიტიკური ცხოვრების მორევშიც გადაეშვა. ისეთი ჟინით, რომ კოჭებშივე ეტყობა, მაღალ-მაღალი პოლიტმწვერვალების დაპყრობა უნდა ჰქონდეს გუმანში.
ჰოდა, რაკი უნდა ჰქონდეს, ეკონომიკასაც გადასწვდა, კერძოდ, ლარიც დაიწუნა (მომყავს ციტატა): „რაის ეროვნული სიამაყეა ლარი, 20 წლის წინანდელი პროდუქტია… საერთოდ უნდა მოიხსნას და იყოს მიმოქცევაში დოლარი, ყველანი დოლარით აზროვნებენ. თუ ინვესტორს მოუხსნი ამ სავალუტო მანიპულაციების პრობლემას, გაცილებით მიმზიდველი იქნები შენ, როგორც ქვეყანა.“
ჩვენ არ ვიცით, რატომ არ განახორციელა ეს იდეა ბ-ნმა უგულავამ, როდესაც ხელისუფლების საჭე ეპყრა (ალბათ, იმიტომ რომ, მაშინ ლარი სულ ნორჩი, მხოლოდ 15 წლის არასრულწლოვანი გახლდათ?!), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ გაყრილებმა თავი „ევროპულ საქართველოდ“ მოინათლეს, ამ ამერიკულ ვალუტას რად ეძალებიან?! იმას გარდა, რომ არც საქართველოს დამოუკიდებლობაა, მაინცდამაინც, ლარზე უფროსი (სულ რაღაც, ხუთიოდ წლით), ჰოდა, ისიც ხომ არ გაგვეუქმებინა?! –