როგორ ისწავლა დიდ ტკივილთან ერთად ცხოვრება ელენე ფოჩხუამ #2
მომღერალი ელენე ფოჩხუა გაზაფხულზე მეორე შვილის, პატარა ბიჭის დედა გახდება. მისი უფროსი შვილი, ლიზი, 7 წლისაა და ის განსაკუთრებულად ელოდება პატარა ძამიკოს დაბადებას.
ელენე ფოჩხუა: ყველა მეკითხებოდა: მეორე არ გყავს? მეორე რატომ არა? რა თქმა უნდა, ჩვენც გვინდოდა, მაგრამ ბავშვი პატარა იყო, ჩვენ ვმუშაობდით და ასე გავიდა დრო. ლიზისაც ძალიან უნდოდა ძმა. სექტემბერში სკოლაში დაწერეს თავისუფალი თემა: „თქვენი ოცნება“. სახლში მომიტანა და ეწერა: ძალიან მინდა ოცნება ამისრულდეს, დედიკომ და მამიკომ მაჩუქოს პატარა ძამიკო, რომელიც არ მყავს. ჩემს დასაც ორი ბიჭი ჰყავს, ჩემს მეგობრებსაც – ორი, ან სამი შვილი და განიცდიდა: მე რატომ არ მყავსო. ვეუბნეობდი, შენ ხომ გყავს ბიძაშვილი ლუკა, დეიდაშვილები. არა, ნამდვილი ძმა მინდაო. ისე განიცდიდა, რომ ზოგჯერ კანკალებდა. ოქტომბერში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი და ძალიან გაგვიხარდა, განსაკუთრებით – ლიზის. მეუბნება: რატომ არ გაქვს დიდი მუცელიო. ასე ამბობს: ღმერთო, როდის მოვა ზაფხული, რომ ძამიკო დაიბადოსო.
– ძამიკოს ელოდება?
– ახლახან გავიგეთ, რომ ბიჭია. ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა. არც ჩემი მეუღლისთვის – ისე კი ამბობდა: როგორი იქნება ჩვენი ბიჭი, რას ჩავაცვამთო. ანუ, ბიჭის ტანსაცმლის ჩაცმის მუღამი ჰქონდა. სულ დამყვება კონსულტაციაზე, გამოკვლევებზე. უბრალოდ, იმ დღეს ვერ გამომყვა, როცა სქესი გავიგეთ. მე და ლიზი ვიყავით და არასდროს წაიშლება ჩემი თვალებიდან მისი სახე, თვალები, როდესაც გვითხრეს, ბიჭიაო. სახლში რომ მოვედით, მითხრა: თოვლის ბაბუამ უკვე ამისრულა ერთი სურვილი, ძამიკო მეყოლებაო. მერე თოვლის ბაბუასაც მისწერა წერილი. ისეთი რაღაცეები ჩამოწერა და მათ შორის, თავისი ძამიკოსთვის ბოდეები, ჯინსი, კედები, თან, მაშინ არც იცოდა, რომ ძამიკო დაიბადებოდა. მეც თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ბიჭი მეყოლებოდა. რაღაც უფრო ძლიერი გავხდი, ზოგჯერ კაცურ მანერებსაც ვავლენ. ჩემი მეგობრებიც მეუბნებიან: რა გჭირს, უეჭველი ბიჭი გეყოლება, ისე იქცევიო.
– შენი და შენი მეუღლის ურთიერთობაშიც 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ალბათ, კიდევ ახალი ეტაპი დაიწყო.
– ახალი ეტაპი დაიწყო, ვემზადებით ყველანაირად. მინდა, ყველაფერი ახლა ვუყიდო, ვეღარ ვითმენ, მაგრამ ჯერ 4 თვის ვარ და თავს ვიკავებ. ველოდებით, გვაინტერესებს, როგორი იქნება, ვის დაემსგავსება. ლიზი მამას ჰგავს და ვნახოთ, ბიჭი ვის დაემსგავსება. ჩვენთვის მთავარია, ჯანმრთელი იყოს. ღვთის საჩუქარია, მადლობა უფალს. კი ვგეგმავდით, გვინდოდა, მეორე შვილი გვყოლოდა, რადგან ძალიან შევრჩით დროსტარებას და ცოტა მეზარებოდა ეს პროცესი – პატარა ბავშვი, ორსულობა. მაგრამ, მხოლოდ ერთი შვილი არასდროს მინდოდა.
