კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიურპრიზი მოუმზადა ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს ინაუგურაციის დღეს და რა ახალი საფრთხეები ელის საქართველოს ახლებურ გეოპოლიტიკურ კომბინაციაში #3

ისე მოხდა, რომ 2016 წლის ბოლოს ამერიკული პოლიტიკა რუსულს ისე მიემსგავსა (ვგულისხმობ, მაშინ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტ ობამას მიერ რუსი დიპლომატების გამოძევებას), რუსული კი – ამერიკულს (ვგულისხმობ, საპასუხოდ რფ-ის პრეზიდენტ პუტინის მიერ ამერიკელი დიპლომატების მომეტებულ პატივისცემას), თითქოს როლები გაცვალესო. თუმცა რუსეთის ფედერაციამ აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს დიდი სიურპრიზი მოუმზადა: კერძოდ, დონლად ტრამპის ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს, ასტანაში სამშვიდობო შეკრება იმართება სირიის მოქმედ ხელისუფლებასა და მასთან მებრძოლ ოპოზიციას შორის, რის სულისჩამდგმელები და პასუხისმგებლები არიან რუსეთი, თურქეთი და ირანი. რა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას მიიღებს მსოფლიო 20 იანვრის შემდეგ, როგორია მხარეთა საწყისი პოზიციები და ამ ახალ კომბინაციაში საქართველოს როლი და ადგილი, – ამ თემას პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან ერთად განვიხილავთ.
–  20 იანვარი ბოლო რაუნდია თუ ბოლო რაუნდის დასაწყისი და რატომ, მაინცდამაინც, ტრამპის ინაუგურაციის დღეს?
– მოსკოვის გეგმაა, რომ ეს იყოს ბოლო რაუნდი. ამ პროცესს წინ უძღოდა მოლაპარაკებები, ძირითადად, ჟენევაში.  სად ერეკლე და სად ჩემი ცოლი თეკლეო და, მართლაც, სად – ასტანა და სად – ჟენევა, მაგრამ ეს არის ახალი ფორმატი კაცობრიობისთვის. პირველი შემთხვევაა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი შეთანხმება ამერიკის მონაწილეობის გარეშე ტარდება. პირდაპირ უნდა ვთქვათ: ეს არის რუსეთის დიპლომატიის ეპოქალური გამარჯვება. ერთადერთი ანალოგი მახსენდება ისტორიიდან: საბჭოთა დროს ტაშკენტის შეთანხმება ინდოეთისა და პაკისტანის ომზე, თუმცა ის მაინც ამერიკის თანხმობით ჩატარდა. გაცილებით მნიშვნელოვანია 20 იანვრის შეკრება. ვინაიდან დასავლეთისთვის ასტანა იგივე რუსეთია – რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა. რაც შეეხება ტრამპის  ინაუგურაციას: ის განსხვავებული იქნება. ტრამს იმთავითვე ჩაუშხამეს ეს ინაუგურაცია. ის ვერ იწყებს გამარჯვებულის პოზიციიდან თავის მმართველობას.
– საკუთრივ აშშ-ში თუ, ზოგადად, საერთაშორისო ასპარეზზე?
– როგორც ამერიკაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ამერიკაში მას უწევს თავის მართლება. როგორც იქნა, 6 იანვარს ამერიკის სამმა მთავარმა შპიონმა, ანუ სადაზვერვო ორგანოების ხელმძღვანელებმა მას წარუდგინეს 14-გვერდიანი  დოკუმენტი. სხვათა შორის, ერთ-ერთი კონი, „ეფ ბი აის“ დირექტორი, არის ის, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ჰილარი კლინტონის დამარცხებაში, როდესაც ნოემბრის არჩევნებამდე 5-6 დლით ადრე, ხელახლა აღძრა სისხლის სამართლის საქმე კლინტონის წინააღმდეგ და დღეს ის გამოდის მტკიცებულებებით ტრამპის წინააღმდეგ.
– 14-გვერდიან დოკუმენტში გულისხმობთ დასკვნას ამერიკის არჩევნებში რუსი ჰაკერების მონაწილეობაზე?
