ვინ იყოფდა მილიონებს ხვიჩა მაღლაკელიძის თვალწინ და რის გამო გადაწყვიტა მან ნათლისღებას ტანის გაპარსვა #3
ხვიჩა მაღლაკელიძე ნათლისღების დღესაა დაბადებული, თუმცა, თავისი დაბადების დღე, არასდროს ყვარებია. წელს კი, გადაწყვიტა, სიურპრიზი მოუწყოს საკუთარ თავს და იდეაც მოფიქრებული აქვს. თუ რატომ არ უყვარს მას იანვარი, რის გამო უნდა ტანის გაპარსვა და ვისთვის ყიდულობს ყოველდღე მატლებს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ხვიჩა მაღლაკელიძე: გასული წელიწადი, საშინელი, ნაკიანი წელიწადი იყო ჩემთვის და ერთი სული მქონდა. როდის წაეთრეოდა. უსაზიზღრესი წელი მქონდა, ძალიან ბევრი ახლობელი დავკარგე. საახლობლო დამიცარიელდა და ვნატრობდი, ეს წელი მალე გავიდეს-მეთქი. სულ პანჩურებით და „იდი ნახუის“ ძახილით გავაცილე. არც კი დამილოცია, ოღონდ წათრეულიყო. ფინანსურად და პირადული თვალსაზრისით, არ ყოფილა ჩემთვის ცუდი, მაგრამ, იმდენი ადამიანი გარდამეცვალა, ფული და პირადი კეთილდღეობა, ამას ვერ გადაწონის. ზოგადად, ამბობენ, ნაკიანი წელიწადი ცუდიაო. ოთხ წელიწადში ერთხელ მეორდება და ყოველ ოთხ წელიწადში, ჟიმჟიმი მაქვს, ცუდად დავცადე. ეს წელი კი, კარგად დაიწყო და იმედია, ასეც გაგრძელდება.
– გავიგე, მესამე შვილი აგიყვანია, გოგო და ისე ზრდი, ცივ ნიავს არ აკარებ.
– ალისას შემოევლოს მამა, ჩემი პატარა გოგოა, ჩემი ქამელეონი! 250 ლარად ვიყიდე და ზის თავისთვის აკვარიუმში, ჭამს და სძინავს. ზანტი და ნელია, თან დაბადებიდან ყრუა, მაგრამ ჩვენს ოჯახში ისეთი ხმაურია, კიდევ კარგი, არ ესმის, თორემ სულ გადაირეოდა. ამ ხმაურიან და ჩქარ მაღლაკელიძეებს, ნაზი, ნელი და ყრუ ალისა-გოგო გვაბალანსებს. რია-რიაა ოჯახში, ოთხი ადამიანი რომ ვიწყებთ ლაპარაკს, მიტინგი გეგონებათ და ასეთი მიტინგი ჩემს სახლში ყოველდღიურადაა. ალისა კი მშვიდად ზის და გვიყურებს. სხვათა შორის, მინდოდა, გამგეობა დამერქმია, მაგრამ გადავიფიქრე.
– კი მაგრამ, გამგეობა რატომ უნდა დაგერქმია?
– რატომ და, სად გინახავთ გამგეობას რამე ესმოდეს? ვყვირით – გზაა დასაგები, სკვერი მოსაპირკეთებელი, ბორდიური შესაკეთებელი, მაგრამ ვის ესმის? ჰოდა, გადავწყვიტე, ჩემი ყრუ გოგოსთვის გამგეობა დამერქმია, მაგრამ შემეცოდა და ალისა დავარქვი. კარგი კია, მაგრამ გამყიდა ამისმა მატლების ყიდვამ. ადრე, ტარაკნებს ვაჭმევდი, ახლა კი მატლებზე გადავედით. იმხელა ფულს ვიხდი მატლებში, ეს თანხა რომ დავაგროვო, ერთ ბინას კი ვიყიდი. რომ ვუკრავ, არ ესმის, მაგრამ დაყვლეპილი თვალებით მიყურებს. ჩემი ბიჭები გაიზარდნენ, ალისა კი ჯერ პატარაა და ყველა ამას ვეფერებით ოჯახში. აბა, ესენი ისე გავირდნენ, ტუალეტში რომ შევლენ, აღარ იციან გამოსვლა, იკეტებიან და იპრანჭებიან საათობით სარკესთან. ამიტომ, გადავწყვიტე, სახლში კედელი გამოვჩიჩქნო და ერთი ტუალეტი კიდევ დავამატო, „ლიჩნათ“ ჩემი, სანამ რამე მარცხი მომივა.
