როგორ დანიშნა რუსი ოლიგარქის დედამ ნუცა შანშიაშვილი, მისი თანხმობის გარეშე და რატომ დაუმალა მან ქმარს მილიონერის მიერ ცოლობის შეთავაზება #2
გასული წელი, ნუცა შანშიაშვილისთვის შემოქმედებითად დატვირთული აღმოჩნდა. არც პირად ცხოვრებაში აკლდა სიურპრიზები, რადგან გათხოვილი ქალი, რუსი ოლიგარქის დედამ, ძვირად ღირებული ბეჭდით ისე დანიშნა, მისთვის არც კი უკითხავს თანხმობა. რა მიუტანა მას თოვლის ბაბუამ ახალ წელს ნიუ-იორკში და ვინ სთავაზობს გამომძიებლის თანამდებობას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნუცა შანშიაშვილი: გასულმა წელმა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა და იმედი მაქვს, ახალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება. გარდა იმისა, რომ ჩავწერე ქართულენოვანი სიმღერები, გაიხსნა მამაჩემის „მზის ქანდაკების“ სკულპტურა თბილისში. ასევე, გადამიღეს კომედიაში „შეშლილები“, რომლის რეჟისორიცაა გიორგი ჯაფარიძე და დღე-დღეზე პრემიერას ველი. პლუს, დაიგეგმა ახალი სერიალის გადაღება, სადაც მე და მარინა კახიანი ვთამაშობთ. მე გამომძიებლის როლში ვარ. ასევე, შემომთავაზეს „კარმენის“ როლი და შოთა კალანდაძემ დაგეგმა, გადაიღოს ფილმი ჩემ შესახებ. მართალია, ცუდი წელი არ იყო პირადად ჩემთვის, მაგრამ, მსოფლიოში იმდენი ცუდი რამ მოხდა, მინდოდა, ეს წელი მალე დასრულებულიყო. ყოველ წელს მჯერა, რომ საუკეთესო მოდის და ამიტომ, არ მენანება ძველის გაცილება. ახლახან, გერმანელებისგან მივიღე ძალიან საინტერესო შემოთავაზება. მთხოვეს, დავხატო თბილისის ხედები. სანამ ეს ნახატები გერმანიაში წავა, აუცილებლად თბილისში გამოვფენ.
– გავიგე, ბევრი ინკოგნიტო თაყვანისმცემელი გყავს და ერთ-ერთ მათგანს სიურპრიზს უმზადებ. თუ საიდუმლო არ არის, რას აპირებ?
– დიახ, ბევრი ინკოგნიტო თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ მათგან ერთი ძალიან გამორჩეულია. „ფეისბუქში“ დამიმეგობრა, ფოტო არ უდევს, უფრო სწორად კლოუნის ფოტო აქვს და ასე ინკოგნიტოდ მეგობრობს ჩემთან. ხშირად მწერს არანორმალურ და ულამაზეს ლექსებს. შევპირდი, ამ ლექსებს დავბეჭდავ და წიგნად გამოვუშვებ-მეთქი. ამას აუცილებლად, ამ წელს ავასრულებ.
– მართალია, რომ გათხოვილი ნუცა შანშიაშვილი რუსი ოლიგარქის დედამ ისე დაგნიშნა ძვირად ღირებული ბრილიანტის ბეჭდით, რომ შენი ქმარი აზრზეც არ იყო?
– ამ ისტორიის გახსენებაც არ მინდა. მოკლედ, ეს არანორმალური ისტორიაა. დამნიშნა ქალმა სარძლოდ, გამომიგზავნა ბრიალიანტის ბეჭედი და მერე, ბოდიშები მიხადა. მეც დედა ვარ და მესმის მისი პოზიცია – შვილისთვის ბედნიერება უნდოდა, მაგრამ ცუდად გამოუვიდა. ძალიან კარგი ადამიანია, დიდი ხანია, ვიცნობ მის ოჯახს და შვილს, ვმეგობრობ და უცბად, გადაწყვიტა ჩემი რძლობა. 50-ათასდოლარიანი ბრილიანტის ბეჭედი რომ მომიტანეს და გადმომცეს მისგან საჩუქრად, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს ნიშნობის ბეჭედი იყო.
– საიდან იცი მისი ღირებულება? რატომ არ გაგიკვირდა ასე ძვირად ღირებული საჩუქარი და როცა სადედამთილომ დაგნიშნა, საქმრო სად იყო ამ დროს?
– ბეჭედი ჩემს იუველირ მეგობარს შევაფასებინე, რადგან მივხვდი, ძალიან ძვირფასი იყო. რუსეთიდან რომ ჩამოფრინდა ის ქალბატონი და შეხვედრა დამინიშნა, მაშინ გავიგე, რომ დანიშნული ვიყავი (იცინის). მითხრა, დიდი ხანია, გიცნობ, მომწონხარ და მინდა, ჩემს შვილს ცოლად გაჰყვეო. რომ ვუთხარი, მე გათხოვილი ვარ- მეთქი, გაუკვირდა. მიპასუხა, დიდი ხანი რომ იყავი მარტო საქართველოში, მეგონა, ქმარს გაშორდი და ამიტომაც გამოგიგზანე ბეჭედიო. ბოდიშები მიხადა. კიდევ ვამბობ, ამ ოჯახს დიდი ხანია ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. ეს ქალი, შვილის გარეშე ვერ იმოქმედებდა. ვიცი, მისი ინიციატოვა იყო ეს და უბრალოდ, შეცდომაში შეიყვანეს. მათ იცოდნენ, რომ ქმარს დაშორებული ვიყავი.
– შენმა ქმარმა თუ გაიგო შენი დანიშვნის ამბავი?