– დიახ. მე წავიკითხე ის დოკუმენტი. ნახსენებია მხოლოდ ის, რომ რუსი ჰაკერები ჩაერივნენ, მაგრამ არ წერია, რის საფუძველზეა ეს დასკვნა გამოტანილი. ცხადია, ეს საიდუმლო ინფორმაციაა და არ არის გასაჯაროებული. დაზვერვა თავისი ინფორმატორების ვინაობას არ გაამჟღავნებს. ამდენად, ჩემთვის, ანუ რიგითი ობივატელისთვის, იქ მტკიცებულებები არ არის და პუტინიც ამას „აწვება“: არანაირი დასაბუთება არ არსებობსო. არადა – დასაბუთება არის, მაგრამ გასაიდუმლოებულია.
– ფიქრობთ, რომ მართლაც დაესხა ლაფი ამერიკას?
– დიახ… თუმცა პუტინიც ამას ამბობს, ამერიკა ბანანის რესპუბლიკა ხომ არ არის, რომ მათ საარჩევნო სისტემაში შპიონებმა შეაღწიონო. მაგრამ გავიხსენოთ 1944-1945 წლები, როდესაც მანჰეტენის პროექტში, ამერიკის ბირთვული იარაღის შექმნისას, ყოველი ხუთი ფიზიკოსიდან სამი საბჭოთა კავშირის აგენტი იყო?! რუზველტისდროინდელი ამერიკა, რა, ბანანის რესპუბლიკა იყო?! მაგრამ ძალიან ძლიერი დაზვერვა ჰყავდა მაშინ ბერიას. ბოლო დღეეებში გამოქვეყნებული ინფორმაციით, დასავლეთი აღიარებს, რომ რუსი ჰაკერები მსოფლიოში ყველაზე ძლიერები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურად რუსეთი ჩამორჩება დასავლეთს. ტრამპიც აღიარებს ჩარევას, მაგრამ თავს იცავს იმით, რომ ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგზე. თუმცა ამერიკაში არც არავინ ამბობს, რომ რუსი ჰაკერების ჩარევამ გაამარჯვებინა ტრამპს. ამბობენ, რომ რუსი ჰაკერების შეღწევის მიზანი იყო ტრამპის დახმარება, მაგრამ არავინ ამბობს, რომ მხოლოდ ჰაკერებმა გაამარჯვებინეს. 5 იანვარს ჯერჯერობით სენატის ერთადერთმა კომიტეტმა მოისმინა ჰაკერების საქმე, კერძოდ, მაკკეინის კომიტეტმა  და მან, პირველი, რაც თქვა, იყო ის, რომ ჩვენი მოსმენის მიზანი არ არის არჩევნების შედეგის ეჭვქვეშ დაყენება. ტრამპმა გაიმარჯვა და დამთავრდაო.
თუმცა ჰაკერებიც რომ არ ყოფილიყვნენ, ტრამპს აკომპლექსებს ისიც, რომ სამი მილიონით მეტი ხმა მიიღო მისმა კონკურენტმა. ამერიკის კონსტიტუციით ამას არ აქვს არანაირი იურიდიული მნიშვნელობა, მაგრამ როგორია მორალურად და ფსიქოლოგიურად?! როდესაც ნახევარი ამერიკა ამბობს, რომ მისი პრეზიდენტი კლინტონია, ამას იურიდიული ძალა არ აქვს, მაგრამ ხომ მოქმედებს ტრამპზე?! ამას მოჰყვა ისიც, რომ ინაუგურაციაზე მსოფლიო დონის ვარსკვლავების დეფიციტია. ამას გარდა, ეს ადამიანი, რატომღაც, ცდილობს, გაიმრავლოს უკმაყოფილოები და მტრები. აგერ უკვე 60 წელია, ინაუგურაციის ცერემონიალი მიჰყავს ჩარლზ ბროტმანს, რომელიც 89 წლისაა. თითქოს დაკანონებული იყო, რომ სიკვდილამდე ის უნდა ყოფილიყო წამყვანი. ეს საწყალი, 90-ს მიღწეული კაციც, ალბათ, ემზადებოდა, მაგრამ უარი უთხრეს და გამოაცხადეს, რომ ცერემონიალს წაიყვანს 58 წლის რადიოდიქტორი სტივ რეი. ერთი სიტყვით, ინაუგურაციის დღესაც და შემდეგაც, ალბათ, ტრამპისთვის ცოტა უსიამოვნო დღეები იქნება მისი კანდიდატურების დამტკიცება სენატში: „დემოკრატები“ თავს დამარცხებულებად არ გრძნობენ, იმიტომ რომ, მორალური უპირატესობა მათ მხარეზეა. მაინცდამაინც დიდი საზეიმო განწყობილება არ არის „ტრამპთაუერში“. ჯერ ტრამპი ნიუ-იორკშია და იქ ჩავიდა მასთან შესახვედრად ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი. დადგება ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებიც. ერთი სიტყვით, ბევრი საჩოთირო პრობლემა აქვს გადასაწყვეტი ტრამპს.
