კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იძია შური ქმრის მკვლელობისთვის ცნობილმა მძარცველმა ქალმა #3

გაქცევა
1967 წლის 13 აპრილს, მოსკოვის „ბუტირკის“ ციხის ეგრეთ წოდებული „კოშკინ დომიდან“ (კატის სახლი) 37 წლის ნატალია ბერძენიშვილი გაიქცა. „კოშკინ დომს“ ციხის ქალების კორპუსს უწოდებდნენ „ბუტირკის“ ციხეში. ნატალია ბერძენიშვილი კი იქ, შეიარაღებული ძარცვისთვის იჯდა და 11 წელი ჰქონდა მისჯილი. ცნობილი თბილისელი ყაჩაღის, ვანო გომართელის, მეტსახელად „ცხენისკბილას“ ქვრივი, ნატალია ბერძენიშვილი საკმაოდ ცნობილი და დაფასებული პიროვნება იყო საბჭოთა კრიმინალურ სამყაროში. ამ პირმშვენიერი, ტანწერწეტა ქალის რიდი და შიში მრავალ კრიმინალურ ავტორიტეტს ჰქონდა. ვანო გომართელი 1965 წელს მილიციასთან ურთიერთსროლისას  დაიღუპა ქუთაისში იმ დროს, როდესაც „ცხენისკბილა“ და მისი სამი მეგობარი ბანკის ინკასატორებს დაესხნენ თავს და მათ გაძარცვას ცდილობდნენ. ვანო გომართელი გამოცდილი მძარცველი იყო და ყველაფერს საგულდაგულოდ გეგმავდა. ქუთაისური ძარცვის შემთხვევაში კი, ღალატს ჰქონდა ადგილი და მოსალოდნელი დანაშაულის შესახებ, მილიციას მისმა „პაძელნიკმა,“ ანზორ ზარქუაშვილმა შეატყობინა. მძარცველებს ჩაუსაფრდნენ და დახოცეს. ნატალიამ ორი წელი ისე იგლოვა ქმარი, სახლიდან არ გასულა და არც შავები გაუხდია. 1967 წლის 4 იანვარს კი, მან და მისი მეუღლის ორმა მეგობარმა მოსკოვის ¹7 შემნახველი სალარო გაძარცვეს, 29 ათასი მანეთი გაიტაცეს და მიიმალნენ. თუმცა, მილიციამ ბოროტმოქმედები მეორე დღესვე დააკავა. გაასამართლეს და საპყრობილეებში გაამწესეს. ნატალია „კოშკინ დომში“ მოხვდა და ცნობილი ბოროტმოქმედის ქვრივმა იქიდან თავის დაღწევა კაპიტან გენადი ლესკოვის მეშვეობით მოახერხა. ლესკოვი ციხის ცვლის უფროსი იყო. ქალმა მას თავი შეაყვარა, მასთან რომანი გააბა და ამგვარად, დააღწია ციხეს თავი. ლესკოვმა ნატალიას ზედამხედველი ქალის უნიფორმა გადააცვა და ისე გაიყვანა ციხიდან.

შურისძიება
ნატალია ბერძენიშვილი და ვანო გომართელი 1953 წელს დაქორწინდნენ, როდესაც ქალი 23 წლის იყო. „ცხენისკბილა“ უშვილო იყო. ცოლს ვერ აფეხმძიმებდა და ისე დაიღუპა, შვილი არ გასჩენია. ციხიდან გაქცევის შემდეგ, წყვილზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა. მათი სურათები უზარმაზარი ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულში დაიგზავნა და მილიცია მათ ინტენსიურად ეძებდა. თუმცა, 35 წლის გენადი ლესკოვმა საიმედო თავშესაფარი მოამზადა და წყვილი მოსკოვის მახლობელ  ოდენცოვოში აფარებდა თავს კაპიტნის ბავშვობის მეგობრის, სტეპან გლუხოვის სახლში. სტეპანი ტაქსის მძღოლი იყო და საჭიროების შემთხვევაში, გაქცეულებს ტაქსით ატარებდა. თავად კაპიტან ლესკოვს ათი წელი მილიციაში, ოპერად ჰქონდა ნამუშევარი. კარგად უწყოდა ყოფილი კოლეგების უნარ-ჩვევები და მისი მოხელთება სულაც არ იყო იოლი. თანაც, საჭიროების შემთხვევაში, წყვილი პარიკსა და გრიმს იყენებდა და მათი დაჭერა რთული იყო მილიციისთვის. ციხიდან გაქცეული ნატალია ისე ძლიერ უყვარდა ლესკოვს, რომ ქალის ნებისმიერ სურვილს ასრულებდა. მისი სიტყვა კაპიტნისთვის კანონი იყო. ნატალიას რომ გენადისთვის ეთქვა, მდინარეში ხელფეხშეკრული გადახტიო, კაპიტანი თვალის დაუხამხამებლად იზამდა ამას. სწორედ ნატალიას გამო ჩამოვიდა შენიღბული წყვილი 1967 წლის 19 ოქტომბერს, თბილისში. ისინი სასტუმრო „კოლხიდაში“ დაბინავდნენ რკინიგზის სადგურთან. 23 ოქტომბერს კი, ნატალია და გენადი ლოტკინის მთაზე, ანზორ ზარქუაშვილს ესტუმრნენ სახლში, რომელიც იქ მარტო იმყოფებოდა და მოკლეს. ნატალია ბერძენიშვილმა მასპინძელს ბასრი ხანჯლით თავი მოჰკვეთა და ორივემ შემთხვევის ადგილი დატოვა. მოკლული ზარქუაშვილი სწორედ ის „ჩამშვები“ გახლდათ, ვის გამოც „ცხენისკბილა“ და მისი მეგობრები დახოცა მილიციამ და ნატალიამ ამგვარად იძია შური ქმრის გამო.

„სამოცვეტების“ საქმე
1968 წლის 31 დეკემბერს, მოსკოვში, ცნობილი საიუველირო მაღაზია „სამოცვეტი“ გაიძარცვა. საღამოს 6 საათზე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ექვსი ადამიანი მოულოდნელად დაესხა თავს სამ ინკასატორს, რომლებსაც ნავაჭრი ფული გამოჰქონდათ მაღაზიიდან. მძარცველებმა მათ 201 ათასი მანეთი წაართვეს, თუმცა, ამით არ დაკმაყოფილებულან და მაღაზიაც „გაასუფთავეს“ – 500 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს. ძარცვა ნატალია ბერძენიშვილის მიერ იყო ორგანიზებული და თავადაც მონაწილეობდა. ქალმა უმოკლეს დროში შეკრიბა მძარცველთა ბანდა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა და წარმატებითაც მოახერხა ჩანაფიქრის განხორციელება. ბოროტმოქმედთა ნაწილი ფეხით გაიქცა. მეორე ნაწილმა კი, რომელშიც ნატალია და გენადი იყვნენ, ნაძარცვთან ერთად, მოპარული „ვოლგით“ დააღწიეს თავი მდევარს. მანქანას ტაქსისტი სტეპან გლუხოვი მართავდა და მანქანაც მისი მოპარული იყო. „სამოცვეტების“ საქმე საკუთარ კონტროლზე შინაგან საქმეთა მინისტრს ჰქონდა აყვანილი, რომელიც დაუყოვნებლივ მოითხოვდა საქმის გახსნას. ხუმრობა ხომ არ იყო, 700 ათასი მანეთით იზარალა სახელმწიფომ, რაც იმ პერიოდისთვის ასტრონომიული თანხა გახლდათ. მილიცია წელებზე ფეხს იდგამდა ბოროტმოქმედთა აღმოსაჩენად და დასაკავებლად. მათ მთელი აგენტურული ქსელი „ყურებზე დააყენეს“, მაგრამ ვერც ბოროტმოქმედთა ვინაობა დაადგინეს და მათი არც სავარაუდო მონაცემები ჰქონდათ.

საკანი ¹94
ნატალია ბერძენიშვილსა და მის ბანდას მილიცია, ალბათ, ვერასდროს მოიხელთებდა, რომ არა ვინმე ზოია კარპოვა. ქალმა მილიციაში დააბეზღა თავისი საყვარელი, სამსონ მავროდაკისი, რომელიც „სამოცვეტის“ ძარცვაში მონაწილეობდა. 27 წლის ბერძენი ყმაწვილი ელექტრიკოსი იყო და ზოია კარპოვასთან დადიოდა. სიმთვრალეში სამსონმა თავის საყვარელს ძარცვის შესახებ უამბო, თან ტრაბახობდა – სულ მალე „მოსკვიჩს“ ვიყიდი და დასასვენებლად ზღვაზე წაგიყვანო. ერთი კვირის შემდეგ სამსონმა ზოიას სიმთვრალეში ორი კბილი ჩაუმტვრია. გამწარებულმა ქალმა საყვარელს მილიციაში უჩივლა, თან „სამოცვეტების“ ამბავიც მიაყოლა. შემდგომ, ყველაფერი ტექნიკის საქმე იყო. მოსკოვის მილიციამ ყველა მძარცველი აიყვანა და „მურში“ გადაიყვანეს. თუმცა, ნაძარცვი ფული და ძვირფასეულობა ვერსად აღმოაჩინეს. ძებნილი გენადი ლესკოვი და ნატალია ბერძენიშვილი ისე არაადამიანურად აწამეს, რომ ქალმა ზარქუაშვილის მკვლელობა აღიარა. თუმცა, ყველაფერი თავის თავზე აიღო და ამბობდა, ლესკოვი იქ არ იყოო. ლესკოვი კი ამ დანაშაულს საკუთარ თავზე იღებდა და ნატალიასთვის სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა. 1969 წლის 14 მაისს დაპატიმრებულმა ნატალია ბერძენიშვილმა მილიციელებს აუწყა, რომ „სამოცვეტებიდან“ წაღებული ფული და ძვირფასეულობა მოსკოვის, კურსკის სადგურის ¹94 შემნახველ საკანში იყო დამალული. თუმცა, საკანი ცარიელი აღმოჩნდა და ქალი ისე აწამეს, რომ მას სასწრაფოდ სტაციონარში გადაყვანა დასჭირდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ მოვიდა გონს. 2 ივნისს კი, ქალი საავადმყოფოს პალატიდან მოულოდნელად გაქრა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნატალიამ მეხუთე სართულის ფანჯრიდან მოახერხა გადაძვრომა. გვერდით კორპუსში გადავიდა და გაიქცა. გაქცეული მძარცველი 6 ივნისს თბილისის სადგურის ¹94 შემნახველ საკანთან მაშინ დააკავეს, როცა იქიდან 700 ათასი მანეთის ღირებულების ქონება გამოიღო და მიმალვას ცდილობდა.
P.S. ნატალია ბერძენიშვილმა 15-წლიანი პატიმრობა მოიხადა და 1984 წელს გამოვიდა ციხიდან.

скачать dle 11.3