№3 დაქალმა შეყვარებული წამართვა და ახლა ქმარს მართმევს
ინტიმური საუბრები
სახლში სულ იმას მეჩხუბებოდნენ, არ იცი მეგობრის არჩევაო. არადა, მიამიტი არ ვყოფილვარ, უბრალოდ, მეგონა, როგორი გულითაც მე ვიყავი, ზუსტად იმ გულით მეგობრობდნენ ჩემთანაც. მოკლედ, მესამე კურსზე რომ ვიყავი, ახალი სტუდენტი შემოგვემატა ჯგუფში – ნინი. ერთი შეხედვით, კარგი გოგო ჩანდა. ლამაზი, დახვეწილი და გემოვნებით ჩაცმული. თავიდანვე ცდილობდა, ჩემთან კარგად ყოფილიყო და დავახლოვდით კიდეც. ხშირად, ხან ჩემთან ავდიოდით სახლში, ხან – მასთან. რას წარმოვიდგენდი, თუ საშინლად მოიქცეოდა და ცხოვრებას დამინგრევდა. როცა ჩემი შეყვარებული – გია გავაცანი, მითხრა, რა კარგი ბიჭია, ხელიდან არ გაუშვა და ყველაფერი გააკეთე, რომ მისი ცოლი გახდეო. მეგონა, ალალად მეუბნებოდა ამ სიტყვებს. თურმე, გულში სულ სხვა განზრახვა ჰქონდა. რამდენჯერმე გიამ გაუარა ნინის და ერთად მომაკითხეს სახლში. არც კი დამიშვია, რომ ნინი ჩემს შეყვარებულს გაეპრანჭებოდა. ერთ მშვენიერ დღეს კი ბათუმში გაიპარნენ. რომ მითხრეს, გიამ ნინი მოიყვანა ცოლადო, კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. თავიდან არ დავიჯერე, მაგრამ ფაქტის წინაშე დავდექი და რაღას ვიზამდი? გიაზე იმდენად არ ვბრაზობდი, როგორც ნინიზე. გადაბმული დაქალები ვიყავით, ყველაფერი იცოდა ჩემზე და როგორ გააკეთა ასეთი რამ, არ ვიცი. მოკლედ, ძლივს მოვედი გონზე, წლებიც გავიდა და ნიკუშას გავყევი ცოლად. არაჩვეულებრივი ქმარი მყავს, მოსიყვარულე, მზრუნველი. ცდილობს, გამანებივროს და ყველა ის ცუდი მომენტი დამავიწყოს, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ორი წლის შემდეგ, კვლავ გამოჩნდა ნინი, დამირეკა და ტირილით მითხრა, გიას დავშორდი, ეს ვინ ყოფილა, მე უნდა მიმადლოდე ასეთ არაკაცს რომ აგარიდეო. თავიდან გავბრაზდი, ვუკივლე, როგორ ბედავ ჩემთან დარეკვას-მეთქი, მაგრამ ტირილი და ბოდიშების მოხდა რომ დაიწყო, დამაინტერესა, რა მოხდა მათ შორის და გამოვკითხე. მოკლედ, გიას მისთვის უღალატია, თურმე საშინლად ექცეოდა და გამწარებული ჰყავდა. სამი თვის დაშორებულები ყოფილან, მე რომ გავთხოვდი. ნინიმ მთხოვა, ძალიან მინდა, მაპატიო. ახლა ხომ ხარ ბედნიერი და მინდა, შენთან ამოვიდე, პირადად აგიხსნა სიტუაცია – არც კი იცი, რა მოხდა და მოგიყვებიო. დავთანხმდი. ამოვიდა, მომილოცა, გაიცნო ნიკუშა და იმ საღამოს მომიყვა მისი და გიას ამბები სამზარეულოში. ნიკუშამ გაკვრით იცოდა, რომ შეყვარებული დაქალმა წამართვა და რომ გაიგო, ეს ის გოგო იყო, გამიბრაზდა. მითხრა, ასეთი საზიზღრობა გაგიკეთა და სახლში როგორ შემოუშვიო. მოკლედ, ამის შემდეგ, კიდევ რამდენჯერმე მოვიდა, მაგრამ არც კი გვილაპარკია გიაზე, ორივე ვცდილობდით, წარსულზე საუბრისთვის თავი აგვერიდებინა. ერთ დღესაც, ჩემი ქმრის ტელეფონში მესიჯი ვნახე – ნინი სთხოვდა, შემხვდი. მინდა, შენს ცოლზე დაგელაპარაკო და რაღაცეები მოგიყვეო. კინაღამ გადავირიე. არ ვიცი, საიდან გაიგო ნიკუშას ნომერი და არც ის, თუ რა უნდა მოეყოლა. ფაქტია, შეყვარებული წამართვა და ახლა ქმრის წართმევაც უნდა. დავურეკე და მაგრად გავლანძღე, ყველაფერი პირში მივახალე. უარყო, რეებს ბოდავ, გეშლებაო. მაგრამ, ნომერი როგორ შემეშლებოდა? ჩემი თვალით ვნახე და წავიკითხე. ახლა ვხვდები, არავის არ უნდა ენდო, თუნდაც უახლოეს დაქალს და საკუთარ ბედნიერებაში არავინ გარიო.
ნატა, 24 წლის.