როგორ ურევდნენ ხორცპროდუქტებში შეღებილ პურს, სოიასა და წიწიბურას და რატომ უნდა იცოდეს მომხმარებელმა საქონლის დაბადების, მოშენებისა და მოსუქების ადგილმდებარეობაც კი #3
2017 წლის პირველი იანვრიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების ეტიკეტირება სავალდებულო ხდება. ეს კი ნიშნავს, რომ მომხმარებელს მიეცემა საშუალება, იცოდეს, რის ხორცსა თუ ხორცპროდუქტებს შეიძენს, საიდან შემოტანილს (თუ ადგილობრივს), სად გაიზარდა და იკვებებოდა საქონელი და რა ტიპის აცრები ჩაუტარდა. გასული წლის ბოლოს ღორების ეგრეთ წოდებულმა „პასპორტიზაციამ“ მეტად არაბუნებრივად გაამხიარულა როგორც ქართული მედია, ისე საზოგადოება (თითქოს სურსათის უვნებლობა ამაზე არ იყოს დამოკიდებული). ასეა თუ ისე, იმპორტიორებსა თუ მწარმოებლებს, ასევე, ხორცისა და ხორცპროდუქტების გამყიდველებს მოუწევთ ზემომოტანილი ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება. იმიტომ რომ, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც რძის პროდუქტი შეიძლება, არ იყოს რძის პროდუქტი, ხოლო ხორცპროდუქტს კი ხორცთან არაფერი ჰქონდეს საერთო. რატომ არის აუცილებელი ეტიკეტირება და რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისას, – ამ პრობლემაზე სურსათის ექსპერტ ეთერ სარჯველაძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– რა პრობლემები იყო და არის ჩვენს ბაზარზე ხორცთან და ხორცპროდუქტებთან მიმართებაში?
– სამწუხაროდ, პრობლემა ბევრი იყო. სხვათა შორის, თქვენც იცით, რომ ხორცის სახეობებიც კი გახლდათ ხოლმე შეცვლილი და იყო ეჭვებიც, რომ საქონლისად საღდებოდა კამეჩისა და ვირის ხორციც კი.
– თითქოს ცხენის ხორციც…
– დიახ და მთავარი ის არის, რომ არა მხოლოდ ხორცის სახეობა შეიძლება, იყოს ფალსიფიცირებული, არამედ მისი დაკვლის წესიც. ცხოველისგან გადამდები დაავადებები საკმაოდ რთულია. ცხადია, ხორცის მოხარშვისას დაავადებების გამომწვევი შეიძლება, დაიღუპოს, მაგრამ ფარშირებისას ან წვისას შესაძლოა, დარჩეს ისეთი ნაწილი, რომელიც არ დამუშავდება. თუ ჩვენ გვინდა სრულფასოვანი ურთიერთობა ევროკავშირთან, ჩვენც ისეთივე საზოგადოებად უნდა შევდგეთ, როგორიც იქაა. ეტიკეტირება იცავს როგორც მეწარმის, ისე მომხმარებლის უფლებებს. მეწარმეს იცავს იმით, რომ ჯანსაღი კონკურენციის საფუძველია: გამოვლინდეს უკეთესი და არა ის, თუ რომელია მეტად მატყუარა.
– სახეობების ცვლილება ახალი ხორცის შემთხვევაშიცაა შესაძლებელი?
– დიახ, ყველამ შეიძლება, არ იცოდეს, თუ როგორი უნდა იყოს ხბოსა და საქონლის ხორცი. შესაძლოა, ისე იყოს დაჭრილი, რომ ვერ გაარკვიო ერთი შეხედვით. არადა ადამიანს ხბოს ხორცი იქნებ სჭირდება ბავშვისთვის, სპეციალური კვებისთვის?! რაც შეეხება ეტიკეტირებას: მე უნდა ვიცოდე, რას მივირთმევ. მაგალითად, მინდა, რომ კატლეტში ხორცი იყოს 5 პროცენტი მხოლოდ გემოსთვის. ამიტომ უნდა ვიცოდე, რომ ის ხუთი პროცენტი ნამდვილად ხორცია და ფარშში არ არის შერეული შეღებილი პური ხორცის ფერის მისაღებად. ამას გარდა, ფარშში შეიძლება, დამატებულია სოია. სოია საწამლავი არ არის, თუმცა იქნებ მე მაქვს ამ პროდუქტის აუტანლობა?! მაგალითად, წიწიბურა ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ყველა ვერ მიირთმევს, იმიტომ რომ, შესაძლოა, მიიღოს ალერგიული შოკი.
