„სამნი ძმანი… არაგურულები“ #3
ანუ „ეს ქალი ჩემთვის მინდა“
რაკი რუსთაველი გვასწავლის, ისიცაა შესაძლებელი, თხა და მგელი ერთად ძოვდესო, ამიტომაც არ გვიკვირს, რომ სამი შეურიგებელი – რფ, თურქეთი და ირანი – ისე დაძმობილდა, რომ თვით ანკარაშიც კი ერთად შეიყრებიან, ნუ იტყვით და, სირიის კონფლიქტის მოგვარების მიზნით.
იმ მარტივი მიზეზით, რომ ამ სამს შორის ბევრი წინააღმდეგობაა, ამთავითვე ცხადია, რომ მთლად სიცოცხლის ბოლომდეც ვერ შეძლებენ სიამტკბილობას.
თუმცა ჯერჯერობით მოცემულობა ასეთია: ახლო აღმოსავლეთში თავს მასპინძლად ეს სამი გრძნობს (დასავლეთი დამკვირვებლადაც კი არ მიიწვიეს მოლაპარაკებაზე), რითაც, დიდი ალბათობით, სამივენი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან პოლიტიკური ვაჭრობისთვის იმყარებენ ნიადაგს.
ამის ფონზე გასულ კვირას ანკარაში ელჩთა მეცხრე კონფერენცია გაიმართა, რომელზეც ჩვენი მეზობელი თურქეთის ნომერ პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ, თუმცა თურქეთისთვის რუსეთთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, ანკარა არ აპირებს, გადახედოს თავის პოზიციას საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში (კერძოდ, კვლავაც ვაღიარებთ მათ ტერიტორიულ მთლიანობებს და მერე რა, რომ დღე ერთია და ბათუმს სამჯერ ვახსენებთ, როგორც ჩვენს ისტორიულ მიწასო?!).
თუ გავითვალისწინებთ, რომ ყირიმისა და აჭარისადმი თურქეთს თავისი ინტერესიც აქვს, ეს განმარტება ასეც შეიძლება, გავიგოთ: „ეს ქალი ჩემთვის მინდა“. –