კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ბაგრატ ბაგრატიონი სამი სამეფოს, ორი დინასტიისა და შვიდი მეფის მემკვიდრე

ეძღვნება დიდ მოვლენას – 2016 წლის 22 დეკემბერს წმიდა სინოდის მიერ დიდი ხელმწიფის – ბაგრატ მესამის წმიდანად შერაცხვას.
და ბაგრატ მესამის შთამომავალს, პატარა უფლისწულს, გიორგი დავითისა და ანას ძე ბაგრატიონს.
მერვე საუკუნეში აფხაზეთის ერისთავებმა შეძლეს მთელი დასავლეთ საქართველოს გაერთიანება. თითქმის ისევ გაერთიანდა ერთ-ერთი უძველესი ქართული სახელმწიფოებრიობის, კოლხეთის ტერიტორია ერთ სახელმწიფოში, იმავე დედაქალაქის - ქუთათისის გარშემო. თითქმის იმიტომ, რომ ტრაპიზონ-ქალდეა, დიდი კოლხეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, ბიზანტიის ხელში იყო. ერისთავმა ლეონ მეორემ თავი აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფედ გამოაცხადა. მოიცილა ბიზანტიელების სახელმწიფოებრივი და საეკლესიო გავლენა და შექმნა ქართული სახელმწიფო, ქართული ეკლესიითა და იდეოლოგიით. იმ დროიდან აფხაზეთს მართავდა დინასტია, რომელთაც პირობითად, ლეონიდებს უწოდებენ.
მეცხრე საუკუნის დასაწყისში, ქართლის ერისმთავარი აშოტ პირველი დიდი კურაპალატი, ბაგრატიონი, დამპყრობ არაბთა გამო, იძულებული გახდა, ქართლიდან სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გადასულიყო, რომელსაც ზემო ქართლი ერქვა და იქ დამკვიდრებულიყო.
ზემო ქართლი, თუ პირველი არა, ერთ-ერთი პირველი ქართული სახელმწფოებრივი გაერთიანების - ტაოს (ურარტულად – დიაოხის, ასურულად – დაიაენის) ისტორიული ტერიტორიაა. დიაოხი მეტ ტერიტორიებს ფლობდა არზრუმამდე (შესაძლოა არზრუმის მხარის ჩათვლით და ევფრატის დასავლეთ სათავეებამდე).
ისტორიული დიაოხის ტერიტორიაზე აშოტ ბაგრატიონის გადასვლა, როგორც ჩანს, შემთხვევითი არ გახლდათ. მართალია, ეს მხარე ბიზანტიის გავლენის ქვეშ იყო, მაგრამ, ეტყობა, იქ, აფხაზეთთან ერთად, კვლავ უნდა დარწეულიყო ახალი ქართული სახელმწიფოებრიობის აკვანი, უნდა აღორძინებულიყო ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობა, რომელიც შემდეგში შემოიკრებდა სხვა ქართულ ქვეყნებსაც.
როგორც ჩანს, შემთხვევითი არ იყო იმ მხარეში ბაგრატიონის გამთავრებაც. ბაგრატიონები ითვლებიან უძველესი ქართული კუთხიდან, სპერიდან გამოსულებად, რომელიც ტაოს მომიჯნავეა და ძველი დიაოხის ნაწილი იყო, შემდეგ კოლხეთის.
ცოტა ხნით ადრე, კლარჯეთში უკვე დამკვიდრებულიყო ქართული ეკლესიის მნათობი – გრიგოლ ხანძთელი. კლარჯეთში აღორძინდებოდა სამონასტრო ცხოვრება.
გრიგოლ ხანძთელის საძმოში, მისი თუ მისი მოწაფეების მიერ შემუშავდა ფორმულა (შეიძლება, ფორმულა უფრო ძველია, და მათ მოიყვანეს მოქმედებაში): „ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების.”
ბაგრატიონები მიიჩნევიან ბიბლიური წინასწარმეტყეველი მეფეების – დავითისა და სოლომონის შთამომავლებად. აშოტ კურაპალატის დროს (შეიძლება, ადრეც) ქართველები იცნობდნენ ამ თეორიას. როგორც ჩანს, ეკლესია იზიარებდა კიდეც.
