როგორ ფშვნიდა ველოსიპედებს ომარ ფხაკაძე #3
ქართველმა ველოსიპედისტმა სპრინტის მეფის ტიტული მოიპოვა და, მართალია, მას შემდეგ თითქმის 40 წელიწადი გავიდა, იმ დიდი გამარჯვების ხიბლი ხალხის მეხსიერებაში დღემდე არ გახუნებულა (ე.ბერიშვილი) „ომარ ფხაკაძეს, მანამდეც და მერეც, არაერთი ჯილდო და ტიტული რგებია, მაგრამ სან-სებასტიანის მსოფლიო ჩემპიონატი გვირგვინია მისი სპორტული კარიერისა. იშვიათი ფიზიკური მონაცემების ათლეტს, ხასიათიც ჩემპიონისა აღმოაჩნდა და სრულიად ახალგაზრდამ, ერთბაშად აიღო სხვათათვის მიუწვდომელი სიმაღლეები. მსოფლიოს ჩემპიონი რომ გახდა, 21 წლის იყო. ფხაკაძის გამარჯვება ჩემპიონატის სენსაციად მოინათლა. ფავორიტებად სეზონის ფრანგი ლიდერები - პიერ ტრანტენი და დანიელ მორელონი სახელდებოდნენ, მაგრამ ფინალში იტალიელი ჯოვანი ტურინი და ყველასთვის უცნობი ფხაკაძე გავიდნენ. აი, რას წერდა 1965 წლის 12 სექტემბერს გაზეთი „ლელო” (ციტატა): „დარჩა ბოლო, გადამწყვეტი რბოლა. მეტოქეებს სტარტზე უხმობენ. იტალიელმა საწყისი პოზიცია დაიკავა, ფხაკაძე კი არსად ჩანს. დიქტორმა მისი გვარი უკვე მეოთხედ თუ მეხუთედ გამოაცხადა. თანაგუნდელები ომარის მოსაყვანად მოსაცდელი ოთახისკენ გარბიან. როგორც იქნა, გამოჩნდა, მაყურებლები ტაშით ეგებებიიან. სტარტი. წინაა ტურინი, ფხაკაძე 3-4 მეტრის მოშორებით მიჰყვება, ჩაფხუტს ისწორებს, თითქოს რბოლა ჯერ არც დაწყებულა, მაგრამ აი, უეცარი გრიგალი და მძლავრი ფინიში. იტალიელი ყველაფერს ხედავს და გრძნობს, მაგრამ გონს მოსვლას ვერ ასწრებს. ფხაკაძე ჩემპიონია” (ციტატის დასასრული). „ლელოს” იმავე ნომერში გადმობეჭდილია უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ წერილთა სათაურები: „ომარ ფხაკაძე - ჭკვიანი, ეშმაკი, გამჭრიახი”, „ველოსპორტის სამხრეთელი ვეფხვი”, „ქუთაისელი ხარი”, „მოვიდა, ნახა, გაიმარჯვა”. იმდროინდელი პრესა ყურადღებას ამახვილებდა, რომ ქუთაისში, ფხაკაძის მშობლიურ ქალაქში, ველოტრეკი საერთოდ არ იყო. მაგრამ, ველოტრეკი იყო თბილისში, იყვნენ გამოცდილი მწვრთნელებიც, რომლებმაც კუნთმაგარ ქუთაისელ ყმაწვილში მომავალი ჩემპიონი ამოიცნეს. ომარ ფხაკაძის ხასიათის ნიშნებიდან მწვრთნელები პირველ ყოვლისა, ხაზს უსვამენ მის გულკეთილობას და ალალმართლობას, მიზანდასახულობას და შეუპოვრობას. ამ თვისებებით ომარი საოცრად ჰგავდა შესანიშნავ ფილმში - „ხარება და გოგია” - მის მიერ განსახიერებულ მთავარ გმირს - ხარება ჯიბუტს. ამ ფილმში ხარებას უმცროსი ძმის, სიმონის როლს ცნობილი მწერალი ნუგზარ შატაიძე თამაშობს. ბატონი ნუგზარი იხსენებს: „კახეთში გადაღებაზე რომ ჩავედით, რეჟისორმა ომარს ცხენი მიჰგვარა - აბა, ერთი როგორი მხედარი ხარო. ომარი გამოტყდა, რომ ცხენზე არასდროს მჯდარა. მერე თქვა - კარგი, ნუ შეშინდით, დავჯდები, ოღონდ ცოტა წამეხმარეთო. როგორც კი შევსვით, ცხენი გატრიალდა და მოქუსლა. ისე შორს გავარდნენ, რომ უკვე აღარ ჩანდნენ. შევშინდით, დავიბენით. დაახლოებით ერთ საათში მობრუნდა გახვითქული ცხენით, ისე იჯდა, თითქოს ცხენზე გაიზარდაო…”