– თუმცა „ტვიტერზე“ აქტიურად წერს, რომ მხოლოდ სულელს შეიძლება, ეგონოს, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის მეგობრობა შეუძლებელიაო.
– ტრამპის ყველა გამოსვლაში იგრძნობა ის, რაც ყველაზე საშიშია პოლიტიკოსისთვის: დილეტანტიზმი. ერთი მხრივ, ამბობს, რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა მქონდესო და, მეორე მხრივ, იქვე ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი იქნება ბირთვული შეიარაღების გაზრდა. ეს კი არის გამალებული ბირთვული შეიარაღება, მაგრამ ვის წინააღმდეგ?! ჩვენ არ გვაქვს ბირთვული იარაღი, ანუ ჩვენ ვერ გვესვრის; ბირთვული იარაღი აქვთ ინგლისს, პაკისტანს, ისრაელს,  მაგრამ არც მათ ესვრის? ჩრდილოეთ კორეას არ ესვრის. მაშინ ვინ რჩება?! თანაც, ჩასაფრებული ჰყავს მას ყველა. მით უმეტეს, რომ ექსპერტებსაც გადაუარა: ისინი არ მჭირდება, მე ყველაფერი ვიციო. მოკლედ, მოიმდურა ყველა. ამბობს, რომ თავად იცის, როგორ დაამყაროს კარგი ურთიერთობა რუსეთთან და ამ დროს გამალებულ შეიარაღებაზე ლაპარაკობს. არადა თუ რამეს გაურბის პუტინი, ეს არის ამერიკასთან გამალებულ შეიარაღებაში ჩართვა. პუტინიც, რა თქმა უნდა, ზრდის თავის ბირთვულ პოტენციალს, მაგრამ მას უნდა, რომ მხოლოდ თავად გაზარდოს, ამერიკამ კი არ გადადგას საპასუხო ნაბიჯები. ოღონდ დღეს ყველაზე საშიშია ის, რომ ტრამპი შესაძლოა, ავტომატურად აღმოჩნდეს საპასუხო ნაბიჯების რეჟიმში. ეს იმითაა საშიში, რომ ვეღარ გაიგებ, ვინ გადადგა პირველი ნაბიჯი გამალებულ შეიარაღებაში და ამას უკვე აღარც აქვს მნიშვნელობა. „ნატომ“  300 თუ 350 ამერიკული ტანკი ჩაიტანა გერმანიაში და უნდა განალაგონ პოლონეთსა და ბალტიისპირეთში. პუტინი ამას ვერ დატოვებს უპასუხოდ, თუმცა „ნატო“ აცხადებს, რომ ეს არის პუტინის მიერ ევროპის მეზობლად ბირთვული იარაღის განთავსებაზე პასუხი. პუტინი კი ამბობს, რომ ბირთვული იარაღი განათავსა „ნატოს“ წინა ნაბიჯის საპასუხოდ. მას ვერავინ ათქმევინებს, რომ ეს ყველაფერი დაიწყო ყირიმის ანექსიით და აღმოსავლეთ  უკრაინაში ჯარის შეყვანით. ყოველდღიურად უამრავი მასალა ქვეყნდება, დღეში 200-300 გვერდის წაკითხვა მიწევს და ამხელა ზღვა მასალაში მხოლოდ ერთგან წავაწყდი საქართველოს.
