კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი #3

როგორ შეგვიძლია ამპარტავნების დაძლევა
ამისთვის ღმრთის შეცნობაა საჭირო. რამეთუ, თუკი ამპარტავნება ღმრთის უმეცრებისგან იშვება, მისი შეცნობის შემდეგ ყოველგვარი ამპარტავნება განგვეშორება. დაფიქრდი ჯოჯოხეთის გეენიაზე. გაიხსენე ის ადამიანები, ვინც შენზე ბევრად უკეთესები არიან. იფიქრე, რამდენად დამნაშავე ხარ ღმრთის წინაშე. თუკი ამაზე დაფიქრდები, მალე დაამშვიდებ შენს გონებას, მალე დაამდაბლებ მას. დაფიქრდი დღევანდელ დღეზე, ადამიანის ბუნებაზე, იმაზე, თუ რა არარაობაა ის. მიცვალებულს რომ დაინახავ, დაფიქრდი ყოველივე წარმავალის არარაობაზე, იმაზე, რომ ის სხვა არაფერია, თუ არა აჩრდილი და სიზმარი. რას იტყვი? მეტყვი, გონება მაქვს მონიჭებულიო, მაგრამ აღარც გონება შეგრჩენია, რამეთუ ამპარტავნება უგუნურების ნიშანია. მაშ, რით იქადი? კეთილგონიერებით? მაგრამ, ამპარტავნება არ არის თვისობრივი კეთილგონიერებისთვის, პირიქით, მის გამო კარგავ უფლებას, კეთილგონიერი გეწოდოს. ამიტომ, აღვირი ვასხათ ჩვენს გულის სიტყვებს, ვიყოთ მდაბალნი, სიმდაბლისმოყვარენი, მშვიდნი. რამეთუ ასეთები განსაკუთრებით უყვარს უფალს. „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითაო“ (მთ. 53) ამბობს ის. და კიდევ: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“ (იქვე 11,29). იმიტომაც დაბანა მან ფეხი თავის მოწაფეებს, რათა ჩვენთვის სიმდაბლის გაკვეთილი ეჩვენებინა. შევეცადოთ, რომ ყოველივე ამისგან ვარგოთ რაიმე ჩვენს სულს, რათა შევძლოთ იმ სიკეთეთა დამკვიდრება, რაც ღმერთის მოყვარეთათვის არის აღთქმული.