– ვირის ან ცხენის ხორცს რატომ ასაღებენ საქონლისად? უფრო იაფი ღირს?
– საქონელზე იაფი ცხენი არ ღირს, მაგრამ შეიძლება, პატრონი იძულებული იყო, დაეკლა, რადგან მუშა ცხოველად აღარ გამოადგებოდა. ცხენის ხორცი უფრო რთულად ასათვისებელია, ვიდრე საქონლისა და დეკეულის, თუმცა არ არის მავნებელი. უბრალოდ, ადამიანმა უნდა იცოდეს, რას მიირთმევს. შეიცვალა ეტიკეტირების წესი და ფარშსაც უნდა ახლდეს ეტიკეტი, რომ ვიცოდეთ, რისი ხორცისგან შედგება. მაგრამ ამასთან ერთად ინერგება მიკვლევადობაც. რატომღაც, არასწორად გაიგეს და გააშარჟეს ღორების ეგრეთ წოდებული „პასპორტიზაცია“, რაც გულისხმობს მიკვლევადობას. როგორც ჩანს, ეს მაინც მეწარმეებისგან მოდიოდა, იმიტომ რომ, ალბათ, არ უნდოდათ ზედმეტი თავის ტკივილი.
– რეაქცია მართლაც უცნაური იყო. მეტიც, არაადეკვატურიც, რადგან გაუგებარია, რატომ უნდა დასცინოდეს მომხმარებელი სახელმწიფოს, თუ ის ცდილობს, რომ დახლებზე ხარისხიანი პროდუქტი იყოს?
– თუ გვინდა, რომ ცივილიზებულ ქვეყანას დავემსგავსოთ, უნდა დაინერგოს მიკვლევადობა მინდვრიდან ჩანგლამდე. ადრე ამბობდნენ მინდვრიდან თეფშამდეო, მაგრამ გარდა თეფშისა, ჩანგალიც სუფთა უნდა იყოს… ამიტომ უნდა ვიცოდეთ, სად გაიზარდა საქონელი, რადგან იქნებ ისეთ სადგომში ჰყავდათ, სადაც რადიაქტიური დაბინძურება იყო?! კვდებოდა და მანამდე დაკლეს, რომ მისი ხორცი გაეყიდათ?! ხომ უნდა გვქონდეს ეს ინფორმაცია?! ისიც უნდა ვიცოდეთ, ხორცი იმპორტირებულია თუ ადგილობრივი?! უნდა ვიცოდეთ, სად არის დამუშავებული. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ადგილწარმოშობასაც აქვს დიდი მნიშვნელობა. ისევე, როგორც ყურძნის შემთხვევაში: ჩვენ ვიცით, რომელი ადგილიდან მოწეული ყურძნისგან დგება „საფერავი“.
– „ხვანჭკარაც“ – რაჭის მხოლოდ ერთ ფერდობზე.
– იმასაც კი აქვს მნიშვნელობა, მზიან ფერდობზეა გაშენებული ვენახი თუ ჩრდილიანზე. გენეტიკურად ჩვენ, ცხადია, ადგილობრივ პროდუქტებს უკეთ ვიტანთ, იმიტომ რომ, ჩვენი ორგანიზმი მიჩვეულია. გვაქვს ფერმენტები, რომლებიც აუცილებელია ადგილობრივი პროდუქტის გადასამუშავებლად და მიჩვეულია მათ დაშლას. სწორედ იმიტომაც არ უნდა მივირთვათ გენმოდიფიცირებული პროდუქტები, ანუ გენეტიკურად გარდაქმნილი პროდუქტები, რომ ჩვენი ორგანიზმი ვერ ითვისებს მათ, რადგან არ გვაქვს მათი დამშლელი ფერმენტები.
რა თქმა უნდა, ცხოველებშიც მიმდინარეობს გენეტიზაცია და მე, მომხმარებელმა, ეს უნდა ვიცოდე. ამასთან, ეტიკეტზე უნდა მიეთითოს საცნობარო ნომერი, რომელიც ენიჭება ცხოველს სასაკლაოზე შესვლისას: რა ნომრით, ანუ საიდან შევიდა. ამას გარდა, თუ პროდუქტი იმპორტირებულია, ეტიკეტზე უნდა მიეთითოს როგორც იმპორტიორი, ანუ ვინც შემოიტანა, ისე მწარმოებელი ქვეყანა.
– გოჭებზე ვიმხიარულეთ, მაგრამ ძროხებს კარგა ხანია, აქვთ „პასპორტები“.
