როგორ იქცა ანი მიროტაძის „პირადი მცველი“ მის ქმრად და რას გაექცა ახალდაქორწინებული ყოფილი დეპუტატი თბილისიდან #2
ეროვნული ფორუმის წევრმა, ექსდეპუტატმა ანი მიროტაძემ, პოლიტიკიდან აღებული ტაიმაუტი ყველაზე საინტერესოდ დაიწყო – ანი ყოფილ ფეხბურთელზე, დათო შეყილაძეზე დაქორწინდა და ახალ წელს ახალ ოჯახში შეხვდა. ვინ არის ანი მიროტაძის რჩეული და სად გადაიკვეთა მათი ცხოვრება, ამას თავად ანისგან შეიტყობთ. ჩვენ ვულოცავთ მას გათხოვებას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ.
ანი მიროტაძე: ეს ამბავი საკმაოდ მოულოდნელად მოხდა. მე და დათო დაქორწინებას ახალი წლის შემდეგ ვგეგმავდით, მაგრამ დათომ გადაწყვიტა, გადადება აღარ ღირსო და 27 დეკემბერს წავედით ჭიათურაში, სადაც დათოს დედა ცხოვრობს. ასე გამოვიდა, რომ ახალ წელს ახალ ოჯახში შევხვდი. არანაირი ცერემონიალი არ ყოფილა. ამას ამ ეტაპზე „გავექეცით”. თუმცა, ჯვრისწერა, ხელის მოწერა და საქორწინო წვეულება წინ გველის. გვინდა, მათ, ვისაც ჩვენი ერთად ყოფნა გაუხარდა, თავისი სიხარულის გამოხატვის საშუალება მივცეთ. თუმცა, ქორწილის დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, ჯერ არ დაგვიგემავს. ის ნამდვილად ვიცი, რომ მერე, ცოტა ხნით სადმე „გავიპარებით” (იცინის).
– როგორ დაიწყო თქვენი სიყვარული – დეპუტატმა ფეხბურთელი კაცი სად გაიცანი?
– დათო პოლიტიკის წყალობით გავიცანი. საფეხბურთო მოედანზე არ ვყოფილვარ, პოლიტიკურ მოედანზე გამომეცხადა ეს ფეხბურთელი (იცინის). არასდროს მიფიქრია, რომ ცხოვრებას ფეხბურთელს დავუკავშირებდი. თუმცა, არც ის მდომებია, ჩემი მეუღლე პოლიტიკოსი ყოფილიყო. სამსახურს მიღმა, სახლშიც პოლიტიკა მეტისმეტი იქნებოდა. ახლა უკვე მჯერა, რომ არსებობს ბედი. კარგი რამ ყოფილა ეს ბედი, კარგ ბიჭს შემახვედრა (იცინის). ფეხბურთსა და პოლიტიკას ერთი რამ ჰქონია საერთო – ეს აზარტია. მოგებისა და წაგებისთვის ორივე მოედანზე მზად არიან და წაგების შემდეგაც, ბოლომდე იბრძვიან გამარჯვებისთვის. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით ამ ზაფხულს, ივლისში, როცა შტაბი შეიკრიბა და უკვე აქტიურად ჩავერთე საარჩევნო კამპანიაში. ჭიათურა ჩემი მშობლების ქალაქია. შესაბამისად, იქ ბევრ ხალხს ვიცნობ, თუმცა დათოს აქამდე არ ვიცნობდი. ის გამაცნეს, როგორც ჩემი მხარდამჭერი, ჩვენი შტაბის წევრი, რომელიც სულ თან დაგვყვებოდა, ჩემს უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. აღმოჩნდა, რომ დათომ კარგად იზრუნა ყველაფერზე (იცინის).
– როგორც ჩანს, მომავალი მეუღლე საპარლამენტო არჩევნებზე ჭიათურაში თქვენი ამომრჩეველი იყო?
– დიახ, დათო შეყილაძე იყო ჩემი ამომრჩეველი. დარწმუნებული ვარ, დედამისმაც მე მომცა ხმა (იცინის). დათო არა მხოლოდ ჩემი ამომრჩეველი, ჩემი აქტიური მხარდამჭერიც იყო. იმ პერიოდში ჩვენ ისეთ ბრძოლაში ვიყავით ჩართული, არავის ეცალა სიყვარულისთვის. მერე, ისე განვითარდა მოვლენები, დათომ გადაწყვეტილება სამ თვეში მიმაღებინა. სიყვარული ისე შემოგვეპარა არჩევნების ეიფორიაში, ვერცერთი ვერ მივხვდით. არჩევნების ჩავლის შემდეგ, ჩემთვის ბევრი რამ გადაფასდა – აღმოვაჩინე, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ახლობელი, მეგობარი და გულშემატკივარი გგონია, უცებ შეიძლება, გაქრეს. ზოგი პირიქით, ბოლომდე შენ გვერდითაა. როცა ასეთ რთულ ბრძოლაში გაიცნობ ადამიანს, რომელიც დღე და ღამე გვერდით გიდგას, ამას სხვა ფასი აქვს. ასეთი აღმოჩნდა დათო ჩემთვის – რთულმა პერიოდმა უფრო დაგვაახლოვა. ასე გამოვიდა, რომ ამ არჩევენებმა ყველაზე დიდი არჩევანი გამაკეთებინა – ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ვიპოვე (იცინის).
– არჩევნების შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა – იყო რომანტიკული შეხვედრები, პაემნები?
