რა რისკებთანაა დაკავშირებული სპირალის გამოყენება და როდის არ უნდა მიიღოს ქალმა კონტრაცეფტული აბები #3
არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად თანამედროვე მედიცინა სხვადასხვა სახის კონტრაცეფციას გვთავაზობს. რომელია ყველაზე უსაფრთოხო კონტრაცეპტული მეთოდი და რა რისკებთან შეიძლება, იყოს დაკავშირებული თითოეული მათგანის განოყენება, ამის შესახებ კლინიკა „ინოვას” გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგს, ქალბატონ თამთა ცაავას გავესაუბრეთ, რომელიც ამ თემით დაინტერესებულ ქალბატონებს, ბევრ საინტერესო და კომპეტენტურ რჩევას მოგცემთ.
თამთა ცაავა: კონტრაცეფციის იმ არსებულ მეთოდებს შორის, რომელიც აქტიურად გამოიყენება არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, არის ეგრეთ წოდებული ბუნებრივი მეთოდი, რაც გულისხმობს სექსუალური ცხოვრების დაგეგმვას მენსტრუალური ციკლის ფერტილურ – ნაყოფიერ და არანაყოფიერ დღეებში. ამ მეთოდს აქვს ბევრი უპირატესობა: არ აქვს გვერდითი ეფექტები, ეხმარება ქალის რეპროდუქციული ფუნქციის სწორად შესწავლასა და გათავისებაში. ამ მეთოდის ნაკლოვანება არის ის, რომ ეს არ არის კონტრაცეფციის გარანტირებული მეთოდი და მისი გამოყენების მიუხედავად, ქალი შესაძლოა, მაინც დაორსულდეს. ქალს ნაყოფიერი დღეები აქვს საშუალოდ მენსტრუაციის დაწყების მეათე დღიდან ერთი კვირის განმავლობაში, მენსტრუაციის დაწყებიდან მეთვრამეტე დღის შემდგომ არის არაფერტილური – არანაყოფიერი დღეები. თუმცა, ამ მეთოდის ნაკლოვანება ზუსტად ისაა, რომ პაციენტს მუდმივად ერთი და იმავე დღეს არ აქვს ოვულაციური დღე, ნაყოფიერი პერიოდი და იმ შემთხვევაში, როცა ოვულაცია ხდება გვიან, სექსუალური აქტის შემდეგ შეიძლება, მაინც დადგეს ორსულობა. ბუნებრივ მეთოდებს მიეკუთვნება, შეწყვეტილი სქესობრივი კავშირი, როცა სპერმის ეაკულაცია ხდება არა საშოში, არამედ – გარეთ. თუმცა, ამ მეთოდსაც აქვს ნაკლოვანება – ეს არის არაგარანტირებული მეთოდი და მცირედი სპერმის საშოში მოხვედრის შემთხვევაში, შესაძლოა, ქალი დაორსულდეს.
– რაც შეეხება კონტრაცეფციის სხვა სახეობებს, რომელიც გამოიყენება ყველაზე აქტიურად და ამასთან ერთად, უსაფრთხოცაა?