როდესაც დავით ბაგრატიონი და გრიგოლ ხანძთელი ერთმანეთს შეხვდნენ, მამა გრიგოლმა ასე მიმართა ხელმწიფეს: „დავით წინასწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო! მეფობა და სათნოებანიც მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისთვისცა ამას მოგახსენებ: არა მოაკლდეს მთავრობა შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა, ქვეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე“.
გრიგოლ ხანძთელის პირით ქართულმა ეკლესიამ, ანუ ქართულმა იდეოლოგიამ აღიარა ბაგრატიონების დავითიანობა, ანუ ქრისტესთან ნათესაობა. ეს დიდი ბიძგი იყო ბაგრატიონების დინასტიის აღზევებისთვის, დიდი სტიმული იყო გვარისთვის.
გავიდა დრო...
922 წლიდან დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთში) მეფობდა გიორგი მეორე, დიდი ლეონის შთამომავალი. ქართლი, ტფილისისა და ქვემო ქართლის გარდა, ამ დროს აფხაზთა მეფეების გამგებლობაში იყო. ქართლში აფხაზთა მეფეები ერისთავებად ნიშნავდნენ ხოლმე თავის მემკვიდრეებს (დაახლოებით ისე, ახლა რომ ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე უელსის მთავარია). აფხაზთა მეფეები ყველანაირად ცდილობდნენ, კახეთიც შემოეერთებინათ აფხაზეთისთვის. გარკვეულ წარმატებასაც აღწევდნენ კახეთის ქორეპისკოპოსებთან ბრძოლაში. ასევე, ცდილობდნენ ჰერეთის მიწების შემოერთებას. გიორგი მეფე ყოფილა „სრული ყოვლითა სიკეთითა, სიმხნითა და ახოვანებითა“,  ღვთისმოყვარე, ეკლესიების მაშენებელი, გლახაკთა მოწყალე, გულუხვი, თავმდაბალი, სიკეთითა და სათნოებით აღსავსე.
ქართლის ერისთავად დანიშნული მემკვიდრე უფლისწული კონსტანტინე მამას აუჯანყდა და თავი ქართლის მეფედ გამოაცხადა. გიორგი მეფემ დაამარცხა აჯანყებული შვილი. კონსტანტინეს ჯერ თვალები დაუწვეს, კანონით თვალებდამწვარი ვერ გახდებოდა მეფე, მერე კი დაკოდეს. ვერ გაუძლო კონსტანტინემ წამებას და მოკვდა.
მეფე გიორგის დარჩა კიდევ ოთხი ძე: ლეონი, დიმიტრი, თეოდოსი და ბაგრატი.
გარდა ძეებისა, გიორგი მეფეს ჰყავდა ქალიშვილი გურანდუხტი, რომელიც მიათხოვა ამიერ-ტაოს ხელმწიფის, ქართველთა მეფის ტიტულის მფლობელის, ბაგრატ მეორის ვაჟს, გურგენ უფლისწულს.
ლეონი ჯერ ქართლის ერისთავი გახდა, მამის გარდაცვალების შემდეგ კი, ქუთათისის ტახტი დაიკავა. ლეონ მესამე გარდაიცვალა 967 წელს და ტახტზე ავიდა მისი ძმა, დემეტრე მესამე. დემეტრე მეფეს აუჯანყდა ძმა, თეოდოსი. დემეტრემ შეძლო თეოდოსის მომხრეების დამარცხება. თეოდოსი შემოირიგა, თუმცა, შემდეგ თვალები დასთხარა, რათა ტახტის მემკვიდრეობაში აღარ შესცილებოდა. ბრმა უფლისწულები ტახტზე ვერ ადიოდნენ. შემდეგ მოწინააღმდეგე დიდებულები შეეცადნენ, დემეტრე მეფისთვის დაეპირისპირებინათ მათი ძმა, ბაგრატი (რომელსა ერქვა „ჩალა-მეფე“), თუმცა უშედეგოდ. მას მერე ბაგრატი, „ჩალა-მეფედ“ წოდებულიც, აღარ ჩანს პოლიტიკურ ასპარეზზე. ამ ამბებში ბიზანტიის ხელიც ერია, რომელიც ცდილობდა აფხაზეთის კვლავ დაქვემდებარებას.
