რა სირთულეებს უქმნის კანს ზამთრის სიცივე და რომელი საკვები გვეხმარება ამ პრობლემის დაძლევაში #2
კანი სხეულის მეტად სათუთი და მგრძნობიარე საფარველია. მას წელიწადის ნებისმიერ დროს სჭირდება სწორი მოვლა. თუმცა, ზამთარში კანს განსხვავებული მოვლა ესაჭიროება, რომ თავიდან ავიცილოთ გამოშრობა და ჯანმრთელი იერიც შევინარჩუნოთ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, კანი ზამთარში უფრო სწრაფად ბერდება. ამიტომ, მას განსაკუთრებული მოვლა სწორედ ამ სეზონზე სჭირდება. რომელი პათოლოგიები მწვავდება უმთავრესად წლის ცივ პერიოდში, რას უნდა მივაქციოთ ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება და როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელი სახისა და ხელის ნიღბები, ამ თემებზე ექიმი-დერმატოლოგი, ქალბატონი ქეთევან ბერიანიძე გვესაუბრება:
– კანის რომელი პათოლოგიები მწვავდება ზამთარში, რა გამოვლინებები ახასიათებს მას და ზოგადად, კანის რა პრობლემას იწვევს სიცივე და ყინვა?
– კანი ორგანიზმის გარეგანი საფარია და ის მეტად სათუთი, მგრძნობიარე ორგანოა. მას წელიწადის ნებისმიერ დროს სჭირდება სწორი მოვლა. თუმცა, კანი, სიცივისადმი უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე სითბოსადმი. ამიტომ, ზამთარში უფრო გულმოდგინედ სჭიდება მოვლა. კანზე უარყოფითად მოქმედებს ხშირი კლიმატური ცვლილებები, კერძოდ: ქარი, ყინვა, სახლში დამონტაჟებული გამათბობელი საშუალებები. რაც შემდგომში გამოვლინდება კანის სიმშრალით, აქერცვლით, გაუხეშებითა და ტენიანობის დაქვეითებით. ზამთარში აქტიურდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა ჰერნიო ანუ მოყინვა, მეტეოროლოგიური ქეილიტი ანუ ტუჩის წითელი კუნთის ანთება, ჰერპესი. ჰერნიო ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ვითარდება კანზე დაბალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედებით. ის ხშირია ხელებზე, ფეხებზე, თეძოებზე, ყურებსა და იშვიათად ცხვირზე. კანი ამ დროს შეწითლებულია და შეშუპებული. თან, ერთვის წვა და ქავილის შეგრძნება. მეტეოროლოგიური ქეილიტი კი ტუჩების ანთებაა, რომელიც ასევე, გამოწვეულია ყინვის, ქარისა და დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით. დაავადება გამოიხატება ტუჩების შეშუპებით, გამოშრობით, აქერცვლით და ნაპრალების განვითრებით. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, ყოველდღიურად, სახლიდან გასვლის წინ, გამოიყენოთ ჰიგიენური ტუჩის საცხი. მარტივი ჰერპესი კი ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ჰერპესვირუსი იწვევს. ის გამოვლინდება კანისა და ლორწოვანზე წვრილი ბუშტუკოვანი გამონაყარით, რასაც თან ახლავს ტკივილის, წვისა და ქავილის შეგრძნება. ზამთრის პერიოდში დაქვეითებულია იმუნური სისტემა და ეს გვევლინება ამ დაავადების მაპროვოცირებელ ფაქტორად. მისი მკურნალობა ხდება ანტივირუსული თერაპიით.
– როგორ მოვუაროთ კანს ზამთრის სუსხიან დღეებში და ამ მხრივ, რომელ საკვებს მივანიჭოთ უპირატესობა?
