კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარული რეანიმაციაში #3

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-2(837)

 შეტევა... თავდაცვა...  ცხოვრება ამის გარეშე არ არსებობს, მაგრამ ორივე შემთხვევაში, ჭკვიანურად უნდა მოიქცე და ზუსტად იცოდე, როდის რომელ ვარიანტს მიანიჭო უპირატესობა. ჭკვიან მოთამაშეებს ეს არ ეშლებათ. მაგრამ, თუ ყველაფერი აგერ-დაგერევა, შედეგები არც ისე სასიამოვნო შეიძლება, აღმოჩნდეს.
***
მირიანმა წარბშეკრულმა გახედა საეჭვოდ გამხიარულებულ ცოლს და ამოიოხრა. დარბაზში დავითი და ვახო მოძებნა და მათთან მივიდა.
– ის გოგო ვინ არის, ჩემი ცოლი რომ ელაპარაკება? – ჰკითხა სიმამრს, – უკვე ნახევარი საათია, ბარის დახლს არ მოსცილებიან, სვამენ, ანა იცინის... ეს ყველაფერი ძალიან მაშფოთებს,  იმის გათვალისწინებით, რომ ანას ჩვევად არა აქვს, უცხო ადამიანებს გული გადაუშალოს.
– ჩემი ექთანია, – დავითმა სიძეს მზერა მოარიდა. ვახო მიხვდა, რა მდგომარეობაშიც იყო კაცი და სცადა, საუბრის თემა შეეცვალა.
– დიდი ხნით ჩამოხვედით? ვგულისხმობ, თბილისში რამდენი დღე დარჩებით. მინდა, ბავშვები სადმე გავასეირნო. ძალიან საყვარლები არიან და ამის გაკეთება დიდი ხანია, მინდა.
– არ ვიცი, – მირიანმა მხრები აიჩეჩა, – სიმართლე გითხრა, ამაზე არ გვილაპარაკია. მე ერთი კვირა შემიძლია, დავრჩე, თუ, რა თქმა უნდა, ანა ხვალვე დაბრუნებას არ მთხოვს. ხომ იცით, როგორი ხასიათი აქვს.
– ძალიან მხიარულია, – ვახომ დისშვილისკენ გაიხედა, მერე კი დავითის გასაგონად, მრავალმნიშვნელოვნად ჩაახველა.
– მეც სწორედ ეგ მაშფოთებს, რომ ძალიან მხიარულია, – თქვა მირიანმა, – მისი არაპროგნოზირებადი მხიარულება ყოველთვის მაშფოთებს. წავალ, დაველაპარაკები. გავიგებ, რა საერთო იპოვა იმ გოგოსთან.
– არ გინდა, – ვახომ მკლავზე მოჰკიდა ხელი სიძეს და შეაჩერა, – მე მივალ.
დავითმა მირიანს გაუღიმა. დამნაშავეს გამოხედვა ჰქონდა.
– კარგი წვეულებაა, – გამამხნევებლად ჩაილაპარაკა მირიანმა და სიმამრს მხარზე დაადო ხელი, – ვიცი, ნერვიულობთ, მაგრამ ორ საათში ეს საღამო დასრულდება და ცხოვრებას ჩვეულებრივად გააგრძელებთ. მე და ანაც წავალთ...
– ანას ნახვის საშუალება არ მომეცა. თავს მარიდებს. იქნებ, შენ დაელაპარაკო და ჩვენთან მოხვიდეთ. ან მე და ცისია მოვალთ თქვენთან. ჰო, მართლა, ბინა ანას ვაჩუქე. ფორმალური მხარე მოგვარებულია.
– ეს თქვენი და ანას საქმეა. მე არ ჩავერევი... ჰო, მართლა, თქვენი მეუღლე სად არის? ცისია დარბაზში აღარ ჩანს.
– მეც შევამჩნიე. მაგრამ, ალბათ, ჰაერზე გავიდა. ისიც ძალიან დაძაბულია. ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ ვხვდები.
დავითი შემობრუნდა. მის წინ ირაკლი და დალი იდგნენ. ორივეს შეშფოთებული სახე ჰქონდა.
– ცისიას ვეძებთ. უკვე დიდი ხანია, არ ჩანს. დავით, ხომ არ იცი, სად შეიძლება, იყოს? – ჰკითხა დალიმ, პრეტენზიული, კატეგორიული ტონით.
– ახლავე მოვძებნი. მირიანსაც ვეუბნებოდი, ალბათ, აივანზე გავიდა-მეთქი.
