მოძღვარი გვირჩევს #3
კითხვა: ვისთან არ შეიძლება მეგობრობა?
პასუხი: წმიდა სერაფიმე საროველი შეგვაგონებს: ნუ იმეგობრებთ ქრისტიანული ეკლესიის მტრებთან, მწვალებლებთან, გამთიშველებთან. მათთან, ვინც წმიდა მარხვას არ ინახავს. განეშორე იმ ადამიანებს, რომლებსაც უფლისა არ ეშინიათ და არ თაყვანისცემენ მას.
კითხვა: როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში ვიმყოფებით, როგორ უნდა მოვიქცეთ?
პასუხი: დადექით ლოცვად და უფალს სთხოვეთ, გაპოვნინოთ გამოსავალი. იკითხეთ წმიდა წერილი და მამათა წიგნები. წადით აღსარებაზე და სთხოვეთ რჩევა მოძღვარს.
კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ უფალი გავახაროთ?
პასუხი: უფალს ახარებს, როდესაც თქვენ მოყვასს ალერსიანად ეპყრობით, განრისხებულს დააწყნარებთ, უკეთურ საგნებს მზერას არიდებთ, როდესაც ბილწ აზრებს უკუაგდებთ და ლოცვისთვის თავს ძალას დაატანთ, – ასე გვმოძღვრავს არქიმანდრიტი თეოფანე ნოვოეზერელი.
კითხვა: როგორ დავიზღვიოთ თავი ცდუნებებისგან?
პასუხი: ყურადღებას იმას კი ნუ მიაქცევთ, როგორ ცხოვრობენ სხვები, არამედ ყური მიუგდეთ, რას გვასწავლის უფლის სიტყვა – წმიდა სახარება და მიბაძეთ მაცხოვარსა და წმიდა მოციქულების მიწიერ ცხოვრებას. სმენა და მზერა მოარიდეთ უკეთურებს და მეტი დრო დაუთმეთ ოჯახსა და საკუთარ თავთან განმარტოებას.
კითხვა: როგორ ამოვიცნოთ ცოდვა?
პასუხი: ყველაფერი, რაც სინდისს შეურაცხყოფს და მხოლოდ ხორცს ატკბობს, ცოდვაა.