როდის კვდება ცოლის ნდობა მეუღლისადმი და რას ვეღარ აპატიებს ის ქმარს #3
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე მყარია ურთიერთობა წყვილს შორის, როცა ერთმანეთის ნდობა აქვთ. საერთოდაც, ნებისმიერ ურთიერთობაში, ნდობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია. სხვანაირად ადამიანებს შორის დამაკავშირებელი ჯაჭვი გაწყდება და მათ უკვე აღარ ექნებათ მთავარი – სიახლოვის, „მისიანთან“ ახლოს ყოფნის განცდა. როცა შენი პარტნიორი „შენიანი“ აღარ არის, ურთიერთობაც ფუჭდება და იქ ადვილად ჩნდება მესამე.
ნატუკა (34 წლის): რატომ მეგონა, რომ სიყვარული ყველაფერს გადაწონიდა? სამწუხაროდ, ლამაზი, მარადიული, გულწრფელი სიყვარული მხოლოდ მითი ყოფილა, რომელსაც რეალურ ცხოვრებასთან საერთო ბევრი არაფერი აქვს. პატარა გოგო არ ვარ, რომ ვთქვა, ეს ყველაფერი ამიტომ დამემართა-მეთქი. ალბათ, მომხდარში დამნაშავე მეც ვარ, მაგრამ მართლა არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. აბსოლუტურად „დანგრეული“ ვარ, განადგურებული და დაბნეული. გავაგდო ქმარი, რადგან მომატყუა, თუ ვაპატიო და ერთი შანსი მივცე ჩვენს ურთიერთობას. პრობლემა ისიც არის, რომ სიყვარულსა და ქმარს საკმაოდ დიდხანს ვეძებდი. ოცდაათ წლამდე ურთიერთობა არავისთან გამომივიდა. იმიტომ არა, რომ არ მინდოდა. სიყვარული რომელ ქალს არ უნდა, ვინ არ ოცნებობს, იპოვოს მამაკაცი, გვერდით კედელივით რომ დაუდგება.
შეიძლება, ზედმეტად სერიოზული ვიყავი. თუმცა, პაემანზე მივდიოდი და მონდომებულიც ვიყავი. როგორც იტყვიან – სიყვარულისთვის გახსნილი. ორჯერ შევხვდებოდი კაცს, ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად იყო, ჩემი დასაწუნი არაფერი სჭირდა, მაგრამ გული არ მიმიწევდა. ახლა ვხვდები, რატომაც. უფრო სწორად, მაშინ მივხვდი, როცა ჩემმა ქმარმა ნდობა გამიცრუა. ნდობა – რამხელა მნიშვნელობა ჰქონია ამ მარტივად გასაგებ გრძნობას. ერთი შეხედვით მარტივად გასაგებს, მაგრამ ძალიან საჭიროს ურთიერთობისთვის. ჩემი მომავალი ქმარი რომ გავიცანი, ვიგრძენი, ის ჩემი ცხოვრების მამაკაცი იყო და იმიტომაც, მის მიმართ ნდობა გამიჩნდა. პირველივე შეხვედრაზე მივხვდი – ჩემიანი იყო. იცით, რატომ გამიჩნდა, მოგიყვეთ ამ ყველაფერზე? მინდა, თავადაც გავერკვე. დაბნეული ვარ. მეშინია, მცდარი გადაწყვეტილება არ მივიღო.
– როცა ადამიანზე დიდ იმედს ამყარებ, იმედგაცრუება ყველაზე მტკივნეულია.
– საშინლად მტკივნეული, გულის მომკვლელი და დამანგრეველია. ვიცი, რომ გადაწყვეტილება ჩემი მისაღებია. მიყვარს, მაგრამ არჩევანი დიდი არ მაქვს – დავრჩე მასთან, ვაპატიო თუ განქორწინება მოვთხოვო. იქნებ მის მიერ დაშვებულ შეცდომას გამადიდებელი შუშით ვუყურებ. იქნებ, ტყუილის პატიება უფრო მარტივად შეიძლება.
– ყველაფრის პატიება შეიძლება, მით უფრო, თუკი გიყვარს.
