კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიიწვიეს მარიკა მაჩიტიძე ერთდროულად მოსკოვის „დიდი თეატრისა“ და „გილიკონ ოპერის“ სცენებზე და როგორ მღეროდა ის „ლუი ვიტონის“ აპარტამენტებში „ვიაიპი“ სტუმრებისთვის #3

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტის, სოპრანო მარიკა მაჩიტიძისთვის გასული, 2016 წელი საკმაოდ წარმატებული და საინტერესო იყო. წარმატებული გამოდგა მარიკას მონაწილეობა ტელეკომპანია „კულტურის“ სატელევიზიო კონკურსში, რომელსაც მილიონობით მაყურებელი ჰყავს. მარიკას ყველა ტურში განსაკუთრებული გამოსვლა ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ის ფინალამდე გამოეთიშა კონკურსს, არაერთი საინტერესო შემოთავაზება მიიღო – მოსკოვის თეატრების დიდ სცენებზე მისი ორი დებიუტიც შედგა.
მარიკა მაჩიტიძე: 2016 წელი მართლაც ძალიან დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის. წლის დასაწყისში, 6 წლის შემდეგ, „აბესალომი და ეთერის“ პრემიერით გაიხსნა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ, რომ თამარ ივერთან, ლადო ათანელთან, თემურ გუგუშვილთან და სხვა სახელოვან მომღერლებთან ერთად, მეც ვიდექი სცენაზე ჩემი მარეხით.
– როგორც ვიცი, ტელეკომპანია „კულტურის“ კონკურსის, „ბალშაია ოპერის“ გალა-კონცერტში, ფინალისტებთან ერთად, შენც იყავი მიწვეული.
– გალა-კონცერტი მოსკოვის „დიდი თეატრის“ სცენაზე 26 დეკემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობდა სამი ფინალისტი და ამ სეზონის ორი მონაწილე, მათ შორის, ერთი მე ვიყავი. ჩვენ გარდა, რა თქმა უნდა, მონაწილეობდნენ მსოფლიო ვარსკვლავები, სახელოვანი და გამოჩენილი მომღერლები. 27 დეკემბერს მათთან ერთად მეც მომიწია „დიდი თეატრის“ სცენაზე დგომა და სიმღერა. მეორე დღეს დიმიტრი ბერტმანმა, რომელიც „გილიკონ ოპერის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და პროექტის ჟიურის ერთ-ერთი წევრია, თავის თეატრში მიმიწვია ოპერეტაზე – „ღამურა“. მას ახალი წლის დღეებში თამაშობენ ხოლმე უკვე 20 წელია. სპექტაკლის მეორე მოქმედებაში ყოველთვის მოწვეული სტუმრები ჰყავთ, მსოფლიო დონის ვარსკვლავები. ჩემთვის დიდი პატივი იყო, როცა გამომაცხადეს: ახლა სცენაზე ვიწვევთ მარიკა მაჩიტიძეს, „ბალშაია ოპერის“ მონაწილეს და ფინალისტსო. ასე რომ, ჩემი დებიუტი „გილიკონ ოპერაშიც“ შედგა. ეს არის არაჩვეულებრივი თეატრი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიჩნეული. თან, ყველაფერი მოულოდნელად გადაწყდა. ჩავედი მოსკოვში, ვიცოდი, 26 დეკემბერს, დიდი თეატრის სცენაზე უნდა მემღერა. იქ კი გავიგე, რომ დიმიტრი ბერტმანს სურდა ჩემი მიწვევა „გილიკონ ოპერაში“, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა.
– როგორც ვიცი, მაყურებელი შენს გამოსვლას დიდი ოვაციით შეხვდა.
– კი, დიდი ოვაციებით შემხვდნენ. შეიძლება ითქვას, ამ ეტაპზე რუსეთში უფრო პოპულარული ვარ, ვიდრე საქართველოში. კიდევ ერთი მოულოდნელი რამ მოხდა მოსკოვში. „ბალშაია ოპერის“ ერთ-ერთ წამყვანი გახლდათ სატი სპივაკოვა, რომელიც ასევე, „ლუი ვიტონის“ წარმომადგენელი და კულტურის ელჩია რუსეთში. ერთ დღესაც მან საქართველოში მომწერა: როდის ჩამოდიხარ მოსკოვშიო. მეც მივწერე: 24 დეკემბერს ჩამოვდივარ, რადგან 26-ში გალა-კონცერტში ვმონაწილეობ-მეთქი. მან კი ასეთი რამ შემომთავაზა: იქნებ, ცოტა ადრე ჩამოხვიდე, რადგან „ლუი ვიტონის“ ვიაიპი კლიენტებისთვის მუსიკალური საშობაო საღამო მაქვს. მინდა, მასში მონაწილეობა მიიღო, რამდენიმე ნომერი შეგვისრულოო. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი და ჩავფრინდი მოსკოვში. თვითონ გამომიგზავნეს ბილეთი, დამიჯავშნეს სასტუმრო. მოსკოვის ცენტრში, „გუმში“ აქვს „ლუი ვიტონს“ თავისი აპარტამენტები, სამსართულიანი შენობაა. მესამე სართულზეა სალონური სიტუაცია, სადაც შეიკრიბნენ სტუმრები.  მე და კონკურსის მონაწილე სომხეთიდან, კარგი ტენორი, ვასრულებდით მათთვის სხვადასხვა არიას, რამდენიმე დუეტს. საღამომ საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. ჰონორარის ნაცვლად, „ლუი ვიტონის“ ჩანთით დამასაჩუქრეს. წინასწარ შევთანხმდით ამაზე, სამახსოვროდ მექნება მთელი ცხოვრება.
–  კონკურსში 9 ტური გაიარე წარმატებულად.
