რის გამო თქვა „ცოდნა ფულიას“ გამარჯვებულმა, ლუკა გვაზავამ უარი ლონდონში სამსახურზე #2
23 წლის ლუკა გვაზავა გადაცემა „ცოდნა ფულიას“ კიდევ ერთი გამარჯვებულია, რომელმაც მაყურებელს ძალიან მაღალი დონის თამაში აჩვენა. დაძაბულობამ და ნერვიულობამ თავისი ქნა და მართალია, ლუკამ მეთორმეტე კითხვას სწორად ვერ უპასუხა, მაგრამ არ დანებდა და რისკზე წავიდა. ამან კი გაამართლა და საბოლოოდ, გარანტირებულ თანხასთან ერთად, ავტომობილიც მოიგო. თუმცა, ლუკასთვის ეს შედეგი მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. ჰოლანდიიდან საქართველოში და თან, „ავტოსტოპით“ სწორედ ამ მიზნით დაბრუნდა.
ლუკა გვაზავა: ამ შედეგს ველოდი. შოუში მონაწილეობისთვის ჰოლანდიიდან ჩამოვედი თან, „ავტოსტოპით,“ გამარჯვების იმედი რომ არ მქონოდა, ამას არ გავაკეთებდი. რომ მოვიგებდი, შეიძლება, ეს ზუსტად არა, მაგრამ კარგ შოუს რომ დავდგამდი, ნამდვილად ვიცოდი. მეთორმეტე კითხვაზე ჩემმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია და მაშინ ვიფიქრე, თუ ამ კითხვას ვერ გავცემ პასუხს, აუცილებლად ვითამაშებ მანქანისთვის „ფარით ან ფარზე“. არადა ამ კითხვის სწორ პასუხში 99 პროცენტით ვიყავი დარწმუნებული. თუმცა, რატომღაც, არასწორი ვარიანტი ავირჩიე. ალბათ, ესეც ბედი იყო, რომ შემდეგ ყველაფერი უკეთ დასრულებულიყო. მანქანა უფრო ძვირი ღირს და შეიძლება ითქვას, ძალით გავეცი იმ კითხვას არასწორი პასუხი (იცინის). ამ შოუში მონაწილეობისთვის განაცხადი მარტში შევავსე. მაშინ თბილისში ვიყავი, მაგრამ შემდეგ ევროპაში წავედი. ჰოლანდიაში ვიყავი, როცა „იმედიდან” მომწერეს, რომ საქართველოში არყოფნის გამო, ჩემს განაცხადს აუქმებდნენ. გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი და ტელევიზიას ჩაწერის რამდენიმე დღით გადადება ვთხოვე. ბილეთები ძალიან ძვირი ღირდა, დროშიც ვერ ვეტეოდი და ამიტომ, „ავტოსტოპით“ წამოვედი.
– როგორც ჩანს, თავგადასავლებისა და რისკის მოყვარული ხარ.
– ასეა. აქ რომ მოვდიოდი, გზაში მძღოლებს ვეუბნებოდი, რომ გადაცემა „ცოდნა ფულიაში“ უნდა მიმეღო მონაწილეობა. ისინიც კითხვებს მისვამდნენ და ვრეპეტიციობდი (იცინის). „ავტოსტოპს” ერთხელ თურქეთში მივმართე, როცა საფეხბურთო მატჩზე ვიყავი და ასე მგზავრობა ნამდვილად უკავშირდება რისკს. მაშინ ჩემი საყვარელი გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედი“ თამაშობდა ადგილობრივ გუნდთან. თამაში წუთი-წუთზე იწყებოდა და ერთმა კაცმა შემოგვთავაზა – მოედნამდე მე წაგიყვანთო. ხუთნი ვიყავით, ვენდეთ და წავყევით. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი გუნდის გულშემატკივარი იყო, რომელმაც ჩვენი გატაცება და ცემა გადაწყვიტა. მოედანს რომ გასცდა, უკვე დავრწმუნდით, რომ საქმე რიგზე ვერ იყო. ბედად უკან პოლიციის მანქანა დავინახეთ. მაშინვე მიმავალი მანქანის კარი გავაღეთ და პოლიცია მიხვდა, რომ პრობლემა გვქონდა. გამოგვეკიდნენ და დაგვიხსნეს. ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც მივედით თამაშზე. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ცოტა არეული სიტუაციაა, არაერთი ტერაქტი მოხდა და რამდენიმე ადგილას შორიახლოს ჩავუარე მსგავს ფაქტებს. ამიტომ, ახლა ვცდილობ, მეტი სიფრთხილე გამოვიჩინო. შოუში მონაწილეობისთვის ჰოლანდიიდან რომ ვბრუნდებოდი, „ავტოსტოპით” თურქეთამდე მოვედი და იქიდან უკვე გამოვფრინდი. „ავტოსტოპი” აღარ გავრისკე.