– მეც სულ მაგაზე ვფიქრობ. ჩვენ შორის სიყვარულის ნაპერწკალი მალევე გაჩნდა და ურთიერთობაც სწრაფად განვითარდა. პატარები აღარ ვიყავით. რისთვის დაგვეცადა. ვიცოდი, რომ მიყვარდა და ყველაფერში ვენდობოდი. ოთხი წლის განმავლობაში ამ განცდით ვცხოვრობდი, როგორც ბურანში. ქმარს ყველაფერში ვენდობოდი. თითქოს ტკბილი ძილიდან გამოფხიზლება არ მინდოდა. ამით ჩემმა ქმარმა ძალიან კარგად ისარგებლა.
– ანუ, ოთხი წელი რეალობას ვერ ხედავდით? ამისი თქმა გინდათ?
– ასეა. რეალობას სრულიად მოწყვეტილი ვიყავი და თავს მშვენივრად ვგრძნობდი. მაგრამ, სამუდამოდ ასე ვერ გაგრძელდებოდა და ის დღეც დადგა, როცა რეალობას თვალებში ჩავხედე. აღმოჩნდა, რომ ქმარი სარგებლობდა ჩემი ნდობით და მატყუებდა.
– გღალატობდათ?
– შეიძლება, ეგეც იყო. მე აღარ ჩავძიებივარ. რა აზრი აქვს, გული უკვე ძალიან მეტკინა. ქმარმა ოჯახის მართვის სადავეები მთლიანად აიღო ხელში. მე საკმაოდ კარგი შემოსავალი მქონდა და მაქვს. „საერთო საფულე“ გვქონდესო, – მითხრა მეუღლემ და მეც ნორმალურად მივიჩნიე მისი ეს გადაწყვეტილება. ხარჯებს არ ვაკონტროლებდი, ბრიყვივით ბოლომდე ვენდე. მისი სიტყვების მჯეროდა. არასდროს შემპარვია ეჭვი და როცა ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი, ლამის შოკი მივიღე.
– რა იყო ეს ფაქტიმ?
– ჩუმად გადასარევად ერთობოდა ვიღაც „ნაშოჩკებთან“ ერთად – ჩემმა მეგობრებმა ნახეს. შემთხვევით გადააწყდნენ და მითხრეს. არ დავიჯერე და შევეცადე, დამევიწყებინა. რამდენიმე ხნის შემდეგ ფოტოები მომიტანეს ერთ-ერთი ღამის კლუბიდან. არადა, მე ყველაფერზე უარს მეუბნებოდა, მერეღა დავაფიქსირე, რომ არსად დავყავდი. მეუბნებოდა. ფულს ვაგროვებ, უკეთესი ბინა რომ ვიყიდოთ და ბავშვის მომავალზეც ვიფიქროთო. ფაქტობრივად, სერიოზულად „მიჟოჟკავდა“ ფულს და ერთობოდა. არაფერს იკლებდა „ტიპი“, მატყუებდა.
– დაელაპარაკეთ ქმარს? ჰკითხეთ, ასე რატომ მოიქცა? იმის გარკვევასაც ხომ არ შეეცადეთ, გღალატობდათ თუ არა.
– ღალატზე არ დავლაპარაკებივარ. ეს ამბავი ნაკლებად მაინტერესებდა. ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ თუ ერთხელ მომატყუა, არ გაუჭირდებოდა, მეორედაც მოვეტყუებინე. სწორედ ტყუილია მთავარი პრობლემა. მე მთელი ნდობა დავკარგე, რომელიც ქმრის მიმართ მქონდა. სიყვარული მაქვს, მაგრამ ცხოვრების, ურთიერთობის გასაგრძელებლად ეს საკმარისი არ არის. საგონებელში ჩავვარდი – ვაპატიო თუ გავშორდე. საქმე მარტო ის არ არის, რომ ორი წლის შვილი მყავს და მარტოხელა დედის სტატუსი არ მხიბლავს. ჩემი ქმარი არ უარყოფს, რომ ცუდად მოიქცა. პირიქით, აღიარებს და ამბობს, რომ თავად ასეთ საქციელს არ მაპატიებდა. მიუხედავად ამისა, ერთ შანსს მთხოვს. მემუდარა, ოჯახი არ დაანგრიოო. ოჯახის დანგრევა არც მე მინდა, მაგრამ რა გავაკეთო, რომ მისი აღარ მჯერა?!