– უკვე ვეძებეთ, აივანზეც გავედით. ტუალეტშიც ვიყავი, მეორე დარბაზშიც. ყველგან შემოვიარე და ცისია არსად ჩანს. სად არის? – დალის ეტყობოდა, რომ ნერვიული აფეთქების ზღვარზე იყო. ამას ვახოც მიხვდა და სიტუაციის განეიტრალება სცადა:
–  პატარძალი დავკარგეთ? ახლავე ვიპოვით. ამდენი მამაკაცი აქ რისთვის ვართ? დავით, შენ სტუმრებს მიხედე. ქალებს უყვართ სიურპრიზების მოწყობა, განსაკუთრებით ცოლებს.
დალიმ დავითს ავად შეხედა და ბოღმით ჩაილაპარაკა:
– იმედია, ცისიას გაუჩინარების მიზეზი შენ არ ხარ. თვალ-ყურს ვადევნებდი და მთელი საღამოს განმავლობაში ერთხელაც არ გაუღიმია. ბედნიერს არ ჰგავდა.
დავითს მოთმინების ფიალა აევსო.
– მომისმინეთ, ქალბატონო დალი, თუ ვინმეა დამნაშავე ამ ცირკის მოწყობაში, ეს თქვენ ხართ და თუ ვინმემ ცისიას უგუნებობაზე პასუხი უნდა აგოს, მხოლოდ თქვენ. დავიღალე მოჩვენებითი კეთილგანწყობით. ვერ მიტანთ და ამას მარტო მე კი არა, ყველა ამჩნევს. ცისიას არ უნდოდა ცნობისმოყვარე მეტიჩრების სამსჯელოდ გამოეტანა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ თქვენს წყენინებას მოერიდა. ამიტომ, თქვენგან საყვედურებს არ მივიღებ, რადგან ჩემი ცოლი ამ მძიმე მდგომარეობაში თავად ჩააყენეთ.
დავითი შებრუნდა და იქაურობას ისე გაეცალა,  დალიმ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო და აღშფოთებული ქმარს მიუბრუნდა.
– ნახე, რა დღეში ჩამაგდო? შვილი დამიღუპა და კიდევ გონორზეა. გამლანძღა. შენ კი ამისი უფლება მიეცი.
ირაკლი მოიღუშა.
– რა გინდოდა, მისთვის მეთქვა? ის მიიღე, რაც დაიმსახურე. დავითი დამნაშავე არ არის. შენ კი გინდა, მუდმივად სინდისის ქენჯნას გრძნობდეს. რას ერჩი ამ კაცს?
დალიმ ქმარს შეხედა.
– წადი, ცისია მოძებნე! – გამოსცრა ბრაზით და ქმარს ზურგი აქცია.
***
ანამ კოქტეილი მოწრუპა და თვალები მოჭუტა. ნიას ერთხანს ასე უყურა. მერე მეგობრულად გაუღიმა.
– მომწონს, რომ დავმეგობრდით და ცდილობ, ჩემთან გულახდილი იყო. გაბედული გოგო ყოფილხარ.
ნიამ მხრები აიჩეჩა.
– რატომ უნდა დაგიმალო რამე, ასე საუბარი გაცილებით იოლია. მით უმეტეს, ახლა სინდისის ქენჯნასაც აღარ ვგრძნობ.
– გამოდის, მამაჩემი გამოუსწორებელი მექალთანე ყოფილა. ყოჩაღ მაგას... – ჩაილაპარაკა ანამ, – ალაბათ, დედაჩემსაც ღალატობდა და ერთგული ქმრის როლს თამაშობდა. ახლა კი უნდა, მისი ახალგაზრდა ცოლი ოჯახის წევრად მივიღო. ვერც ხვდება, ამ ნაბიჯით თავისი რეპუტაცია რომ გაანადგურა. ყველა მასზე იცინის.
– ჰო, წვეულების მოწყობა ცუდი იდეა იყო, მაგრამ უარესი ამბებიც ხდება.
– მაგალითად? – ანა ცნობისმოყვარედ მიაჩერდა მრავალმნიშვნელოვნად მოღიმარ ნიას.
– კარგი, – ხანმოკლე დუმილის მერე მიუგო ნიამ, – ბოლომდე გულახდილი ვიქნები. მაგალითად, ჩემი და მამათქვენის ურთიერთობა უარესი იყო.
