როდის ჩაიკლა ყველანაირი ბრაზი და სიმწარე თამარ ყველაშვილმა და რატომ მიატოვა მან თბილისი #3
„ნიჭიერში” თამარ ყველაშვილის გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ჟიურიმ დამატებითი ოქროს ღილაკი გამოიყენა და შვილის ჯანმრთელობისთვის თვითნასწავლი მომღერალი პირდაპირ გადაიყვანა ნახევარფინალში. ქალბატონი თამარის გამოსვლას ძალიან მძიმე ისტორია უკავშირდება. მარტოხელა, ორი შვილის დედა უფრო დაწვრილებით, ამ მეტად რთული ცხოვრების შესახებ, თავად გიამბობთ.
თამარ ყველაშვილი: წარსულში მუსიკასთან შეხება საერთოდ არ მქონია, უფრო მეტიც, სადღაც პირველ კლასში, დედას შეუმჩნევია, რომ სიმღერის ნიჭი მქონდა და ერთ-ერთ პოპულარულ სტუდიაში მივუყვანივარ. პედაგოგს კი უთქვამს, რომ სმენის ნატამალიც არ მქონდა (იცინის). მოკლედ, წამოვედით ასე, გაწბილებულები. დაახლოებით 19 წლის ვიყავი, როცა ტაძარში დავიწყე გალობა. მერე ისე მოხდა, დათუნას დიაგნოზიდან გამომდინარე, დავიწყე არიების მოსმენა და დამამახსოვრდა. ოცი დღის იყო ბავშვი, როცა მითხრეს, რომ ჰქონდა ვესტის დაავადება, რომელსაც უნდა შევგუებოდი: ვერ გაივლიდა, ვერ დაინახავდა, ვერ მოისმენდა. ამ დიაგნოზს ვერანაირად ვერ ვიჯერებდი. ბავშვი ჯანმრთელად გამოიყურებოდა და ვერ ვაცნობიერებდი, როგორ შეიძლებოდა, მსგავსი რამ. ამიტომ დავიწყე ამ დაავადებაზე ინფორმაციის მოძიება. ძიებისას გადავაწყდი მოცარტის თერაპიას და დავიწყე ამაზე მუშაობა. მოცარტს ვასმენინებდი, მაგრამ, რომ გითხრათ პირველივე ჩართვაზე ბავშვი წამოხტა და ცეკვა დაიწყო-მეთქი, არა. მერე, მოცარტიდან გადავედი სხვა, ხარისხიან მუსიკაზე. ვასმენინებდი საგალობლებსაც, მეც ვუგალობდი ყურთან. მელოდია, თუ ლამაზი იყო, მაშინ დათუნას რეაქცია ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ხედავდა და არც არაფერი ესმოდა. როგორც ექიმებმა მითხრეს, სმენის კონცენტრირებას ვერ ახდენდა. არანაირი რეაქცია არ ჰქონდა შუქზე. ნათურას ავანთებდი, თუ ჩავაქრობდი, სულ ერთ წერტილს უყურებდა ჭერზე. ერთი წლის იყო, როცა პირველად დაინახა და შენიშნა შუქი - თვალები დაახამხამა. ლამის გავგიჟდი, ეს რომ დავინახე. ჩემს, თავს შემოვძახე: თამუნა, არ იკივლო, ბავშვი არ შეაშინო-მეთქი. მეორე დილითვე ჩავარბენინე უახლოეს ექიმთან და მითხრეს, რომ 100-პროცენტიანი მხედველობა აქვსო. ეს არ ვიცი, რა იყო, რა ემოცია მქონდა მაშინ. მგონია, რომ ამ თერაპიამ გამოიღო შედეგი. ამ უმოძრაო ბავშვს ახლაც სასწაული რეაქცია აქვს მუსიკაზე, სულ ხტუნავს და ლამის ლოგინიდან გადმოვარდეს. ვერ ლაპარაკობს, მაგრამ მუსიკას რაღაც ბგერებს აყოლებს. ყოველდღე ერთად ვცდილობთ, რაღაც ვისწავლოთ, სამწლინახევრისაა და დღემდე ვსწავლობთ ტაშის დაკვრას. ზუსტად ვიცი, რომ ძალიან მალე გაივლის. ჩემი „ნიჭიერში” გამოსვლა პირდაპირ მას უკავშირდება.
– თბილისიდან კახეთში გადახვედით საცხოვრებლად, რატომ?
– გადავიხვეწე სოფელში. მესამე წელია რაც აქ ვცხოვრობთ. ცხოვრება დავიწყე სულ თავიდან. ბავშვს ჰქონდა ჟანგბადის ნაკლებობა, ამიტომ სუფთა ჰაერი სჭირდებოდა. ბევრი არ მიფიქრია და მაშინვე დავიწყე ინტერნეტში სოფლის სახლების ძებნა. თბილისში ნაქირავებში ვცხოვრობდი და დასაკარგიც არაფერი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ სოფელი არ მქონდა, კრედიტით ვიყიდე. ვიპოვე ძალიან დიდი ხნის მიტოვებული სახლი, სადაც არც შუქი იყო, არც გაზი და არც წყალი. სახლი ჰგავდა ჩვეულებრივ საქათმეს. ადამიანი კი არა და ცხოველიც ვერ იცხოვრებდა იქ. ერთადერთი პლუსი, რაც ჰქონდა, კარგი ნაშენები იყო - მყარად იდგა. მეზობლების დახმარებით მოვასუფთავე ერთი ოთახი. ორი პარკით და ბავშვებით, მარტო ჩავედი და დავსახლდი.
