ძველი ღვინო – ახალ ტიკებში?! #3
ანუ გაყრა „ნაციონალურად“
იმის მიუხედავად, რომ მონოლითობა მისი სავიზიტო ბარათი იყო (ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“), რაკი ბიბლია გვასწავლის, რომ ქვების შეგროვების ჟამს გარდაუვლად მოჰყვება ხოლმე ჟამი მათი სროლისა, ქართულ პოლიტიკურ სცენაზეც შედგა „გაყრა“ „ნაციონალურად“.
ერთ დროს „დემოკრატიის შუქურის“ შემქმნელს გაეყარნენ (მანდატებგანაღდებულთაგან): დავით ბაქრაძე, ირაკლი აბესაძე, აკაკი ბობოხიძე, გიგა ბოკერია, ხათუნა გოგორიშვილი, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, გიორგი კანდელაკი, ზაზა კედელაშვილი, ირმა ნადირაშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, სერგო რატიანი, ლელა ქებურია, გიორგი ღვინიაშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგი წერეთელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე და გიორგი ტუღუში…
ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბოლომდე ერთგულნი რჩებიან: ნიკა მელია, თინათინ ბოკუჩავა, რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი და კობა ნაყოფია. გავრცელებული ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, ვის ბანაკში დაივანებს დეპუტატი აზერ სულეიმანოვი, არადა მის გადაწყვეტილებას ერთგულთა ხუთეულისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს – მეექვსის გარეშე ფრაქციასაც კი ვერ შექმნიან.
მაგალითად, თვით სერგი კაპანაძემ (თვით, რადგან ცოდვა გამხელილი ჯობს და თანამოაზრეებთან ერთად, ბარიერთან ახლოსაც კი ვერ მივიდოდა, რომ არა აწ უკვე მისი ყოფილი ბელადი) მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული მართვის სტილიც დაიწუნა.
რთული სათქმელია, რა მიზანს ისახავს ეს პოლიტიკური თითლიბაზობა (თითლიბაზობა, ვინაიდან „ნაციონალური“ ცოდვების ჩამოფერთხვის სუნიც უდის), იმას გარდა, რომ ისიც საკითხავია, ვის დარჩება მსუყე საბიუჯეტო პარტიული დაფინანსება?!
რაც მთავარია: ვითომ ახალ ტიკებში ძველი ღვინო განახლდება?!