– სამი თვე ვიყავი ეთერში. იყო ძალიან სასიამოვნო და ნაკლებად სასიამოვნო მომენტებიც. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, როცა ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა ერთ-ერთი გადაღება იმ დღეს, თურმე, დიმიტრი ბერტმანის დაბადების დღეც ყოფილა. მას მოვუწყვეთ სიურპრიზი. გვეცვა მაისურები მისი ბავშვობის ფოტოთი და ფლეშმობი მოვუწყეთ. მივართვით ტორტი. რაც შეეხება ჩემს სიურპრიზს, როდესაც სიმღერა დავასრულე, ყველამ მომილოცა დაბადების დღე და შემდეგ ორკესტრმა დაუკრა „ჰეფი ბორზდეი“. ჩემთვის, ასევე, დასამახსოვრებელი ტური იყო, როცა ქართული სიმღერების პოპური შევასრულე „თეატრალურის კვარტეტთან“ ერთად. ისინი ახლა მოსკოვში მოღვაწეობენ და ჰქვიათ „არაგვი ბენდ“. მოსკოვში არის ცნობილი ქართული რესტორანი „არაგვი“, რომელიც ძალიან პოპულარული და საკმაოდ ძველია. შენობაც ისტორიულია და ბიჭები  იქ მღერიან. ქეთი გაბისიანმა გააკეთა ამ სიმღერის ვერსია და მათთან ერთად, ცოცხლად შევასრულეთ. სხვა მონაწილეები პლუსზე მღეროდნენ, მხოლოდ მე ვიყავი გამონაკლისი, რომელიც ცოცხლად მღეროდა, თან ხმებში. ისეთი მრავალხმიანობა გაიშალა, რომ აღფრთოვანებულები გვისმენდნენ.
– რა იყო მთელი ამ სამი თვის განმავლობაში ყველაზე რთული?
– სტრესული მომენტებიც იყო, მაგრამ ყველაზე რთული მაინც დაძაბული რეჟიმი გახლდათ. გადაღებებს შორის მიწევდა გადაფრენა-გადმოფრენა, რადგან ხომ უნდა მომემზადებინა ნაწარმოებები. თბილისში ჩამოვდიოდი და ვამზადებდი ნაწარმოებს ჩემს კონცერტმაისტერ ნათია აზარაშვილთან ერთად. იქ ჩასულს კი ერთი რეპეტიცია მქონდა ორკესტრთან და საღამოს ჩაწერა მიდიოდა.  ზოგადად, სირთულეებს არასდროს ვერიდები. წარმატების ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ისიც იყო, რომ ყველაზე რთული პროგრამა შევარჩიე და შევასრულე. ამან განაპირობა ისიც, რომ ჟიურის გარდა, კომპეტენტურმა მსმენელმაც დაინახა ჩემი შესაძლებლობები, პოტენციალი და კონცერტებიც  დაიგეგმა.
– რა შემოთავაზებები გაქვს?
– გაზაფხულზე რუსეთის სხვადასხვა ქალაქში 4 კონცერტი მექნება. ვლადიმირ სპივაკოვი არის მოსკოვის ნაციონალური ფილარმონიის ორკესტრის ხელმძღვანელი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა. მან შემომთავაზა და დაგეგმა ეს კონცერტები. „ვირტუოზი მასკვი“ – ასე ჰქვია ორკესტრს. მართლაც ვირტუოზი მუსიკოსები უკრავენ და მათ უკვე მთელ მსოფლიოში იცნობენ. მათთან ერთად მექნება გაზაფხულზე კონცერტები. ჩემთან ერთად იქნება, ასევე, ბარიტონი ვასილი ლადუკი, რომელიც ძალიან ცნობილი მომღერალია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ბევრ ქვეყანაში. გარდა ამისა, 2017 წლის დეკემბერში მოსკოვში, „მუსიკის სახლში“, ვლადიმირ სპივაკოვის ორკესტრთან ერთად მექნება კონცერტი, „ბალშაია ოპერის“ სამ ფინალისტთან ერთად.
– პირად საუბარში მითხარი, პროექტი რომ დავტოვე, ბოდიშებს მიხდიდნენო.
– ეს ერთგვარი რევერანსი იყო, რადგან კონკურსებს ახლავს არაობიექტური მომენტებიც.  მაინც სხვა ქვეყანაა, სხვა სივრცე და შესაბამისად, რუს მონაწილეს უფრო მეტი შანსი ჰქონდა. საბოლოოდ, 19 წლის რუსმა გოგონამ გაიმარჯვა. რაღაც დონეზე ვხვდებოდით, რომ ის მოიგებდა. კონკურსის დაწყებამდე გარკვეული პრიორიტეტები გამოისახა. თავიდან პირადად არაფერს არ მეუბნებოდნენ, მაგრამ შემდეგ ბევრმა მითხრა: ჩვენ ვფიქრობდით, შენ იქნებოდი ფინალშიო. ერთ-ერთ ტურზე სტრავინსკის ოპერიდან, „ბულბული“, ურთულესი არია შევსრულე. ის ურთულესი შესარულებელია ორკესტრისთვისაც და მომღერლისთვისაც. რაღაც შენიშვნები ჰქონდა ჟიურის, ნაკლებად ობიექტურები იყვნენ და დირიჟორმა, დენის ვლასენკომ ჩემი ნამღერის შემდეგ აღნიშნა: მარიკას ეს ყველაფერი იდეალურ დონეზე რომ შეესრულებინა, დღესვე შეიძლებოდა, დაგვემთავრებინა კონკურსი და პირველი ადგილი მისთვის მიგვეცაო. დირიჟორი ყოველთვის ჩემს მხარეს იყო, ამიტომ არაერთხელ გავხდი კამათის მიზეზი.

скачать dle 11.3