რატი დურგლიშვილი: ალბათ, სიყვარულით გავსკდები #2
რატი დურგლიშვილი ახალ წელს სტამბულში შეხვდა. მომღერალი ორი თვეა, რაც თურქეთში იმყოფება. 2016 წელი, როგორც თავად ამბობს, მისთვის ცოტა დეპრესული იყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დუეტ „ჯორჯიას“ დაშლის შემდეგ, რატიმ მარტო გააგრძელა მომღერლის კარიერა. როგორ შეხვდა ახალ წელს და რა მოლოდინი აქვს ამ წლიდან, ინტერვიუდან შეიტყობთ.
რატი დურგლიშვილი: თვე-ნახევარზე მეტია, თურქეთში ვარ და ახალ წელსაც აქ შევხვდი. ძალიან დამწყდა გული, ამ დღესასწაულზე ჩემს ქვეყანაში რომ არ ვიყავი. ახალი წელი მიყვარს ძალიან. მთელი ბავშვობა მახსოვს, როგორ ველოდებოდი ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს. ჩემთვის ეს დღე სიხარულთან და ბევრ საჩუქართან ასოცირდება. დაახლოებით, 5 წლიდან მახსოვს, როგორ მხვდებოდა საჩუქრები დილით. ჩემი თოვლის ბაბუები – დედა და მამა თვითონ რთავდნენ ნაძვის ხეს და თვითონვე გვიფუთავდნენ საჩუქრებს. დილით, რომ ვიღვიძებდი. ბალიშის ქვეშ მხვდებოდა მანდარინებითა და ბევრი ტკბილეულით სავსე ყუთი. მერე, რომ წამოვიზარდე, ცირკი გაიხსნა და იქ დავყავდი მშობლებს „ნაძვის ხეზე.” ჩემი ბავშვობის დროს ცოტა რთული პერიოდი იყო.
– ნაძვის ხის მორთვაში თუ იღებ მონაწილეობას?
– კი, როგორ არა. ყოველთვის თვითონ ვრთავ. ახალი წელი, შობა და ძველით ახალი წელი – ყველა ჩემთვის გამორჩეული დღესასწაულია. საერთოდ, ყოველთვის ხომ ვუსურვებ ხალხს ბედნიერებას, მაგრამ ახალი წელი მათამამებს და ათმაგად გავცემ ამ ბედნიერებას. ბოლოს, ალბათ, სიყვარულით გავსკდები (იცინის).
– ოჯახური დღესასწაულია შენთვის?
– ყველაფერი ერთადაა: ოჯახური, მეგობრების და საერთო. მთავარი მიზანია, ამ დღეს ვიყო ბედნიერი, უცხო ადამიანებს მივულოცო და ჩავეხუტო. საქართველოში არ ვართ გათამამებული ერთმანეთის მოფერებით. ეს ერთი დღე კიდევ რაღაცნაირად თბილია. ვიდრე, დუეტი „ჯორჯია“ იყო, სულ კონცერტები გვქონდა და სცენაზე ვხვდებოდით ამ დღესასწაულს. მას შემდეგ, სულ ვცდილობ, სახლში გავხსნა ცქრიალა ღვინო. წელს ახალ წელს შევხვდი სტამბულში. თუმცა, მანამდე ანტალიაში ვიყავი, სადაც ძალიან ცხელოდა და არც მორთული იყო ქუჩები – არ იგრძნობოდა, რომ ახალი წელი მოდიოდა. ამიტომ, გადავფრინდი სტამბულში, ბევრი მეგობარი იყო იქ და მათ შევუერთდი. დახურულ წვეულებაზე ვიყავი, კარგად და ლამაზად ჩაიარა ყველაფერმა.
– თურქეთში რა მიზეზით გაემგზავრე?
– მამას ეხება, ისეთი არაფერი. ექიმების ჩარევა მოუწია და ახლა ყველაფერი რიგზეა. ახალ წელს ახალი ენერგიით შევხვდით.
– როგორ შეაჯამებდი 2016 წელს?
– ცოტა დეპრესიული იყო. პოლიტიკური ფონი გვქონდა მძიმე. ვისურვებდი, ამ წელს ბევრი სიკეთე გაკეთდეს. ცოტა დაძაბულები ვიყავით ყველა – მარტო მე არა. რაც შეეხება კარიერას, ჩემთვის მივდივარ წყნარად და მშვიდად. მაქსიმალურად ვემსახურები ჩემს სფეროს. ცოტა სტიმული მაქვს ნაკლები – ცოტა მსმენელი ჰყავს იმ ჟანრს, რომელსაც ვაკეთებ, შესაბამისად, სტიმული მაკლია, რომ უფრო ბევრი შევქმნა. მსგავსი რამ სხვაგან არ ხდება. თურქეთში ევროპული მუსიკა არის 10 პროცენტი, ბარებსა და კლუბებში, სადაც შევდივარ, სულ მათ მუსიკას უსმენენ. ჩვენთან პირიქით, ქართული მუსიკის მოსმენა სირცხვილია.
– „ევროვიზიის“ შესარჩევ ტურში მიიღე მონაწილეობა.
– დაუგეგმავად შევიტანე განაცხადი. სინამდვილეში, სულ სხვა გეგმები მქონდა – სხვაგან უნდა ვყოფილიყავი. კონკურსი რომ გამოცხადდა, უცებ შევიტანე განაცხადი და „ევროვიზიისთვის“ დაწერილი სიმღერის არანჟირება ვერ მოვასწარი. ვნახოთ, რა იქნება – წარვდგები მაყურებლის წინაშე და მოეწონებათ თუ არა მათი გადასაწყვეტია. მთავარია, ქვეყანაში ვიყო იმ დროს. თუ, ჩამოსვლა ვერ მოვახერხე, ბუნებრივია, ავტომატურად მოვიხსნები კონკურსიდან.
