ფანტაზიამაისტერი #4
ანუ „აბი გლუკოზა…“
ისე მოხდა, რომ თვით „ნაციონალური მოძრაობაც“ კი ორად გაიყო და ლამის ისეთები აკადრეს უკვე ერთმანეთს, რომ, თუ კვლავ დამოყვრდებიან, წესითა და რიგით, ერთურთისთვის თვალებში ჩახედვისა უნდა ეთაკილოთ (თუმცა ისიცაა, რომ პოლიტიკა არ ცნობს მსგავს ლირიკას).
ესეც რომ არა, დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდა ეს ჩვენი ოპოზიციური სპექტრი (უფრო ზუსტად, ის, რაც და ვინც მისგან დარჩა). ოღონდ ამას, ცხადია, იოტისოდენადაც ვერ უმოქმედია, მაგალითად, „ლეიბორისტთა“ ლიდერის ფანტაზიაზე.
სახელდობრ, ბ-ნმა შალვა ნათელაშვილმა ექსკლუზიური ინფორმაცია მოგვაწოდა (სხვათა შორის, არც მეტი, არც ნაკლები, საერთაშორისო სკანდალის ატეხის მიზნით!).
მაგრამ ჯობია ციტატა მოვიშველიო: „ბატონი ივანიშვილი აფინანსებდა ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიას. ამავე დროს ბატონმა ივანიშვილმა დონალდ ტრამპს წაართვა ბიზნესპროექტი „ტრამპთაუერი“, რომელიც საქართველოში უნდა აშენებულიყო, ეს იყო სერიოზული ბერკეტი, რომ უფრო ახლოს ვყოფილიყავით ამერიკის ახალარჩეულ პრეზიდენტთან და ამერიკის მთავრობასთან.“
მე ვერ გეტყვით, მხოლოდ ლოყებს დაიხოკავს ამის გამგონე ცივილიზებული მსოფლიო თუ თმასაც მიიპუტავს (მაგალითად, ბღუჯა-ბღუჯა), მაგრამ „ნაციონალური“ გაყრით მოგვრილი სტრესის გვერდით, „ლეიბორისტული“ მოვლენა თვალშისაცემია. –