მკვლელი ეძებს ფარმაცევტს #3
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-2(837)
ძალიან მალე, ანამ უკვე გოჩა რუხაძის მობილურის ნომერი იცოდა. ჟურნალისტმა სათადარიგო ტელეფონი ამოიღო. ტაქსისტს დაურეკა და უთხრა:
– დილა მშვიდობისა, ბატონო გოჩა.
– დილა მშვიდობისა, – მიუგო უცნობს ტაქსისტმა, თან მის პირდაპირ მჯდომ პროფესორს, რომელიც ცხელ ჩაის სვამდა, ანიშნა, – ვიღაც უცნობი რეკავსო.
– ბატონო გოჩა, ახლა სად იმყოფებით?
– ვინ ბრძანდებით და რატომ მეკითხებით ამას, ქალბატონო? – კითხვა შეუბრუნა შეცბუნებულმა ტაქსისტმა ანას და გაფითრდა, პროფესორს კი ანიშნა, – ჩუმად იყავითო.
– მე კაპიტანი ლეილა პაპავა გახლავართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური სადისპეტჩეროდან და ჩვენს თანამშრომლებს თქვენთან გასაუბრება სურთ. სად იმყოფებით ამჟამად?
ტაქსისტმა ძლივს შეიკავა თავი, რომ მღელვარება არ გაეცა და ანას უთხრა:
– რა საკითხზე უნდა გამესაუბროთ. ახლა ქალაქში ვმოძრაობ და არ მცალია.
– რა ადგილზე ხართ?
– დიდ დიღომში.
– კარგი, ჩვენი თანამშრომლები დიღმის მასივში, პოლიციის საპატრულო შენობასთან დაგელოდებიან და იქ მიბრძანდით.
– კარგი, – უთხრა მძღოლმა ანას და მობილური ტელეფონი გათიშა. შემდეგ კი გოკიელს აღელვებით უთხრა:
– აქედან უნდა წავიდეთ, ბატონო პავლე. პოლიციის მთავარი სადისპეტჩეროდან დამირეკეს და ჩემთან საუბარი სურთ. როგორც ეტყობა, თქვენ გეძებენ და ამიტომ დამიკავშირდნენ. წამობრძანდით. მე კიდევ ერთი სამალავი ვიცი და იქ წაგიყვანთ – ერთი ჩემი მეგობარი გოგონას სახლში. ის ახლა რაიონშია წასული და რამდენიმე დღით იქ შეაფარეთ თავი.
გოკიელი, რომელიც უკვე მიჩვეული იყო ექსტრემალურ სიტუაციებს იოლად არ იბნეოდა. წამით ჩაფიქრდა და აფორიაქებულ მასპინძელს უთხრა:
– მეეჭვება, რომ პოლიციამ დაგირეკათ.
– რატომ, ბატონო პავლე?
– იმიტომ, რომ თუკი ყველაფერი იციან შენზე, მათ შორის მობილურის ნომერიც და მე მეძებენ, რატომ დაგირეკავდნენ? ადგებოდნენ და თუკი ფიქრობენ, რომ შენთან ვიმალები, პირდაპირ აქ მოვიდოდნენ.
– არ ვიცი, ბატონო პავლე, მაგრამ გული მიგრძნობს, ხიფათი ძალიან ახლოსაა და თუკი დროზე არ წავალთ აქედან, აუცილებლად მოგვიხელთებენ.
გოკიელი წამოდგა და ზურგჩანთა მოიკიდა. შემდეგ თავი გააქნია და მასპინძელს უთხრა:
– ხომ გითხარი, შვილო, რომ ჩემი შეფარება დიდ საშიშროებასთანაა დაკავშირებული. მასპინძლობისთვის დიდი მადლობა. წავედი.
– ჩემს მეგობარ გოგონასთან წაგიყვანთ, – უთხრა ტაქსისტმა პროფესორს და ადგილიდან დაიძრა, მაგრამ გოკიელმა შეაჩერა და უთხრა:
– ტყუილად ნუ გაირჯები, ჩემო გოჩა. მე შენ მაინც არსად წამოგყვები. აბა, შენ იცი. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებ. წავედი.