– ხვიჩა ხშირად ხმარობ ბილწ სიტყვებს და თან ამბობ, ამით ჩემს ემოციებს გამოვხატავო. გასაგებია, რომ ემოციური ხარ, მაგრამ გინება ყველგან და ყოველთვის მოსულა?
– მე ტკბილი გინებით ჩემს ემოციებს გამოვხატავ, თორემ ვიცნობ ხალხს, მათი გინების ფონზე, ჩემი გინება კანფეტია (იცინის). ზოგი გინება კომპლიმენტია, მაგალითად, „ახ, ტი სუკინ სინ“, როცა თბილად გეუბნებიან. მაგრამ, თუ დედის ერთ ადგილს დამახურავ, იგივე ტონით, კომპლიმენტად ნამდვილად არ მივიღებ ამას და ამოგიტრიალებ მკვდარ-ცოცხალს. გინება მაინცდამაინც სექსუალურ აქტთან არ ასოცირდება ჩემთვის. მაგალითად, თუ ვამბობ: „ოხ, მაგის დედა მ-ნ“ – არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დავიჭირე დედამისი და შევიტყუე საწოლში. ხშირად, დედის გინება მაშინაც მოსულა, როცა რაღაც ძალიან მომეწონება. ერთი ანეკდოტი გამახსენდა: კახელი ზის კაკლის ჩრდილში, მიუჩოჩდა შვილი და ეკითხება, მამი, მამი, რატომაა რომ ზოგჯერ, მთვარე და მზე ერთდორულად ჩანს ცაზე? მიხომ: რავი, ერთი მაგის დედაცო. მამი, მამი, რატომაა რომ დაღამდება, ვარსკვლავები მარტო მაშინ ჩანს? მიხომ: რავი, ერთი მაგათი დედაცო. მარომ დაუძახა შვილს – გამოდი, კაცო, დაასვენე მამაშენიო. მიხომ გახედა ცოლს და დაუყვირა: მაიცა ქალო, ბავშვმა სამყარო შაიცნოსო. იმისთვის, დედის გინება სამყაროს შეცნობა იყო, ასე რომ, ვისთვის როგორ (იცინის).
– ერთხელ თქვი, მე რომ ოჯახი არ შემექმნა, დღეს ბომჟი ვიქნებოდიო. ახლაც ამ აზრზე ხარ?
– დალევა მაინცდამაინც არ მიყვარს. იყო პერიოდი, როცა ბათუმში, რესტორანში ვმუშაობდი და კარგი შემოსავალი მქონდა. ისეთი ფულიანი ხალხი დადიოდა რესტორნებში და ჩემს თვალწინ, ისე გაუყვიათ მილიონი, მეც რომ წამცდენოდა ხელი, არ იყო გამორიცხული. სულ შიში მქონდა, ფულს არ გავეთახსირებინე. მანახეთ ადამიანი, ვისაც ბევრი ფული აქვს და არ არის გათახსირებული. ამიტომ, სულ იმას ვთხოვ ღმერთს, ბევრი ფული არ მომცე-მეთქი. ადრეულ ასაკში რომ გამოიმუშავებ ბევრ ფულს, ერთი ნაბიჯია გაბომჟებამდე. დიდი შანსია, სისულელეები ჩაიდინო. თან, უაზროდ მხარჯველიც ვარ და შეიძლება ისე შემეცოდოს ადამიანი, ერთ წუთში მთელი ჩემი ქონება გადავუფორმო. როცა ოჯახი გაქვს კაცს, ეს გაკავებს და უფრო მეტი პასუხისმგებლობა გმართებს. ამიტომ, ჩემი ცოლ-შვილის დაგამკიდე, გაბომჟების უფლება აღარ მაქვს.
– მართალია, თუ ალკოჰოლი დალიე ვეღარ ჭიმავ სიმებს?