– შოუმდე და შოუს შემდეგ რა არის შენი საქმე, რით ხარ დაკავებული?
– „ცოდნა ფულიამდე“ და ახლაც, ერთსა და იმავე სფეროში ვარ, მაგრამ ახლა ჩემით დაინტერესება და შემოთავაზებები გაცილებით გაიზარდა. მომხმარებელი მოემატა ჩემს გვერდს – „დრო მიდის, კადრები რჩება“, რომელიც 2013 წელს შეიქმნა და თამამად ვიტყვი, ერთ-ერთი საუკეთესო გვერდია საქართველოში. ორმოცი ადამიანი ყოველდღიურად ვაწვდით ახალ საინტერესო ინფორმაციას ჩვენს მომხმარებელს და ახლახან წიგნიც გამოვუშვით ამ სახელწოდებით. მასშიც ასი საუკეთესო ფოტოისტორიაა შესული. სტატიის ქვეშ ადამიანს შეუძლია, საკუთარი მინაწერი დატოვოს, ანუ თავად გახდეს ამ წიგნის თანაავტორი. პარალელურად, ვმუშაობ „ინსფირეიშენ მარკეტინგში“. ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს სრულ მარკეტინგს, ანუ რეკლამებს. უკვე მესამე წელია, აგრარული უნივერსიტეტის მესამე კურსზე ვსწავლობ, კვების პროდუქტების ტექნოლოგიაზე. უნივერსიტეტი დიდად არასდროს მიზიდავდა და არც დამთავრება მიმაჩნდა აუცილებლად. თან, ისეთ რამეებს წავაწყდი სწავლის პერიოდში, რომ გული კიდევ უფრო მეტად ამიცრუვდა. თუმცა, ბოლო პერიოდში მივხვდი, რომ რაღაც-რაღაცეებში დიპლომი მჭირდება. მართალია, მინდა, ყველაფერი დიპლომის გარეშე გავაკეთო, მაგრამ თუ აუცილებლობა მოითხოვს, ამ პრინციპს არ გადავაყოლებ მნიშვნელოვან მოვლენებს და ალბათ, ბოლოს და ბოლოს ავიღებ დიპლომს.
– თუ არა უნივერსიტეტი, რა არის შენი განათლების წყარო?
– ძალიან მაგარ „დემირელის კოლეჯში“ ვსწავლობდი. ცხოვრებაში თუ რამე მიზანს მივაღწიე, ამ სკოლის დამსახურაბად მიმაჩნია. იქ ყველაფერს სხვანაირად გვასწავლიდნენ და ცხოვრებისთვის გვამზადებდნენ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გამარჯვება უნივერსიტეტის დამსახურება ნამდვილად არაა (იცინის). საერთოდ, შევცდი, ეს სპეციალობა რომ ავირჩიე. რეკლამირების სფეროში კი ჩემი გვერდის საშუალებით აღმოვჩნდი. ჩემივე გუნდით, რომელიც ჩემი თანაკლასელის, მეგობრისა და ძმისგან შედგება.
– შენი „ფეისბუქპოსტი“ წავიკითხე. წერდი, რომ ლონდონში, რომელიც შენი ოცნების ქალაქია, სამსახური შემოგთავაზეს, მაგრამ უარი თქვი.
– ლონდონზე ხუთი წლიდან ვოცნებობ. ყოველთვის მინდოდა იქ წასვლა. ჰოლანდიაში ყოფნისას გადავწყვიტე, ევროპაში დამეწყო მუშაობა და ნაცნობების დახმარებით, რამდენიმე სამსახური ვიშოვე, მათ შორის, ერთ-ერთი ლონდონში. თავიდან ბიურიკრატიული პრობლემები იყო, მაგრამ მერე, ყველაფერი მოგვარდა და ჩემი გვერდის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მითხრა, რომ სასტუმროში, დირექტორის მენეჯერის პოზიციაზე დავიწყებდი მუშაობას. იქვე ვიცხოვრებდი და ნორმალური ხელფასიც მექნებოდა. აქ „ცოდნა ფულიასთვის“ რომ ჩამოვედი, ვიზის ამბებიც უნდა მომეგვარებინა. ყველაფერი აეწყო, მაგრამ რატომღაც წასვლა არ მინდოდა, თუმცა ვერ ვხვდებოდი, რატომ. ერთი მეგობარი მყავს, წინასწარმატყველური ნიჭით გამოირჩევა და მანაც მითხრა, ნუ წახვალო. მართლაც, არ წავედი. დიდი ხნის განმავლობაში თბილისშიც ბევრ კარგ სამსახურს მთავაზობდნენ, მაგრამ ამაზეც უარს ვამბობდი, თითქოს რაღაცას ველოდი. მართლაც, როგორც უკვე გითხარით, ჯერ „ინსფირეიშენ მარკეტინგში“ დავიწყე მუშაობა და ახლახან ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ შემომთავაზა პროექტ „ეკვილიბრიუმში“ ჩართვა. ნამდვილად ღირდა ამისთვის რაღაცეებზე უარის თქმა.
– მინდა, ბავშვობაც გაიხსენო. რადგან ინტელექტუალურ შოუში გაიმარჯვე, ალბათ, ერთგვარი სტერეოტიპული შეხედულება გაუჩნდა მაყურებელს, რომ ძალიან ბეჯითი და სწავლით გამორჩეული ბავშვი იქნებოდი.
– არა, ბეჯითი არ ვყოფილვარ, 16-17 წლამდე, მგონი, არც არაფერი წამიკითხავს. სკოლაშიც ისეთი სისტემა გვქონდა, სახლში ბევრი მეცადინეობა აღარ გვჭირდებოდა. იქ ისე გვიხსნიდნენ, უკვე ვიცოდით. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, გაკვეთლებზე ვხუმრობდი და ვმაიმუნობდი და რაღაც დონეზე ვსწავლობდი კიდეც.
– მითხარი, წინასწარმეტყველური ნიჭით დაჯილდოებული მეგობარი მყავსო. ამ შოუში მონაწილეობა მან ხომ არ გირჩია?
– მან იცოდა, რისთვისაც მოვდიოდი ჰოლანდიიდან. თურქეთიდან გამოსაფრენი ფულიც მან მომცა და ჩამოსვლის ორგანიზებაშიც ის დამეხმარა. რომ მოვიგე, მითხრა: ვიცოდი, ასე რომ მოხდებოდაო.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება? დაქორწინებული, ალბათ, არ ხარ.
– დაქორწინებული არ ვარ და ამ მომენტში, როცა სხვა მხრივ არის ჩემი ინტერესები მიმართული, ამ საკითხზე საერთოდ არ ვფიქრობ. ეს ის სფეროა, რომელშიც ჩამოუყალიბებელი ვარ და რაზეც ჩამოუყალიბებელი ვარ, იმაზე ლაპარაკი არ მიყვარს. ამ თამაშში მონაწილეობით მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ ყველაფერი უნივერსიტეტი არ არის და განათლება ჩარჩოებში არ არის მოქცეული. რაც გინდა და გიყვარს, ის უნდა ისწავლო. როცა რამე მინდა, უარის თქმა და უკან დახევა არ მჩვევია. ახლახან, როცა ჩემი წიგნი გამოვიდა „ბიბისის” და „სიენენსაც“ მივწერე, რომ გაეშუქებინათ. მართალია, ეს ამბავი არ გამოვიდა, მაგრამ საერთოდ, მჯერა, რომ ასეთი რაღაცეები ხდება და თუ რამე გინდა, უკან არ უნდა დაიხიო. როცა რამეს ვაკეთებ, არასდროს ვფიქრობ, რომ არ გამომივა. შეიძლება, ვიფიქრო, რომ არ მინდა. 17 წლის ვიყავი, თურქეთში ინგლისის ფეხბურთის საყურებლად რომ წავედი. ერთი თვე ვიმუშავე, ფული რომ მომეგროვებინა. რთულად დასაჯერებელი ჩანდა, მაგრამ ჩავედი. თამაშის მიმდინარეობისას მოედნის დირექტორთანაც მოვითხოვე შეხვედრა და შევხვდი კიდეც, რომ ინგლისის ნაკრების სექტორში შევეყვანე. როცა საქართველოში ჩემი საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ იყო ჩამოსული, მასთან შესახვედრად „ვიპ პერსონები“ იყვნენ მიწვეულები. როგორც კი გავიგე, რომ ჩამოვიდა, გავიქეცი და შეპარვას რომ ვაპირებდი, უცებ ბილეთიც ვიშოვე (იცინის). შევედი, ფოტოც გადავიღე და გავესაუბრე კიდეც. ცნობილი ადამიანების გაცნობა მიყვარს. პარიზში, ქუჩაში ბრედლი კუპერი და ირინა შეიკიც კი გავიცანი. შემთხვევით დავინახე, ვერ ვიცანი. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ისინი შეიძლებოდა, ყოფილიყვნენ. მეგობარს ვაჩვენე, რა კარგი წყვილია-მეთქი და მან მითხრა, ვინც იყვნენ (იცინის). გავიცანი და ფოტოს გადაღებაც ვთხოვე, მაგრამ უარი მითხრეს, რადგან მაშინ ახალი დაწყებული ჰქონდათ ურთიერთობა და ჯერ კიდევ არ ასაჯაროებდნენ ამ ამბავს.