– ჰო, მაგრამ შენ მას ცოლად არ გაჰყოლიხარ. შეცდომას ყველანი ვუშვებთ. მე გაპატიებ. რაც შეეხება ცისიას, საშინლად მოიქცა. ამხელა კაცი გააბრიყვა და მასხარად აქცია. ამას არ ვაპატიებ. ჰო, მართლა, რაღაც არსად ჩანს. პატარძალი გაუჩინარდა, – ანამ ხმამაღლა გაიცინა.
ნიამ დარბაზში მიმოიხედა.
– მგონი, მართლა არ არის აქ. ბატონ დავითს და ცისიას მშობლებსაც შეშფოთებული სახეები აქვთ. თქვენი მეუღლე მოდის აქეთ.
მირიანი ცოლს მიუახლოვდა.
– კარგად ხარ? დიდი ხანია, ბართან დგახარ და სვამ.
– ვსვამ, იმიტომ რომ, კარგად ვარ, ძალიან კარგად, – გადაიკისკისა ანამ, – მირიან, გაიცანი, ეს ნიაა. მამაჩემის კლინიკაში მუშაობს. წარმოგიდგენია? შენ სიმამრს მასთანაც უცდია რომანის გაბმა. ხომ ვამბობდი...
მირიანი მოიღუშა.
– ანა, მგონი, არ ღირს უცხო ადამიანთან ამ თემაზე საუბარი. მით უმეტეს, რომ აქ ძალიან შეუფერებელი ადგილია.
ანამ გაოცებით ასწია წარბები.
– დავითის მხარეს ხარ? თუმცა, ვხვდები, როგორც ჭეშმარიტი მამაკაცი, სოლიდარობას უცხადებ სიმამრს და ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ.
– შენზე რომ ვფიქრობ, იმიტომაც გეუბნები, ამაზე ლაპარაკი არ ღირს. ისე მოვიქცეთ, როგორც სტუმრებს ეკადრებათ. ოჯახის საქმეები კი ოჯახში განვიხილოთ, – ტონი გაიმკაცრა მირიანმა და ნიას მტრულად გადახედა.
– მე დაგტოვებთ, ჩემს თანამშრომლებს შევუერთდები. გამიხარდა თქვენი გაცნობა, – ნიამ არ შეიმჩნია მირიანის მზერა, ცოლ-ქმარს თავაზიანად დაემშვიდობა და გაეცალა.
– მირიან, რატომ მოექეცი ასე ამ გოგოს? ახლა იფიქრებს, რომ უზრდელი და უხეში ხარ.
– ანა, შეცდომას უშვებ. მე არ ვიცი, რა აკავშირებს ამ გოგოს ბატონ დავითთან, მაგრამ მის პირადულში ქექვა, მით უმეტეს, მაშინ, როცა მამაშენს უკვე ცოლი ჰყავს, რბილად რომ ვთქვათ, არაგონივრულია.
– მამაჩემის საქციელი გონივრული იყო – ამ ცირკის მოწყობა? თავს ნუ მოვიტყუებთ, სწორედ დავითის უპასუხისმგებლობის გამო ვართ ახლა ამ მდგომარეობაში. ნია კი ძალიან დამეხმარება.
– ანა, არ გინდა, – ამოიოხრა მირიანმა, ცოლს მხარზე მოხვია ხელი და თვალებში ჩახედა, – დამპირდი, რომ ამას არ იზამ.
– რას არ ვიზამ? ვერ ვხვდები, რა გინდა ჩემგან.
– ნიას არ შეეკვრები, რომ მამაშენს ცხოვრება გაუმწარო. დამპირდი, გთხოვ. პრობლემები ისედაც საკმარისზე მეტი აქვს და შენ ნუღარ დაუმატებ. ცისია გაუჩინარდა.
ანამ ჩაიცინა.
– უკვე? ძალიან ადრე ხომ არ არის? პატარძალი საკუთარი ქორწილიდან გაიქცა? ჰა, ჰა, სასაცილო იქნებოდა, გაბრიყვებული სასიძოს როლში მამაჩემი რომ არ იყოს.
– ანა! – საყვედურით გადააქნია თავი კაცმა.
ქალმა მხრები აიჩეჩა.
– მორჩა, ჩუმად ვარ. თუ გინდა, გაქცეული პატარძლის მოძებნაშიც დაგეხმარებით.
– ანა, სულ ცოტა ხნით, მამაშენის შვილი იყავი და მისი მხარე დაიჭირე. უბრალოდ, გაბრაზებული კი არ ხარ, ისე იქცევი, თითქოს გეზიზღებოდეს.
