რატომ შეხვდა შობა-ახალ წელს შვილისგან შორს ჯანო იზორია და რის ახსნას აპირებს ის წლების შემდეგ თავისი გოგონასთვის #3
ჯანო იზორიასთვის 2016 წელი განსაკუთრებული იყო, თუმცა 2017 წლისგანაც ბევრ საინტერესო რამეს ელოდება. მისთვის ახალი წელი, შობა აფხაზეთთან, იქ ბებიებთან გატარებულ ტკბილ დღეებთან ასოცირდება, ამიტომაც, ამ დღესასწაულებს, მისთვის სიხარულთან ერთად, გარკვეული ტკივილი და ნოსტალიგაც ახლავს. ამჟამად ჯანო ფოთში იმყოფება და ფოთის თეატრში იანვრის ბოლოს ბასა ჯანიკაშვილის „დიქტატორში“ ითამაშებს. თებერვალში კი თინათინ კაჯრიშვილის ახალი ფილმის გადაღება იწყება, სადაც ჯანო ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ჯანო იზორია: ახალ წელს ევა-გაბრიელის გარეშე შევხვდი, რადგან მე ფოთში ვიყავი, ის კი, დედასთან ერთად – თბილისში. ფოთში საქმეები გამომიჩნდა – კორპორატიული საღამოები და უარს ვერ ვიტყოდი. ახალ წელს სევდიანად შევხვდი, მაგრამ დიდი იმედებით, რადგან ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ევა-გაბრიელის შემდეგ უფრო მეტი აზრი მიეცა. სათუთი გახდა ჩემთვის შვილი და მინდა, ყველაფერი დავახვედრო მას ამ ცხოვრებაში. ძალიან ჭკვიანი გოგო აღმოჩნდა, ბებო „პრაფესორს“ ეძახის. რაღაცნაირი ტიპია. ვნახოთ, მერე ღმერთი რა ნიჭითა და თვისებებით დაასაჩუქრებს.
– შენმა მეუღლემ არ გააპროტესტა, ახალ წელს ცალ-ცალკე რომ შეხვდით?
– ალბათ, ცოტა გულისტკენა იყო, მაგრამ რას ვიზამთ: ასეთია ჩვენი საქმე. შვილზე ძვირფასი არაფერია, მაგრამ ხვალინდელი დღე რომ დგება, მერე ბევრი რამ იჩენს თავს. დიდი გოგო რომ გახდება, 2018 წელს, უკვე ჩვენს ბინაში ავუხსნი, თუ რატომ არ ვიყავი მის გვერდით პირველ ახალ წელს. ვიცი, გამიგებს.
– შენს ცხოვრებაში 2016 წელი, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
– ვის ოჯახშიც შევდივარ, ყველას ასე ვულოცავ: მე რა სიხარულიც განვიცადე, ყველას ასეთი სიხარული განგეცადოთ-მეთქი. მერე ჩემი მეკვლეობა მოუნდათ. არ ვიცი, როგორი მეკვლე ვიქნები, როგორი ფეხი მაქვს, ამიტომ მთლად ჩემს ფეხებს ნუ ენდობით-მეთქი. ახალ წელს ბრაიანი მყავდა სტუმრად, შავი კაცი. გურიაში, „ანდამატში“ იყო წამყვანი და დამირეკა: ჩამოდი ჩემთანო. მეორე დღეს, ბედობას, ფოთში ჩამოვიდა თავის ორ მეგობართან ერთად: შავი ბიჭები, კეთილი გულით. ხომ იცი, როგორი ნიჭიერები არიან აფროამერიკელები და მამაჩემს ვუთხარი: ჯემალი, ახლა თუ ჯაზის წერა დაიწყე, ან ფეხბურთის მაგრად თამაში, ანდა მორბენალი თუ გაიჩითე-მეთქი... ბრაიანმა ჯერ ქართულად დაგვლოცა, მერე მეგრულად და მოკლედ, კარგი დრო გავატარეთ.
– რა ეტაპზეა შენი ბინა?
– მშენებლობის ეტაპზეა, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით, 2018 წელს თეთრი კარკასით უნდა ჩამბარდეს. მერე კი ჩემს სანატრელ და საოცნებო ახალ წელს გავითენებ. ერთი სული მაქვს, როდის გავა ეს დრო.