– თუმცა კავკასია მნიშვნელოვანი რეგიონია. თუ დასავლეთი აპირებს, რომ გავლენა შეინარჩუნოს ახლო აღმოსავლეთში, მისთვის კავკასიაზე გავლენა ჰაერივით აუცილებელია.
– გავიგე, მაგრამ მე არსად შევხვედრივარ, რომ ტრამპის გუნდიდან ვინმეს ეხსენებინოს კავკასიის მნიშვნელობა ან საქართველო.
– მაგრამ აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საქართველო, ოღონდ ეს წინა ადმინისტრაციის ბიუჯეტია მაინც.
– ის ობამას შედგენილი ბიუჯეტია და თავი დავანებოთ. წავიდა ისე ეპოქა. ერთადერთი სფერო,  რომელშიც ტრამპი აპირებს რუსეთთან თანამშრომლობას, არის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ეს ორგანულადაა გადაბმული სირიის პრობლემასთან.
– და 20 იანვარს ტრამპს ამ სიურპრიზს ახვედრებს.
– ამერიკაში 20 იანვარს არავის ეცლება ამისთვის. ყველა დაკავებული იქნება ინაუგურაციით და ტრამპის საინაუგურაციო სიტყვით. ერთია, თავად რას წერს „ტვიტერში“, აქ თვითონ წერს, მაგრამ მის სიტყვას მისი გუნდი წერს. ამიტომ ყველა მოუთმენლად ელოდება და 20-21-22 იანვარი ტრამპის სიტყვის განხილვასა და გაანალიზებას დაეთმობა როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. ამიტომაც შეირჩა ასტანისთვის 20 იანვარი. ასევე, 20 იანვარი შეარჩია „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ თავისი ყრილობისთვის. ეტყობა, რაღაც აქვთ დასამალი და უნდათ, რომ ატსანამ და ტრამპის ინაუგურაციამ გადაფაროს…
– ტრამპს ექნება თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების პოტენციალი ასეთ პირობებში, თუნდაც, რუსეთთან დამეგობრების? და, ზოგადად, როგორ შეიძლება, განვითარდეს გეოპოლიტიკური დაპირისპირება თუ შერიგება?
– ისტორია აჩვენებს, რომ თითქოს შესაძლებელია, ითანამშრომლო გეოპოლიტიკურ ოპონენტებთან. მაგალითად, ისეთ საფრთხესთან ბრძოლაში, როგორიც იყო ფაშიზმი. ასევე, შესაძლებელი იქნება ისლამური სახალიფოს წინააღმდეგ ბრძოლაშიც. თუმცა დღეს ისლამური სახალიფოს პრობლემა უკავშირდება სირიის პრობლემასაც და დასავლეთის პოლიტიკური ელიტის 99 პროცენტისთვის ბაშარ ასადი მიუღებელია. აი, აქ უნდა პუტინს, რომ თავისი გაიტანოს და ამაზე ატყდება მთელი ამბავი. პუტინი შეფარვით ამბობს, არ არის აუცილებელი, ბაშარ ასადი დარჩესო,  მაგრამ, რაც მე ბაშარ ასადის ბოლოდროინდელ ინტერვიუებს ვკითხულობ, ის არსად წასვლას არ აპირებს. სირიაში ასე მარტივად არ დამთავრდება ომი. რაზეც უნდა შეთანხმდნენ, შეურიგებელი ინტერესებია. ასადი იბრძვის არა მშვიდობისთვის, არამედ – საკუთარი გამარჯვებისთვის. გამარჯვებისთვის დამყარებული მშვიდობა კი მყიფეა. ამასთან, თურქეთისთვისაც მიუღებელი ასადი, იმიტომ რომ, ასადის მთავარი