– ჰო, ასეა. მეზიზღება, – თქვა ანამ, – მეგონა, რომ ჩამოვიდოდი, ეს შეგრძნება თავისით გამიქრებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა, რა ვქნა, თავი დავისაჯო ამისთვის და კუთხეში დავდგე? თუ გინდა, ამასაც გავაკეთებ.
– მე მარტო ერთი რამ მინდა. თავი ხელში აიყვანე და მამაშენს მტერივით ნუ მოექცევი. მას ეს არ დაუმსახურებია.
***
ცისიამ შუბლზე ჩამოშლილი თმა უკან გადაიყარა და ბიჭს დარცხვენით მიაჩერდა.
– ახლა, რა ვქნათ? ცუდად მივიქეცი.
– არა, არა, ცუდი არაფერი ჩაგვიდენია. დაძაბული იყავი და მოდუნების უფლება მიეცი საკუთარ თავს.
ცისიამ თავი გადააქნია.
– დავთვერი, მერე კი გაკოცე... ახლა თავს საშინლად ვგრძნობ. დავითიც, ალბათ, ნერვიულობს. ღმერთო, რაზე ვფიქრობდი, მანქანაში რომ ჩაგიჯექი და გამოგყევი... ან დავითს რა ვუთხრა, ან იქ შეკრებილ ადამიანებს. წარმომიდგენია, ჩემზე რას იფიქრებენ. ძალიან მრცხვენია.
ანდრომ გოგოს თანაგრძნობით შეხედა და გაუღიმა.
– ცუდი არაფერი ჩაგიდენია. ტყუილუბრალოდ სინდისის ქენჯნა ძალიან მტანჯველი გრძნობა – სასტიკი განცდაა. ახლავე გათავისუფლდი მისგან. მეც დავივიწყებ, რომ გაკოცე.
ცისიამ სახეზე ხელები აიფარა.
– მეშინია. პრობლემა ის არის, რომ... მომეწონა, რომ მაკოცე, ეს მომეწონა.
***
დავითს ნერვიულობა დაეტყო. ცისია არსად ჩანდა. დარბაზი თითქოს მოზუზუნე სკად იქცა და ამ ზუზუნს ჭკუიდან გადაჰყავდა.
– კარგად ხარ? ყველაფერი რიგზეა? – ვახო მასთან მივიდა და მკლავზე მოჰკიდა ხელი.
– არა. ყველაფერი ძალიან ცუდად არის. ჩემი ცოლი დაიკარგა, ვახო. სად უნდა წასულიყო ცისია? წარმოდგენა არ მქონდა, თუ ეს ყველაფერი მასზე ასე იმოქმედებდა. არ მინდა, დავიჯერო, რომ გაიქცა.
– ჰოდა, ნუ დაიჯერებ. დარწმუნებული ვარ, სადმე აქ არის და მალე გამოჩნდება. ასე რომ, ტყუილუბრალოდ ნერვიულობ.
დავითმა კაცს სასოწარკვეთით შეხედა. ძალიან ნანობდა, რომ ცოლს არ დაუჯერა. გრძნობდა, რამდენიმე ათეული წყვილი თვალი მისჩერებოდა.  ეს მზერა ანადგურებდა. თავდაჯერებულობას უკარგავდა. იმ უსუსურ ბავშვს ჰგავდა, რომელიც მშობლებმა მიატოვეს და ხალხმრავალ ადგილას, სრულიად დაუცველი მიაგდეს. ახლა ერთი საწყალი, გამბედაობას მოკლებული, მარტოსული კაცი იყო და არა ყოვლისშემძლე ექიმი. ფიზიკურად განიცდიდა გულისრევას და ეს ყველაფერი უცნაურად უხერხული იყო. შვილის სახე არ დაუნახავს. ძალიან უნდოდა, შებრუნებულიყო და უკანმოუხედავად გასცლოდა იქაურობას. იმ მომენტში ცოლს გაუგო და იგრძნო, რომ არანორმალურად მოენატრა.
– ვიცი, რომ ცუდად ხარ, – ანამ მამას მკლავზე მოჰკიდა ხელი და შეეცადა, მისთვის თვალებში ჩაეხედა.
– ანა, ახლა შენი საყვედურების მოსმენის გუნებაზე არ ვარ.
