როგორ ცდილობდა მარინა კახიანი, საკუთარი გმირის მსგავსად, შვილის ოჯახის გადარჩენას და შეუწყვიტა თუ არა დაფინანსება ბიძინა ივანიშვილმა მსახიობებს #2
ყველასთვის საყვარელი მსახიობი, მარინა კახიანი კინოშიც და თეატრშიც ძლიერ ქალებს თამაშობს, მაგრამ ცხოვრებაში ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ქალია. რუსთაველის თეატრში ის ბევრ სპექტაკლშია დაკავებული, ახლახან სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ გამოჩნდა და მეგრელი ნატრულის როლით, მთელი საქართველო აალაპარაკა. საკუთარი გმირის მსგავსად, მასაც ერთი შვილი ჰყავს, რომლის ოჯახის გადასარჩენად ცდა არ დაუკლია, მაგრამ ვერაფერს გახდა. როგორია მსახიობის ცხოვრება კადრს მიღმა, სტატიიდან შეიტყობთ.
– ქალბატონო მარინა, ვიდრე მთავარ თემაზე გადავალთ, გკითხავთ, როგორ გაატარეთ ახალი წელი, რაიმე ოჯახური ტრადიცია ხომ არ გაქვთ?
– ბავშვობიდან და გათხოვების შემდეგაც, ახალ წელს სახლში ვხვდები. ბევრი ტრადიცია მაქვს და მიყვარს ეს დღესასწაული. ნაძვის ხეს ყოველთვის 31 დეკემბერს ვდგამ. ამ ტრადიციას არასდროს ვღალატობ. ჩემს ასაკში არც თოვლის ბაბუის სჯერათ, არც ჯადოსნურობის, თუმცა, მგონია, მე ბავშვობაში დავრჩი. ჯადოსნური ღამისაც მჯერა და იმისიც, რომ ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებს მოიტანს.
– სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ როგორ მოხვდით? მაყურებელმა ტრაგიკული როლებით გაგიცნოთ და უეცრად, მეგრელი ნატრულის ამპლუაში ბევრს გაუჭირდა თქვენი მიღება. თავად რას ფიქრობთ საკუთარ გმირზე?
– რეიტინგული სერიალია. აქ, ძირითადად, საქართველოს საუკეთესო მსახიობები თამაშობენ. როცა დამირეკეს და როლი შემომთავაზეს, საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ვუთხარი კიდეც მათ, თუ ეს იქნება ჩვეულებრივი თბილისელი მეგრელი, ჩემთვის ნაკლებად საინტერესო იქნება-მეთქი. ნატრული ის ქალია, რომელიც შორს არ წასულა თავისი კუთხიდან და ეს მომწონს. ხდება ხოლმე, რომ რაღაც სიახლით არ გიღებს საზოგადოება. ერთხელ, მახსოვს, სახასიათო როლი შევასრულე – იტალიელ ქალს ვთამაშობდი. ჩემი მეგობრებისა და თაყვანისმცემლების ნაწილმა ამ როლით ვერაფრით მიმიღო, გულდაწყვეტილები იყვნენ.
– პრობლემა, რომელიც ნატრულის სახით წამოწია წინ სერიალმა, მართლაც აქტუალურია. ხშირად ერევიან დედები შვილების ცხოვრებაში. თავად რას ფიქრობთ, საკუთარი გმირის მსგავსად, თქვენც მარტოხელა დედა ხართ. თქვენი და ვათას ურთიერთობა როგორია ამ მხრივ?
