რატომ უყურებს სამი თვალით სამყაროს ვახო ბიჭიკაშვილი და რის გამო ხდებოდა ის საკუთარი დის მკვლელი #2
„კომედი შოუსა“ და „კომედი არხის“ მსახიობ ვახო ბიჭიკაშვილს, საზოგადოება კარგად იცნობს და მის მიერ განსახიერებულ იუმორისტულ პერსონაჟებზე, კარგადაც ხალისობს. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მისი და, ნატაც საკმაოდ კარგი მსახიობია და არაერთი სახასიათო როლი აქვს შესრულებული დიდ სცენაზე. და-ძმა საოცრად ჰგავს ერთმანეთს, როგორც ნიჭით, ასევე გარეგნობით. ხოლო, თუ რატომ აგდებდა ვახო ნატას აივნიდან, რის გამო აქვთ მათ ერთნაირი ტატუები და რატომ არ ეკონტაქტებიან ხშირად ერთმანეთს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ვახო: ჩემსა და ნატას შორის, ოთხი წელია სხვაობა. კარგად მახსოვს მისი დაბადება. დედმამიშვილები, იღბლიანები გამოვდექით – ვართ ჯანმრთელები, გარშემომყოფებს ვუყვარვართ, არ ვართ ერთმანეთის მიმართ შურიანები და არ ვფიქრობთ, ოჯახის ქონების გაყოფაზე. ნატა ჩემი საჩუქარია, რომელიც ღმერთმა გამომიგზავნა და მისი იმედი სულ მაქვს. მიხარია, რომ ერთი ჩემნაირი ადამიანი კიდევ არსებობს დედამიწის ზურგზე, მაგრამ სხვა სქესის (იცინის). ამის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ვაღიარებ, ძალიან ცუდი ძმა ვარ, ხშირად ვერ ვნახულობ. მეც საქმეები მაქვს, ამასაც და შეიძლება, ისე გავიდეს თვე, არც კი დავურეკოთ ერთმანეთს.
ნატა: ვახოს კანფეტს რომ მისცემდნენ, გახსნიდა და ისე შეჭამდა, უკან არ მოიხედავდა, მე კიდევ, შუაზე ვტეხდი და ამას ვუყოფდი (იცინის). მაგრამ, ამას ვერავის შევადარებ, მნიშვნელოვანი ადამიანი და ჩემი ცხოვრების მთავარი მამაკაცია!
– და-ძმა საოცრად ჰგავხართ ერთმანეთს...
ვახო: გარდა ფიზიკური მსგავსებისა, მე და ნატამ ერთი პროფესია ავირჩიეთ და ამაშიც ერთმანეთს ვგავართ. თუმცა, არ მინდოდა, ისიც მსახიობი ყოფილიყო და ახლაც, ვერ გადამიტანია ის სტრესი, მაშინ რომ მივიღე, როცა მსახიობობა გადაწყვიტა (იცინის). არ მინდოდა ნატას მსახიობობა, რადგან ვიცი, როგორი რთული პროფესიაა, მაგრამ არ დამიჯერა. გავებუტე კიდეც და ხმას არ ვცემდი, მაგრამ ახლა, მეუბნებიან, საკმაოდ კარგი მსახიობიაო. მინდოდა უცხოეთში წასულიყო, იქ ესწავლა, მაგრამ თავად არ მოინდომა.
ნატა: ვახო ძალიან მეგობრული და თბილი ადამიანია, მით უმეტეს, ჩემთვის, მაგრამ, არცერთ ჩემს სპექტაკლს არ დასწრებია. სულ იმას გაიძახის, არ მცალიაო.
ვახო: აი, ახლა გპირდები, რომ აუცილებლად მოვალ და ვნახავ. რა ვქნა, სულ გადარბენა და ჩაწერები მაქვს და ვეღარ მოვახერხე შენი სცენაზე ნახვა.
ნატა: გარდა პროფესიისა და ფიზიკური მსგავსებისა, მე და ვახო სიჯიუტითაც ვგავართ ერთმანეთს და ერთნაირი ტატუები გვაქვს გაკეთებული – თვითმფრინავები.
ვახო: მე ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ამიტომ გავიკეთე თვითმფრინავის ტატუ მაჯაზე, ნატამ კი, ალბათ, იმიტომ, რომ ოცნებებში დაფრინავს (იცინის). ბოლოს, „მესამე თვალი“ ამოვისვირინგე და სხვა განზომილებაში გადავედი, ანუ სამი თვალით ვუყურებ სამყაროს (იცინის).
ნატა: სხვათა შორის, ყოველთვის ყიდულობს ჩემთვის ვახო საჩუქრებს, როცა უცხოეთშია და იცის, რა გამიხარდება. ჩემი სპონსორიც ხომ ხარ?
ვახო: კი, სპონსორი ვარ, მაგრამ შენ ხარ ძალიან მოკრძალებული მთხოვნელი და (იცინის).
– ვახო, მართალია, რომ ნატა სასიკვდილოდ გაიმეტე და აივნიდან აგდებდი? ასეთი რა დააშავა?