პავლე გოკიელი ფრთხილად გავიდა ბინიდან. დერეფანი გაიარა და ქუჩაში უნდა გასულიყო, რომ მის წინ ანა კიკვაძე აღმოჩნდა. პროფესორს გაუღიმა და უთხრა:
– გგონიათ, დიდი ხნით დამემალებოდით?
– ანა, შენ?
– დიახ. მე. ჭამა ხომ ჩემი ფანდი თქვენმა არიფმა ტაქსისტმა?
***
– ხომ ვამბობდი, სხვა რამეშია-მეთქი საქმე, – თავი გააქნია გოკიელმა და ღიმილით დააყოლა, – გააბითურე, ხომ ჩემი ახალგაზრდა მასპინძელი?
ამ დროს დერეფანში ტაქსისტი გამოვიდა და ანასთან მოლაპარაკე გოკიელს რომ მოჰკრა თვალი, ადგილზე გაშეშდა. ანამ კი გოკიელს უთხრა:
– მოდი, უკან შევბრუნდეთ, ბატონო პავლე და იქ ვილაპარაკოთ, თორემ, ამ ახალგაზრდა კაცმა მეტყველების უნარი არ დაკარგოს.
– შევბრუნდეთ, – თქვა პროფესორმა.
ანამ ქუჩაში მდგომ ვანიკოს ანიშნა, – შემოდიო და პროფესორთან ერთად გაშეშებულ ტაქსისტს რომ გაუსწორდა, უთხრა:
– რას უდგახართ, გოჩა. შეგვიძეხით ბინაში, თორემ პოლიცია მართლა არ დაგვადგეს თავზე და ამდენი შრომა წყალში არ ჩაგვიყაროს.
– დიახ, – მობრძანდით, – თქვა ტაქსისტმა და ნაქირავები ბინის კარი გააღო.
***
ჯონ მოზესის თბილისში გამგზავრებიდან მეათე დღეს, მილიარდერმა რეი საქსმა თავისი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მოიკითხა და რომ გაიგო, არსად ჩანდა, ჩაფიქრდა. შემდეგ თბილისიდან კარლ პალიკი და უმა შარმი გამოიძახა. ორივე თავის კაბინეტში მიიწვია და მოზესზე ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხა როცა გაიგო, რომ ბოლოს მოზესი კორპორაციის თბილისურ ოფისში დააფიქსირეს, საიდანაც მილიონის გარდა, კიდევ ათი ათასი ევრო ჰქონდა აღებული, მილიარდერმა მოზესის ხელქვეითებს ჰკითხა:
– თქვენ რას ფიქრობთ, შეფის გაუჩინარებაზე?
– რაღაც არაორდინარული მოხდა, – მიუგო საქსს პალიკმა, შარმმა კი დაამატა:
– ვფიქრობ, კარგად ვიცნობ ჯონ მოზესს და დიდი ალბათობით, მას რაღაც შეემთხვა. არა მგონია, რომ ფულს დახარბდა და მილიონათიათას ევროსთან ერთად გაიქცა.
ასეთი რამ არც საქსს ეგონა. თუმცა, ასეთმა კითხვამ გააღიზიანა და უთხრა:
– ვინმემ გითხრათ, რომ ასე ვფიქრობ? მე, უბრალოდ, მაინტერესებს, ასე მოულოდნელად, სად და რატომ გაუჩინარდა მოზესი.
– მისტერ საქს, შეიძლება, ვთქვა? – მიმართა მილიარდერს პალიკმა.
– გისმენეთ, პალიკ, რაიმე მოსაზრება გაქვთ?
– მისტერ საქს, როგორც ამ ბოლოდროინდელმა დაკვირვებებმა დამარწმუნა, საქართველოს მთავრობასა და განსაკუთრებით, ძალოვან სტრუქტურებში კორუფცია ძალზე მიღებულია. მეტიც, ფულის გამო, გამორიცხული არაა, ადამიანი ააორთქლონ და ვშიშობ, ასეთი რამ ხომ არ მოხდა მოზესის შემთხვევაში?
