ცემა-ტყეპა დიდად შესარგი?! #3
ანუ შემოელახა…
სანამ ჩვენ იმას ვდარდობთ, რომ რუსულმა სამხედრო მანქანამ, რაკი პოლიგონი უნდა მოეწყო, ამ ჩვენს ოკუპირებულ აფხაზეთში ეკლესია და სასაფლაო დაანგრია, თვით რფ-ის „დუმა“ კანონპროექტზე მუშაობს, რის მიხედვითაც, დანაშაულის სტატუსი უნდა მოეხსნას ახლო ურთიერთობაში მყოფი ადამიანების მიერ ერთმანეთის ცემა-ტყეპას.
ჯერჯერობით ამგვარ ქმედებას ადმინისტრაციული სასჯელი უნდა შეეფარდოს. სახელდობრ, ნათესაურ კავშირში მყოფი პირის ცემის გამო, თუ ამას მოჰყვა შედეგი (სავარაუოდ, თუ არ შემოაკვდა), 360 საათს მოუწევს მუშაობა მოძალადეს.
თუმცა განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ განმეორების შემთხვევაში, უკვე სისხლის სამართლის კოდექსი ჩაერთვება ამ საქმეში.
რაც მთავარია, ამ კანონპროექტის ავტორებს შორის ქალი დეპუტატებიც არიან.
უფრო მეტიც, მაგალითად, რუსი სენატორი ელენა მიზულინა აცხადებს, რომ მთავარი პრობლემაა არა ძალადობა ოჯახში, არამედ ქალების მხრიდან სითბოსა და პატივისცემის ნაკლებობა მამაკაცებისადმი.
ციტატასაც შემოგაშველებთ: „როდესაც ქალები აწყენინებენ მამაკაცებს ეს გაცილებით უარესია, ვიდრე, როდესაც მამაკაცები აწყენინებენ ქალებს.“
ცხადია, ჩვენი ოკუპანტის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გადასაწყვეტია, რას დაარქმევენ დანაშაულს, თუმცა იბადება საბედისწეროდ რიტორიკული კითხვა: და ამ ფონზე მათ ვინმე დააჯერებს, რომ სხვისი მიწების მიტაცება დანაშაულია?! –