– რას დაარქმევ?
– ბევრი მეუბნება, ალბათ, გიორგის დაარქმევო, რადგან ჩემს ძმას ერქვა. მაგრამ ჩემს ქმარსაც გიორგი ჰქვია, ჩემს მამამთილს გოგი, ჩემი მულის შვილს გიორგი და მოკლედ, ძალიან ბევრი გიორგია. მე თუ გიორგის არ დავარქმევ, ვერავინ იფიქრებს, რომ ამით ჩემს ძმას პატივს არ ვცემ. ვნახოთ, ჯერ არ გადაგვიწყვეტია, მაგრამ მოვიფიქრებთ ლამაზ სახელს.
– საკმაოდ აქტიური ორსული ხარ.
– კი, დავქრივარ, ვმუშაობ კიდეც და ვაპირებ, ბოლომდე ვიმუშაო. არაფერში მზღუდავს. კვებითაც, ვცდილობ, კარგად და სწორად ვიკვებო. ვიღებ ვიტამინებს, რაც ნაყოფისთვის აუცილებელია.
– შენს მშობლებსაც ძალიან გაუხარდებოდათ.
– რა თქმა უნდა, ძალიან უხარიათ და ყველასთვის ბედნიერებაა, ახალი შვილიშვილი ეყოლებათ.
– შენსა და გიორგის შორის, ვფიქრობ, დღემდე არსებობს ცოცხალი კავშირი.
– როცა ლიზიზე ვმშობიარობდი, გიორგი დაბლა იდგა და გველოდებოდა. როცა ბავშვის დაბადების მომენტი დადგება, ეს აუცილებლად გამახსენდება და ძალიან გამიჭირდება. ამიტომ, არ მინდა, იგივე კლინიკაში ვიმშობიარო – ის სიტუაცია დამიდგება თვალწინ. მთელი ღამე მელოდებოდა. ვიცი, გიორგის ძალიან გაუხარდებოდა ჩვენი ამბავი. ისეთი ხუმარა იყო, ლიზისაც ისე ეთამაშებოდა: კლოუნი, გიჟი ბიძა იყო. გული მწყდება, რომ თავის შვილს ვერ ხედავს – წლის და სამი თვის იყო, როცა მამამისი ამქვეყნიდან წავიდა. ახლა უკვე პირველ კლასში მიდის. ნელ-ნელა კი უფრო მეტად ემსგავსება მამას, ძალიან საყვარელია, იუმორში ისე ჰგავს... გიორგიმ იცოდა ჩუმ-ჩუმად რაღაცეების გაკეთება. ესეც ასეთია. ისე მაიმუნობს, ზოგჯერ ისეთ რამეს გააკეთებს, იტყვი: ვაიმე, სუფთა გიორგიო. მე და გიორგის ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. გულდასაწყვეტია, რომ არ არის ამქვეყნად. მაგრამ, ღმერთმა ასე ინება და იმით ვიწყნარებ თავს, რომ ამქვეყნად არავინ ვრჩებით და როდესაც იქ წავალ, მას აუცილებლად შევხვდები. ეს რატომ მოხდა, ნეტავ მე ვყოფილიყავი იქ, რატომ წავიდა იქ, ნეტავ, გადამერჩინა – ამ ფიქრებს რომ გაჰყვე, მოკვდები. ჩვენ ვერავის ბედს ვერ შევცვლით და ვის გავუბრაზდე, უფალს? ამის უფლება არ გვაქვს, ალბათ, ასე იყო საჭირო. მან იმ ასაკში როგორც იცხოვრა, რაც გააკეთა, მოასწრო, ყველაფერი თავისი შრომით, სიკეთით და გულით შეძლო. მიხარია, რომ ამხელა სიყვარული დატოვა ირგვლივ. ჩვენ, მთელი ოჯახი ძალიან ცუდად ვიყავით, უგონოდ, არ ვიცოდით, რა დაგვემართა, რა გვჭირდა, სად