– რომ დაიბადა მაშინვე გაიგეთ, ბავშვის დიაგნოზი?
– 35 წლის ვიყავი დათუნა რომ გავაჩინე, მეორე შვილია. პირველი - ნინუცა 10 წლისაა და სრულიად ჯანსაღი ბავშვია. იქიდან გამომდინარე, რომ ასაკი მქონდა, ზედგადაყოლილი ვიყავი მუცლად მყოფ ბავშვზე. თუმცა, როგორც შემდეგ მითხრეს, ეს დაავადება არ ჩანს მუცლად ყოფნის დროს. გამომჟღავნდა, როცა ბავშვი გახდა 20 დღის. აკანკალებდა. უფროს და გამოცდილ ქალბატონებს რომ დავეკითხე, მითხრეს, იცის ახალშობილმა ეგრე, საშიში არაფერიაო. მაგრამ, როგორც კი პირიდან გადმოსული ქაფი დავინახე, მაშინვე ექიმთან გავაქანე. რამდენიმე გამოკვლევა ჩავუტარე, ყველგან სხვადასხვა პასუხს მეუბნებოდნენ. ბოლოს დაისვა ვესტის სინდრომის დიაგნოზი. 5 თვის განმავლობაში ბავშვს დღეში 150-200 გულყრა ჰქონდა. 5 თვე ბავშვი ხელში მეჭირა. არ მძინებია და არ დავწოლილვარ. მეშინოდა, პირიდან გადმოსულ ქაფს არ დაეხრჩო. ამიტომ, დღე და ღამე ვიჯექი დათუნათი ხელში. სრულიად მარტო ვიყავი. ერთადერთი ნინუცა მყავდა, რომელსაც ამ სიტუაციას ვარიდებდი. ძალიან ნერვიულობდა, ტირილამდე მიდიოდა და მეხვეწებოდა: დედა, რამეთი ვუშველოთო. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი. გიჟივით დავდიოდი. ამ ბავშვს მოვკიდებდი ხელს და ექიმიდან ექიმთან დამყავდა. კრუნჩხვებს ვერ ვუჩერებდით. მერე მითხრეს, რომ უცხოეთში იყიდებოდა წამალი, რომელიც გულყრას შველოდა. გავყიდე ყველაფერი, რაც კი მქონდა, თვე-ნახევრიანი კურსი ჩავუტარე და ღმერთის წყალობით, გვიშველა. მას შემდეგ კრუნჩხვა აღარ ჰქონია ბავშვს. ამ კრუნჩხვებმა დიდი კვალი დატოვა დათუნას ორგანიზმში. ბავშვმა გონებრივად და ფიზიკურად განვითარება შეწყვიტა. რამხელაც იყო 3 თვისა, ისეთივე დარჩა. ახლა ვართ 5 თვის ბავშვის დონეზე.
– მარტო რატომ გიწვეთ ამ ყველაფერთან გამკლავება, მეუღლე ხომ გყავთ?
– კი, მყავს მეუღლე. ის უცხოეთში წავიდა, როცა დათუნაზე ვიყავი 3 თვის ფეხმძიმე. ჩემი ორსულობა, მშობიარობა მარტომ გადავიტანე. როცა ბავშვის მდგომარეობა გავიგე და გიჟს ვგავდი, დავურეკე: ასეთი მდგომარეობაა-მეთქი და მიპასუხა, ამ თემაზე აღარ დამირეკოო. კარგი-მეთქი. ამის შემდეგ მისკენ აღარ გამიხედავს. უკვე ბავშვი რომ გამოცოცხლდა, მოისურვა ნახვა. რატომღაც მჯეროდა, რომ ნახავდა, გაგიჟდებოდა, გულში ჩაიკრავდა. მაგრამ, პირიქით მოხდა ყველაფერი. რეაქცია არ ჰქონია, ცივად შეხვდა. ბოლოს, მაინც ისე მოხდა, რომ წავიდა და წავიდა. როგორც თავად ამბობს, ბევრად მნიშვნელოვანი საზრუნავი აქვს, ვიდრე დათუნა. ჩემი ქმრის ნათესავებთან დღემდე იდეალური ურთიერთობა მაქვს. დადგა ის მომენტი, როცა ჩემი ერთ-ერთი მული უნდა გათხოვილიყო. მაშინ მითხრა, რომ მისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან ღირსეულად უნდა გაეთხოვებინა და. რაც შეეხება ბავშვს, მას ღმერთი უშველიდა – ღვთის შვილიაო. ამ შემთხვევაშიც ვუთხარი, კარგი-მეთქი. არანაირი ბოღმა და ბრაზი არ გამჩენია. ყველანაირი ბრაზი და სიმწარე მაშინ მოვკალი ჩემში, როცა პირველად დავურეკე.
– ოჯახი სიყვარულით შექმენით?
– დიახ. ეს იყო, როგორც გონებრივი, ასევე გულით სიყვარულიც. ეს ადამიანი არის ინტელიგენტი, ჭკვიანი და განათლებული. თუმცა, ყველაზე ძვირფასი ჩემს ცხოვრებაში არიან შვილები. როცა შვილზე მეუბნებიან, რომ 8 თვე შეიძლება იცოცხლოს, ხოლო მამა ძალიან ინტელიგენტი სახით მეუბნება: იცი, რაა, გაანებე თავი, მას ღმერთი უშველის, მე რატომ მირეკავო – ცოტა რთული გასაგები აღმოჩნდა ჩემთვის. აი, იქ დამთავრდა პატივისცემაც და ყველაფერი.