– ახალი წელი, შობა, ძირითადად, ბავშვობასთან ასოცირდება.
– დიდი გულისტკივილი და ნოსტალგია მაქვს, შობა და აღდგომა რომ მოდის. მეც და ჩემი ძმაც ძალიან განვიცდით, რომ არ შეგვიძლია, მთელი ჩვენი სამეგობრო ჩავსხდეთ მანქანებში და აფხაზეთში, ჩვენს სოფელში, ბებია-ბაბუის სახლში გადავიდეთ, იქ გავითენოთ შობის ღამე.
– როგორ ხვდებოდი აფხაზეთში შობას?
– საღამოს მეალილოები ჩამოივლიდნენ, მღეროდნენ „ალილოს“ და ბებო უმასპინძლდებოდა მათ. მეორე დღეს ყოველთვის ბარდნიდა და ერთ დროს დაიწყებოდა ხოლმე ღორების ჭყვიტინი. ყველა დარბოდა ეზოში, მიდიოდა სამზადისი. მახსოვს, როგორ აკეთებდა ბებო აფხაზურ კუპატებს, მთელი რიტუალი იყო. ბამბუკებისგან გაკეთებული ფაცხა ჰქონდა, შუა ცეცხლს რომ ეძახიან, ღორის კუპატებს ცეცხლს შეუნთებდნენ და შიშხინებდა. შემდეგ მიდიოდა ქეიფი. მე პატარა ვიყავი და ღორს რომ მოხარშავდნენ, ღორის ყურს მე მაძლევდნენ, რადგან მიყვარდა. იმ დღეს ყოველთვის ბარდნიდა და კარგად რომ მოთოვდა, ფარნით გავდიოდი გარეთ. მანდარინებში შაშვებს ვიჭერდი, მეორე დღეს კი ისევ ვუშვებდი. მერე მოდიოდა „ფეხობა“. ძველით ახალ წელს რომ ეძახიან – ეს კიდევ ცალკე ამბავი იყო. ბებია და მე მთელ ეზოს მოვივლიდით ლანგარზე დალაგებული ხილით, სიმინდით, ტკბილეულით. ბებო ბოსელში შევიდოდა, ძროხებს დალოცავდა: ბევრი ბოჩოლა, შემდეგ ქათმებთან: ბევრი კვერცხიო. შემდეგ სახლში შევიდოდი, ბებო კი გარედან აკაკუნებდა: კარი გააღეო. მე ვეუბნებოდი: რა მოგაქვს-მეთქი. ის მპასუხობდა: სიკეთე, ჯანმრთელობაო და ასე შემდეგ. ორივე ბებო ძალიან კარგი მყავდა – დედისა და მამის დედები. ომის დროს და შემდეგაც, არ დაუტოვებიათ თავიანთი კარ-მიდამო. ომის დროსაც აღნიშნავდნენ შობას, ახალ წელს.
– რა გახსენდება იმ პერიოდიდან?
– ომის დროს გადავიპარე, რადგან მინდოდა, ახალი წელი ბებოსთან ერთად გამთენებოდა. ბებო ბუხართან იჯდა, ცეცხლს ეფიცხებოდა. მე ფანჯარასთან მივიპარე და იქიდან ვუყურებდი. მაშინ ჭიშკრიდან შესვლა არ შეიძლებოდა, უკნიდან მივადექი, ფანრჯიდან გადავიპარე. ნაძვის ტოტი მოუტანია და ბამბებით, ტკბილეულით მოურთავს, რადგან სათამაშოები, ყველაფერი მოროდიორებმა დაამსხვრიეს, დაამტვრიეს. ეზოში ეყარა და ცუდმა ამინდებმა სულ გააფუჭა. სათამაშოები რომ არ ჰქონდა, მორთო ტოტი ტკბილეულით, ხილით. ჩვენი შეხვედრა იყო სასწაული. იმ კარის ჭრიალი დღემდე მახსოვს, ისევე როგორც ჭიშკრის. ხალხი მაშინ ისე ჩუმად საუბრობდა, რომ მანაც ჩურჩულით გამოხატა ვეებერთელა ემოცია, მე რომ დამინახა. ეს შეხვედრა არასდროს დამავიწყდება.
– რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად ბებოს მოგონებებიდან?
– დედაჩემის დედას მოგონებიდან მახსოვს: მის სახლში შტაბი ჰქონდათ მოწყობილი, 30 კაცი იყო და ყოველკვირა იცვლებოდნენ. როგორც მოხუცს, არაფერს ერჩოდნენ, თუმცა გააჩნია, რომელი ბატალიონი იყო. ბებო იხსენებდა: მტერშიც გამოჩნდება კარგი ადამიანიო. ზოგი კაიფში იყო, ზოგი უგონოდ ნასვამი. ტალავერი გვაქვს ეზოში და ქვემოთ მოზაიკის იატაკი. ერთ დღესაც უჭამიათ ყურძენი და ძირს დაუყრიათ ნარჩენები. მერე იქვე, ოთახებში მიწოლილან. ბებოს დაუწყია სახლის დალაგება. ამ დროს ვიღაც კაცი მისულა, ცოცხი გამოურთმევია, ოთახში შესულა და ცემით წამოუყრია ჯარისკაცები: ღორებივით დაყარეთ თქვენი ნაჭამი და მოხუცმა უნდა ხვეტოსო. ყველას ბამბუკის ტოტები დააჭერინა და დაასუფთავებინა. მერე კი ბებოსთვის უთქვამს: ჩემი ბატალიონი და მე თუ აქ ვიქნებით, ნურაფრის შეგეშინდებათ, მაგრამ სხვებზე პასუხს ვერ ვაგებო. ეს ასეთი კარგი ადამიანი აღმოჩნდა, მაგრამ იყვნენ სხვები, რომლებმაც უმოწყალოდ სცემეს ბებო: არაყი რატომ არ დაგვახვედრე, შებოლილი სულგუნი გვინდაო – ანუ, ასეთ რაღაცეებზე შეეძლოთ, კაცი მოეკლათ. ბებო საოცრად ძლიერი ადამიანი იყო, იმდენ რამეს გაუძლო. საოცარ ამბებს ყვებოდნენ ორივენი. მამაჩემის დედა მარტო ცხოვრობდა, ერთ დღესაც, ეტყობა, გულმა უგრძნო, რომ რაღაც ხდებოდა მის თავს. წამოვიდა, ენგური გადმოიარა ფოთში ჩამოვიდა, ჩემს ძმისშვილს მოეფერა. მერე მე დამირეკა თბილისში – სესილიასავით დამლოცა და მეორე დილით, დედა რომ შევიდა ოთახში, გარდაცვლილი დახვდა. ისიც აფხაზეთში გადავასვენეთ, იმდენი ხალხი დაგვხვდა, როცა ბებო სახლში მივასვენეთ...
ფოთის ცენტრში მუყაოსგან გაკეთებული დიდი თოვლის ბაბუა იდგა. ჩვენთან, ეზოში, ცხოვრობს ჩვენი მეგობარი, ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც სავარძელში ზის ფანჯარასთან და იქიდან იყურება ხოლმე. გვინდოდა, წამოგვეღო ის თოვლის ბაბუა და მისთვის ფანჯარასთან დაგვედგა, რომ დაენახა. მოკლედ, წამოვიღეთ თოვლის ბაბუა, სამი კაცი ვიყავით: ჩემს ძმაკაცს ხურჯინი ჰქონდა მოკიდებული, მე – თოვლის ბაბუა. მივუყვანეთ, მაგრამ ნახა თუ არა, არ ვიცით, რადგან როგორც ჩანს, სხვა ბავშვებიც აღმოჩნდნენ ჩვენნაირები. ახლა მათ მოიპარეს და იცი, როგორ რამეს აკეთებდნენ – სადარბაზოში კართან დააყენებდნენ, ზარს დარეკდნენ და გარბოდნენ. მერე პოლიციამ დაიწყო თოვლის ბაბუის ძებნა, კარგად კი შეგვეშინდა, მაგრამ ბოლოს იპოვეს და ჩვენც გადავრჩით. თუმცა, სიცოცხლე შთავბერეთ თოვლის ბაბუას.