– აუცილებელია, ყოველდღიურად იხმაროთ მცენარეულ და ცხიმოვან ფუძეზე შექმნილი, მსუყე ტექსტურის კრემები, რომელიც მდიდარია A, E, C ვიტამინებით. ასევე, სიფრთხილით შეარჩიეთ გამწმენდი და დასაბანი საშუალებები. სასურველია, არ შეიცავდეს დიდი ოდენობით სპირტსა და ამქერცლავ საშუალებებს. სახისა და ხელების ხშირი და აქტიური დაბანა ზამთარში საპნით, ხელს უწყობს ბუნებრივი ცხიმოვანი საფარველის მოცილებას, რომელიც ამ პერიოდში დამცველობით ფუნქციას ასრულებს. ზოგადად, კანის სიჯანსაღეს განაპირობებს რეგულარული ფიზიკური აქტივობა, სრულყოფილი ძილი და სრულფასოვანი საკვები. საკვებიდან მინდა, აღვნიშნო ზღვის პროდუქტები, რომლებიც გაჯერებულია ნატურალური ომეგა 3-ით. C ვიტამინის შემცველი პროდუქტი კი ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს. ის უხვადაა ციტრუსოვან კულტურებში. F ვიტამინის შემცველი პროდუქტებია: ნუში, კაკალი, შავი მოცხარი, კვერცხი, ასევე, წითელი და მწვანე ბოსტნეული. B ვიტამინს კი დიდი რაოდენობით შეიცავს წიწიბურა. ამასთან ერთად, არ უნდა დაივიწყოთ წყალი და დღეში 8-10 ჭიქა დალიოთ.
– ზამთრის პერიოდში, საკმაოდ ხშირია ავიტამინოზი. რა გავაკეთოთ, რომ მისგან დავიცვათ თავი?
– ავიტამინოზი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ორგანიზმში ერთი ან რამდენიმე ვიტამინის დეფიციტია, რაც გამოწვეულია არასრულფასოვანი საკვებით ან რაიმე დანამატებითი ფაქტორებით. კერძოდ, A ვიტამინის ნაკლებობა კანზე გამოიხატება სეზონურად, შემოდგომა-ზამთარში. ხოლო, მისი გამოვლინებაა კანის სიმშრალე, აქერცვლა, ნაოჭების ფორმირება, პიგმენტური ლაქების გაჩენა.
– როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში ნელსაცხებლები, რომ სიცივემ და ყინვამ პრობლემები არ შეგვიქმნას?
– ნებისმიერი კანის ტიპს ზამთრის პერიოდში სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. ეს გულისხმობს გაწმენდას, კებასა და დაცვას. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კრემის შერჩევას. ის უნდა იყოს ცხიმიანი, შეიცავდეს ჟოჟობას, ყურძნის წიპწის, ავოკადოს ან ნუშის ზეთებს, ასევე A, C, E ვიტამინებს და ჰიალუსიონის მჟავას. კრემი ყოველთვის უნდა გამოიყენოთ სახლიდან გასვლამდე 30 წუთით ადრე. დამატენიანებელი კრემები ზამთრის პერიოდში არ არის რეკომენდებული, რადგან გარეთ არსებული ნულოვანი ტემპერატურა გამოიწვევს კანზე კრემის გაყინვას. კანის დატენიანება შესაძლებელია ნიღბებით – კვირაში ორჯერ და წყლის ბალანსის შევსებით. ახლა კი შემოგთავაზებთ სახის ნიღბებს, რომელსაც სახლის პირობებში მარტივად მოამზადებთ. 2 სადილის კოვზ ბანანის პიურეს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი ან ნაღები და კოვზით გადაისვით სახეზე. გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. ანდა, 1 სადილის კოვზ შვრიის ფანტელს დაუმატეთ 2 სადილის კოვზი რძე, 2 წვეთი A ვიტამინი, 1 ან 2 წვეთი ლიმონის წვენი და ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი. წაისვით გასუფთავებულ კანზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ და გადაისვით მკვებავი კრემი. ასევე, 1 ჩაის კოვზ ლიმონის წვენს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ცხიმიანი მკვებავი, ნახევარი ჩაის კოვზი არაჟანი, წაისვით და გაიჩერეთ 15-20 წუთით.
– რაც შეეხება პრობლემურ ხელის კანს?
– ამ შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ხელის კანისთვის აუცილებელ ნიღბებს. რადგან ხელებს ყველაზე მეტად ეტყობა ასაკი, გთავაზობთ ნიღბებს, რაც დაიცავს კიდეც მათ სუსხიან დღეებში და თან კანს გააახალგაზრდავებს. 2 ჩაის კოვზ გვირილის ნაყენს დაამატეთ 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. მოათავსეთ ხელები ამ ნარევში 15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ, წაისვით მკვებავი კრემი და ჩაიცვით ბამბის ხელთათმანი. ასევე, რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი და ნუშის ზეთი შეურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ მცირე რაოდენობით ლიმონის წვენი და წყალი. ეს ნიღაბი დაგეხმარებათ, ხელის კანის დარბილებასა და პიგმენტური ლაქების გაღიავებაში.