„პირველ დიდ გამარჯვებას 19 წლისამ მიაღწია. 1963 წელს, ხალხთა სპარტაკიადაზე, ომარ ფხაკაძე ერთ-ერთ წინასწარ გარბენს 10 მეტრის უპირატესობით იგებდა, როცა საჭე ხელში შემოეფშვნა (თამაზ ჩიქვანაია). ბეტონის ტრეკზე დაგორებულს, მარცხენა ფეხი გვარიანად გადაეყვლიფა. თუმცა, ამას ვინ ჩიოდა — ფეხს საერთოდ ვერ ხრიდა. ომართან, ერთი ცნობილი რუსი სპორტული ჟურნალისტი მივიდა და ჰკითხა, რას აპირებო. არაფერსო, უპასუხა ომარმა, სანუგეშოსაც მოვიგებ და ამ ჩემპიონატსაცო. ლამის ორმეტრიანი, საოცარი ფიზიკური მონაცემების კაცს ველოსიპედის საჭე ვერ უძლებდა. განსაკუთრებით საფინიშო სპურტის დროს, როცა მთელი სიმძიმე საჭეზე მოდის და აკი რამდენჯერმე ხელში შემოეფშვნა კიდეც. დანიის დიდი პრიზის გათამაშებისას, ყველა მოუთმენლად ელოდა იმ დროის ორი უდიდესი სპრინტერის — ფხაკაძე-მორელონის დუელს. ნახევარფინალში, ფრანგ ტარანტინისთან პაექრობისას, პირველ გამოსვლაში ომარის ველოსიპედის საჭემ თქვენი ჭირი წაიღო. საბედნიეროდ, თავად არ დაშავებულა. მეორე და მესამე ცდაზე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა: სრულიად ველოსპორტის სამყარო გადამწყვეტი ფინალის მოლოდინში იყო. ეს ტურნირი ტელევიზიით გადაიცემოდა და ველოსიპედების მწარმოებელი ერთ-ერთი ფირმის ხელმძღვანელობამ, ერთ ღამეში, სპეციალურად ქართველისთვის, ააწყო ველოსიპედი, რომელსაც, როგორც ამობდნენ, ტიტანის საჭე დაუყენეს. ტიტანისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ახალი სარბოლო მანქანა მართლაც ისეთი გამართული გამოდგა, რომ ქართველი გოლიათის ზეწოლასაც გაუძლო და დანიელ მორელონის შეტევებიც იოლად მოიგერია… ველოსპორტის იტალიური სკოლა ერთ-ერთი უძლიერესი იყო მსოფლიოში და ცხადია, გამორჩეული მწვრთნელებიც ჰყავდათ. ერთ-ერთ მათგანს, გვიდო კოსტას ჰკითხეს, რამდენი წელია საჭირო, საერთაშორისო კლასის სპრინტერი რომ გაზარდოთო. ველოსპორტის მაესტრომ უპასუხა: 7-8 წელი, თუ, რა თქმა უნდა, ომარ ფხაკაძე და დანიელ მორელონი არ გყავთ მხედველობაშიო...
...გიორგი შენგელიას ცნობილი ფილმში „ხარება და გოგია“, ომარი მთავარ გმირს, ხარება ჯიბუტს ასახიერებს. ახლობლებისთვის გასაკვირი სულაც არ იყო, რომ ასე პროფესიულად და მაღალ დონეზე შეასრულა მან რეჟისორის დავალება. გასაკვირი კი იმიტომ არ იყო, რომ ფილმშიც თავის თავს თამაშობდა: კეთილშობილ, სამართლიან კაცს და ერთგულ, უღალატო მეგობარს… მოგეხსენებათ, ფილმში ომარს პარტნიორობას ჭიდაობის ლეგენდა ლევან თედიაშვილი უწევდა. იქ არის ეპიზოდი, როცა ხარება და გოგია ერთმანეთს ხუმრობით ეჭიდებიან. როგორც თვითმხილველები ამბობენ, იქ ხუმრობა კი არა, ორი დევგმირის ჯახი იყოო. როგორც ჭეშმარიტ რაინდებს სჩვევიათ, ამ ჯახში ორი ღირსეული კაცის მეგობრობამ გაიმარჯვა. 1993 წელს ომარ ფხაკაძე 49 წლისა გარდაიცვალა...“