– კი იყო, თან ძალიან ბევრი. დათო ძალიან თამამი აღმოჩნდა. ბევრმა ვერ გაბედა ის, რაც გაბედა დათომ – მამაკაცები ხშირად ერიდებიან აქტიურ, წარმატებულ, ცნობილ ქალთან ურთიერთობას, რასაც დათო არ შეუშინდა. დათო არ დაქორწინებულა პოლიტიკოს, ჟურნალისტ ანი მიროტაძეზე, ის დაქორწინდა ქალზე, რომელიც შეუყვარდა. თუმცა, არ დავმალავ, რომ ბევრი დააფრთხო ჩემმა სტატუსებმა. ამას ვერ ვიტყვი დათოზე. პირიქით, მას მტკიცე და ძლიერი ხასიათი აქვს, რასაც ადამიანებში ძალიან ვაფასებ. დათო კარგი ქმარი აღმოჩნდა – ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანია. ასეთი ხასიათი რომ არ ჰქონოდა, ალბათ, ამ ნაბიჯს ჯერ კიდევ ვერ გადავდგამდი. ყოველთვის მიჭირდა გადაწყვეტილებების მიღება, როცა საქმე პირად ცხოვრებას ეხებოდა. ეს კი ის შემთხვევაა, როდესაც დათომ იყოჩაღა და სხვა არჩევანი არ დამიტოვა – ამ ამბის გადადების უფლება აღარ მომცა (იცინის).
– მოგიწევთ, ფეხბურთელი მეუღლის წყალობით, ფეხბურთშიც კარგად გაერკვეთ.
– რა პრობლემაა?! მე და ფეხბურთი აქამდე შორს ვიყავით, მაგრამ მას იმდენად უყვარს, არ გაგიკვირდეთ, მასთან ერთად საფეხბურთო სტადიონზე რომ მნახოთ (იცინის). დათოს წარსულზე ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ როგორც საფეხბურთო წრეებში ახასიათებენ, მას დიდი გამოცდილება აქვს და არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით – მას ჰქონდა საფეხბურთო კარიერა თურქეთში, აზერბაიჯანში. როგორც ამბობენ, კარგად თამაშობდა და 2 დღის წინ, ისიც გავიგე, რომ ცენტრალური დაცვის პოზიციაზე იყო (იცინის). დღეს დათოს აქვს თავისი საქმე, როგორც ხდება ხოლმე ყოფილი სპორტსმენების ცხოვრებაში. როგორ წარიმართება მისი საქმიანობა, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.
– დროებით უმუშევარ ცოლზე ზრუნვას შეძლებს.
– მე ვრჩები პარტიაში და ვაპირებ აქტიური პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით პოლიტიკაში და იმაზე აქტიურად, ვიდრე ეს 2012 წელს იყო. ჩემი უმუშევრობა მხოლოდ და მხოლოდ დროებითია, ახლა ალბათ, ამაზე კარგ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი, რომ ეს ტაიმაუტი პირადი ცხოვრებისთვის დამეთმო. პატარა არ ვარ, ჩემი გადატვირთული და აქტიური რეჟიმის გამო, პირადი ცხოვრებისთვის აქამდე ვერ მოვიცალე. ისე გამოვიდა, რომ პოლიტიკურმა ტაიმაუტმა კარგი პირადი სიახლე მომიტანა, რაც ძალიან მომწონს. ეს ქალის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. თუმცა, მაქვს ძალიან ბევრი გეგმა და საზოგადოებრივ ასპარეზზეც ვიქნები ძალიან აქტიური. ახლა უკვე მყავს ძალიან ერთგული და გამოცდილი თანამებრძოლი. დათო არა მხოლოდ მეუღლე, კარგი მეგობარი და ერთგული თანამოაზრეა, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მისი თანადგომის იმედი ყოველთვის მექნება, რადგან ყველაზე რთულ ბრძოლაში გამოცდილი ადამიანია.
– ოჯახურ თანაცხოვრებას როგორ ეჩვევი, იყო „გამოცდები” იმერული ხაჭაპურის ცხობაში?
– არა, ასეთი გამოცდა არ ყოფილა. აქეთ გამოვცადე ჩემი ოჯახის წევრები, ხომ იცით, იმერეთში, როგორი მასპინძლობა იციან. ჯერ მაინც სტუმრის როლში ვარ და ყველა ცდილობს, მასიამოვნოს. მე ვერ დავიკვეხნი, რომ კარგი დიასახლისი ვარ, ამისთვის არასდროს მეცალა. მაგრამ, როგორც კარგ იმერულ ოჯახში გაზრდილმა, სამზარეულო ასე თუ ისე, მეც ვიცი. დედაჩემი არაჩვეულებრივი კულინარია და გამორიცხულია, მისმა შვილმა გემრიელობების გაკეთება არ იცოდეს. თუმცა, ამისთვის არასდროს მქონდა დრო. ახლა, ალბათ, ჩემი ცხოვრება შეიცვლება და იქნება ის პერიოდებიც, როცა იმერული ხაჭაპურის ცხობაც მომიწევს (იცინის). დარწმუნებული ვარ, ჩემი სამზარეულოსადმი დამოკიდებულება ჩვენს ოჯახურ თანაცხოვრებას პრობლემებს არ შეუქმნის. მთავარი ოჯახში ხომ სიმშვიდე და სიყვარულია. ძალიან მინდა, სწორედ სიმშვიდე და წინსვლა ვუსურვო ყველა ქართულ ოჯახს. ბედნიერი შობა ახალი წელი მივულოცო საქართველოს, რადგან სწოერდ ბედნიერი და წარმატებული ოჯახები ნიშნავს ქვეყნის სიძლიერეს!