კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სანამ დანაშაული მოხდებოდა #3

პოლ პრაისს ნიჭი ჰქონდა, დანაშაულის შესახებ იქამდე გაეგო, სანამ მოხდებოდა. დანაშაულის პრევენციაზე მუშაობა ერჩივნა, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის შედეგების ლიკვიდაციაშიც საკმაო თანხას იღებდა. როჟი მაგუ – მისი მარჯვენა ხელი და თანაშემწე ზედმიწევნით ზუსტად იცნობდა დამნაშავეთა სამყაროს. ამიტომ, ინფორმაციები დროულად მოჰქონდა. პოლ პრაისმა თანაშემწის მზერას თვალი გააყოლა. „პირობითი“ ნიშნებით მიხვდა, რომ მამაკაცი, რომელზეც ის ანიშნებდა, ბანდის წევრი იყო. ჯმუხი, მკაცრსახიანი კაცი რაღაცას ელაპარაკებოდა ლამაზ ქალიშვილს, თხელი ნაკვეთებითა და დამფრთხალი გამომეტყველებით. წყვილი ღია კაფეში იჯდა და რაღაცაზე გაცხარებით ლაპარაკობდა. უფრო სწორად, კაცი მოითხოვდა, ქალიშვილი კი თავს უქნევდა. მერე ადგა და წავიდა. პოლმა ნელა დაძრა თავისი სპორტული მანქანა და ქალიშვილს უკან გაედევნა.
მის მონტერორი – ასე ეძახდნენ მას, ფეშენებელურ სალონში შევიდა. პოლი ყველაფერს გარკვევით ხედავდა ვიტრაჟებიდან. ქალიშვილი თავის სამუშაო მაგიდას მიუჯდა. მალე სალონში ახალგაზრდა კაცი შევიდა. ჩაცმულობით კლერკს ან ოფისის მოხელეს ჰგავდა. პირდაპირ ქალიშვილთან მივიდა. თვალმოუშორებლად შესციცინებდა. ქალიშვილი მისი ხელებით დაკავდა, მაგრამ მოუსვენრად იყო. ადგილზე ცქმუტავდა და კლიენტს კეკლუცად უღიმოდა. მერე რაღაც უთხრა. კაცმა თავი დაუქნია. ქალიშვილმა წყლიანი თასი აიღო. პოლმა ყურადღება დაძაბა. რასაც ვარაუდობდა, სწორედ ის ხდებოდა, ალღომ და გამოცდილებამ არ უმტყუნა. ქალიშვილი სწრაფად მივიდა საკიდთან, კლიენტის პალტო მოძებნა, თითები ვირტუოზულად ჩააცურა ჯიბეში, საფულე ამოიღო, იქიდან ორად მოკეცილი ფურცელი გამოაძვრინა და დეკოლტეში დამალა. კლიენტთან ისევ გაღიმებული დაბრუნდა.
პოლ პრაისი სალონში ქალიშვილის განსაკუთრებული კლიენტის წასვლის შემდეგ შევიდა. მის მონტერორიმ თავი ასწია და შეხედა.
– სამუშაო საათები დასრულდა. უკვე მივდივარ.
– ერთი წუთით მომისმინეთ. დღეს თქვენ შეხვდით მამაკაცს, სახელად გილრეის. მე ვიცი, ვინც არის ის და თქვენც იცით. მერე კლიენტს საფულიდან რაღაც ამოაცალეთ. დარწმუნებული ვარ, გილრეის დავალებით. მე ბევრი რამ ვიცი თქვენი წარსულის შესახებაც. ჯიბის ქურდობისთვის იჯექით ციხეში. წვრილმანი დანაშაულია, მაგრამ ამის შესახებ არ ლაპარაკობთ. თქვენს ახალ სამსახურშიც არაფერი იციან. მესმის, რომ ახალი ცხოვრების დაწყება გინდათ. გილრეი კი გაშანტაჟებთ.
ქალიშვილმა სახეზე ცხვირსახოცი მიიფარა და ასლუკუნდა.
– მითხრა, ეს ბოლო საქმე იქნებაო. მარტივია და იმ ტიპს არაფერი დაუშავდებაო.
– ვინ არის „ის ტიპი“?
– დევიდ ფენიმანი. იშვიათი საიუველირო ნაკეთობების კომპანიაში მუშაობს.
– აჰა, ასეც ვიცოდი. დიდი ხანია, მიზანში ამოიღეთ?
– მე... მე არაფერ შუაში ვარ. გილრეიმ მიბრძანა, მომეხიბლა და მეცდუნებინა. მასაც, მგონი, მოვწონვარ. ყოველ მეორე დღეს მოდის და ლეკვივით მიყურებს.
– რა ამოიღეთ მისი საფულიდან?
– საერთაშორისო საქალაქთაშორისო გზავნილების კომპანიის ქვითარი.
– აჰა, საინტერესოა. დაახლოებით ვვარაუდობდი. ქვითარი მომეცით.
ქალიშვილი შეყოყმანდა.
