რის გამო არ დაანგრევენ ოჯახს გაგა შიშინაშვილი და იაკო ჭილაია და როგორ გადაიზარდა მათი მეგობრობა სიყვარულში #3
მსახიობები – გაგა შიშინაშვილი და იაკო ჭილაია მაყურებლების უმეტესობამ სერიალ „ხელოვნური სუნთქვიდან“ გაიცნო, სადაც ისინი ცოლ-ქმრის როლს ასრულებენ. დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა წყვილი, როცა, მათი ქორწილის დღეს მომხდარი ავარიის შედეგად, გაგას გმირი ეტლს მიეჯაჭვა. თუმცა, სიყვარულმა ამ წინააღმეგობას გაუძლო და ბოლოს, ქორწილი მაინც შედგა. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ამ ეკრანულ წყვილს, სინამდვილეში ექვსწლიანი ქორწინება აკავშირებს.
– ბევრისთვის, ალბათ, სიურპრიზია იმის გაგება, რომ თქვენ, სინამდვილეშიც ცოლ-ქმარი ხართ. ასე ერთად, როგორ აღმოჩნდით ერთ სერიალში?
იაკო: ორივე ცალ-ცალკე აგვიყვანეს. პირველად მე ვიყავი ქასთინგზე და თავიდან, საერთოდ არ ვიცოდით, რომ მერე, ჩვენი პერსონაჟები ერთმანეთს შეხვდებოდნენ. ჩვენი ამბავი სერიალში მეორე სეზონიდან დაიწყო.
– მარტივია თუ რთული, თქვენი რეალური სახის თამაში რომ გიწევთ?
გაგა: ჩემთვის უფრო მარტივი იყო. იმიტომ, რომ, როცა ადამიანს კარგად იცნობ და მასთან კამერის წინ შეწყობა არ გიწევს, ეს ყველაფერი გიადვილდება. გარდა იმისა, რომ ცოლ-ქმარი ვართ, თეატრშიც ერთად ვართ და ხშირად სცენაზეც პარტნიორები ვართ, ისევე, როგორც, სერიალსა და რეალურ ცხოვრებაში.
იაკო: თავიდან, როცა ჩემს პერსონაჟს გაპრანჭვის პერიოდი ჰქონდა, ეს იმდენად ნაცნობი იყო ჩემთვის, რომ რთული ვერ იქნებოდა. თეატრშიც რომ ერთად ვართ, უფრო პარტნიორები ვართ, ვიდრე ცოლ-ქმარი (იცინის).
– თქვენი გმირები ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სერიალში. იაკო, შენი პერონაჟი აღმოჩნდა ძალიან მაგარი მეორე ნახევარი, რომელიც ბოლომდე გვერდში დაუდგა საყვარელ ადამიანს, როცა მან ავარიის შედეგად, დიდი ტრავმა მიიღო. მის ადგილას ბევრი ქალი უკან დაიხევდა. რეალურ ცხოვრებაში თუ შეძლებდი ასე მოქცევას?
– ძალიან რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ, ალბათ, მეც მასავით მოვიქცეოდი. ახლა რომ რომელიმეს მსგავსი რამ დაგვემართოს, ამის გამო, ოჯახს ხომ არ დავანგრევთ?! როცა ადამიანი გიყვარს, ეს ნიშნავს, რომ თავის ყველაფრით გიყვარს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მეც ასე მოვიქცეოდი. თუმცა, სინამდვილეში, ამდენად რთული გადაწყვეტილებების წინაშე არასდროს ვმდგარვართ.
გაგა: იაკო სინამდვილეშიც ისეთივე მაგარია, როგორიც სერიალში მისი გმირი – ელენე. თავიდან ცოტა ისეთი გოგო იყო, ხან ერთს ეპრანჭებოდა, ხან მეორეს და იაკოს პრეტენზია ჰქონდა საკუთარ პერსონაჟთან – ასეთი რომ არის, ხალხი როგორ მიიღებსო. მერე ისე განვითარდა მოვლენები, რომ ელენე მართლა ძალიან დაემსგავსა ნამდვილ იაკოს. ასეთი სირთულის წინაშე ჩვენ არ აღმოვჩენილვართ, მაგრამ თუ რამე პრობლემა ყოფილა, ჩვენც ყოველთვის ერთმანეთს ვუდგავართ გვერდში. ვცდილობთ, მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ერთმანეთს მდგომარეობა სახლშიც და თეატრშიც.
