წავა თუ არა ავთო ჭრიკიშვილი აქტიური სპორტის შემდეგ პოლიტიკაში და ეჭვიანია თუ არა ის პირად ურთიერთობებში #3
ძიუდოისტ ავთო ჭრიკიშვილის რჩეული 25 წლის თამუნა გვენეტაძეა. თამუნა, წლების განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა და განათლებაც იქ მიიღო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა. წყვილი დეკემბრის დასაწყისში დაინიშნა და გაზაფხულზე გრანდიოზულ ქორწილს გეგმავს. მათი ურთიერთობა საერთო მეგობრებიდან დაიწყო. უფრო დაწვრილებით კი, მათი სიყვარულის შესახებ თავად გიამბობენ.
თამუნა: ვიდრე ჩვენი შეხვედრა და გაცნობა მოხდებოდა, მანამდე ავთო იყო ძალიან არააქტიური, ტელეფონიც კი არ ჰქონდა. ჩვენი ურთიერთობა დაიწყო ზაფხულში, საერთო სამეგობრო წრიდან. ივნისში ვნახე პირველად და აგვისტოში, როცა ოლიმპიადიდან ჩამოვიდა, უფრო უკეთ გავიცანით ერთმანეთი. მერე ავთოს სოფელში მოვხვდით ერთად და იქიდან მოყოლებული უფრო გამყარდა ურთიერთობაც. მთელ დღეებს და თვეებს ერთად ვატარებდით, რამაც გადაგვაწყვეტინა, რომ უფრო სერიოზული ნაბიჯი გადაგვედგა და დეკემბრის დასაწყისში დავინიშნეთ. ჯერ ქორწილი არ გვქონია, თუმცა აუცილებლად ვაპირებთ.
– იცოდი ხომ მისი წარმატებების შესახებ?
– რა თქმა უნდა, ჩემი ძმაც ძიუდოისტი იყო, შესაბამისად ამ სპორტთან მქონდა შეხება. ვიდრე ურთიერთობას ავაწყობდით, მანამდე შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს. შემდეგ მოხდა ჩვენი დაახლოება, თუმცა თავიდან ერთმანეთის გაცნობის მიზანი ნამდვილად არ ყოფილა რაღაც ურთიერთობის დაწყება (იცინის). სრულიად შემთხვევით მოხდა ჩვენი შეხვედრა და შემდეგ, თავისით განვითარდა ყველაფერი. გაცნობის დღიდან დაიწყო ნომრების გაცვლა, „ფეისბუქზე“ დამატება და ასე შემდეგ.
– ანუ, ავთოს ახლობლებისთვის ტელეფონი ჰქონდა და ჩვენ არ გვწყალობდა...
– კი, ჩემთვის ჰქონდა ნომერი (იცინის). თავისი ძმის ნომრიდან მეკონტაქტებოდა, შემდეგ სოციალურ ქსელშიც შემოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ საკონტაქტო ინფორმაცია გავცვალეთ, გაცნობიდან 2-3 კვირა, არანაირი კონტაქტი არ გვქონია. შემდეგ, კიდევ მოხდა ისე, რომ ერთმანეთს შევხვდით და უფრო, ამ შეხვედრიდან დაიწყო ყველაფერი. სიმართლე გითხრათ, ურთიერთობის დასაწყისში, პასიური ვიყავი და ის მომენტი არ მქონია, რადგანაც ავთო ჭრიკიშვილი იყო, რაღაც უნდა გამეკეთებინა. თავად გახლდათ ამ ურთიერთობის ინიციატორი და მისგან უფრო აქტიური ნაბიჯები გადაიდგა, ვიდრე ჩემი მხრიდან. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ სწრაფად განვითარდა ურთიერთობა და რაღაც ეტაპები გავიარეთ თუნდაც იქამდე, რომ მარტო შევხვედროდით ერთმანეთს, პაემანზე წავსულიყავით და ასე შემდეგ.
– თუმცა, ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას, მალე მიიღეთ.
– კი, შეყვარებულობის პერიოდიდან სწრაფად გადავწყვიტეთ.
ავთო: ოლიმპიადის შემდეგ ძალიან ვნერვიულობდი და ხშირად ვიყავი ცუდ ხასიათზე. სიმართლე გითხრათ, არც ცოლის მოყვანას ვაპირებდი, არც შეყვარებულის ყოლას, არც ქორწილს. სულ სხვა ეტაპზე იყო ჩემი ცხოვრება. თან, ოლიმპიადის წინ, მაქსიმალურად ვცდილობდი, კარგად მოვმზადებულიყავი. თამუნა რომ გამოჩნდა, თავისით დალაგდა ყველაფერი. მომწონდა, ძალიან მომწონდა, თუმცა არაფერი მქონდა ნათქვამი. იმედი მაქვს, ხვდებოდა (იცინის). მერე გადავწყვიტე, მეგობრების გარეშეც შევხვედროდით და მარტო დავპატიჟე. მაინტერესებდა, რას მეტყოდა (იცინის). დამთანხმდა. აქედან დაიწყო ყველაფერი. ჩემს თავს ვეუბნებოდი მართლა მიყვარს-მეთქი. ვიდრე ამაში არ დავრწმუნდი, მანამდე არაფერი მითქვამს მისთვის. როცა ვუთხარი, მიყვარხარ-მეთქი, საბედნიეროდ, იგივე პასუხი მივიღე. ალბათ, აქამდე არ მყავდა ისეთი გოგო ნანახი, ვისზეც ვიფიქრებდი, რომ ცოლად მომეყვანა. ვისზეც ვიტყოდი, რომ ეს ის არის და მორჩა. როცა ვამბობდი, ცოლს არ მოვიყვან-მეთქი. მეგობრები მეუბნებოდნენ: აი, რომ შეხვდები იმ ერთადერთს, მერე შენ თვითონ მიხვდები ყველაფერსო. მართლა ასე ყოფილა. მე ინიციატორი ვიყავი და თამუნაც ყველაფერზე დამთანხმდა (იცინის). ბოლოს გადავწყვიტეთ ნიშნობა, რადგან ხალხს ამის მოლოდინი ჰქონდა.
თამუნა: ხალხი ელოდებოდა რაღაც ახალ ეტაპს და ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ეს ეტაპი ნიშნობა ყოფილიყო.
– როდის გეგმავთ ქორწილს და თაფლობის თვეს სად გაატარებთ, ამაზეც ხომ არ გიფიქრიათ?
– ვფიქრობთ, გაზაფხულზე გვექნება ქორწილი. თავიდან ვაპირებდით ივნისში, მაგრამ არ ვიცი, ავთოს რეჟიმი რამდენად შეგვიწყობს ხელს. მერე გადავწყვიტეთ, აპრილის ბოლოს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. საკმაოდ დიდი ქორწილი გამოგვივა. როგორც ავთოს მხრიდან, ასევე ჩემიდანაც, ვერ მოხდება იმ რაოდენობამდე შეკვეცა, რომ 200 კაცზე ჩამოვიდეთ (იცინის). თაფლობის თვე ავთოს უნდა, რომ იტალიაში გავატაროთ, თუმცა საბოლოოდ, ამ საკითხზე არ შევჯერებულვართ (იცინის).
– თამუნა, როცა შენმა ოჯახის წევრებმა გაიგეს, რომ ავთო ჭრიკიშვილი იყო მათი სასიძო, რა რეაქცია ჰქონდათ?
– მამას, როგორც ძიუდოს დიდ ქომაგს, ძალიან გაუხარდა. ვიდრე, ჩვენი ურთიერთობის შესახებ გაიგებდა, სულ გულშემატკივრობდა ავთოს. ოლიმპიადაზე ავთოს მარცხიც განიცადა. მახსოვს, მის გამოსვლას მთელი ოჯახი უყურებდა. ოჯახში ყველა კმაყოფილი და ბედნიერია ჩემი არჩევნით.
– სპორტსმენებს სულ სხვა ცხოვრების ტემპი და რეჟიმი აქვთ. მზად ხარ ამ ყოველივესთვის?
– ავთოს რეჟიმი, ვამჩნევ, რომ ჩემთვისაც გამოწვევა იქნება. გასვლითი შეჯიბრებებისას, დიდი ხნით უწევს ქვეყნის დატოვება. ოჯახი და შვილები რომ გვეყოლება, მაშინ ბევრად რთული იქნება ეს. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ მეც ვმუშაობ და ჩემი რეჟიმი მაქვს, სულ მის მოლოდინში არ ვიქნები. შესაბამისად, მეტ-ნაკლებად გამიადვილდება ამის გადატანა. სირთულე იქნება, თუმცა ამისთვის მზად ვარ, ყოველი შემთხვევაში, ახლა ასე მგონია.
– ავთო, ალბათ, შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი თამუნაა.
ავთო: კი, ნამდვილად, ნერვიულობს ხოლმე. როგორც მე განვიცდი ჩემს გამარჯვებას და დამარცხებას, ასევეა ესეც. სპორტსმენი ყველაფერს ოჯახის გამო აკეთებს. მეც თამუნას გამო მომიწევს ბევრი წვალება, რომ ხშირად გავახარო. ეს არის ჩემი მოტივაცია. თურმე, სიყვარული არ უშლის ხელს სპორტს. ისეთი გახარებული ვარ და ისეთი დადებითი ემოცია მაქვს, რომ, რაც უნდა ვივარჯიშო, ორჯერ მეტს ვვარჯიშობ. სპორტი ხანმოკლეა და მაქსიმუმ, 4-5 წელი ვიჭიდაო. ამ პერიოდს კიდევ, როგორმე გადავიტანთ. როგორც თამუნასთვის იქნება ეს რთული, ასევეა, ჩემთვისაც. თამუნა ახლობელ ადამიანებთან მაინც დარჩება, მე კი ყველას მოწყვეტილი ვიქნები უცხოეთში.
– თამუნა, ავთოს თაყვანისმცემლებზე როგორ რეაგირებ? თავად თუ არის ეჭვიანი.
თამუნა: ვერ ვიტყვი, რომ ეჭვიანია, უბრალოდ, რაღაცეებს აკვირდება ხოლმე. მაგალითად, თუ დაინახა, რომ ბიჭი მირეკავს, მეკითხება ვინ არის და საიდან ვიცნობ. უფრო ინტერესი აქვს, ეჭვიანობას ვერ დავარქმევ. რაც შეეხება თაყვანისმცემლებს, თავიდან უფრო მქონდა რეაქცია. როცა ვიღაცეები წერდნენ და უკომენტარებდნენ, ვინტერესდებოდი, რა რეაქცია ჰქონდა ავთოს ამაზე. შემდეგ, იმ გოგოების მხრიდან, ვინც ვიცი, რომ ავთოს ქომაგია, ბევრი დადებითი ემოცია მივიღე და მხოლოდ, კარგ ტექსტებს მწერდნენ სოციალურ ქსელში. ნეგატიური და ხალხის ცუდი განწყობა, არ მიგრძნია არც საზოგადოებისგან და არც მისი თაყვანისმცემლებისგან.
ავთო: ეჭვიანობის საბაბს არ მაძლევს (იცინის).
– ავთო, აქტიური სპორტს, როცა ჩამოსცილდები, შემდეგ რას აპირებ?
– ჯერ ზუსტად არ გადამიწყვეტია, პატარა ბიზნესები მაქვს და მას განვავითარებ. ჩვენი დარბაზის გაკეთება გვინდა და ბედნიერი ვიქნები, თუ შევალ და ჩემს ცოდნას სხვას გავუზიარებ. მინდა, ჩემს სფეროში დავრჩე. მიმაჩნია, რაც იცი და რაც ყველაზე კარგად გამოგდის, ის უნდა აკეთო. მეუბნებიან ხოლმე: ავთო, პოლიტიკაში ხომ არ აპირებ წასვლასო. არა, არა და კიდევ არა. მსგავსი რამ, ჩემთვის მიუღებელია. მე არ ვიცი ეს საქმე და რაც არ იცი, იმას ხელი არ უნდა მოჰკიდო.