კლოუნი #3
ანუ მასხარა და მასკარადი
სავარაუდოდ, რაკი „გირჩმა“ თავი ვერაფრით გამოიჩინა და, მაინცდამაინც, ვერც ამომრჩეველი დაიხვავა, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ნარკოდამოკიდებულთა გულების მონადირება გადაწყვიტა (ხუმრობა საქმე ხომ არ არის, მინიმუმ 200 000 მუქთა ხმა?!).
გადაწყვიტეს და, ვიცით, რომ საკუთარ ოფისში კანაფიც ჩარგეს (თუმცა ყველა ტიპის ნარკოტიკის ლეგალიზებას ითხოვენ, იმის პარალელურად, რომ ჯარში გაწვევის გაუქმების თავგადაკლული მომხრენიც ბრძანდებიან!).
კიდეც ჩარგეს და კიდეც გაახარეს, მაგრამ, ვინაიდან „ხანგრძლივ ეს სოფელი“ არავისაც არ ახარებს, პოლიციამ ქოთნები აღწერა და ექსპერტიზაზეც გააქანა (რასაც ჩითილების ამოსვლამდე ვერც იზამდა, იმიტომ რომ, კანაფის თესლი კანაფის მცენარე არ არის).
მთავარმა „გირჩმა“, ესე იგი, ზურაბ ჯაფარიძემ შსს-ს ეს ქმედება პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შერაცხა (ვითომ მხოლოდ კანაფს ეწევა?!). იმიტომ, რომ მას არ ესმის (ჯობია, ციტატა მოვიშველიო): „რატომ უნდა ვხარჯავდეთ ჩვენ, გადასახადის გადამხდელები ფულს იმაში, რომ ქართული პოლიცია დაკავებული იყოს იმით, რითიც დაკავებულია. რატომ უნდა დასდევდნენ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ან მარიხუანის კულტივაციისთვის, ჩემთვის სრულიად გაუგებარია (ცხადია, კარგი პოლიციელი შემკეთებელი პოლიციელია).“
იმ მარტივი მიზეზით, რომ მე არ ვიცი, სახელდობრ, რომელ ნარკოტიკს ეძალება ბ-ნი ჯაფარიძე, მიჭირს, ვიმსჯელო, თუ რა შეიძლება, ხდებოდეს მისი ტვინის უჯრედებში, თუმცა, როდესაც ამბობს: „მე საერთოდ არ მესმის, რისთვის არის საჭირო ეს მასკარადი და შოუ?!“, პასუხი მარტივია: სადაც მასხარაა, იქვეა მასკარადიც. –