იაკო: სახლშიც ერთად ვართ და ორ თეატრშიც. ბუნებრივია, როცა რამე პრობლემაა, ერთმანეთს გვერდით ვუდგავართ.
გაგა: ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გავიცანით. ორივე ბატონ გიზო ჟორდანიას ჯგუფში ვსწავლობდით. პირველი კურსიდან ერთად მოვდივართ და შემდეგ, ორივე თეატრში ერთად აღმოვჩნდით.
იაკო: მოზარდ მაყურებელთა და სამეფო უბნის თეატრში ვთამაშობთ. დათა თავაძე იყო ჩვენი ჯგუფელი, რომელიც ახლა რეჟისორია და როგორც იცით, სამეფო უბნის თეატრი მისია. იქ, გარშემო ჯგუფელები და მეგობრები შემოგვიკრიბა.
– როცა ოჯახში ერთი მსახიობია, მისი მეორე ნახევარი ყოველთვის წუწუნებს ამ პროფესიის სირთულეზე. რა ხდება, როცა წყვილიდან ორივე მსახიობია?
– ამ შემთხვევაში, კარგია, რადგან ზუსტად იცნობ იმ არანორმალურ რეჟიმს, რომელიც მსახიობს აქვს. ჩვენ არ გვაქვს გაწერილი გრაფიკი და წინასწარ განსაზღვრული დასვენების დღეები. შეიძლება, გადაბმით მოგვიწიოს ღამეების თენება, ან მთელი თვე თავისუფალი ვიყოთ. როცა ამ საქმეს თვითონ არ იცნობ, რთულია ისეთი ადამიანის გაგება, რომელიც ზედიზედ, რამდენიმე ღამე არ მოდის სახლში.
გაგა: როცა ჩვენი რეპეტიციები ერთმანეთს ემთხვევა, ეს კარგი შემთხვევაა, ერთად მივდივართ და მოვდივართ. მაგრამ, როცა ასე არ ხდება, მაშინ ცოტა რთულია. აი, ამ დროს ვართ ჩვეულებრივი ოჯახის წევრებივით.
იაკო: თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ორივემ კარგად ვიცით, რა ხდება იქ, ყველას ვიცნობთ, ამიტომ მშვიდად ვართ. ხანდახან ერთმანეთსაც მივყვებით, როცა მხოლოდ ერთ-ერთ ჩვენგანს აქვს რეპეტიცია.
– სერიალში გაგიმართლათ, რომ სასიყვარულო წყვილში პარტნიორები ხართ. თეატრში, როცა სხვასთანაც გიწევთ იგივე როლის მორგება, არ ეჭვიანობთ?
– სხვათა შორის, ძალიან ხშირად თეატრშიც ერთად ვთამაშობთ. მაგრამ, ასეც რომ არ იყოს, არ ვიეჭვიანებ, რადგან მეც მსახიობი ვარ და ვიცი, ეს რაც არის. რატომ უნდა ვიეჭვიანო?!
გაგა: ჰო, ეს ჩვენი პროფესიის ნაწილია და ამ კუთხით ვუდგებით. ერთადერთი, რჩევებს ვაძლევთ ხოლმე ერთმანეთს – როგორ შეიძლებოდა რაიმე სცენა უკეთესად გაკეთებულიყო.
– ახლა სერიალი შეწყვეტილია. შეიძლება, ისევ გაგრძელდეს?
იაკო: ზოგი ამბობს, რომ შეიძლება, ზოგი ამბობს, რომ აღარ იქნება. არ ვიცი, რომელია მართალი, მაგრამ ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ისევ გაგრძელდეს.
– სერიალისა და თეატრის მიღმა, როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება?
გაგა: თუ თეატრში ან გადაღებაზე არ ვართ, სახლში, შვილთან ერთად ვატარებთ დროს.
იაკო: ჩვენი ანდრია უკვე ოთხი წლის ხდება. ძალიან აქტიური ბავშვია, მთელი დღე ლაპარაკობს და ლაპარაკობს, ჩვენ ვუსმენთ (იცინის). ვცდილობთ, რაღაცეები ვასწავლოთ.
გაგა: ახლა ცოტა ვისვენებთ და ბავშვთან მეტ დროს ვატარებთ.
იაკო: თუმცა, ძირითადად, მაინც არ გვცალია ხოლმე და სულ გვეტირება, როცა სახლიდან გავდივართ. ამიტომ, ვცდილობ, გავანებივრო და მოსვლისას ბევრი სათამაშო მომაქვს საჩუქრად (იცინის). ან, თუ სადმე წაყვანას მთხოვს, როცა ამის დრო მაქვს, მაინც მიმყავს. ვცდილობ, მაქსიმალურად გავათამამო, რომ დანაკლისი ავუნაზღაურო.
გაგა: ორი-სამი დღე გადაბმულად თუ სახლში ვართ, გვეჩვევა და მერე უფრო უჭირს ჩვენთან განშორება. მაგრამ როცა ყოველდღიურად დაკავებულები ვართ, მერე ამასაც ეჩვევა.
– სერიალში იაკოს პერსონაჟი იყო თქვენს ურთიერთობაში ძალიან აქტიური. რეალურ ცხოვრებაში?
– რეალურ ცხოვრებაში პირიქით იყო (იცინის). აქ მე უფრო ვაქტიურობდი, ვიდრე ია.
იაკო: მეგობრები ვიყავით. ხუთი წელი ერთად ვისწავლეთ, თეატრშიც ერთად მოვხვდით და ამიტომ, 24 საათი ერთად ვიყავით. მერე, ნელ-ნელა ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. უნივერსიტეტი რომ დავამთავრეთ, ერთი წლის შემდეგ დავქორწინდით. ექვსი წელი გახდება, რაც ცოლ-ქმარი ვართ.
– თქვენი ქორწილი როგორი იყო?
გაგა: ჩვენ ქორწილი არ გვქონია. ჯვარი დავიწერეთ და მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღვნიშნეთ.
იაკო: თეთრი კაბა პირველად სერიალში მეცვა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. მაგრამ, ქორწილი იქაც არ მქონდა (იცინის). ისე, რაღაცნაირად, სულ ასე ხდება, როგორც ამ სერიალში. სპექატკლებშიც – თუ გაგას დაურეკავენ მონაწილეობისთვის, მაშინ მეც დამირეკავენ. ვხუმრობთ ხოლმე, ერთმანეთზე ვახსენდებითო.
– არ გინდოდათ, მაყურებელს გაეგო, რომ სინამდვილეშიც ცოლ-ქმარი იყავით. რატომ?
– არ გვინდოდა კი არა, უბრალოდ, ჩვენს პირადზე ლაპარაკი არ მიყვარს, მეგობრების წრეშიც კი.
– თქვენი ეკრანული წყვილი რომ ერთმანეთს სიურპრიზებითა და საჩუქრებით ანებივრებდეს, ასეთი სცენა არ მახსენდება. თუმცა, სინამდვილეში, ალბათ, ასე არაა.
გაგა: არა ჩვენ კარგ სიურპრიზებს ვუწყობთ ხოლმე ერთმანეთს. ზუსტად, ჩემი დაბადების დღე იყო, როცა იაკომ მითხრა, ფეხმძიმედ ვარო.
იაკო: იმ დღეს გავიგე ეს ამბავი და ძალიან მაგარი საჩუქარი გამოვიდა (იცინის). საერთოდ, გამოგვდის ერთმანეთისთვის კარგი საჩუქრების გაკეთება. ვიცით, ერთმანეთის სურვილების შესახებ და შესაბამისად ვარჩევთ. ამიტომ, ბანალური არასდროსაა.
– ანდრიას როგორი რეაქცია აქვს, როცა ეკრანზე ან სცენაზე გხედავთ?
– უკვე იმდენად მიეჩვია, განსაკუთრებული ემოციები აღარ აქვს. გაიგო, რომ მამიკო ავარიაში მოჰყვა და მერე გვიხსნიდა, რომ ეს მართლა არ მომხდარა (იცინის).
გაგა: თვითონაც თამაშობს, ის სერია რომ გავიდა და სახლში მოვედი, მითხრა, ნახე, მეც ავარიაში მოვყევიო – თავი ჰქონდა გაკრული. მაგრამ მე თქვენთან არა, „ჩემი ცოლის დაქალებში“ ვთამაშობო. სპექტაკლებსაც რომ უყურებს, ძალიან მოსწონს და მეც მსახიობი ვარო, ამბობს (იცინის).