– კონტრაცეფციის სახეობებს შორის, არის პრეზერვატივი, ეგრეთ წოდებული კონდომი, რომელიც გამოიყენება როგორც ქალის, ასევე მამაკაცის მიერ. ქალის კონდომით საქართველოში აქტიურად არ სარგებლობენ, რადგან გამოსაყენებლად ცოტა უხერხულია და ქალებს მაინცდამაინც არ უყვართ მისი მოხმარება. მამაკაცის კონდომი უფრო მარტივად გამოსაყენებელია. კონდომის უპირატესობაა, სქესობრივად გადამდები დაავადებებისა და ინფექციებისგან დაცვა. თუმცა, კონდომს აქვს ნაკლოვანებებიც. დაზიანების შემთხვევაში, ორსულობა ასევე, შესაძლოა დადგეს. კონტრაცეფციის აქტიურად გამოყენების საშუალებებად მიიჩნევა სპირალი, როგორც ჩვეულებრივი, ასევე ჰორმონგამომყოფი. სპირალის გამოყენება მაღალეფექტური მეთოდია, მაგრამ თუ პრეზერვატივის გამოყენების შემთხვევაში, არანაირი კვლევა არ არის საჭირო, სპირალის გამოყენებამდე საჭიროა წინასწარი კვლევების ჩატარება. ამის გარეშე სპირალის გამოყენება დაუშვებელია. ჰორმონგამომყოფი სპირალის გამოყენება მოითხოვს ჩვენებებს. უმეტესწილად, გამოიყენება არაჰორმონული სპირალი. სპირალის ჩადგმა შეუძლია ყველა ქალს. თუ პაციენტი ხანმოკლე დროით, 2-6 თვით აპირებს კონტრაცეფციას, მას რა თქმა უნდა, სხვა ტიპის კონტრაცეფციის გამოყენება ურჩევნია. სპირალი, საშვილოსნოს შიდა საშუალება 5-6 წელზეც შეიძლება, იყოს გათვლილი.
– რა რისკებთან შეიძლება, იყოს დაკავშირებული ქალისთვის სპირალის გამოყენება?
– სპირალის ჩადგმა მცირე ინვაზიური პროცედურაა და შესაბამისად, შეიძლება, დაკავშირებული იყოს გარკვეულ რისკებთან, რაც დამოკიდებულია ექიმის გამოცდილებაზე. 35 წლის ასაკის ზემოთ – სპირალს ენიჭება უპირატესობა. თინეიჯერულ ასაკში კონტრაცეფტული აბების გამოყენებას აქვს უპირატესობა – კონტრაცეფტივები კარგად მოქმედებს ჰორმონებზე, არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს, აუმჯობესებს კანის, თმის სტრუქტურას. თინეიჯერული ასაკის პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ მენსტრუალური ციკლი, კონტრაცეფტულ აბებს სამკურნალო დანიშნულებაც კი აქვს. 35 წლის ასაკის ზემოთ კონტრაცფტული აბების გამოყენებაში არსებობს შეზღუდვა – თუ ქალი არის მწეველი, ჭარბწონინანი, აქვს ვენების ვარიკოზული დაავადება, ამ შემთხვევებში, უპირატესობა ენიჭება საშვილოსნოსშიდა საშუალებას – სპირალს.
– თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ სპირალი თავიდან ასრულებს თავის ფუნქციას და იცავს ქალს არასასურველი ორსულობისგან, წლებთან ერთად კი, მისი მოხმარების მიუხედავად, მაინც შეიძლება, დადგეს ორსულობა.
- სპირალს კარგი დაცვა აქვს, მაგრამ იშვიათად შეიძლება, მაინც მოხდეს ორსულობა. მისი ექსპულსიის ან მდებარეობის ცვლილების შემთხვევაში. არსებობს მოსაზრება, რომ კონტრაცეფტული აბების ხანგრძლივი, 5-7-წლიანი მოხმარების შემდეგ, ორსულობა რთულად დგება, ან მისი შეწყვეტიდან, რამდენიმე ციკლის განმავლობაში, ქალი არ უნდა დაორსულდეს. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. როგორც კი ქალი შეწყვეტს აბების მიღებას, ის შეიძლება, მეორე თვესვე დაორსულდეს. პირიქით, როდესაც ქალს აქვს ანოვულატორული ციკლი, მას ენიშნება კონტრაცეფტული აბები. კონტრაცეფტული აბები არათუ არ ამცირებს შვილოსნობის უნარს, პირიქით, აწესრიგებს ჰორმონულ ფონს, რაც მნიშვნელოვანია ორსულობისთვის და რასაც ვერ მივაღწევთ, სპირალის გამოყენების დროს.
არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, ასევე არსებობს იმპლანტები – ეს გახლავთ ჰორმონული საშუალებები, რომელიც წარმოდგენილია კაფსულების სახით და მისი შეყვანა ხდება კანქვეშ. დაცვა აქაც საკმაოდ მაღალია, მაგრამ რადგანაც ესეც ჰორმონია, მეტნაკლებად იწვევს ცვლილებებს, ზოგჯერ - მენსტრუალური ციკლის შემცირებას, ზოგჯერ – მენსტრუალთა შორის სისხლიან გამონადენს და ასე შემდეგ. რაც შეეხება სპერმიციდულ აბებსა და გელებს, რაც ასევე, აქტიურად გამოიყენება, ისინი თავსდება საშოში და უსაფრთხოა, რადგან არ იწოვება. თუმცა, ადგილობრივი გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები ამასაც შეიძლება, მოჰყვეს. მაგრამ ყურადსაღებია, რომ დაცვა არაა ისეთივე მაღალი, როგორც ორალური აბების მიღებისას. ზემოთ ჩამოთვლილებთან ერთად, ასევე არსებობს ვაზექტომია – მამაკაცის სტერილიზაცია, ანუ სათესლე სადინარების გადაკეტვა. ადრე ეს ქირურგიული ჩარევის მეშვეობით ხდებოდა, ახლა საინიექციო გზითაც შეიძლება. მაგრამ, ეს გახლავთ შეუქცევადი პროცესი. მამაკაცი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მეტი შვილის ყოლას არ აპირებს. იგივე პროცედურაა ქალის სტერილიზაციაც. ოპერაციის გზით გადაიკეტება მილები, რის შემდეგაც დაორსულება შეუძლებელია ბუნებრივი გზით. ამ დროს საჭირო ხდება ინვიტრო განაყოფიერების გამოყენება.
– რაც შეეხება კონტრაცეფტულ აბებს, აქვს თუ არა მას უკუჩვენება, თუ ქალი ექიმის დანიშნულების გარეშე, თვითნებურად გამოიყენებს?
– თვითნებურად, ექიმის კონსულტაციისა და კვლევის გარეშე, კონტრაცეფტული აბების გამოყენება შესაძლოა რისკთან იყოს დაკავშირებული. თუ პაციენტს აქვს თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, სისხლძარღვოვანი დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ეს შემთხვევები ითხოვს ექიმისგან განსაკუთრებულ ყურადღებას. ასეთი დაავადებების არსებობის დროს აბების თვითნებური გამოყენება იწვევს მათ გამწვავებას. აბები, რომელიც საქართველოში შემოდის არის სხვადასხვა – მაღალი და დაბალი დოზირების და ექიმი განსაზღვრავს, კონკრეტულად, რომელ პაციენტს, რომელი დოზის აბები უნდა დაენიშნოს. აბების მიღება ხდება სქემის მიხედვით, სასურველია, ერთსა და იმავე დროს. აბის გამორჩენის შემთხვევაში, შემდგომი 72 საათი სჭირდება დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება.
– იმ გართულების მიუხედავად, რაზეც ვისაუბრეთ, რატომ გამოიყენება ორალური კონტრაცეფცია მაინც ასე ფართოდ?
– უპირველესად, გეტყვით, რომ სწორად შერჩეულ კონტრაცეფტულ აბებს უკუჩვენება არ აქვს. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი უკუჩვენებებისა, დადასტურებულია მათი დადებითი გავლენა ორგანიზმზე. კომბინირებული ორალური კონტრაცეფტივების მიღებისას მცირდება მრავალი დაავადების განვითარების რისკი – მაგალითად, საკვერცხეებისა და საშვილოსნოს კიბო, სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, საშვილოსნოს მიომები, ენდომეტრიოზი, ოსტეოპოროზი პოსტმენოპაუზურ პერიოდში.