რატომ მალავდა ამერიკაში დავით ჯიბლაძე, რომ ქართველია და რატომ მოაკვლევინა მან ქართველ თოვლის პაპას სანტა კლაუსი #3
თოვლის ბაბუისა და სანტა კლაუსის შესახებ გადაღებულმა კლიპმა, სადაც ქართველი თოვლის ბაბუა სანტა კლაუსს ჩიჩილაკით კლავს, სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა, კრიტიკა, უარყოფითი ემოციები გამოიწვია. ვიდეოს რეჟისორი დავით ჯიბლაძეა, რომელიც არაერთი ხმაურიანი რეკლამის ავტორია. ის აპირებს მოკლე ფილმის გადაღებას პუტინზე, რომელიც მთელ მსოფლიოს აალაპარაკებს.
დავით ჯიბლაძე: 13 წლის ვიყავი, დედასთან ერთად ამერიკაში რომ წავედი საცხოვრებლად. საქართველოში პირველად, 20 წლის მერე დავბრუნდი. ამ კლიპის გამო ავადმყოფობას რომ მაბრალებენ, ჩემთვის ეს ავადმყოფობა მრავალფეროვანი ცხოვრების შედეგია. ამერიკაში ცისარტყელაში ცხოვრობ. გარეთ რომ გამოხვალ, არ იცი, ვის შეხვდები – იმდენი განსხვავებული ადამიანია, იმდენი რაღაც ხდება, რომ ეს ყველაფერი მერე შენში ილექება და ახალ იდეებს ბადებს. 1993 წელს წავედი ამერიკაში. ჩავედი „კერასინკაზე“ გაზრდილი, უშუქობაში მყოფი და მოვხვდი, სულ სხვა პლანეტაზე. რთული იყო ამერიკაში ცხოვრება. ენა საერთოდ არ ვიცოდი, თან, მეორე დღესვე სკოლაში შემიყვანეს. უცნაურად ვიცვამდი, დავდიოდი. აქედან „პომოჩებით“ წავედი, გვერდზე გადავარცხნილი თმით, საკმარისად რომ არ ბანაობ. საქართველო არავინ იცოდა, ყველა გიყურებდა, როგორც საბჭოთა კავშირიდან ჩამოსულ უცნაურ, რაღაცნაირ ბავშვს. მეგობრები არ მყავდა, დავკომპლექსდი, გარიყულად ვიგრძენი თავი. დამცინოდნენ, მეღადავებოდნენ. თან, მიჩვეული ვიყავი: ახალ სკოლაში რომ შედიხარ, ვინმე უნდა სცემო და დაუმტკიცო, მაგარი ხარ. იქ კი, პირველად ვიღაც ბავშვი რომ შემეჯახა, მოვუბრუნდი: მეთქი, ახლა ამას... და მეუბნება: უკაცრავადო... ვიფიქრე: ყველამ რომ მაღიაროს, უნდა გავხდე ამერიკელი-მეთქი. მთელი დღე ტელევიზორს ვუყურებდი, ვიმეორებდი ფრაზებს. ერთ წელში ქართული აქცენტი დავკარგე. რომ მეკითხებოდნენ, საიდან ხარო, ვპასუხობდი – ბოსტონიდან-მეთქი. გადავწყვიტე, ამ ქვეყნის ისტორია, კულტურა, ყველაფერი შემესწავლა და მივხვდი: ამერიკისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ, საიდან მოდიხარ, მთავარია, სად მიდიხარ. უკვე კომფორტულად ვიგრძენი თავი, აღარ ვმალავდი, საიდან ვიყავი ჩამოსული და მეგობრებიც შევიძინე. ახლა თავი ქართველ-ამერიკელად მიმაჩნია, რადგან ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი იქ მაქვს გატარებული.
– როგორ განვითარდა ამერიკაში შენი კარიერა?