დასაყრდენია ქურთების სახალხო ლაშქარი, ერდოღანისთვის კი ქურთები ხარის წინ აფრიალებული წითელი ნაჭერივითაა. მართალია, ამერიკა მონაწილეობას არ იღებს ასტანის შეკრებაში, მაგრამ, როგორც კი პრეზიდენტი გახდება ტრამპი, იძულებული იქნება, წაიკითხოს დაზვერვის მონაცემები, რომ გაიგოს, რა ხდება მსოფლიოში. წარმოუდგენელია ამხელა გიგანტისა და მისი ინტერესების მართვა ამის გარეშე. თანაც, ტრამპს უნდა, რომ ამერიკა ისევ მსოფლიოს ერთპიროვნული ლიდერი გახადოს და ამას როგორ გააკეთებს, თუკი არ ექნა ინფორმაცია, რა ხდება მსოფლიოში?! ამიტომ ეს წანააღმდეგობები ნელ-ნელა დაიხვეწება. ტრამპი, ალბათ, შეცვლის პოლიტიკას იმავე „ნატოს“ მიმართაც. გაფართოვდება ის წრე, ვინც გაეცნობა ზემონახსენები დოკუმენტის საიდუმლო ნაწილს, რომელშიც დასაბუთებულია, რომ პუტინმა უბრძანა რუს ჰაკერებს, დახმარებოდნენ ტრამპს. მით უმეტეს, რომ 2017 წელს პუტინის მორიგი სამიზნე მერკელია. ფრიდრიხ დიდი ამბობდა, სულ ქალებს ვებრძვიო, ავსტრიისა და რუსეთის იმპერატორები ქალები იყვნენ და პუტინიც ამ ბოლო დროს სულ ქალებს ებრძვის: ამერიკაში ჰილარის ებრძოდა, ახლა ევროპაში – ებრძვის.
– ჩვენთვის რა ახალი საფრთხეებია ამ ახლებურ კონფიგურაციაში?
– მე სხვა რამის უფრო მეშინია, მიდის ქრისტიანების ტოტალური დევნა ახლო აღმოსავლეთში. ქრისტიანები გარბიან მასობრივად. ეგვიპტეში, იორდანიაში, ფაქტობრივად, აღარ არიან, იმ ქვეყნებში, რომლებშიც კომპაქტურად ცხოვრობდნენ. სახალიფომ სირიაში, უბრალოდ, გაწყვიტა. ისლამის შემოტევაა და იმის მეშინია, რომ ჩვენ აბსოლუტურად მოუმზადებლები ვხვდებით ამას. ამას წინათ ჩვენთან თითქოს არაფერი მოხდა, პატარა გოგონამ თავსაფარი გაიკეთა თავზე.
– არაფერი კი არადა, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, კატასტროფის ტოლფასიც კი. თურქეთშია აკრძალული საჯარო ადგილებში თავსაფრით გამოჩენა.
– დიახ, მეც ვფიქრობ, რომ კატასტროფა მოხდა და უფრო დიდი კატასტროფაა, რომ ამ ჩვენმა განათლების მინისტრმა განაცხადა, ეს ჩვენ არ გვეხებაო. თითქოს ჩაიარა ამ ამბავმა, მაგრამ, აბა, დავაკვირდეთ, ამ პატარა გოგონამ, რომელსაც, ასაკიდან გამომდინარე, წესით, ბევრი წიგნი არ უნდა ჰქონდეს წაკითხული, რა მშვენივრად იცოდა თავისი უფლებები?! ჩვენი კონსტიტუცია ორ მინისტრზე მეტს არ ექნება წაკითხული, და როგორ ფიქრობთ, ადიგენის სკოლაში კონსტიტუციას ასწავლიან მოსწავლეებს?! ანუ ვიღაცამ ასწავლა ხომ?! თან, თანაკლასელებმაც მხარი დაუჭირეს: იმ ბავშვებს ვიღაცამ ასწავლა მხოლოდ უფლებები, მაგრამ ხელისუფლების ვალია, უფლებებთან ერთად, მათ ასწავლოს მოვალეობებიც. რადგან უფლებები მოვალეობების გარეშე, არის ანარქია.

скачать dle 11.3