– სხვათა შორის, ეს ამბავი ჩემი ქმრისთვის არ მითქვამს. არ მინდოდა, გამემწვავებინა სიტუაცია და ამიტომაც დავუმალე. თემური იცნობს იმ ოჯახს და პატივს სცემს. არ მინდა, მათ შორის უსიამოვნება მოხდეს. კი ავუხსნიდი, რაც მოხდა, დამსჯელი და ბოროტი ქმარი კი არ არის, მაგრამ, უბრალოდ, ვერიდები მისი ნერვების მოშლას, სულ ესაა. ჩემს ცხოვრებაში ხშირად მომხდარა, ადამიანთან ვმეგობრობ და მერე, აღმოჩნდება, რომ მეგობარი კი არა, შეყვარებულია. ამიტომაც, დიდად არ გამკვირვებია ეს ამბავი. მართლა კარგი პიროვნებაა ის, ვინც ბეჭედი მომართვა და უბრალოდ, ჩვენი მეგობრობა როდის გადაიზარდა მისი მხრიდან სიყვარულში, ახლაც არ ვიცი.
– და, სიტუაცია რომ გაირკვა, ბეჭედი დაიტოვე?
– რასაკვირველია, უკან მივეცი. უბრალოდ, ვეღარ დავიტოვებდი ასეთ საჩუქარს. რომ მკითხეთ, რატომ არ გაგიკვირდა ასეთი ძვირად ღირებული საჩუქარიო, გიპასუხებთ – ძალიან ძვირფასი სამკაულები მაყურებლებს მოუხსნიათ და პირდაპირ სცენაზე უსვრიათ, ფეხებში. ამიტომ, არ მიკვირს ძვირფასი საჩუქრები. სხვათა შორის, იმ ქალმაც, ადრე, ძალიან ლამაზი სამკაული მაჩუქა სცენაზე. ფაქტია, გაურკვევლობა მოხდა და დღეს ჩვენ ისევ მეგობრებად ვრჩებით. მოკლედ, ეს ფაქტი, გასულ წელს დავუტოვე და ახალ წელს განსხვავებულად შევხვდი. ძალიან მინდოდა, ახალ წელს საქართველოში შევხვედროდი. დიდი ხანია, ამას ვნატრობ, მაგრამ წელსაც ვერ მოვახერხე.
– მითხარი, ახალ წელს განსხვავებულად შევხვდიო. მაინც რა იყო განსხვავებული?
– ის, რომ პირველად, ოჯახურ ატმოსფეროში შევხვდი ახალ წელს და შობა კი, ჩემი შვილის ნათლიის რესტორან „პასაჟში“, ნიუ-იორკში, სუში-ფართით და ჩალაღაჯებით აღვნიშნეთ. კავკასიურ-ამერიკული გარემო იყო და ვხუმრობ, შობას შუაგულ ამერიკაში, კავკასიურ-იაპონურად შევხვდი-მეთქი (იცინის).
– ვიცი, კარგი ფეხი გაქვს. ამერიკაში მეკვლედ არ გპატიჟებენ? თუ გჯერა, ზოგადად, მეკვლის ინსტიტუტის?
– როგორ არ მჯერა! ბავშვობიდან ჩამინერგეს, რომ ახალ წელს ფეხბედნიერი მეკვლე აუცილებელია. მეზობლებში – სულ მე დავდიოდი მეკვლედ. სხვათა შორის, ძალიან კარგი ფეხი მაქვს და თუ სადმე მივდივარ, ბედნიერება და სიკეთე მიმაქვს. ამერიკაში მეკვლეს არ აქცევენ დიდ ყურადღებას. ეს ტრადიცია არ არის და ამიტომ, არც მე მპატიჟებენ. ადრე, საკუთარი თავის მეკვლე ვიყავი – გავდიოდი და შემოვდიოდი, ახლა კი ჩემი მეკვლე, ჩემი შვილი – ნიკალა იყო. მჯერა, მისი პატარა ფეხები უფრო დიდი წარმატების მომტანი იქნება. თოვლის ბაბუაც მოვიდა და იმდენი საჩუქარი მოგვიტანა – რელსები, მატარებელი და ისეთი ლიანდაგები, ტრასები დაგვიგო, რომ ეს უნდა ნახოთ (იცინის). ყოველი ახალი წელი ჩემთვის გამორჩეულია, ხან სად ვხვდებოდი და ხან სად, სულ სცენაზე. მაგრამ, წელს, ოჯახური ახალი წელი მაინც გამორჩეული იყო. როცა ახალ წელს სცენაზე ვიდექი, რაც არ უნდა ყინვა ყოფილიყო, მაინც ნახევრად შიშველი, მიხდილ-მოხდილი კაბით გამოვდიოდი. არ დამავიწყდება, მაყურებელი „ნორკის შუბებში,” „დუტის” ქურთუკებში გახვეულები, ზურგზე თხილამურებით ისხდნენ და მე სცენაზე ვიდექი, ოქროსფერ, გამჭირვალე კაბაში, წითელ „შპილკებზე“ შემდგარი, ფაქტობრივად, შიშველი და ბედნიერად ვმღეროდი. ეს ხდებოდა, ქედს ქილის მთებში, ამერიკაში. არასდროს დამავიწყდება, როცა ესპანეთიდან ბრაზილიაში წავედი გემით და იქ, მზისა და პალმების ქვეშ შევხვდი ახალ წელს. ეს იყო ყველაზე გამორჩეული და დაუვიწყარი ახალი წელი. ზოგადად, ყოველ ახალ წელს მგონია, ყველაზე საინტერესო სწორედ ამ წელს მელის. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ (იცინის).