როგორ უნდა მოვექცეთ მოყვასს
უფალმა მოყვასთან დამოკიდებულების ისეთი პირობები შემოგვთავაზა, რომელთა შესრულება სრულიადაც არ არის ძნელი:  „ყოველი, რომელი გინდეს თქუენ, რაითა გიყონ კაცთა, ეგრეთცა თქუენ ყავთ მათა მიმართ“ (მთ. 7,12). ხედავ, რომ ღმერთს ახალი არაფერი დაუწესებია – იმავეს მოითხოვდა მანამდეც ბუნებრივი კანონი. როგორც გინდა, რომ შენი ახლობლები გექცეოდნენ, შენც ისევე მოექეცი მათ. გინდა, რომ გაქებდნენ? შენ თვითონ აქე. გინდა, რომ შენსას არ გტაცებდნენ? შენ თვითონ ნურაფერს წაართმევ სხვას. პატივისცემის მოხვეჭა გსურს? სხვებს ეცი პატივი. გინდა, რომ მოწყალედ მოგექცნენ? შენ თვითონ იყავი გულმოწყალე. გინდა, რომ უყვარდე? შენ თვითონ შეიყვარე. სხვა პირობაც არსებობს. კერძოდ, რომელი? –„შეიყუარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (მთ. 22,39). რა უნდა იყოს ამაზე ადვილი? სიძულვილი მძიმეა და შფოთის მომტანი, სიყვარული კი – ადვილი და მსუბუქი. კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული წერს: „ენათა-ღა თუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე, ვითარცა რეალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელნი ხმობედ და მაქუნდეს ღათუ წინასწარმეტყუელებაი და უწყოდი ყოველი საიდუმლოი და ყოველი მეცნიერებაი, მაქუნდეს ღათუ ყოველი სარწმუნოებაი, ვიდრე მთათაცა ცვალებადამდე და სიყვარული არა მაქუნდეს, არავე რაი ვარ. და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ხორცნი ჩემნი დასაწუელად და სიყვარული არა მაქუნდეს, არარაივე სარგებელ არს ჩემთა. სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ, სიყუარულსა არა ჰშურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხვინელ იქმნის, არა ეძიებს თავისასა, არა განრისხსნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა. ყოველსა თავს-იდებნ. ყოველი ჰრწამნ. ყოველსა ესავს, ყოველსა მოითმენნ“ (I კორ. 13,1-7).
აი, ასეთი გრძნობით უნდა ვიყოთ განმსჭვალულნი მოყვასის მიმართ და რა გამართლება გვექნება, თუ ჩვენსავე თვისტომთ ვერ გავუღვიძებთ ჩვენდამი სიყვარულს. თუნდაც ლომებს ვათვინიერებდეთ და ვიშინაურებდეთ კიდევაც?
რა არის ლოცვა ქრისტიანისთვის
ყოველთვის ღმერთს შევუვრდეთ და მას ვთხოვოთ ყველაფერი. ლოცვას ვერაფერი შეედრება: ის შეუძლებელს შესაძლებლად აქცევს, ძნელს – იოლად, მოუხერხებელს – მოსახერხებლად. ლოცვას აღასრულებდა ნეტარი დავითიც და ამიტომაც ამბობდა: „შვიდგზის დღესა შინა გაქებდი შენ განკითხვათათვის სიმართლისა შენისათა“ (ფსალმ. 118-164). და თუკი მეფე, ურიცხვი საზრუნავით გარემოცული და ყოველი მხრიდან შეიწრებული, დღეში შვიდჯერ ლოცულობდა, რა გამართლება ან მიტევება მოგვეძებნება ჩვენ, ვინც დროის ნაკლებობას არ ვუჩივით და მაინც თავს ვარიდებთ ლოცვას, და ეს მაშინ, როცა ესოდენ სარგებლობის მიღება შეგვიძლია? რადგან შეუძლებელია, რომ ადამიანი, რომელიც სათანადო გულმოდგინებით ლოცულობს და ღმერთის განუწყვეტელი ხსოვნა აქვს, ოდესმე ცოდვაში ჩავარდეს. ხოლო, თუ რატომ? ამასაც გეტყვით. ვინც თავისი გონება აღანთო, სული გამოაღვიძა და ამნაირად, უფალს თავისი უწოდა, ის თავის ცოდვებს იხსენებს და განუწყვეტლივ ევედრება ღმერთს მათ მიტევებას. სთხოვს, იყოს მოწყალე და ლმობიერი. ღმერთთან ამგვარი საუბრისას კაცი თავისთავად დაუტევებს ყოველგვარ მსოფლიო ზრუნვას, ფრთა ესხმება და კაცობრივ ვნებებზე მაღლა დგება. მტერს დაინახავს ამგვარი ლოცვის შემდეგ? ვერ აღიქვამს მას, როგორც მტერს. ლამაზ ქალს? ცთუნება ვერ სძლევს, რამეთუ ლოცვისგან აღგზნებული ცეცხლი ჯერაც ღვივის მასში და განაგდებს ყოველგვარ ბილწ აზრს. მაგრამ, რადგანაც ჩვენ, ადამიანებს, გვჩვევია უზრუნველობაში ჩავარდნა, ერთი-ორი საათის შემდეგ, უკვე დაინახავ, რომ ლოცვისგან აგზნებული ცეცხლი ნელ-ნელა ცხრება. შენც კვლავ ლოცვას მიმართე და გაათბე გაგრილებული სული. და თუ ამ საქმეს მთელი დღის განმავლობაში არ მიატოვებ; თუ ლოცვების ხშირი გამეორებით მათ შორის ჩამოვარდნილ პაუზებს შეავსებ; მაშინ კი წარმატებით ამოუგმანავ ეშმაკს შენს აზრებთან მიმავალ კარს.

скачать dle 11.3