კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაათანამედროვა მილანში თამარ მეფის კოსტიუმი ჯანეტ ქერდიყოშვილმა და როგორ შექმნა მან პარიზში „კარტიეს“ ახალი პარფიუმი #3

ჯანეტ ქერდიყოშვილი ამჟამად მილანში ცხოვრობს და ახალ პროფესიას ეუფლება. მან დიზაინერობა გადაწყვიტა და სამომავლოდ, საკუთარი მოდის სახლის გაკეთებასაც გეგმავს. გარდა ამისა, მას განსაკუთრებული ახალი წელი ჰქონდა, რომელსაც ოჯახთან ერთად, ულამაზეს და უძველეს მთის კურორტზე შეხვდა.
ჯანეტ ქერდიყოშვილი: საინტერესო წელი მქონდა, სიახლეებით სავსე. ყველაზე დიდი სიახლე კი ის იყო, რომ ოქტომბერში, დავემშვიდობე ჩემს საყვარელს ქალაქს, თბილისს და საცხოვრებლად, სასწავლებლად მილანში გადმოვედი. ჩავაბარე „მარანგონში“, რომელიც მოდისა და დიზაინის მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ინსტუტიტია. თავის დროზე ის დაამთავრა ბევრმა წარმატებულმა, ცნობილმა დიზაინერმა. თავიდან ჩემს ძმასთან ერთად ჩამოვედი, ცოტა შეშინებული, რადგან სულ ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი და დამოუკიდებლობას არ ვიყავი მიჩვეული. ამიტომაც გამომყვა ძმა. შემდეგ თბილისში დაბრუნდა და ის დედაჩემმა ჩაანაცვლა. მხოლოდ 10 დღე ვიყავი მარტო და ისეთი რთული იყო, მივხვდი, სანამ არ გავთხოვდები, მანამდე მარტო ცხოვრება არ მინდა. რთული იყო, რადგან მარტო მოდიხარ სახლში, არავინ გხვდება. დილით დგები – არავინაა სახლში, მარტო ხარ.
– როგორი გრაფიკი გაქვს, როგორ მიდის სწავლის პროცესი?
– ასეთი გრაფიკი არასდროს მქონია. დილის 8 საათზე მივდივარ და 9-ზე მოვდივარ სახლში. ოქტობერში დამეწყო სწავლა. ეს არის ერთწლიანი კურსი მოდისა და დიზაინის მიმართულებით. ანუ, აქ თუ სტუდენტები ბაკალავრიატს ამთავრებენ სამ წელიწადში, მე ვამთავრებ ერთ წელში. შესაბამისად, საკმაოდ რთული და დატვირთული რეჟიმი მაქვს. სამწლიანი პროგრამა ერთ წელში უნდა გავიარო. რა თქმა უნდა, აქ ბევრი სხვადასხვა მიმართულება ისწავლება და მე ავარჩიე ის, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. მივხვდი, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. სასწავლი კი ბევრია, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ ცოდნის პრაქტიკაში გადატანა ძალიან მსიამოვნებს. ანუ, თითქმის მთელი დღე არ ვზივართ და არ ვკითხულობთ ბევრ წიგნს. პირიქით, რასაც გვიხსნიან, მეორე დღეს მივდივართ და გამზადებული ნამუშევრები მიგვაქვს. მაგალითად, ერთი გაკვეთილია, სადაც სწავლობ თარგის გამოჭრას, რაც ჩემთვის ყველაზე საყვარელი ლექციაა. სხვა სტუდენტებს დიდად არ უყვართ ეს ლექცია, მაგრამ მე ძალიან მიყვარს. ლექტორი გვიხსნის, მერე მოვდივართ სახლში და ვასრულებთ დავალებებს. ქსოვილებს ვყიდულობ და უკვე ჩემთვის ვკერავ. ზომები სტანდარტულია: იტალიური 42 ზუსტად მაჯდება და რასაც ინსტიტუტში ვაკეთებ, უკვე შემიძლია, მერე ჩემს ტანზე შევკერო. ასე შევკერე ჩემი პირველი ქვედაბოლო, რომელმაც ლექტორისგან საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო. ლექციებზე ძირითად რაღაცეებს სწავლობ: როგორ იკერება კაბა, შარვალი, პერანგი და შემდეგ უკვე რთავ შენს კრეატივს