– მთელი ცხოვრება რეჟისორობა მინდოდა. მახსოვს, კოლეჯში 10-წუთიანი, მოკლე ფილმი გავაკეთე. სამასი კაცი ესწრებოდა ჩვენებას, კომედია იყო. როდესაც ვუყურებდი, სამასი ადამიანი ჩემს შექმნილ რეალობაში როგორ იყო ჩართული, იცინოდნენ, როცა მინდოდა, რომ გაეცინათ – ცოტა უცნაურად კი გამოდის, მაგრამ ჩემთვის ეს იყო ღმერთობა: შენს შექმნილ რეალობაში, რეალობის საკუთარ ვარიანტში აცხოვრებ ხალხს. იქ ბუზი რომ დაფრინავს, მე გადავწყვიტე, რომ მას ეფრინა. ეს არის ჩემთვის ძალიან საინტერესო: მოდი, კი არ დავემორჩილოთ არსებულ რეალობას, ჩვენი რეალობა შევქმნათ. მე ვაკეთებ ისეთ რაღაცეებს, რასაც ზოგი გაიგებს, ზოგი კი – ვერა. გამოთქმაა: თუ არავის აბრაზებ, ესე იგი, მნიშვნელოვანს არაფერს აკეთებო.
– საახალწლო ვიდეოთი სრულიად ერი გააბრაზე.
– სიზმარში მეგონა თავი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს თემა – ქართველი თოვლის პაპა, რომელიც საზოგადოებამ გადააგდო. საინტერესოა, რას განიცდის ერთ დროს პოპულარული ადამიანი, რომელიც დღეს აღარ არის პოპულარული და მისი ადგილი სხვამ დაიკავა. მერე დავფიქრდი, რას გააკეთებდა ასეთ დროს. რომ გამეკეთებინა, როგორ დაათრო ქართველმა თოვლის პაპამ სანტა, არ იქნებოდა კარგი. ამიტომ ვიფიქრე: მოდი, ექსტრემალურ ვარიანტზე წავიდეთ – შავი იუმორისკენ და ისე იყოს თოვლის პაპა გაბრაზებული, ყველაზე ცუდი რამ გააკეთოს – ჩიჩილაკით მოკლას სანტა. თავიდან ხერხვა იყო, რადგან ადამიანს რომ მოკლავ, მერე ხომ უნდა გააქრო, ასე იქცევიან ხოლმე ფილმებში. თოვლის პაპის როლი ვინც ითამაშა, ძალიან მაგარი ადამიანია. თან, კონტრასტი მინდოდა: დასავლური სანტა, წითელლოყებიანია, მობეზრებული რომ აქვს სამსახური, სათამაშოებს ყრის და ფიქრობს: რა არის გოზინაყი? ის არ არის ჩვენიანი, არ აფასებს ქართულ კულტურას. თოვლის პაპა კი ჩვენია. რომ მოვიდა ქასთინგზე, ვიფიქრე, ალბათ, მოვუყვები ისტორიას და შემაგინებს-მეთქი. „ჯიგარი ტიპი“ აღმოჩნდა, მომისმინა და ბოლოს მეუბნება: აუცილებელია, გავხერხო, გურული კაცი ვარ, გახერხვა „მიტყდება“ და მჟავა რომ დავასხათო? მანამდე ჩვენც ვიფიქრეთ ამაზე და მანაც რომ შემოგვთავაზა, ასე გადავწყვიტეთ. სანტას და თოვლის პაპის არსებობის აზრი ხომ ბავშვია, ისინი მას ემსახურებიან. ჩემთვის დიდი სოციალური კომენტარია, როდესაც ბავშვი გამოდის და თოვლის პაპა მის სიჩუმეს საჩუქრებით მოისყიდის. იმხელა ბავშვისთვის არ აქვს მნიშვნელობა, არც თოვლის პაპას, არც სანტა კლაუსს. მისთვის მნიშვნელოვანი საჩუქრებია. მაინც მატერიალისტია ბავშვი