– ძვირფასო, მის. თქვენივე კეთილდღეობისთვის გეუბნებით, მომცეთ ქვითარი, რადგან მე გილრეის ვიცნობ. არ მოგეშვებათ. მე კი შევძლებ, ისე მოვაწყო, თავი სამუდამოდ დაგანებოთ.
... როჟი მაგუ განცვიფრებული უყურებდა პოლ პრაისს, რომელსაც ხელში გადაზიდვების ქვითარი ისე ეჭირა, როგორც განსაკუთრებული საგანძური.
– საქმე სერიოზულ აფერასთან გვაქვს. სასწრაფოდ კომპანიაში უნდა მივიდეთ და ბანდეროლი იქამდე გამოვიტანოთ, ვიდრე გილრეი აზრზე მოვა.
– მერე ქალიშვილი? მასზე არ იფიქრე?
– ვიფიქრე, – თვალი ჩაუკრა პოლმა, – ჩვენ ბანდეროლს შევცვლით. უკვე ვიყიდე სასანთლე და მასში ოთხი დოლარიც გადავიხადე. ბანდეროლს შევცვლი, ახალ ქვითარს კი მის მონტერორი გილრეის გადასცემს. დარწმუნებული ვარ, არც ის მოიცდის, სანამ ბანდეროლი ადრესატს ჩაჰბარდება. ერთი მისი სახე დამანახვა, როცა შეხვეულს გახსნის და მასში ძვირფასეულობის ნაცვლად, სასანთლე დახვდება.
პოლმა ხმამაღლა გაიცინა.
ყველაფერი ზუსტად მისი გეგმის მიხედვით მოხდა. დეტექტივი სიხარულისგან უკვე ხელებს იფშვნეტდა. ბანდეროლი არ გაუხსნია. მას ორმაგი ფასი იქამდე ჰქონდა, სანამ შეფუთული იყო.
პოლმა განცხადება განათავსა და გამოხმაურებას დაელოდა. მისტერ ფენიმანი დეტექტივის ოფისში საღამოს გამოცხადდა. ბრაზიანი და გაბოროტებული ჩანდა.
– ვინ ხართ თქვენ? – ჰკითხა პოლს არაკეთილგანწყობილი ტონით.
– მე დანაშაულების პრევენციაზე ვმუშაობ. თქვენი გაძარცვა უნდოდათ და გადაგარჩინეთ. დარწმუნებული ვარ, ეს ბანდეროლი ძალიან ძვირად ღირებულია მე მას გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაგიბრუნებთ.
მისტერ ფენიმანი ჭარხალივით გაწითლდა.
– ვინ გთხოვათ, გაძარცვას გადამარჩინეთო. ისეთი შესანიშნავი გეგმა მქონდა, მთელი სქემა ჩამიშალეთ. სულელი და ბრიყვი გეგონეთ? – მოულოდნელად მისტერ ფენიმანის ხელში რევოლვერმა იელვა. იარაღი აუცილებლად გაისროდა, პოლს რომ არ ემარჯვა და მაგიდაზე დადებული საფერფლე არ ესროლა უცნაური სტუმრისთვის. ხმაურზე როჟე მაგუც შემოვარდა და მისტერ ფენიმანი სკამზე მიაბეს.
პოლ პრაისი წინ დაუჯდა და გამომცდელად მიაჩერდა.
– აჰა, ესე იგი, ქალიშვილი სატყუარად გამოიყენეთ? ეს თქვენი თამაშია?
– დიახ. არც ისეთი შტერი ვარ. ყველაფერს თავიდანვე მივხვდი და გადავწყვიტე, სიტუაცია ჩემს სასარგებლოდ გამომეყენებინა. თქვენ კი, ყველაფერი ჩამიშალეთ. მაგ ბანდეროლს ჩირის ფასი აქვს – შიგნით ყალბი ბრილიანტებია. ნამდვილი ქვები ჩემს პირად სეიფშია.
– კრიმინალური ავტორიტეტის გაცურება გადაწყვიტეთ? – გაოცება ვერ დამალა დეტექტივმა.
ფენიმანმა მხრები აიჩეჩა.
– რატომაც არა? მათ ჩემი შეფის გაძარცვა გადაწყვიტეს. ბრილიანტებიანი ბანდეროლი, ყოველ შემთხვევაში, ადრესატამდე ვერ მიაღწევდა. მაგრამ ის ტიპი სადაზღვევოსგან კარგ კომპენსაციას მიიღებდა. ასე რომ, ბრილიანტები ჩემთვის უფრო საჭირო იყო. მხოლოდ კრიმინალები დაზარალდებოდნენ. ახლა კი... როგორ ვერ ვიტან მეტიჩარა ადამიანებს... აი, ისეთებს, როგორიც შენ ხარ!
პოლმა როჟი მაგუს გადახედა. მერე ფენიმანს მიუბრუნდა.
– მომასმინე. ლამის მომკალი, მაგრამ, მგონი, შემიძლია, ეს ამბავი დავივიწყო. საერთოდ დავივიწყო, თითქოს არაფერი ყოფილა.
– გააჩნია, ეს ყველაფერი რა ეღირება, – თვალები მოჭუტა ფენიმანმა.
პოლმა გაიცინა.
– შევთანხმდებით.

скачать dle 11.3