– ჰო, ვხვდები, კარგად არ  ხარ. მაგრამ მოგიწევს, მომისმინო. იმიტომ, რომ ეს შენი არჩევანი იყო. საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში თავად ჩაიყენე. სიმართლე გითხრა, აქ იმ იმედით მოვდიოდი, რომ შევძლებდი, შენთვის გამეგო. იქნებ მომეხერხებინა კიდეც ეს, რომ დამენახა, მართლა სიყვარულმა გადაგადგმევინა ეს ნაბიჯი.
დავითი განცვიფრებული მიაჩერდა შვილს
– ანა, არ მესმის რაზე ლაპარაკობ.
– შენს ექთანზე. ოღონდ, არ მითხრა, რომ ნიამ ყველაფერი მოიგონა. როგორ არ გრცხვენია. გოგო გამოიყენე. შენს ასაკში ასეთ საქციელს რა ჰქვია? გინდა, გულახდილად გითხრა, რასაც შენზე ვფიქრობ? მრცხვენია. ჰო, მრცხვენია, რომ მამაჩემი ხარ. ღმერთო, რამდენი ხანი ვცხოვრობდი ტყუილში.
– ანა, შენ ჩემი შვილი ხარ და მიყვარხარ. რატომ არ შეგიძლია, უბრალოდ, გაჩუმდე და გვერდში დამიდგე?
– იმიტომ, რომ ამას არ იმსახურებ. ყველაფერი მოგვარდება, საყვარელო მამიკო, მაგრამ უჩემოდ. როგორც გითხარი, ეს შენი არჩევანია. ჰოდა, აიტანე.
– მომისმინე, – დავითმა შვილს მკლავზე მოჰკიდა ხელი, – მარტოობა ადვილი არ არის. ვიცი, ნიასთან ეს არ მამართლებს, კარგად არ მოვიქეცი, მაგრამ მარტო ჩემი ბარალი არ ყოფილა, რაც მოხდა. წარმომიდგენია, რა გელაპარაკა ჩემზე. თუმცა, მას, ალბათ, თავისი სიმართლე აქვს. ანა, აღარ გთხოვ, დარჩე და გამიგო, მაგრამ ჩემი მტრების არმიას ნუ შეუერთდები.
გოგომ მხრები აიჩეჩა.
– უცნაურია, ამას რომ მთხოვ. მაგრამ, შეგიძლია, მშვიდად იყო. შენგან ვისწავლე, რომ დაცემულს წამოდგომაში თუ არ მიეხმარები, მისი მდგომარეობით ბოროტად არ უნდა ისარგებლო. მით უმეტეს ახლა, როცა ცოლი დაკარგე. ჰო, მართლა, როგორ ფიქრობ, სად შეიძლება, იყოს? მიგატოვა? იქნებ, ნიასთან შენი ურთიერთობის ამბავი გაიგო? უმიზეზოდ არაფერი ხდება. გაგიჭირდება შენი ცოლი დაარწმუნო, რომ აღვირახსნილი მექალთანე არ ხარ.
დავითმა შვილს შეხედა და ამოიოხრა. მერე თითქოს რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, შებრუნდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. მკერდში ტკივილი იგრძნო, თვალებზეც ბინდი გადაეფარა, მაგრამ საკუთარ თავს მოერია.
– დავით, კარგად ხარ? – ვახომ მკლავში მოჰკიდა ხელი, – ძალიან ცუდი ფერი გაქვს.
– ამ წუთში ჩემმა შვილმა განაჩენი გამომიტანა. საშინელება იყო, მაგრამ ახლა ცისიაზე ვფიქრობ. მგონი, ვხვდები, რატომაც წავიდა. ნია... ამ ყველაფერში დამნაშავე ის არის. დარწმუნებული ვარ, ცისიას ჩვენ შესახებ უთხრა. ახლა რა უნდა ვქნა?
– დავით, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებ. ჯერ ცისია უნდა ვიპოვოთ. დედამისი გადარეულია, მობილურზეც არ პასუხობს.
– ანამ იცის, ნიასთან რომანი რომ მქონდა. ესე, იგი, ცისიამაც იცის.
ვახომ თავი გადააქნია.
– ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებ-მეთქი. გარეთ ვიყავი, შენი მანქანაც არსად ჩანს. გასაღები ცისიას ჰქონდა?
– არა, ანდროს, ჩემს რეზიდენტს. მოიცა, სად არის? ანდრო სად არის? გამოდის, ერთად არიან. ჰო, ასეა. მარტო ვერსად წავიდოდა. ანდროს სთხოვა. რატომ აქამდე ვერ ვიფიქრე. ახლავე დავურეკავ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3