და აინტერესებს, რა მიიღო. წითელი გაცვია, თეთრი, თუ მოკალი ვინმე, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა. ის ვერც მიხვდა და ვერ დააფიქსირა, რა მოხდა: მკვლელობა არ უნახავს და ვერც იმას აღიქვამს, რომ მჟავას ასხამს თოვლის პაპა სანტას. უბრალოდ, დაბნეულია და თოვლის პაპა ეუბნება: აიღე საჩუქრები, ვიცი, შენ რაც გინდა. თანამედროვე ბავშვისთვის ახალ წელს, შობას, საჩუქრების გარეშე, აზრი არ აქვს და მიიღო ის, რაც უნდოდა. საქართველოში რომ დავბრუნდი, ძალიან „გამიტყდა“, ასე ადვილად რომ გადაუგდიათ თოვლის პაპა. არადა, ისე კარგად მახსოვდა წასვლამდე, „ჯიგარი ტიპი“ იყო. სწორი მარკეტინგი უნდა და ეგრევე, ყველას მოუნდება. თორემ, ხომ ხედავთ, სანტას როგორი მარკეტინგი აქვს... ფილმი იმიტომ არ გამიკეთებია, რომ ხალხი გამებრაზებინა. ვწუხვარ, თუ ხალხს ახალი წელი გავუფუჭე. არ მეგონა, ასე გულთან თუ მიიტანდნენ. გამოთიშე და მორჩა... თან, სიმართლე გითხრა, არ მომწონს, სულ ჩვენზე რომ ძალადობენ და სულ ჩვენ ვართ დაჩაგრულის პოზიციაში. ამიტომაც შემოვატრიალე, მინდოდა, ჩვენი თოვლის პაპა ყოფილიყო აგრესორი – არა ის, ვინც ჩვენ გვიტევს და ვისგანაც თავს ვიცავთ, არამედ მას მივეცი ძალაუფლება: „დაბრიდა“ სანტა... ეს არავინ დააფასა, რამდენიმე კაცის გარდა.
– მოდი, ამერიკის თემას დავუბრუნდეთ.
– სკოლის დამთავრების შედეგ, ჩავაბარე „ემორის“ უნივერსიტეტში – 40 ათასი დოლარი ღირდა წელიწადი. მაგრამ, დიდი სტიპენდია მომცეს, გრანტი, დახმარებები, სახელმწიფომ დიდი სესხი 2 პროცენტად მომცა. ორი სპეციალობა ავიღე: ეკონომიკა და ფილმის თეორია. რომ დავამთავრე, მერე გადავწყვიტე, მემუშავა. ბენზინის კომპანიაში ვმუშაობდი, პროექტების კოორდინატორი ვიყავი, მენეჯმენტში ვეხმარებოდი. ამერიკაში ჩემი პირველი სამსახური იყო „მაკდონალდსში“, საათში 4 დოლარს და 25 ცენტს მიხდიდნენ. ისეთი ბედნიერი ვიყავი, პირველად ცხოვრებაში, ვიღაც საქმეში ფულს მიხდიდა. კოლეჯში 4 წელი ვისწავლე. ძალიან საინტერესო იყო, ნარკოტიკებიც პირველად იქ ვცადე. ყველაფერი უნდა სცადო, მაგრამ ამან არ უნდა დაგიპყროს. არ უნდა მისცე საშუალება, რომ ნეგატიურად გაგიფუჭოს ცხოვრება... ბევრი რამ მიცდია, რამაც თვალსაწიერი გამიფართოვა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, წავედი ლოს-ანჯელესში, ფილმ-აკადემიაში მაგისტრატურაში სასწავლებლად. ერთი ის გამიტყდა, რომ მეგონა, იქ ისეთი ხალხი დამხვდებოდა, თავს არაადეკვატურად მაგრძნობინებდნენ. მე მიყვარს, როცა თავს არაადეკვატურად ვგრძნობ, „ჟილკა“ მემატება: ახლა ნახე, რას ვიზამ... მალევე გამოვიკვეთე, ხალხი მაღიარებდა, რადგან გიჟურ რაღაცეებს ვიღებდი. ჩემთვის მთავარია, არ დავიცვათ ადამიანი, პირდაპირ ვაჯახოთ რეალობა, რადგან ცხოვრება არ გინდობს და არტმა რატომ უნდა დაგინდოს? მე მიყვარს, როცა არტი პირდაპირ სახეში გირტყამს. ამას მივაწექი და მიიქცია ყურადღება. მესამე წელს სადიპლომო ფილმი გავაკეთე, 20-წუთიანია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიგვიწვიეს ფესტივალებზე. სცენარისტიც მე ვიყავი და რეჟისორიც. ჯილდოები მივიღეთ, ბევრ სცენაზე გამოვდიოდით. მადლობა დედას-მეთქი: „ჰალივუუუუდ...” თავში ამივარდა უცბად. თან, ფილმმა ჰოლივუდის პროდიუსერების, აგენტების ყურადღება მიიქცია. მიბარებდნენ გასაუბრებებზე სერიოზული ტიპები, ვისაც ჰოლივუდის ცნობილი სცენარისტები, რეჟისორები ჰყავთ... მივდივარ და ვაგვიანებ, როგორც ქართველი. ასეთ „ტიპთან“ რომ დააგვიანებ, როგორი დებილი უნდა იყო. მაგრამ, მაშინ ვერ ვხვდებოდი. ჩვენი ყველა საუბარი მიდიოდა ასე: ოო, დევიდ, „გუუდ ჯობ” და მერე, აბა, რა გაქვს? – მეკითხებიან. მე, მგონია, ფილმი გავაკეთე. ისინი მეტყვიან: მობრძანდით, დამზადებული სცენარი გვაქვს და ხომ არ იქნებით რეჟისორიო. თუ გინდა, დამწყებმა რეჟისორმა სახელი გაითქვა, უნდა შესთავაზო სცენარი. არაფერი არ მქონდა: ყველას გამოვართვი ვიზიტკები. წავედი სახლში, დავიწყე წერა, მაგრამ არ გამომივიდა. თან, ერთ თვეში იმათ აღარ ახსოვხარ. იცი, როგორი დაუნდობელია ქალაქი? ერთს რომ გაისვრი, მეორე ტყვიაც უნდა მიაყოლო. გავუშვი ჩემი შანსი ხელიდან და დავიწყე მუშაობა „უოლტ დისნეის“ სტუდიაში. „დისნეის“ აქვს თავისი ტელევიზია, რომლისთვისაც პილოტებს იღებენ. მერე ვმუშაობდი NBC, Universal-ში, Miramax-ში, აქაც პროექტების მენეჯმენტში ვმუშაობდი. ჩვენმა ფილმმა რამდენიმე ჯილდო მოიგო, ყველაზე დიდი – 30 ათასი დოლარი და გადავწყვიტე, რაღაც გამეკეთებინა. პრეზერვატივის რეკლამა გადავიღე. ვფიქრობდი, ვიღაცას მივყიდიდი. არაცერთმა კომპანიამ არ იყიდა, იქაც ისეთი დაშინებულები არიან. დავდე ინტერნეტში და აფეთქდა. გავიღვიძე და 800 ათასით მოიმატა ნახვამ – ადის, ადის და მერე „დურექსმა“: შენი ლოგო ჩვენსას ჰგავს ფერებშიო. ამხელა ვირუსული ვიდეო „იუ თუბმა“ მოხსნა. მერე თავიდან დავდე, 2 მილიონამდე აქვს ნახვა, იმდენივე – არა. მერე უკვე საქართველოში ჩამოვედი, დავრჩი, რადგან დავფასდი, ყველა: დევიდ, დევიდ, რაც გინდა გააკეთე... ფული გინდა, მოგცემთ, შენი იდეები ძალიან მოგვწონსო. ახლა, ძირითადად, რეკლამებზე ვმუშაობ.