– ჩემი გმირი რა მეთოდებითაც ერევა შვილის ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. მაგრამ, არცერთ დედას არ სიამოვნებს, კატოსავით ამდენი წლით უფროსი, განათხოვარი და ბავშვიანი ქალი მოიყვანოს მისმა შვილმა. ჩვენ, რაც არ უნდა შევინიღბოთ და ვილაპარაკოთ – მერე რა მოხდა, უყვარს, მაინც არცერთი დედისთვის არ არის ეს მისაღები. უხეშად შვილის ცხოვრებაში არასდროს ჩავრეულვარ. ისეთი მომენტებიც იყო, როცა რამდენიმე თავგადასავალი ჰქონდა ვათას და დიდად არ მსიამოვნებდა, მაგრამ მაინც არ ვერეოდი მის პირად ამბებში. როცა მეუღლე გარდამეცვალა, ვათა 12 წლის იყო. ზუსტად იმ ეტაპზე დაკარგა მამა, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მაგრამ, აქტიურ დედობას ყოველთვის ვახერხებდი და დედაჩემიც ძალიან მეხმარებოდა.
– თქვენს შვილს ოჯახი მალე დაენგრა. თავად არ გიცდიათ ჩარევა? ყოფილ რძალთან თუ გაქვთ კონტაქტი? როგორც ვიცი, თქვენი შვილიშვილი დედასთან იზრდება.
– ვათა ცოტა ხანს დადიოდა თავის მომავალ მეუღლესთან, თუმცა მე ყველაფერი ვიცოდი. საბოლოოდ, გაიპარნენ, რაც მოულოდნელი იყო ჩემთვის. სამწუხაროდ, მალე დასცილდნენ ერთმანეთს. თუმცა, ჩემს რძალთან დღემდე ვმეგობრობ და ჩემი შვილიშვილი, როგორც ყველა ბებიას, ძალიან მიყვარს. როცა მათ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა, ვეცადე, ჩემი შვილის ოჯახი გადამერჩინა, მაგრამ საბოლოოდ, ეს მათი გადასაწყვეტი იყო. ბავშვი დედასთან იზრდება. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე კი, ისე ხშირად ვერ ვნახულობ, როგორც მინდა. როცა თავისუფალი ვარ, სულ მასთან გავრბივარ. ძალიან ჰგავს მამას. ვათაც არ არის ცუდი მამა, მაგრამ უკეთესი უნდა იყოს.
– ხშირად აღნიშნავთ, რომ ისე ძლიერ არავინ გყვარებიათ, როგორც გია და მისი დაღუპვის შემდეგ, არც ოჯახი შეგიქმნიათ. თუმცა, დღემდე ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ. თქვენი შვილი როგორ რეაგირებს ამ ყველაფერზე?
– იუმორით უყურებს. დღეს უფრო მეტს ხუმრობს, როცა ბევრად უმცროსი ყმაწვილები გამოხატავენ აღფრთოვანებას, რადგან აღარ ვარ ახალგაზრდა გოგონა. ჩემი თაყვანისმცემლები სხვადასხვანაირად გამოხატავენ ყურადღებას – ყვავილებით, წერილებით, კართან თუ ეზოში დადგომით.
– საკუთარი კარიერისთვის ბევრი რამ დათმეთ წარსულში, თუნდაც ის, რომ იყავით წარმატებული ბალერინა. დღეს ხომ არ ნანობთ თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს?
– როცა თეატრალურში ჩაბარება გადავწყვიტე, რეზო მაღალაშვილი ძალიან გაბრაზდა, რადგან საკმაოდ წარმატებული ბალერინა ვიყავი. ბატონმა რეზომ ბევრი მატირა, მეუბნებოდა, არაფერი გამოგივა, ქართული გარეგნობაც არ გაქვს, რომ კინოში გადაგიღონო. გულში ჩამრჩა მისი ნათქვამი და როგორც კი სწავლა დავამთავრე, ცხვირის ოპერაცია გავიკეთე. ვფიქრობდი, სხვაგვარად კინოში არ გადამიღებენ-მეთქი. ასე გავიქართულე ჩემი „კურნოსა“ ცხვირი. როლისთვის ბევრ დათმობაზე ვარ წამსვლელი. როლისთვის თუ საჭიროა, გავსუქდები კიდეც. ერთხელ თავი გადავიპარსე. ძალიან ბევრ შემოთავაზებულ როლზე ვთქვი უარი, რასაც ვნანობ, მაგრამ ჩემი ბედისწერა, ალბათ, ეს იყო.