– უცხოელებთან როგორ მიდის შენი თანამშრომლობა?
– იდეალურადაა ყველაფერი. დაგეგმილი მაქვს რაღაცეები, უბრალოდ, გარკვეული მიზეზების გამო, გაჩერდა. ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგადაა და ამ წლიდან უფრო აქტიურად დავიწყებ მუშაობას. ჩასაწერი მაქვს მამას სიმღერა, სახელწოდებით „დედა მოვა“ – საოცრად ლამაზი სიმღერაა. კიდევ, დაგეგმილი მაქვს ორი ვიდეორგოლის გადაღება. ამ წლიდან, არ ვიცი, რისი მოლოდინი მაქვს, მაგრამ ჩემი საქმის გაკეთებას განვაგრძობ.
– რა საშობაო და საახალწლო ტრადიცია გაქვთ ოჯახში?
– საჩუქრების ყიდვა არის ჩემი ტრადიცია. ახალი წლის ღამეს მიყვარს საყიდლებზე გასვლა იმ ქაოსში – ვგიჟდები ხალხმრავლობაზე. ახალ წლამდე, რამდენიმე დღით ადრე არ ვყიდულობ, რადგან მერე, ერთი სული მაქვს, როდის ვაჩუქებ და ვერ ვითმენ (იცინის). სურვილებს ჩავიფიქრებ ხოლმე აუცილებლად 12 საათზე. პირველი, რასაც გავიფიქრებ, ეს არის: ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ნაკლები გაჭირვებული ხალხი ცხოვრობდეს. მერე უკვე ჩემს რაღაც-რაღაც სურვილებზე ვფიქრობ. თუმცა, ოცნებაში არ ვარ, რეალურად თუ ვერ ვხედავ მისი ასრულების შანსს, მასზე არ ვოცნებობ. რისი საშუალებაც მაქვს, იმას ვგეგმავ და ვისახავ მიზნად. არ მჯერა ცრურწმენების, ახალ წელს რომ სჩვევიათ ხოლმე.
– განსხვავებული ახალი წელი თუ გქონია?
– ცხოვრება ისეთი ბანალურია, რომ განსხვავებულ ახალ წელს ფიზიკურად ვერ შევიქმნი (იცინის). ვერ გავექცევით ამ რეალობას. ადამიანები ერთ დაკონსერვებულ სივრცეში ვცხოვრობთ.
– ახალ წელს სუფრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. კარგი თამადა ხარ?
– მე და თამადობა? არა, ჩემთან ეგ სიტყვა არ ახსენოთ. მუსიკოსი ვარ, რა თამადობა, ღადაობ? (იცინის) არავითარ შემთხვევაში. მე ვარ კლუბის კაცი ან რესტორანში, მეგობრებთან ერთად, ორი სიტყვით ვლოცავთ ერთმანეთს. გაზვიადებები არ მიყვარს. ჩემი მეგობრებიც, საბედნიეროდ, ასეთები არიან. საერთოდ ვერ ვისმენ სადღეგრძელოს. ამიტომ, სულ ვცდილობ, ისეთ ადგილზე მოვხვდე, სადაც სადღეგრძელოები არ იქნება (იცინის). კარგად ვიყოთ და მორჩა, ესაა ჩემი სადღეგრძელო. იცით, რა არის, ძალიან ბევრისგან ტყუილი სადღეგრძელოები მომისმენია, რომლებმაც გული მატკინა.
– შეიცვალა შენი ცხოვრების სტილი და რიტმი, ხშირად გიწევს მოგზაურობა. როგორ შეეგუე ამ სიახლეს?
– იდეალურად. ალბათ, ჩემი ოცნება ეს იყო. ბევრი ლოკაციის გამოცვლა და სხვადასხვა ადამიანის გაცნობა მიწევს. ბევრ რამეს ვსწავლობ და ვიზრდები, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე პიროვნულად. მარტო ღირსშესანიშნაობების სანახავად არ გავდივარ უცხოეთში. თვისებებიდან ყველაზე კარგი, რაც გამაჩნია ისაა, რომ აღიარება შემიძლია და როცა რაიმე არ ვიცი, ვამბობ. ასე ვსწავლობ ბევრ რამეს უცხო ქვეყანაში. აღიარება იშვიათად უყვართ, მათ შორის, ჩემს სფეროშიც. ყველას ბოდიში სიმართლისთვის – ეს ძალიან რთული მოსასმენია. მე ამ საკითხებში ჩემს თავს ვტუქსავ ხოლმე (იცინის).
– ამ იდეალურობის მიღმა, ბევრი სირთულეც იქნება.
– ერთადერთი სირთულე, რაც ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს, ეს არის ჯანმრთელობასთან ჭიდილი. დანარჩენი პრობლემა ვფიქრობ, მოგვარებადია. იმდენად პოზიტიურად ვცხოვრობ, სირთულეც ლამაზად გადამილახავს. მიყვარს სირთულეები და არ აღვიქვამ მას უბედურებად.
– პირად ცხოვრებაში კიდევ არ შეიცვალა რამე?
– პირადი ცხოვრება არ არის ეს ყველაფერი? ბედნიერებას რაშიც ნახავ, ისაა შენი პირადი ცხოვრება. მნიშვნელობა არ აქვს, შვილში იპოვი მას, თუ შემოქმედებაში. შემოქმედებაც იგივე შვილია. რადიოში რომ ვისმენ ჩემს სიმღერას, ხელები მიოფლიანდება და ასე მგონია, ჩემი შვილი გადის სცენაზე.