და გამოგდის ის, რაც გინდოდა გაგეკეთებინა. მთავარია, საფუძვლები ისწავლო. ბევრი ამბობს: რად გვინდა კერვა ვისწავლოთ, ჩვენ ხომ არ მოგვიწევს კერვა, ჩვენი მკერავები გვეყოლებაო. ეს არასწორია, დიზაინერმაც უნდა იცოდეს კერვა, რომ მიხვდეს, რას, როგორ აკეთებს მისი მკერავი. ასევე, როგორ შეიძლება, ამ ქსოვილისგან ამის გაკეთება, ან რაღაცის გამოჭრა. შესაბამისად, მე სიამოვნებით ვსწავლობ. სემესტრი რომ დასრულდა, შევქმენით პატარა, მაგრამ შრომატევადი კოლექცია – 2016-2017 წლის შემოდგომა-ზამთარი, რომელიც 12 ლუქისგან შედგებოდა. მე ავიღე თამარ მეფის დროინდელი პერიოდიდან დეტალები, ქვები. ყველაფერი ძალიან კარგად იყო შეხამებული და მათთვის უცნაურიც. ასევე, ჩოხა გავაკეთე ტვიდისგან. შემოსაცმელი იყო, თავისი შარვლით. ძალიან ორიგინალური იყო და მოეწონათ. გარდა ამისა, თამარ მეფის ფოტოდან ავიღე მხრებზე მოსაცმელის დეტალები და შეიძლება ითქვას, მისი კოსტიუმი გავათანამედროვე. რადგან ჩემი პირველი ნამუშევარი იყო, მინდოდა, ჩემს ფესვებთან ყოფილიყო კავშირში. როდესაც ლექტორებს ვაჩვენე ჩემი ნამუშევარი, ავუხსენი, საიდან მოდიოდა ჩემი შთაგონება და ძალიან მოეწონათ. თუმცა, რადგან ახლა იწყებ, გაკვირდებიან: რას გააკეთებ, როგორ გაიზრდები. იანვრიდან ვაგრძელებთ სწავლას და ახალ კოლექციაზე ვიწყებთ მუშაობას. შესაბამისად, ახალი ინსპირაცია იქნება, მაგრამ რა, ჯერ არ ვიცი. ადრეც ვამბობდი და ახლაც მივხვდი, რომ ავანგარდული სტილის დიზაინერი არ ვარ – უფრო კლასიკა ავანგარდთან ერთად. ჩემი სტილია, მაინც კრისტიან დიორი, ოღონდ 40-50-იანი წლებიდან. ქალის სილუეტი, გამოყვანილი მხრები, ვიწრო წელი, მაქსი ქვედაბოლოები – ეს ვარ მე. ალბათ, სამომავლოდ, ჩემი კოლექცია დაკავშირებული იქნება ქალის ლამაზი სხეულის გამოკვეთასთან. მე შევქმნი იმას, რასაც ყველა ქალი დიდი სიამოვნებით ჩაიცვამს. სხვათა შორის, პირველი ვარ კლასში, ვინც კერავს, სხვებს ვიღაც უკერავს ან ატელიეში აბარებენ. კარგად ვხატავ, ისევე, როგორც სტუდენტები, რომლებმაც განათლება მიიღეს არქიტექტურაში. პირველ გაკვეთილზე აგვიხსნეს, როგორ იხატება სხეული. მეორე გაკვეთილზე უკვე დავხატეთ 10 გოგოს და 10 ბიჭის სხეული, თან ისეთ დონეზე, თითქოს ვიცოდი. მკითხეს კიდეც: გაქვს რამე განათლება ამ კუთხითო. არა-მეთქი, რადგან მანამდე არ მისწავლია და არც დამიხატავს. როგორც ჩანს, გავარტყი, სწორი მიმართულებით წავედი და ვიპოვე ჩემი ნიჭი. მილანში ქსოვილების, ბეწვის ძალიან მაგარი მაღაზიებია. დავდივართ, ვირჩევთ. ისეთი ქალაქია, სულ ძიებაში ხარ, სულ მოდის თავში რაღაცეები. ჩემთვისაც ვიკერავ ხოლმე. გამოცდაზე რომ ნახეს ჩემი კაბა, შარვალი, ქვედაბოლო, აღფრთოვანდნენ, რადგან დავალების გარდა, ჩემთვის შექნილ ნამუშევრებსაც ვაჩვენებ ხოლმე. უბრალოდ, ძალიან ბევრი ინფორმაცია, დეტალია და სულ ტელეფონით ვდგავარ: ვიღებ ვიდეოებს, ფოტოებს. აგვისტოში ვამთავრებ და სავარაუდოდ, შეიძლება, ლონდონში გავაგრძელო მაგისტრატურა. ვნახოთ,: თუ რამე არ შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში, მაშინ წავალ და თუ შეიცვლება, მაშინ ჩემს მიზანს განვახორციელებ, გავხსნი საკუთარ ატელიეს.