ვიყავით. მერე გავაცნობიერეთ, რა დაგვემართა. ეს არის ენით აუწერელი, ვერც გამოთქვამ, რა ხდება შენს თავს. რომ ვხედავდი, ამდენი ხალხი დასტიროდა გიორგის – პატარა ბავშვიც, მოხუციც, ისე ტიროდნენ, ისე იხსენებდნენ. ყველგან იყო, ყველასთან და ბევრი ადამიანის სიყვარული დაიმსახურა. ცოტათი გამხნევებს, როცა ხედავ ამხელა სიყვარულით დაიტირა ხალხმა. თურმე, როგორ ჰყვარებიათ შენი სისხლი და ხორცი. დრო რომ გადის, ეჩვევი ამ ტკივილს, თორემ როგორ შეიძლება, ის გაქრეს. როგორც კი რამე გამიჭირდება, იმ წამსვე შეიძლება, ტირილი დავიწყო და უაზროდ ვიძახდე: გიო, გიო, გიო... რაც ძალიან გტკივა, ასეთ დროს იჩენს თავს, წამებში სკდება. არ არსებობს ამის დავიწყება, შეგუება ამასთან. უბრალოდ, ტკივილთან ერთად ცხოვრებას ეჩვევი და მიჰყვები მას. ყველანი მსახიობები ვართ და ჩვენივე ცხოვრების რეჟისორები, საკუთარ თავს ეუბნები: ასე უნდა მოიქცე. როცა ადამიანს ასეთი რამ ემართება, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში უყვართ, აუცილებლად დაბეჩავებული, თავჩაღუნული უნდა დადიოდე და შენზე თქვან: ეს ის არ არის, საწყალი. ეს არ მიყვარს: საწყალი, საწყალი... საშინელი გაჭირვება მქონდა, საშინელი ტკივილი, მაგრამ მაინც ვცდილობდი, თავი მაღლა ამეწია. პირიქით, შენი მიცვალებულის პატივისცემის გამო არ უნდა დაეცე, არ უნდა გაჩანაგდე, ამდენი არ უნდა იტირო. ნებისმიერი მამაო გეტყვის: არ გინდა ამდენი გლოვა. უბრალოდ, ძნელია, ასე არ მოიქცე. სახლში იმდენი მიტირია და ვტირი კიდეც, მაგრამ ეს არავის უნახავს. გარეთ გამოხვიდე ნამტირალევი, დაჩაგრული, სულ არ სჭირდება ეს სხვას. 21-ე საუკუნეში ძაძებს თუ არ ჩავიცვამ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს ძმას პატივს არ ვცემ.
– როცა სიმღერას დაუბრუნდი, ალბათ, ბევრმა გაგაკრიტიკა.
– იყო რაღაც მითქმა-მოთქმა, მაგრამ ეს ჩემი სამსახურია და ასეთ ხალხს ყურადღებას არ ვაქცევ, ჩემთვის ყველაზე რთული იყო, როცა არ მემღერებოდა, მაგრამ ვმღეროდი. სიმღერის დროს იმდენჯერ მიტირია ცხარე ცრემლებით. ერთხელ მახსოვს, უცხოელებთან ქართულ სიმღერას ვმღეროდი. ისეთი სევდიანი ტექსტი იყო, რომ წამომივიდა ცრემლები და ვერ ვიკავებდი. უცხოელები სკამებზე დადგნენ და ტაშს მიკარავდნენ. ასეთი დღეები ბევრი მქონია, ამას ვერ გაექცევი. საესტრადო-ვოკალი დავამთავრე, სხვა პროფესია არ გამაჩნია და ჩემი ძმის პატივისცემითაც არ დავანებებ თავს, რადგან მას სურდა, ეს მეკეთებინა.