– დიახ, საქონელი დიდი ხანია, დანომრილია, შეგინიშნავთ, ალბათ, ყურზე მიკრული ფირფიტები. გარდა მიკვლევადობისა, მე, მომხმარებელმა, აუცილებლად უნდა ვიცოდე, როდის აიცრა საქონელი, ვინაიდან აცრიდან რაღაც პერიოდის განმავლობაში, მისგან რძის მიღებაც კი არ შეიძლება, რადგან მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე.
– ჩამოვაყალიბოთ, პირველი იანვრიდან რა უნდა იყოს დატანილი ხორცისა და ხორცპროდუქტის ეტიკეტებზე?
– აუცილებლად საცნობარო ნომერი, სასაკლაოს აღიარების ნომერი; ხოლო, თუ ხორცი არ დაიკლა და არ დაიჭრა სასაკლაოზე, ბიზნესოპერატორის ნომერი, რომ პასუხისმგებელი პირი ჩანდეს. ამასთან, თუ ცხოველის დაბადების, მოშენებისა და სუქების პერიოდები განსხვავდება ერთმანეთისგან, ეტიკეტზე უნდა მიეთითოს ყველა ეს ინფორმაცია. შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ ეს ბევრია, მაგრამ ეს ბევრი კი არ არის, არამედ ეს არის ის თანხმლები დოკუმენტები, რომლებიც ყოველთვის ჰქონდა პროდუქტს. საცალო ქსელშიც კი, როდესაც ხორცი დაჭრილია, ანუ, სადაც მისი რეალიზაცია ხდება, წარმოშობა, სახეობა თავისთავად, განაყინია თუ არა და ასე შემდეგ – ეს მონაცემები უნდა განთავსდეს ისე, რომ ადამიანს მისი დანახვა შეეძლოს. იმპორტირებული ხორცისა და ხორცპროდუქტების შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაეტანოს ინფორმაცია, ვინ არის იმპორტიორი და პროდუქტის წარმოშობის ქვეყანა, უნდა ვიცოდე, ხორცი ჰოლანდიურია თუ ინდური.
სხვათა შორის, ჩვენ იმითაც განვსხვავდებით ევროპელებისგან, რომ იქ მომხმარებელია აქტიური. ამდენად, ძალიან ბევრს ნიშნავს გათვითცნობიერებული და აქტიური მომხმარებელი. როგორიცაა მომხმარებელი, ისეთია მომწოდებელიც. თუ მომხმარებელი არ იყიდის, რასაც მიმწოდებელი შესთავაზებს, მომწოდებელი იძულებული გახდება, შეცვალოს.
ჩვენთან ისევ პრობლემაა გარე ვაჭრობა, რომელიც აკრძალულია და ამიტომ, არც რეგულირდება. უბრალოდ ის ადამიანები ვერ გაიმეტეს სასიკვდილოდ, მაგრამ ჩვენ ხომ ვყიდულობთ მათგან პროდუქტს?! თუმცა, მაგალითად, მე არ ვყიდულობ, იმიტომ რომ, არ არის დაცული ჰიგიენის ელემენტარული წესიც კი! ხომ წარმოუდგენელია პურისა და კარაქის ქუჩაში ყიდვა?! სურსათის უვნებლობის სამსახური გარე ვაჭრობას არ არეგულირებს, იმიტომ რომ, არ აქვს უფლება, დაარეგულიროს ის, რაც აკრძალულია. მაშინ პოლიცია უნდა ჩაერიოს და აუკრძალოს ვაჭრობა. ვიცით, რომ ხორციც იყიდება ქუჩაში, წესით, პირველი იანვრიდან ეს უნდა აიკრძალოს, მაგრამ მთავარი მაინც მომხმარებლის აქტიურობაა. რაც მეტად იაქტიურებს, მით მეტად იქნება დაცული.
– სუპერმარკეტებშიც კი ორცხობილები და ტკბილეული თავახდილ ყუთებშია და ძალიან უკვირთ, როდესაც მიუთითებ, რომ გადააფარონ.
– არა მხოლოდ მტვერია ამ შემთხვევაში სახიფათო, არამედ ვიღაცამ, ვინც გვერდით ჩაუარა შეიძლება, დააცემინა ან დაახველა. ორცხობილა, ნამცხვარი ხომ აღარ მუშავდება ყიდვის შემდეგ?!
– როდესაც ახსენეთ, მითითებული უნდა იყოს, განაყინია თუ არა ხორცი. გაყინულ ხორცს ალღობენ და, როგორც ახალს ისე ყიდიან?
– დიახ, თუმცა ეს ძალიან მარტივია გამოსაცნობად. გაყინული და შემდეგ გამლღვარი ხორცი თითქოს შრეებადაა დაყოფილი. ცოცხალი, ანუ ახლად დაკლული ხორცი უფრო მკვრივი და ერთიანია, უჯრედები არ არის გაყოფილი.