975 წელს დემეტრე აფხაზთა მეფე უმემკვიდროდ გარდაიცვალა. აფხაზთა სამეფოში, რადგან სხვა მემკვიდრე აღარ იყო, ტახტზე ავიდა უსინათლო თეოდოს მესამე. თეოდოს მეფეც უძეო იყო.
ამგვარად, აფხაზთა მეფეების ოჯახში ოთხი მეფე, ოთხი ძმა: კონსტანტინე, რომელიც ქართლის მეფეს უწოდებდა თავს, ლეონ მესამე, დემეტრე მესამე, თეოდოს მესამე, და ბაგრატი, რომელსაც „ჩალა-მეფეს“ უწოდებდნენ (თუ მას ჩავთვლით მეფედ, მეფობაზე პრეტენზიის მქონედ, ზედწოდებიდან გამომდინარე), უმემკვიდროდ გადაეგნენ. აფხაზთა სამეფო ოჯახს მხოლოდ ორი წარმომადგენელიღა ჰყავდა – ბატონიშვილი გურანდუხტი და მისი მცირეწლოვანი ვაჟი, ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონი.
თითქოს ღმერთმა გამოუთავისუფლა ადგილი აფხაზთა სამეფო ტახტზე ასასვლელად ბაგრატ ბაგრატიონს.
ქართველთა სამეფოს, ტაო-კლარჯეთს, ზემო ქართლს, იმიერ-ტაოში 961 წლიდან მეფობდა დავით მესამე დიდი კურაპალატი, აშოტ დიდის შთამომავალი. დიდ დავითს ძე არ ჰყავდა. ამიერ-ტაოში, ზემო ქართლის ჩრდილო ნაწილში, კლარჯეთში მეფობდა დავით კურაპალატის ახლო ნათესავი - ბაგრატ მეორე, რომელსაც ჰყავდა პატარა შვილიშვილი, ბაგრატი, გურგენის ძე, ქართველთა მეფის მემკვიდრე (მამის შემდეგ) და გურანდუხტის ძე, აფხაზთა მეფეების მემკვიდრეც. ბაგრატიონთა კიდევ რამდენიმე ოჯახი არსებობდა ტაო-კლარჯეთში, მაგრამ, ორივე სამეფოს, იმიერ და ამიერ ტაოს მემკვიდრედ, ყველაზე შესაბამისი იქნებოდა გამოცხადებულიყო სწორედ ბაგრატი, გურგენისა და გურანდუხტის ძე. ამიტომ, დავით კურაპალატმა სწორედ ის იშვილა და გამოაცხადა იმიერ-ტაოს ტახტის მემკვიდრედ.
თითქოს აქაც, ტაო-კლარჯეთში, ღმერთმა გამოუთავისუფლაო ქართველთა მეფის ტახტი პატარა ბაგრატიონს, გურგენისა და გურანდუხტის ძეს.
სიმბოლურია მისი სახელი და გვარი - ბაგრატ ბაგრატიონი. ის გვარად რომ არ ყოფილიყო ბაგრატიონი, შესაძლოა, მის შთამომავლობას, მის მიერ დაარსებულ დინასტიას დარქმეოდა ბაგრატიანები (ბაგრატიონები), როგორც ხდებოდა ხოლმე ისტორიულად. ასე გაორმაგებული სადინასტიო სახელითა და გვარით დაუდო სათავე ბაგრატ ბაგრატიონმა საქართველოს გაერთიანებას, ძველი დიაოხისა ტერიტორიის (ტაოს) და ძველი კოლხეთის ტერიტორიის  (აფხაზეთის) ტახტების მემკვიდრემ (თუ დავაზუსტებთ, უფრო კოლხეთის ჩრდილო ნაწილის, დასავლეთ საქართველოს მემკვიდრემ, რადგან ქალდეა-ტრაპიზონი, ძველი კოლხეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, დაპყრობილი ჰქონდათ ბერძნებს).
თითქოს ღმერთის მიერ საგანგებოდ გამოირჩა აფხაზთა სამეფო ოჯახის  ხუთი მეფისა და ქართველთა სამეფო ოჯახის ორი მეფის მემკვიდრედ, სამი სამეფოს მემკვიდრედ, შვიდი მეფის მემკვიდრედ - ბაგრატ ბაგრატიონი.

скачать dle 11.3