– რა შეიძლება, შეიცვალოს, ანუ რას გულისხმობ?
– როცა დავამთავრებ უნივერსიტეტს და თუ პირადში რაღაც შეიცვლება, გავთხოვდები, მაშინ აღარ წავალ სასწავლებლად. ვიფიქრებ ჩემი ბრენდის გაკეთებაზე. მაგრამ, თუ არაფერი შეიცვლება და სტუდენტის სახელით დავრჩები, მაშინ სწავლას გავაგრძელებ.
– და შესაძლებელია, აგვისტოში გათხოვდე? არსებობს ამის წინაპირობა?
– არა, თუმცა ცხოვრება ისეთი საინტერესოა და მოულოდნელობით სავსე, რომ შეიძლება, ყველაფერი მოხდეს. ჯერჯერობით სერიოზული არაფერია, ისეთი არავინ გამოჩენილა, მაგრამ ვნახოთ.
– როგორია შენი ცხოვრება მილანში?
– ისტორიის გაკვეთილებიც გვაქვს და დავდივართ მუზეუმებში, ვათვალიერებთ, შემდეგ პრეზენტაციებს ვაკეთებთ. უიქენდზე შეიძლება, უფრო მოვახერთო ქალაქგარეთ გასვლა. აქ ყველაზე საყვარელი ადგილია კომოს ტბა, სადაც მივდივართ. ვერონაშიც ვიყავით, სტუდენტები წავედით და დავათვალიერეთ. ჯერ არ დამდგარა ის დღე, რომ შეყვარებულთან ერთად წავსულიყავი ვერონაში. სამაგიეროდ, არ მივდივარ ვენეციაში, რადგან იქ, შეყვარებულთან ერთად უნდა წავიდე. ჩემი მეგობარი, „მის უკრაინა“ – ანაც აპირებს გადმოსვლას მილანში და ვიქნებით ერთად. ნოემბერში დაბადების დღე ჰქონდა და დამპატიჟა პარიზში. საინტერესო ექსკურსია მომიწყო „კარტიეს“ მაღაზიაში. თურმე, იქ შეგიძლია, თავად შექმნა შენი პარფიუმი, სუნამო. ადგილზე ირჩევ ესენციებს და გიმზადებენ. ისეთი საინტერესო იყო, შევქმენი ჩემი პარფიუმი, რომელსაც ვანილის სურნელი აქვს. შემდეგ სასტუმროში „რიც კარლტონში“ ვიყავით, სადაც კერძო საღამო გაგვიკეთეს. მთავარმა შეფ-პოვარმა გვასწავლა, როგორ კეთდება ტორტები მარციპანით, პატარ-პატარა ხრიკები ვისწავლეთ.
– სად აპირებ სამომავლოდ შენი მოდის სახლის გახსნას?
– მინდა, პირველი და მთავარი იყოს საქართველოში, თბილისში, მეორე – რუსეთში: მოსკოვში ან სანტ-პეტერბურგში, ხოლო მესამე – ევროპის რომელიმე ქვეყანაში, მილანში ან პარიზში. ეს მერე, როცა ყველაფერი დალაგდება. რა თქმა უნდა, გვერდით მჭირდება ისეთი ადამიანი, ვინც ამას ჩემს ჰობად და კაპრიზად არ აღიქვამს. ეს მინდა, იყოს ჩემი საქმე, რომელიც შემდეგ ბიზნესად იქცევა. რა თქმა უნდა, ქალისთვის ოჯახი პირველია, მაგრამ ასევე, უნდა გქონდეს საქმე, რომლის კეთებაც სიამოვნებას განიჭებს და პლუს ამას, შემოსავალსაც გაძლევს. ამიტომ, გვერდში უნდა მყავდეს ისეთი ადამიანი, ვინც ხელს შემიწყობს, დამეხმარება და ჩემი საქმე მასაც მოეწონება. ყოველ შემთხვევაში, ზრდასრული, შემდგარი ადამიანი უნდა იყოს, რომელიც ამ ყველაფერს სწორად და კარგად გაიგებს.

скачать dle 11.3