– როცა მთვრალი ვარ, თითები არ მემორჩილება და ვეღარ ვუკრავ. ამიტომ, მირჩევნია, ფხიზელმა ვჭიმო სიმები. სუფრასთან რომ ვჯდები და სმას ვიწყებ, ვამბობ: აბა, ხალხო, სანამ გამოსამვასოებულვარ, მანამდე დავუკრავ-მეთქი (იცინის).
– ნათლისღებას ხარ დაბადებული, როგორ აპირებ ამ დღის აღნიშვნას?
– მთელი იანვარი მძიმე მაქვს – ჯერ ახალი წელი, მერე შობა და მერე, ჩემი დაბადების დღე. იანვარში ნაჭამ-ნასვამი ზაფხულამდე გამოდის ორგანიზმიდან. მოკლედ, ზამთარში ძალიან არასექსუალური ვარ (იცინის). 19 იანვარს, ნათლისღების დღეს ვარ დაბადებული და 41 წლის ვხდები. სიმართლე გითხრათ, არასდროს მყვარებია ჩემი დაბადების დღე. ყოველი დაბადების დღე მწუხრში მაგდებდა – ვაიმე, წელი მომემატა და დავბერდი-მეთქი. ყოველ ახალ წელს, ვხვდები, როგორც ბოლოს.
– ჯერ რა დროს მაგაზე ფიქრია...
– სხვათა შორის, რაც წლები მემატება, ჩახვაძის დიეტაზე შევჯექი. ცოლს ეშინია, არ მომიდუნდეს ორგანიზმი და კვებაში შეზღუდვები დამიწესა. ამ ახალ წლებმა ცოტა გაგვათახსირა. ისეთი საჭმელები ვჭამეთ, აი, თან რომ ჭამ და თან, ფიქრობ: ღმერთო, მშვიდობით მომანელებინეო. ცოტა წონაში მოვიმატეთ და ახლა, ისევ დაიწყო: დილას მაწონი, საღამოს მაწონი და ხაჭო (იცინის). ერთი ანეკდოტი გამახსენდა. კაცი ზის სუფრასთან და გურული მასპინძელი ეუბნება, გადაიღე მოხარშული ქათამიო, არა დიეტაზე ვარო, დალიე ღვინოო, არა დიეტაზე ვარო. გადირია გურული: ბიჭოს, თუ დიეტაზე ხარ, ვერ დეეტიე სახლშიო? წელს, გადავწყვიტე, თინეიჯერულად აღვნიშნო ჩემი დაბადება. არ მინდა ღიპიანი „სასტავი“, საცივში თავის ჩაყოფები და დაცვასთან გაწევ-გამოწევები. ავდგები, გავიპარსავ ტანს და კარაოკეში წავალ, მეგობრებთან ერთად, მთელი ღამით.
– ტანს გაიპარსავ რას ნიშნავს?
– რას და ისეთი თმიანი ვარ, ვერ გავიგე, დედაჩემმა გამაჩინა თუ მომქსოვა. ჰოდა, გადავწყვიტე, სიურპრიზი მოვუწყო ჩემს თავს, გავიპარსო გულ-მკერდი, გავპრიალდე და თუ მომეწონა, მივყვები მიმართულებას და ფეხებსაც ჩავუყვები (იცინის). ტან-ფეხგაპარსული რომ მივალ კარაოკეში, ამაზე დაუვიწყარი დაბადების დღე, რაღა გინდათ? ალისა ყრუ მყავს, ცოლმა დიეტაზე შემსვა, ბავშვები ტუალეტში არ მიშვებენ და ტანიც აღარ გავიპარსო? (იცინის) ამას წინათ, დაპატიჟებული ვიყავით კარნავალზე მე და ჩემი ცოლი და ტანსაცმელი ვიქირავეთ. მოკლედ, გამოეწყო ეს ჩემი ცოლი დედოფლის კაბაში და მომადგა, სურათი გადავიღოთო. არადა, მე ხალათი მეცვა და ცოცხი მეჭირა ხელში. ავდექი და, ასე გადავიღე. დავდე სოციალურ ქსელში და ხალხს გაუკვირდა: ვა, ხვიჩა, ცოცხითო? ჰოდა, ახლა მათ ვპასუხობ: დიახ, თუ დამჭირდა, ოჯახში მეც ვხმარობ ცოცხს, ოღონდ დანიშნულებისამებრ!