– ეჭვიანი ბავშვი არ ვიყავი, თუმცა, გაწამებული მყავდა. ხშირად ვასეირნებდი ეზოში და ვართობდი, მაგრამ ბიჭები რომ ვთამაშობდით, ამასაც უნდოდა ჩვენთან ერთად და იქ „ვჭედავდი“ (იცინის). 7 წლის ბავშვი კინაღამ ციხეში მოვხვდი ამის გამო (იცინის). ახლა ვხუმრობ, თორემ, რომ გავიაზრებ, რა შეიძლებოდა ჩემს ბავშვურ სისულელეს მოჰყოლოდა, ტანში მზარავს. მოკლედ, მეოთხე სართულზე ვცხოვრობდით და სტუმრად იყო ჩემი ტოლი მეგობარი ბიჭი. ავაშენეთ კარავი და ბიჭები ჩვენთვის ვთამაშობდით. ნატა არ მოგვეშვა, გინდა თუ არა მეც შემომიშვით კარავშიო. ვერა და ვერ მოვიცილეთ და მოვიფიქრე – მოდი, შევაშინებ-მეთქი. მოვკიდეთ ხელი და მეოთხე სართულის აივანზე, თოკებზე გადავკიდეთ.
ნატა: არ დამავიწყდება, ამიყვანეს ხელში და სარეცხის თოკებზე დამკიდეს. ისე შემეშინდა, სიკვდილს თვალებში ჩავხედე. დიდი რისკი იყო ჩავვარდნილიყავი და ვახოს დედმამიშვილის ცოდვა დაედო კისერზე. ისტერიკულად ვყვიროდი, ესენი კიდევ, იცინოდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, ჩამომხსნეს თოკიდან.
ვახო: დიდი შანსი იყო, თოკს ვერ გაეძლო, ჩამწყდარიყო და ფატალური შედეგით დასრულებულიყო ჩემი ცელქობა. ღმერთმა გადამარჩინა. სხვათა შორის, ნატა ბიჭურად იზრდებოდა. ბიჭები ფეხბურთს რომ ვთამაშობდით, ხან კარებში იდგა და ხან თავდასხმაში იყო. არ ვინდობდით იმის გამო, რომ გოგო იყო და გამეტებით ვუმიზნებდით ბურთს (იცინის).
ნატა: მარტო ვახო კი არა, მისი მეგობრებიც მაწვალებდნენ, სულ მატირებდნენ. ერთხელ რაჭაში ვისვენებდით. ღამით, ვახო შემოვიდა და სიბნელეში, შემაშინა „შავი ხელით“. ისე შემეშინდა, წამოვხტი და ტყეში დავრბოდი, მიშველეთ-მეთქი (იცინის).
ვახო: უი, ეს ისტორია აღარც კი მახსოვდა (იცინის). სამაგიეროდ, ყველა მაქებდა – რა კარგი ბიჭია ვახო, თავის პატარა დას როგორ ასეირნებსო. სულ ხელჩაკიდებული დამყავდი.
ნატა: ვახოს მიმართ იმპულსური გრძნობები მაქვს. იღბლით ვართ დაკავშირებულები და ყოველთვის ვხვდები, როდის უჭირს. შეიძლება, საათში ერთხელ არ დავურეკო და არ მოვიკითხო, მაგრამ შინაგანად ვიგრძნო, რომ რაღაც უჭირს და ზუსტად იმ მომენტში დავეკონტაქტო.
ვახო: მსგავსი რაღაცეები მეც მჭირს. ვფიქრობ, მე და ნატა ერთმანეთთან ფარული ძაფებით ვართ დაკავშირებული და ყოველთვის შევიგრძნობთ ერთმანეთის ტკივილს და განცდას.
– ნატა, ძმები დების მიმართ სასიყვარულო ამბებში მკაცრები არიან. ამ მხრივ როგორია ვახო?
ნატა: ვახო არ არის მკაცრი ძმა. არც მოკლეს ჩაცმა დაუშლია და არც თმის ვარცხნილობა. რაც შეეხება სასიყვარულო ამბებს, ჯერ სერიოზულად არავინ მყვარებია და ამიტომ, არ ვიცი, რა რეაქცია ექნება ვახოს ჩემს რჩეულზე.
ვახო: მთავარია, ნატას მოსწონდეს და უყვარდეს და მე არ ვიქნები მკაცრი. დარწმუნებული ვარ, ჩემი და გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს პირად ცხოვრებაში. მე, ვენდობი.
ნატა: არასდროს ვაკეთებ იმის აფიშირებას, რომ ვახო ბიჭიკაშვილის და ვარ. ხშირად, გამიგია, ვახოზე რომ ლაპარაკობენ უცხო ადამიანები და მე მეცინება. ერთხელ, ტრანსპორტში, ჩემს უკან ქალები საუბრობდნენ: გუშინ, „კომედი შოუს“ ვუყურე და ეს ვახო ბიჭიკაშვილი, რა მაგარი ტიპიაო. გამეღიმა და თავი მაღლა ავწიე (იცინის).
ვახო: თუ ცუდს იტყვიან ჩემზე, ქართლელი კი ხარ და არ მოგერიდოს, „ქართლურები“ გაუშვი, კარგად კი გამოგდის (იცინის).
ნატა: ზოგადად, ქართლელები მძიმე ხასიათის ხალხია, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ასე არ არის (იცინის). თუმცა, ვახო ხანდახან ისეთია, ვერ დაეკონტაქტები. უბრალოდ, ასეთ დროს, არ უნდა დაელაპარაკო და მოერიდო.
ვახო: ქართლელები მძიმე კი არა, პირდაპირი და მკვახე ხალხი ვართ. ამიტომ, როცა დაღლილი ხასიათზე ვერ ვარ, ანუ მკვახეთ ვარ, უნდა მომერიდოთ (იცინის). მე ჩემებური, ქართლური დიპლომატია მაქვს და როცა საჭიროა, მაშინ ვიყენებ.