როგორ გააქრო ძმისშვილმა ბიძის მკვლელობის კვალი #2
34 წლის ლევან კ-ია სამართლადამცველებმა ბიძის, 60 წლის ნუკრი კ-იას, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების მასალების მიხედვით, მან მამის ძმა შურისძიების მიზნით დანით მოკლა და შემდეგ მისი ცხედარი დაწვა აგარაკზე, რომელიც მათი კონფლიქტის მთავარი მიზეზი იყო. რა გახდა სასტიკი მკვლელობის მიზეზი, გამოძიებისთვის თავად ბრალდებულისა და გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრებისგან გახდა ცნობილი. ოპერატიული ინფორმაცია 60 წლის ნუკრი კ-იას გაუჩინარების შესახებ მისი ოჯახის წევრებისგან შეიტყვეს. ნუკრი კ-იას შვილის, მამუკა კ-იას განცხადების მიხედვით, მამაკაცი ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა აგარაკზე, სადაც ის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მასთან სატელეფონო კავშირი გაწყდა. შვილებმა მამას აგარაკზე ჩააკითხეს, თუმცა, მის კვალს ვერსად მიაგნეს. მეზობლების განცხადებით, რადგან ნუკრის სახლის კარი დაკეტილი იყო, მათ ჩათვალეს, რომ ის თბილისში გაემგზავრა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ნუკრი კ-იას ძებნა დაიწყეს. დაიკითხნენ მისი მეზობლები, რომელთაც უკანსაკნელად ნახეს დაკარგული მამაკაცი. ამონაწერი ნუგზარ ფ-იას ჩვენებიდან: „ჩემი აგარაკი ნუკრის აგარაკის გვერდითაა. ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს, რადგან ორ-სამ თვეს ერთად ვატარებთ. ნუკრი ძალიან მშრომელი კაცი იყო, აგარაკზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი მოჰყავდა, შაბათ-კვირას შვილები ჩამოდიოდნენ მასთან. ამ სეზონზე, როდესაც აგარაკზე ჩამოვიდა, მე უკვე იქ დავხვდი, ვიცოდი, ორი თვით უნდა დარჩენილიყო. მთელი კვირა სახლისა და ეზოს მილაგებას მოანდომა, საღამოებს თანასოფლელ მამაკაცებთან ერთად ვატარებდით. საეჭვო არაფერი შემინიშნავს. წინა საღამოს მის ჭიშკართან გვიანობამდე ვისხედით, არ უთქვამს, რომ სოფლიდან აპირებდა წასვლას. დილის ცხრა საათი იქნებოდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ნუკრის სახლის კარი ბოქლომით იყო დაკეტილი. ასე მხოლოდ მაშინ კეტავდა, როცა სოფლიდან მიდიოდა. გამიკვირდა. ღობიდან გადავიხედე და რამდენჯერმე მაინც დავუძახე. ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ვიფიქრე, რომ რაიონულ ცენტრში წავიდა ბაზარში, მაგრამ ესეც ვერ დავიჯერე – პროდუქტებით მოვაჭრე ორ დღეში ერთხელ ამოდიოდა და ამის შესახებ ნუკრიმ იცოდა. დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ გადავიხედე ეზოში. მერე ტელეფონზეც დავურეკე – არ მიპასუხა. ჩავთვალე, რომ რამე მოხდა და ქალაქში წავიდა. ორი დღის შემდეგ მისი შვილი დამიკავშირდა, მამაჩემს ვურეკავთ, ტელეფონი გამორთული აქვს და ეგებ დაგვალაპარაკოო. მაშინ მივხვდი, რომ საქმე კარგად ვერ იყო. მისი შვილის ჩამოსვლამდე მეზობლები ნუკრის ეზოში გადავედით. ღობიდან სახლს თითქოს არაფერი ემჩნეოდა, ნუკრის ტანსაცმელიც კი მოწესრიგებულად სკამზე ჰქონდა დატოვებული – ასე იცოდა. ერთ-ერთმა მეზობელმა შენიშნა, რომ მარანში ცემენტი საეჭვოდ იყო მოპრიალებული. მივხვდით, რომ ბინაში რაღაც მოხდა. როდესაც ნუკრის შვილებმა პოლიცია გამოიძახეს, არც მათ დარჩათ შეუმჩნეველი მარანში დატოვებული კვალი – მათ თავიდანვე თქვეს, რომ სისხლის კვალი იყო მორეცხილი“.
მას შემდეგ, რაც სამართლადამცველებმა დაკარგული მამაკაცი ვერსად აღმოაჩინეს, მისი ცხედრის ძებნა სოფლის მახლობელ ტერიტორიებზე დაიწყეს. ამ ძიებამ შედეგი ვერ გამოიღო, თუმცა, სამი დღის შემდეგ სოფლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა აღმოაჩინა დამწვარი ცხედარი, რომელიც ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული. ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „სოფლის ეკლესიაში მივდიოდი. ისეთი გზით წავედი, რომლითაც ხალხი არ სარგებლობს, ცუდი მისადგომი გზაა, მაგრამ მოკლე. დავიღალე და გზიდან გადავუხვიე, ხის ქვეშ ჩრდილის მოსაძებნად. საკმაოდ შორს შევედი გზიდან. უცებ უცნაური რაღაც დავინახე – შორიდან სხეულის ნაწილს ჰგავდა, თან მიწა ჰქონდა მიყრილი. ახლოს მისვლა გადავწყვიტე, მაგრამ ვერ გავბედე. გამახსენდა, რომ სოფელში დაკარგულ მამაკაცს ეძებდნენ. ამის შემდეგ გამბედაობა მოვიკრიბე და ახლოს მივეედი. მივხვდი, რომ გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იყო. ტელეფონით სოფელში დავრეკე და თანასოფლელებს შემთხვევის ადგილზე მისვლა ვთხოვე, მათ მოსვლამდე იქაურობა არ დავტოვე, რომ ცხედარი ცხოველებს არ შეეჭამათ.”
სამართალდამცევლებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დაადგინეს დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა. ის გარდაცვლილი მამაკაცის ძმისშვილი, 34 წლის ლევან კ-ია აღმოჩნდა, რომელსაც ბიძასთან აგარაკის გამო, სადაც დანაშული მოხდა, დაპირისპირება და კონფლიქტი ჰქონდა. გარდაცვლილის შვილების ჩვენების მიხედვით, აგარაკი ჯერ კიდევ მათი ბიძის გარდაცვალებამდე, ნუკრი კ-იას ეკუთვნოდა, თუმცა ლევან კ-ია და მისი დედა ამ აგარაკის ხელში ჩასაგდებად დიდი ხანი იბრძოდნენ. მათ ქონებრივი დავის წარმართვა სასამართლოშიც ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ რამდენჯერმე გადადეს. გარდაცვლილი მამაკაცის ნათესავების განცხადებით, ლევან კ-ია, რომელსაც აფექტური ხასიათი ჰქონდა, ბიძას მოკვლითაც ხშირად ემუქრებოდა, რაც თავად ნუკრი კ-იასთვისაც იყო ცნობილი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან კ-ია მკვლელობის დღეს სოფელში გვიან ღამით ჩავიდა. მძინარე ბიძის ეზოში ღობიდან გადაძვრა და მამაკაცს, რომელიც უკვე ჩაძინებული იყო, თავზე დაადგა. ბიძას ძმისშვილის სტუმრობა გვიან ღამით საეჭვოდ მოეჩვენა და მისვლის მიზეზი ჰკითხა, რაზედაც ძმისშვილმა უპასუხა, რომ იქ შემთხვევით მოხვდა და ღამის გასათევად ესტუმრა. საქმის მასალების მიხედვით, ლევან კ-ია დანით იყო შეიარაღებული, ნუკრი კ-ია საწოლიდან ადგა და ძმისშვილს ვახშამი შესთავაზა. ის მარანში შევიდა საკვების გამოსატანად, ამ დროს ლევან კ-ია მას ზურგიდან მიეპარა და დანით ყელი გამოჭრა. მან მთელი ღამე გარდაცვლილ მამაკაცთან ერთად გაატარა, იმ იმედით, რომ დილას სახლს შეუმჩნევლად დატოვებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დილით მიხვდა, რომ ბინიდან ისე ვერ გავიდოდა, მეზობელს არ შეემჩნია, ის სახლში დარჩა და დაღამებას დაელოდა. იმის შიშით, რომ ვინმეს არ შეემჩნია, ბინიდან გარეთაც კი არ გამოუხედავს. მეორე ღამით, დაახლოებით სამ საათზე, ლევან კ-იამ ბიძის ცხედარი ურიკით სახლიდან გაიტანა და ისე, რომ არავის შეემჩნია, ეკლესიის გზით, ტყის პირას მიიტანა. მან სახლიდან რკინის ძალაყინი და ასანთი წაიღო და გამთენიისას ცხედარს ცეცხლი წაუკიდა. ნახევრადდამწვარი ცხედარი კი სახელდახელოდ გათხრილ ორმოში ჩააგდო, მიწა მიაყარა და მთელი დღე ტყეში გაატარა. გვიან ღამით ის კვლავ ბიძის სახლში დაბრუნდა, რადგან გაახსენდა, რომ მარანში სისხლის კვალი იყო დარჩენილი. ლევან კ-ია მთელი ღამე სისხლის კვალს წმენდდა, დილით ყველაფერი ისე დატოვა, თითქოს ნუკრი კ-ია სახლიდან იყო წასული. ჭიშკარი დაკეტა და სოფელი დატოვა.
ლევან კ-ია ჩადენილ დანაშაულს უარყოფდა, თუმცა მის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებებით და გამოძიების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით მის მიერ ჩადენილი დანაშული დადასტურდა. მან აღიარებით ჩვენებაში განაცხადა, რომ ბიძა შურისძიების გამო მოკლა, რომ მან მამის გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი წაართვა. სასამართლომ ლევან კ-ია დამნაშავედ ცნო და მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.