მილიარდერი რეი საქსი თავადაც ნებისმიერს ააორთქლებდა ფულის გამო და ასეთი რამ არაერთხელ გაუკეთებია. მაგრამ, როცა საქმე მის ბიზნესს, მის ფულსა და მის ადამიანებს ეხებოდა, მისი დაუნდობლობა ასკეცდებოდა. მას თვალები აენთო და პალიკს ჰკითხა:
– კონკრეტულად რას გულისხმობთ, პალიკ?
– უბრალო რამეს, მისტერ საქს. მოზესს ფული გამოართვეს, დავალება კი არ, ან ვერ შეასრულეს. ფულის დაბრუნება აღარ მოინდომეს და მოზესი გააქრეს, – დამაჯერებლად თქვა პალიკმა, რაზეც მილიარდერს კიდევ უფრო აენთო თვალები...
– ესე იგი, ვიღაც მათხოვარმა, თაღლითმა ჭიაყელებმა მილიონი ევრო ამართვეს და ფიქრობენ, ეს ავაზაკობა შერჩებათ?
– დიახ, – მიუგო პალიკმა.
– კეთილი. გასაგებია. დროებით თავისუფლები ხართ. მაგრამ, ვფიქრობ, თბილისში დაბრუნება მოგიწევთ და მოემზადეთ. ახლა კი, შეგიძლიათ, წახვიდეთ, – უთხრა საქსმა მოზესის ქოფაკებს. ათიოდე წუთით ჩაფიქრდა და დარწმუნდა, რომ ეს საქმე უმაღლეს დონეზე, ქვეყნის პირველ პირთან უნდა მოეგვარებინა. ამიტომ, კორპორაციის საგარეო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, სარა ბარდენი დაიბარა კაბინეტში და უთხრა:
– სარა, თუ არ ვცდები, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო კავშირები უნდა გქონდეს.
– დიახ, მისტერ საქს, ყველაზე მაღალ დონეზე, თვით პრეზიდენტთანაც კი.
– მოდი, ასე ვქნათ. ახლა შენ პრეზიდენტს დაუკავშირდი და უთხარი, რომ მასთან საუბარი მსურს და როდის იქნება ეს შესაძლებელი.
– კეთილი, – თქვა ბარდენმა და გავიდა. ათიოდე წუთის შემდეგ კი დაბრუნდა და საქსს მოახსენა:
– პრეზიდენტი ხაზზეა და დაელაპარაკებით?
– დიახ, – თქვა საქსმა, – გადმორთეთ ჩემთან.
ორიოდე წუთის შემდეგ, რეი საქსი უკვე საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრებოდა.
– ბატონო პრეზიდენტო თუ, რა თქმა უნდა, მოიცლით და ამის სურვილიც გექნებათ, ერთი საღამო ჩემს ვილაზე გეპატიჟებით ჟენევის ტბაზე. თანახმა ხართ?
– ჩემთვის თქვენი მიწვევა დიდი პატივია. რა თქმა უნდა, თანახმა ვარ.
– კეთილი. მაშინ ახლავე გამოგიგზავნით ჩემს პირად თვითმფრინავს. ხვალ დილით კი უკან ჩაგიყვანთ.
– გმადლობთ,. გელოდებით.
– შეხვედრამდე, – თქვა მილიარდერმა და ტელეფონი გათიშა. შემდეგ პირად თანაშემწეს თბილისში თვითმფრინავის გაგზავნა დაავალა, შვეიცარიაში საქართველოს პრეზიდენტის ერთი ღამით ჩამოსაყვანად.
***
გოჩა რუხაძის სახლში შებრუნებულმა ანამ პავლე გოკიელს გაუღიმა. გააბოლა და უთხრა:
– ბატონო პროფესორო, ნუთუ ისე გაწყენინეთ და არ გვენდობით, რომ გამოგვეპარეთ?
