რა „შტუკა“ ჩაუტარა ლეგენდარულმა მიშა მესხმა თავის კოლეგა ფეხბურთელებს #3
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გივი ჩოხელი ასეთ ისტორიას იხსენებდა:
„1960 წლის ივლისია. პარიზში, მე და მიშა მესხი ევროპის პირველი ჩემპიონები გავხდით, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში და სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვართ. სასტუმროში, სადაც ვცხოვრობდით, ძალიან ლამაზი საწოლის გადასაფარებლები იყო. მე და მიშას ძალიან მოგვეწონა და ზუსტად ასეთები შევიძინეთ ერთ-ერთ მაღაზიაში. სამშობლოში გამომგზავრების წინ, ჩვენი ნაყიდი გადასაფარებლები ცელოფნებში ჩავაწყვეთ, ყველაზე ბოლოს გამოვედით სასტუმროდან და ავტობუსისკენ გავემართეთ, რომელსაც აეროპორტში უნდა წავეყვანეთ.
– მიშა, ცელოფანში რა გიდევს? – ჰკითხა მიშა მესხს სახელგანთქმულმა მეკარემ ლევ იაშინმა.
მიშამ ლიოვას გადასაფარებელი უჩვენა და უთხრა:
– მე და გივიმ წამოვიღეთ ნომრიდან. ასე გვითხრეს, შეგიძლიათ, თან წაიღოთო. თქვენ რა, არ წამოიღეთ?
მიშას სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ მთელი საბჭოთა ნაკრები სასტუმროში შეცვივდა „მუქთა“ გადასაფარებლების წამოსაღებად. მე და მიშა კი სავარძლებში მოვკალათდით და ავტობუსიდან ვადევნებით თვალს, თუ რა მოხდებოდა. სასტუმროს დირექტორმა გადასაფარებლებისთვის მიბრუნებული საბჭოთა ფეხბურთელები რომ დაინახა, კუთვნილი ნივთებით ხელში, პოლიციას გამოუძახა და სანამ ყველაფერი გაირკვა, სასტუმროს ჰოლში დიდი აყალმაყალი ტრიალებდა. ავტობუსში დაბრუნებულმა, პირშიჩალაგამოვლებულმა ჩვენმა მეგობრებმა მიშას მხოლოდ საყვედურით სავსე მზერა ესროლეს – ეს იყო და ეს. სამაგიეროდ, მოსკოვში რომ დავბრუნდით, „კაგებეში“ დაგვიძახეს და მკაცრად გაგვაფრთხილეს, მსგავსი „შტუკა“ აღარ გაგვეკეთებინა.