– ამას გარდა, გამლღვარი ხორცის ისევ გაყინვა არ შეიძლება, მაგრამ, თუ მე ვიყიდე, როგორც ახალი, შეიძლება, გავყინო ხელმეორედ.
– ჯერ ერთი, გაყინვისას პროდუქტიდან გამოდის სასარგებლო ნივთიერებები და მეორეც, გაყინვებს შორის შესაძლოა, ხორცის ხარისხი დაქვეითდეს. ამდენად, მე შეიძლება, ვიყიდო დაბალი ხარისხის ხორცი. ახალი და გიყინული ხორცი განსხვავდება, რაც უნდა კარგ პირობებში შევინახოთ და გავყინოთ.
– ეტიკეტირება გააძვირებს ხორცსა და ხორცპროდუქტებს?
– წესით, არ უნდა გააძვიროს. ჩემი აზრით, ამას თავის გასამართლებლად იყენებენ მეწარმეეები. ეტიკეტირება ხომ ახლაცაა სავალდებულო?! უბრალოდ, წესი იცვლება და გარკვეული პერიოდიც ჰქონდათ მეწარმეებს, რომ მომზადებულიყვნენ. სხვა წესით, მაგრამ ხომ მაინც ამზადებდნენ წინასწარ ეტიკეტებს?! და რა პრობლემა იყო, რომ ამჯერად, კანონის მოთხოვნის შესაბამისად მომზადებულიყვნენ?! მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი და იმავე ეტიკეტით ხომ არ მუშაობენ?! ბოლოს და ბოლოს, საქონლის დაკვლის პერიოდი ხომ მუდმივად იცვლება, ანუ ხომ იცვლებოდა ეს მონაცემი ეტიკეტზე?! და რა პრობლემა უნდა ყოფილიყო ეტიკეტირების წესის შეცვლა, როდესაც გარდამავალი პერიოდიც კი მოგცეს?!
– წესი კი მივიღეთ, მაგრამ მთავარია შემმოწმებელი. არის საამისო რესურსი?
– სურსათის უვნებლობის სამსახურმა უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით. არის სახელმწიფო ლაბორატორიაც, კერძო ლაბორატორიებიც მზად არიან, ჩაატარონ ექსპერტიზა. სურსათის უვნებლობის სამსახური ისედაც ინტენსიურად ამოწმებს ყველა იმ პროდუქტს, რომელთა წარმოებისა და ეტიკეტირების წესები განისაზღვრა. მაგალითად, რძის პროდუქტებზე ხომ შეიცვალა ეტიკეტირების წესი?! და ეს გარდაუვალიც იყო, იმიტომ რომ, რძის პროდუქტები სასიცოცხლოდ აუცილებელია, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის. ისეთი წარმოუდგენელი პროდუქტიც კი იყიდებოდა, როგორიცაა „სამარხვო კარაქი“. არადა კარაქი სამარხვო ვერ იქნება, რადგან კარაქი არის რძის ცხიმისგან მიღებული პროდუქტი, ყველაფერი დანარჩენი კი არის ჰიდროგენიზებული ცხიმები, ანუ გამყარებული ზეთები. ეს ხომ მომხმარებლის მოტყუებაა?! ეს შეიძლება, ვიცოდეთ სპეციალისტებმა, მაგრამ ეს არ იცის მომხმარებელმა. ამიტომაც შეიცვალა ეტიკეტირების წესი, რათა მომხმარებელმაც იცოდეს, კარაქს ყიდულობს თუ კარაქის მაგვარ პროდუქტს, დამზადებულს მცენარეული ცხიმებისგან. მეწარმემ კი უნდა დააკმაყოფილოს კანონის მოთხოვნა.
– სად უნდა ვეძებო ახლებური ეტიკეტები მარკეტებში?
– თუ პროდუქტი დაფასოებულია, ეტიკეტი სტიკერით უნდა იყოს მიკრული ზედ; თუ არ არის დაფასოებული – თაროზე, სადაც პროდუქტია განთავსებული და ისეთი ზომის შრიფტით, რომ ადამიანს თავისუფლად შეეძლოს წაკითხვა.
– დარღვევის შემთხვევაში რა სანქციებია გათვალისწინებული?
– ჯარიმებია გათვალისწინებული როგორც დისტრიბუტორის, ისე მწარმოებლისა და საცალო ქსელის მიმართ, 400 ლარი, 1 000 ლარი და შეიძლება, წარმოების შეჩერებაც.