– რას ამბობ, ანა. პირიქით, თქვენ მე დიდი პატივი მეცით. უბრალოდ, ისე დაიძაბა მდგომარეობა, რომ გაცლა ვამჯობინე. ხომ დაგიწერეთ ყველაფერი წერილში?
– ბოდიში, მაგრამ სად მიდიოდით?
– შორს, – მოკლედ თქვა გოკიელმა და ტაქსისტს შეხედა. ანას კი გაეცინა და გოკიელს უთხრა:
– მიდიოდით შორს და პლეხანოვზე კი მიხვედით. კიდევ კარგი, გოჩასნაირ პატიოსან ადამიანს შეხვდით, თორემ ახლა უკვე მოხელთებული ეყოლებოდით თქვენს მტრებს.
– ჰმ, როგორ გავბითურდი, – თავი გააქნია ტაქსისტმა, – რომ იტყვიან, არიფივით ვჭამე.
– არ გეწყინოს, ძამიკო, მაგრამ შენ კი არა და, ბევრად შენზე გამოცდილი და „ბიტი“ ხალხი გაბმულა ანას მახეში, – უთხრა ვანიკომ რუხაძეს და გაჩუმდა. ხმა არ ამოუღია მასპინძელსაც. ანამ კი გოკიელს უთხრა:
– იმედია, აღარსად გაგვეპარებით და ძველ ადგილს დაუბრუნდებით.
– ღირს რო, ძველ ადგილზე დაბრუნება?
– აბა, რას აპირებთ? – აღშფოთდა ანა, – ერთხელ ღმერთი დაგეხმარათ, მაგრამ მეორედაც კი არ იზამს ამას.
– მე მგონი, ჯობია, ჩემს გზაზე წავიდე, – ჯიუტად თქვა გოკიელმა.
– ერთხელ უკვე წახვედით, მაგრამ ღმერთმა უკან დაგაბრუნათ და ნუღარ გაიმეორებთ შეცდომას. წამოდით, ბატონო პავლე. ერთი იდეა მომივიდა თავში და ეს ამბავი ისე უნდა დასრულდეს, რისთვისაც თქვენს წამალს ქმნიდით.
– მე მას ხალხის სასიკეთოდ ვქმნიდი, – ნაღვლიანად თქვა პროფესორმა.
– ჰოდა, ხალხის სასიკეთოდ უნდა დასრულდეს. წამოდით, ბატონო პავლე. კოტიკოც ძალიან ნერვიულობს და ნერვიულობის ნიადაგზე კიდევ რამე არ დაემართოს. მაშინ, რატომღა აჯანსაღებდით?
ანას ბავშვურ სიტყვებზე გოკიელს გაეცინა:
– შენს ქმარს, ცუდი აღარაფერი დაემართება. კაჟივითაა და ას წლამდე იცოცხლებს. ამას მე გეუბნები, როგორც ექიმი.
– მჯერა, ბატონო პავლე, მაგრამ იმ მილიონებმა რა დააშავეს, ვინც თქვენს წამალს სასწაულივით ელოდება. მით უმეტეს, რომ ის მართლაც სასწაულია. თავს უნდა გაუფრთხილდეთ. თქვენი წამალი მასობრივ წარმოებაში გაუშვათ და შემდეგ შეგიძლიათ, აკეთოთ ის, რაც მოგესურვებათ. ახლა კი, უბრალოდ, უფლება არ გაქვთ, ასე მოექცეთ საკუთარ თავს და გარისკოთ. წამობრძანდით, ძალიან გთხოვთ.
გოკიელმა ტაქსისტს შეავლო მზერა, წამოდგა და თქვა:
– შენი დიდი მადლობელი ვარ, გოჩა. მართალი თქვა ანამ. შენს ადგილზე სხვა რომ შემხვედროდა, ახლა შეიძლება, საშინელ დღეში ვყოფილიყავი. წავალ მე და ალბათ, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.
– ძალიან კარგი, – გაიღიმა ანამ. ტაქსისტს თვალი ჩაუკრა და უთხრა:
– კაცური კაცი ჩანხარ, ძმაო და ჩვენგან არ გესწავლება, რომ არაფერი გინახავს და არაფერი გაგიგონია. შენს მეგობრად გვიგულე. ახლა კი უნდა წავიდეთ. ნახვამდის.