– თქვენ მიერ ნათამაშები როლებით აზარტული და ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებთ. სინამდვილეშიც ასეა?
– ხანდახან მეჩვენება, რომ ძალიან სუსტი ვარ. ქალს ყოველთვის სჭირდება ადამიანი, ვინც მისი ძლიერი საყრდენი იქნება. ცხოვრებამ ყველაფერი მასწავლა. მამა გარდამეცვალა, მეუღლეც გარდამეცვალა, ცხოვრების წინაშე დავრჩით მარტო – მე, დედაჩემი და ჩემი პატარა შვილი ყველაზე რთულ, 90-იან წლებში. საბოლოოდ, მაინც ბევრი რამ შევძელი. ძალიან აზარტული ვარ. ჩემი პროფესიაც აზარტზეა აგებული. ერთხელ 500 ლარი წავაგე, მას შემდეგ კაზინოში ხშირად შევსულვარ, მაგრამ აღარ მითამაშია. კარგად იმოქმედა წაგებამ.
– თქვენ შესახებ ბევრი ჭორი დადიოდა, იმასაც ამბობდნენ, საკუთარი ბანკი აქვსო... თავად როგორ რეაგირებდით ამ ყველაფერზე?
– ამბობდნენ, თითქოს ბანკი მქონდა და ძალიან მდიდარი ვიყავი. მეც მიმასწავლონ ეგ ბანკი სად არის (იცინის). ბევრი მტკივნეული ჭორიც იყო. ქალზე ჩვენთან მეტს რას იტყვიან, გარდა იმისა, რომ მეგობარი მამაკაცი ჰყავსო. ზოგჯერ ისეთ ხალხთან ყოფნას მაბრალებდნენ, თვალით არ მყავდა არცერთი ნანახი. თავიდან ვრეაგირებდი და გული მწყდებოდა. ახლა არავისთან ყოფნას არ მაბრალებენ, ეტყობა, ჩემი ასაკი აკავებთ.
– ჭორებს რაც შეეხება, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მსახიობებს დაფინანსება შეგიწყვიტათ, მერე კი ეს ამბავი არ გამართლდა და ყველაფერი გაირკვა. თქვენ რა რეაქცია გქონდათ ამ აჟიოტაჟზე?
– ეს ჭორი ყოველ წელს არის. გადმოდგება ვიღაც ბუა და ნახევარ საქართველოს აშინებს, თითქოს ივანიშვილი ფულს აღარ გვიხდის მსახიობებს. ადრე ასეთ თემებზე საუბარი აკრძალული გვქონდა, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა ბევრი ოჯახი გადაარჩინა. მწერლებს, მსახიობებს, რომელთაც სხვა პროფესია არა გვაქვს, გვერდით დაგვიდგა. თუნდაც რომ შეგვიწყვიტოს დაფინანსება, რა უფლება მაქვს, ვთქვა, ბიძინა ივანიშვილი ფულს რატომ აღარ მაძლევს-მეთქი. ამდენი წელი რომ გვარჩინა, მადლობლები არ უნდა ვიყოთ?!
– და ბოლოს, ძალიან კარგად გამოიყურებით. თქვენი სილამაზის საიდუმლოს არ გაგვიმხელთ?
– მადლობა. უპირველესად, ჩემი გენეტიკის მადლობელი უნდა ვიყო. მეზოთერაპიას ვიტარებ. ბიორევიტალიზაცია გავიკეთე რამდენიმე თვეა. ქალმა არ უნდა თქვას უარი ისეთ საშუალებებზე, რაც გაახალგაზრდავებაში დაეხმარება.