რატომ ეხმარებოდა ვახტანგ გორგასალი ირანის შაჰს და რატომ მოუხდა შებრძოლება სინდთა მეფესთან #3
ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღმწერის, ჯუანშერის მიხედვით, ჩვენმა ხელმწიფემ შუამავლობა იკისრა, დაარწმუნა სპარსთა შაჰი და დააზავა რომეები (ბიზანტიელები) და სპარსები. შესაძლოა, ქართველი მემატიანის, ჯუანშერის მიერ მოთხრობილი ზოგი რამ, ლეგენდური იყოს და შეიძლება, რაღაცეები გამოგონილიც, ან გამოგონილიდან გადმოწერილი, მაგრამ, მთავარი, რაც გამოსჭვივის „ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში,“ ეს არის მეფის მხრიდან სამშობლოს უდიდესი სიყვარული – მისი ინტერესებისთვის დიდი და ხშირ შემთხვევაში, სარისკო გეოპოლიტიკური სვლების წამოწყება; მათ შორის, ერთმორწმუნე დამპყრობლების წინააღმდეგ სხვა დამპყრობლის რესურსების გამოყენება; დამპყრობლების დასაშოშმინებლად მათ სამხედრო კამპანიებში მონაწილეობა და სხვა. ჯუანშერის თხზულება ასევე, გვამცნობს, რომ ჩვენი სარწმუნოებრივი, კულტურული მომავლის არჩევაში და ჩვენი კულტურული სახისა და ანთროპოლოგიის შენარჩუნებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის გორგასლის საბოლოო არჩევანს.
ჯუანშერი გვიამბობს: ვახტანგ გორგასლის მოთხოვნით, შაჰმა ქრისტიანებს დაუბრუნა პალესტინა, ბიზანტიისა და საქართველოს საზღვრების კანონიერება და ხელუხლებლობაც ცნო. სამაგიეროდ ვახტანგ მეფისგან მოითხოვა, გაერთიანებულებს – სპარსებს, ბიზანტიელებსა და ქართველებს ერთად ელაშქრათ აღმოსავლეთით, ინდოეთის, სინდეთისა და სხვათა წინააღმდეგ.
ჯუანშერის ცნობით, ამ ლაშქრობაში ქართველებს ბიზანტიის კეისრის ანთიპრატოსი ლეონი და მისი ჯარი ახლდა. აღმოსავლეთში გარდახდილ ომებში ქართველი მეფე ცდილობდა, სპარსეთის შაჰი დაეყოლიებინა ჰუმანურობაზე და დასაპყრობი ქვეყნების მშვიდობიან ვასალიტეტზე. ინდოეთის დალაშქვრის შემდგომ, ისინი მიადგნენ სინდეთს. აქ შეიძლება, იგულისხმებოდეს პაკისტანის ერთ-ერთი პროვინიცია, სინდია, რომლის ნაწილიც ინდოეთის შემადგენლობაშია დღეს.
მემატიანეს მოთხრობილი აქვს, თუ რა საყვედურები უთხრა სინდთა მეფემ ქართველთა ხელმწიფეს. სინდთა მეფე გადმოდგა ალყაშემორტყმული ქალაქის გალავანზე და დაუძახა ვახტანგ გორგასალს:
„ვახტანგ მეფეო, უგუნური ყვავის მსგავსი ხარ, რომელმაც იპოვა არწივისგან დაგლეჯილი ქორი – მას აღარ შეეძლო ფრენა და სიკვდილის პირას იყო. არ მოიქცა ყვავი ისე, როგორც მათი წესია. როცა ყვავი იხილავს ხოლმე ქორს, ხმამაღლა ჩხავის, რათა გააგებონოს სხვა ყვავებს, რომ გააგდონ თავისი სამყოფელისგან და უსაფრთხოდ იცხოვრონ. პირუტყვებმაც კი იციან თავისთვის სასარგებლოდ მოქცევა. იმ ყვავმა არ ქნა ასე, არამედ შეიწყალა ქორი. ვითარცა თავისი კეთილისმყოფელი, თავის ბუდეში დასვა, თავის მართვეებთან ერთად. მიჰქონდა მისთვის მკალი (კალია) და გველი, რადგან სხვა რაიმეს შეპყრობა არ შეუძლია ყვავს და ასე კვებავდა დაჭრილ ქორს.
რომ წამოეზარდა ქორს ფრთები, იფიქრა: „კარგა ხანია, მხოლოდ მკალითა და გველით ვიკვებები, ამიტომ არ მაქვს ჩემი ჯიშის შესაბამისი ძალა. ვერ გავძლიერდები. უნდა ვიკვებო ფრინველით. შევიპყრობ ყვავს, რომელმაც გამომზარდა, შევჭამ და დავისვენებ ორი დღე. მომეცემა ძალა და დავიწყებ ჩემი ჯიშის შესაბამისი წესით ნადირობას.“
ასეც მოიქცა და შეჭამა ყვავი. მას შემდეგ დაიწყო ნადირობა დიდ და სწრაფ ფრინველებზე. არ არის ქების ღირსი ის ყვავი თავისი გულმოწყალებისთვის, რადგან უგუნურად და თვითმკვლელად მიიჩნევა.
ქორის ბუნებაც ეგაა, ვერ დასწამებ კეთილის დაუნახველობას, ასეთია მისი გვარი და ბუნება. დასუსტდებოდა და მოკვდებოდა მკალით, ამიტომ თავისი წესისამებრ მოიქცა, ხოლო ყვავი კი, თავისი წესის საწინაააღმდეგოდ მოიქცა და მოკვდა. სპარსები, რომლებიც აქამდე ყოველთვის მტერნი იყვნენ ჯვრის მსახურების, ახლა სუსტნი არიან და თქვენდამი თითქოს სიყვარულს გამოხატავენ. ხოლო, როცა ძალას მოიკრებენ, მათგან წყალობას ნუ ელით. ასე წერია წიგნებში.
შენ იხილე ჩემგან დასუსტებული სპარსები, არ გააკეთე ის, რაც უნდა გაგეკეთებინა - მადლობა გეთქვა ღვთისთვის. არამედ, პირიქით, ეხმარები სპარსებს. მიგიტოვებია შენი მამული და სპარსთა ჯარის დასახმარებლად, საქრისტიანოს დიდი ლაშქრის სათავეში ჩამდგახარ. სპარსელებს ეხმარები, რათა ისინი გაძლიერდნენ და მერე შენს ქვეყანას მიადგნენ. მერე წარწყმედენ მთელ საქრისტიანოს“.
ვახტანგ გორგასალმა უპასუხა:
„არ მოვსულვარ აქ ამქვეყანიური დიდებისთვის, არცა სპარსთა მეფის მსახურებისთვის. არამედ მოვედი სამსახურისათვის - ღვთისა დაუსაბამოსა. ჩემი აქ მოსვლით, ჯერ ერთი, გამოვიხსენი იერუსალიმი, წმიდა ქალაქი, სადაც დადიოდა იესო ქრისტე, ღმერთი ჩვენი, და სადაც აღესრულა ჩვენი სულების ხსნისთვის. და შემდეგ, მთელი საქრისტიანო დავიხსენი მოოხრებისგან, რამეთუ შეეძლო სპარსთა მეფეს მოერბია ქრისტიანული ქვეყნები, თუ აქეთ არ წამოვყვებოდი.
ჩემი ქვეყანა დაცულ იყო ქრისტეს ძალითა და ჩემი ჯარის ვაჟკაცობით. ქრისტიანებს ასე გვწამს - ერთი მოყვასისთვის დავდვათ სული ჩვენი. მე ბევრი ადამიანის სული დავიხსენი აქ მოსვლით“.
ამ სიტყვებში კარგად ჩანს ქართველი მეფისა და მემატიანის მსოფლმხედველობა, იდეოლოგია, პოლიტიკურ-რელიგიური ორიენტაცია. მთავარია, სამშობლოს ინტერესები, ქრისტიანთა დაცვა და იერუსალიმის გამოხსნა. ამ ყველაფრისთვის შეიძლება გეოპოლიტიკურ ბრძოლებში ჩართვაც.
მატიანე გვამცნობს, სარწმუნოებრივი და ლეგენდური საბურველით, როგორი იყო ქართული ქრისტიანული სახელმწიფოს ერთ-ერთი მესაძირკვლის, წმიდა ვახტანგ გორგასლის ქმედებანი. როცა მისი მიწები გამოსახსნელია ბიზანტიისაგან, ის სამართლიანობისა და სამშობლოს მხარეზეა. ებრძვის აგრესორებს, თუნდაც ქრისტიანულ ქვეყანას - ბიზანტიას. როცა იერუსალიმია გამოსახსნელი და ქრისტიანებია გადასარჩენი, როცა რეგიონში მშვიდობაა შესანარჩუნებელი, ის მზადაა, იბრძოლოს სპარსთა მეფის ინტერესებისთვის. თუმცა, ამ ომშიც ცდილობს, დაარწმუნოს სპარსელები, რომ ნაკლები იყოს ხოცვა-ჟლეტა და მეტი მიიღწეს დიპლომატიით.
ასეთი იყო ქართული გეოპოლიტიკა თუ მსოფლშეგნება.
სინდთა მეფემ მიუგო: „ხომ ამბობ, ჩემი ღმერთის სახელისთვის მოვკვდებიო. მაშ გამოდი ჩემთან საბრძოლველად, რათა ჩემი ხელით გარდაიცვალო“.
როცა სინდთა მეფე გამოვიდა ვახტანგ მეფესთან საბრძოლველად, ჩვენმა ხელმწიფემ მიმართა თავის მეომრებს: ევედრეთ ღმერთს და ზურგი გამიმაგრეთო. ჰოროლებით (შუბებით) შეებნენ ერთმანეთს ქართველთა და სინდთა მეფე. გარშემო უვლიდნენ ერთმანეთს წრიულად და ზვერავდნენ ურთიერთს. მოიხელთა დრო სინდთა მეფემ და შეუტია შუბით, ვახტანგ მეფე გაბედულად და სხარტად გადაიხარა ტანით და აიცილა სინდთა ხელმწიფის შეტევა. უმალ მიუტრიალდა გრიგალივით, შემოურა და მარცხენა ბეჭში სცა ჰოროლი მოწინააღმდეგეს. ვერ გაუძლო ჯავშანმა ვახტანგის შუბს და დაიჭრა სინდთა მეფე.
ჩამოვარდა სინდთა მეფე ცხენიდან. მივიდა ვახტანგ გორგასალი, ხელი წაავლო ფეხში და მიათრია თავის ბანაკში, სპარსთა მეფის, პეროზის წინაშე. სპარსელები, ბერძნები და ქართველები ყიჟინითა და ქება-დიდებით შეხვდნენ გორგასალს. სარდლები ეახლნენ ჩვენს ხელმწიფეს და ძღვენი მიართვეს თავისი და შაჰის სახელით.
სპარსეთის შაჰმა მკურნალი მოაყვანინა სინდთა მეფის სამკურნალოდ. შაჰს ჩაფიქრებული ჰქონდა, გამოეჯანმრთელებინა სინდთა ხელმწიფე და მისი მეშვეობით დაეკავებინა სინდეთი. მაგრამ, სინდებმა მეფის ძე გამოაცხადეს სარდლად და არ აპირებდნენ დამორჩილებას. ურჩია ვახტანგ გორგასალმა შაჰს, გაეშვა სინდთა მეფე, რადგან სინდეთს ვერ დაიკავებ, სამაგიეროდ, ხარკი აიღე და მძევლებად მისი შვილები აიყვანეო.
ასეც მოიქცა შაჰი. დიდძალი ხარკი აიღეს სინდთა ხელმწიფისგან, მისი ორი შვილი მძევლად აიყვანა შაჰმა, მეფე კი გაათავისუფლა.
სინდთა მეფემ დიდი პატივი სცა ვახტანგ გორგასალს, რადგან მან არ მოკლა, სიცოცხლე შეუნარჩუნა და მისი ქვეყანაც ხარკის გადახდის საფასურად, შემდეგი აოხრებისგან გადაარჩინა.