***
მილიარდერმა რეი საქსმა ზღაპრული მასპინძლობა გაუწია პრეზიდენტს. ხმაურიანი კამპანია რომ ტბაზე საბანაოდ გაემართა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა სტუმარი თავის კაბინეტში მიიწვია და უთხრა:
– თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს.
– ბრძანეთ, მისტერ საქს.
– საქმე ისაა, რომ ერთ ჩემს ძალიან ახლობელ ადამიანს, რომელიც დელიკატური მისიით გამოვუშვი თქვენს მშვენიერ და ამოუცნობ დედაქალაქში, პრობლემა შეექმნა.
– ვის და რა პრობლემა შეექმნა, მისტერ საქს. ბრძანეთ და მოვაგვარებ.
– ლაპარაკია ვინმე მაქს ბოლზე, რომელიც სინამდვილეში, ჩემი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ჯონ მოზესია. გესმით, ალბათ, რომ დავალების დელიკატურობის გამო, მას ვინაობის დროებით გამოცვლა მოუწია და სხვა სახელით გესტუმრათ.
– დიახ. გასაგებია. პრობლემა რაში მდგომარეობს?
მილიარდერს უცნაურად გაეღიმა და თქვა:
– პრობლემა ისაა, რომ ის ამ სამიოდე დღის წინ გაუჩინარდა, ანუ უგზო-უკვლოდ გაქრა. მანამდე კი, ჯერ მილიონი ევრო აიღო ოფისიდან, ბოლოს კი – ათი ათასი და აღარ გამოჩენილა.
– გაუჩინარდა? – გაიმეორა პრეზიდენტმა.
– დიახ. უგზო-უკვლოდ გაქრა.
პრეზიდენტი წამით ჩაფიქრდა და მილიარდერს უთხრა:
– თქვენ ბრძანეთ, რომ მილიონი ევრო ჰქონდა თან და ხომ არ...
საქსმა პრეზიდენტს ფრაზა არ დაამთავრებინა. თავი გააქნია და უთხრა:
– არა, არა. თქვენ თუ გგონიათ, რომ ის ფულით გაიქცა, ასე არაა. გამორიცხულია, რომ ჯონ მოზესი ათი მილიონითაც კი გაქცეულიყო.
– აბა, რაში უნდა იყოს საქმე? – მხრები აიჩეჩა პრეზიდენტმა.
– საქმე ისაა, ბატონო პრეზიდენტო, რომ მოზესს ეგ მილიონი ევრო ერთი პროფესორის მოძებნაში დახმარებისთვის უნდა გადაეხადა. როგორც ჩანს, პროფესორი ვერ იპოვეს. უფრო სწორად კი, დავალება ვერ შესრულდა. მილიონი ევროს დაბრუნებას კი, მავანმა მოზესის აორთქლება არჩია.
პრეზიდენტი უმალვე მიხვდა ყველაფერს და გაიფიქრა, – შინაგან საქმეთა მინისტრის ხელწერას ჰგავსო. შემდეგ მასპინძელს გაუღიმა და ჰკითხა:
– ბოდიშს გიხდით, მისტერ საქს, მაგრამ ერთი კითხვა უნდა დაგისვათ.
– ბრძანეთ.
– პროფესორი, ვისაც ეძებთ, ქართველია?
– მოდი, ეს ჩემს პატარა საიდუმლოდ დარჩეს, – ღიმილით თქვა მილიარდერმა.
– კეთილი, გასაგებია. თბილისში რომ დავბრუნდები, ამ საქმეს უმალვე მივხედავ, – თქვა პრეზიდენტმა, – არ მგონია, რომ ამ უსინდისობაში რომელიმე ჩემი ხელქვეითი იყოს გარეული, რადგან კორუფცია, ფაქტობრივად, მოვსპეთ. თუმცა, დამნაშავეს აუცილებლად დავსჯით და გატაცებულ ფულსაც დაგიბრუნებთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში