კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი ეძებს ფარმაცევტს #2

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-1(836)

– მემუქრები, მოზეს? – ჰკითხა მინისტრმა მოზესს.
– სიმართლეს გეუბნები და არ მინდა, რომ კვლავ შეცდე, – მიუგო შვეიცარიელმა – გიმეორებ, ჩემი გაუჩინარება უკვალოდ არ ჩაივლის და ინტენსიურ ძებნას დამიწყებენ. შენზე აუცილებლად გამოვლენ და მოგიხელთებენ. რაც არ უნდა იღონო, ვეღარ გადარჩები და იმაზე საშინელი სიკვდილი გელოდება, ვიდრე შენ მე მიმზადებ. ამიტომ, გირჩევ, შეჩერდე და გამიშვა – ეს ერთი.
– ეს ერთიო? – ნერვიულად გაეცინა მინისტრს და მოზესს სიტყვა გააწყვეტინა. შვეიცარიელმა კი მტკიცედ განაგრძო:
– და უნდა დამეხმარო, ანუ შეასრულო ჩვენი შეთანხმება – ეს მეორე.
– გეტყობა, შენი სტატუსი გავიწყდება, – ნერვიულად თქვა შეშინებულმა და დაბნეულმა მინისტრმა, – რეალობას მოწყდი და ფიქრობ, გაკოჭილი მე ვარ და არა შენ.
– თუ არ დამიჯერებ, სულ მალე, შენ უარეს დღეში აღმოჩნდები.
– ვნახოთ, – თქვა მინისტრმა და მოზესის იზოლირებულ საკანში გამომწყვდევა უბრძანა გუგული ჭაჭიას:
– კაციშვილმა არ უნდა იცოდეს, რომ მოზესი ჩვენთანაა.
– ეს ხომ მხოლოდ ჩვენ ვიცით ისედაც, – თქვა „დესიატკამ,“ – ჩემმა ბიჭებმა მხოლოდ სპეცოპერაცია ჩაატარეს და ვინ აყარეს, აზრზე არ არიან.
– ძალიან კარგი. რომ რამე... მზად იყავი მათ გასაქრობად.
– ეგ კი, მაგრამ სანამ „ნაკოლშჩიკებს“ არ გავშიფრავთ და გავანეიტრალებთ, მოზესს თითს ვერ დავაკარებთ. ეს ხომ შენც კარგად იცი და შენ არ მითხარი, ამ ცოტა ხნის წინ? – უთხრა გაოცებულმა გუგულიმ დაბნეულ მინისტრს, რომელიც მოზესის სიტყვებმა ძალიან შეაშინა და ცდილობდა, არ შეემჩნია.
– ჰო. ვიცი, ვიცი. „ნაკოლშჩიკებზე“ იმუშავეთ და დროს ნუ დაკარგავთ. აბა, შეუდექით საქმეს, – უთხრა მინისტრმა ჭაჭიას და კაბინეტიდან გაისტუმრა.
***
დილის შვიდი საათი შესრულდა, როდესაც ანა და ვანიკო ნუკას სახლიდან წამოვიდნენ. ანამ ჯერ ვანიკო მიიყვანა სახლში, შემდეგ თავადაც სახლისკენ გაემართა. ერთი სული ჰქონდა, საწოლში ჩაწოლილიყო, ძალიან ეძინებოდა.
– რა ქენით, ამდენ ხანს რატომ დააგვიანეთ? – ჰკითხა კოტემ ანას, ცოლს გაუღიმა და თმაზე მიეფერა.
– შენ რა, მთელი ღამე არ გძინებია? – კითხვა შეუბრუნა ანამ მეუღლეს.
– შენ გელოდებოდი, – მიუგო კოტემ ცოლს.
– არც ბატონ პავლეს სძინავს?
– არა, – თქვა გოკიელმა, რომელიც საძინებლიდან გამოვიდა, – მაინც, რა მოხდა?
ანამ ყველაფერი დაწვრილებით უამბო კოტეს და პროფესორს. ბოლოს კი თქვა:
– ძალიან დავიღალე და ცოტა თუ არ დავისვენე, ალბათ, გავგიჟდები. თქვენც დაისვენეთ, მთელი ღამე არ გძინებიათ.
– გესაუზმა მაინც, ჩაის დაგისხამ, – შესთავაზა კოტემ ანას, მან კი თავი გააქნია...
– არა, კოტიკო. ერთი სული მაქვს, ბალიშზე დავდო თავი. წავალ და დავწვები. შენ, რას იზამ, კოტიკო?
– მეც ცოტა ხანში დავწვები, – მიუგო კოტემ ანას და შუბლზე აკოცა.
ანა დასაძინებლად დაწვა. საძინებელში დაბრუნდა პროფესორი გოკიელიც. კოტემ კი სანთელი დაანთო და ილოცა. შემდეგ საძინებელში შევი და მძინარე ანა რომ არ შეეწუხებინა, მეორე საწოლზე დაწვა და მალევე ჩაეძინა.
პავლე გოკიელი ტანსაცმლიანად იყო საწოლზე წამოწოლილი და ფიქრობდა... ელოდა, როდის დაწვებოდა კოტე. დილის რვა საათი რომ შესრულდა, პროფესორი ფეხაკრეფით წამოდგა. ოთახიდან გამოვიდა და ტუალეტში შევიდა. სინამდვილეში კი, ვითარება დაზვერა და რომ დარწმუნდა, ცოლ-ქმარს ეძინა, საძინებელში დაბრუნდა. ზურგჩანთაში თავისი ნივთები ჩააწყო, წერილი დაწერა და ჭიკარტით საძინებლის კარზე მიაკრა. შემდეგ კი, ზურგჩანთა გადაიკიდა და ბინიდან ფეხაკრეფით გავიდა და კიბეებზე დაეშვა. ქუჩაში რომ გავიდა, ორასიოდე მეტრი სწრაფი ნაბიჯებით გაიარა, ტაქსი გააჩერა და მძღოლს უთხრა:
– რკინიგზის სადგურზე წამიყვანთ?
– დაჯექი, ბიძაჩემო, – მიუგო მძღოლმა გოკიელს და პროფესორი უკანა სავარძელზე რომ მოთავსდა, სარკეს გახედა, – რა ნაცნობი სახე გაქვს, ბიძაჩემო, საიდანღაც გიცნობ.
– ტაქსით ხშირად დავდივარ და ალბათ, ადრეც მიმგზავრია ამ მანქანით, – უპასუხა გოკიელმა. ტაქსისტმა კი თავი გააქნია და თქვა:
– არა, უფროსო, სამი დღეა, რაც ტაქსისტობა დავიწყე. მე მგონი, ტელევიზორში მყავხარ ნანახი.
– ტელევიზორში? – გაიმეორა პროფესორმა, – არა. აშკარად ვიღაცას მიმამსგავსე და გეშლება, შვილო.
– ხდება ხოლმე, – თქვა მძღოლმა. ამასობაში რკინიგზის სადგურზეც მივიდნენ და ტაქსისტმა გოკიელს ჰკითხა:
– სად გაგიჩეროთ, უფროსო. სალაროებთან?
რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებით იყო სავსე. გოკიელს შეეშინდა, რომ იცნობდნენ და დააკავებდნენ, ამიტომ მძღოლს უთხრა:
– სულ მთლად გამოვშტერდი,  პასპორტი სახლში დამრჩა. უსაბუთოდ კი ბილეთს არავინ მომცემს, უკან წამიყვანე.
ტაქსისტი საპატრულო ეკიპაჟებს გასცდა და ქვევით დაეშვა. თამარ მეფის გამზირზე რომ გავიდა, მანქანა ერთ-ერთ ჩიხში გააჩერა და გოკიელს უთხრა:
– თქვენ ხომ პროფესორი პავლე გოკიელი ხართ და კიბოს წამალი გამოიგონეთ?
– ვიღაცაში გეშლებით, ყმაწვილო, – მიუგო პროფესორმა მძღოლს და მანქანიდან გადასვლა დააპირა. ტაქსისტმა კი უთხრა:
– ნუ გეშინიათ, ბატონო პავლე. არაფერს დაგიშავებთ. პირიქით, დაგეხმარებით.
– ვიღაცაში გეშლებით, – გაიმეორა გოკიელმა და კარის გაღება დააპირა, რომ ტაქსისტმა უთხრა:
– ბატონო პროფესორო, მართლა დაგეხმარებით. გეტყობათ, დამალვას ცდილობთ. თქვენ კი, ალბათ, მთელი პოლიცია გეძებთ და საპატრულო ეკიპაჟები რომ დაინახეთ, ამიტომ არ ჩამოხვედით სადგურზე.
– ვიღაცაში გეშლებით.
– არ მეშლებით, პროფესორო. ნამდვილად არ მეშლებით. თქვენ შესახებ ყოველდღიურად ლაპარაკობენ ტელევიზორში და დაგიმახსოვრეთ სახეზე. რას იტყვით, მენდობით?
– რას მთავაზობთ? – ჰკითხა პროფესორმა.
– ჩემი აზრით, დამალვა გინდათ და დასამალი არ გაქვთ. მართალს ვამბობ?
– დაახლოებით, – მწარედ ჩაეცინა პროფესორს.
– ასეთ შემთხვევაში, მე დაგმალავთ.
– მარტო ცხოვრობთ?
– დიახ.
– სად ცხოვრობთ?
– პლეხანოვზე. იტალიურ ეზოში ვქირაობ ბინას. მაგრამ, ცალკე შესასვლელი მაქვს სადარბაზოდან და ვერავინ შეგვამჩნევს.
გოკიელმა ღრმად ჩახედა თვალებში მძღოლს და რომ დარწმუნდა, ახალგაზრდა კაცი არ ცრუობდა, უთხრა:
– ჩემი შეფარება ძალიან საშიშია. შეიძლება, პრობლემები შეგექმნას.
– არ მეშინია, – გაეცინა ტაქსისტს, – პატიოსანი ადამიანის შეფარება ღვთიური საქმეა. მე კი ღმერთის მწამს.
– თუ ასეა, მაშინ წავედით, – გაუღიმა პროფესორმა მძღოლს  და უკანა სავარძელს მიეყუდა.
– მე გოჩა რუხაძე ვარ, ოცდაშვიდი წლის, – უთხრა ტაქსისტმა პროფესორს და მანქანა ადგილიდან დაძრა.
***
პავლე გოკიელი რომ ჟურნალისტის ბინიდან გამოიპარა, ნახევარიოდე საათის შემდეგ კოტიკოს გამოეღვიძა. წამოდგა და ტუალეტისკენ გაემართა. საძინებლის კარი რომ გააღო, მასზე მიკრული წერილი წაიკითხა – „ყველაფრისთვის დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა და იმდენად საშიში ხდება ეს ყველაფერი, უფლება არ მაქვს, კვლავ რისკში გამყოფოთ. ამიტომ, ჩემს გზაზე წასვლა გადავწყვიტე და ნუ მომძებნით. ყველას, ვისაც ჩემზე გული შესტკივა და დამეხმარა, უდიდეს მადლობას გიხდით. პატივისცემით, პავლე გოკიელი“.
კოტემ პროფესორის წერილი რომ წაიკითხა, ენა ჩაუვარდა და კარგა ხანს გაოგნებული იდგა. შემდეგ გამოფხიზლდა, საძინებელში შეირბინა, ცოლი შეაჯანჯღარა, თან იმეორებდა: „ანა, ანა, გაიღვიძე, გაიღვიძე...“
სულ რაღაც ორმოცდაათიოდე წუთის ჩაძინებულმა ანამ თვალები გაახილა, გველნაკბენივით წამოხტა და მეუღლეს უთხრა:
– რა იყო, კოტიკო, რა მოხდა?
– აი, წაიკითხე, – კოტემ პროფესორის წერილი შეაჩეჩა მეუღლეს, თან გაფითრებული აქოშინდა.
ანამ სწრაფად გადაიკითხა წერილი, სიმწრისგან ტუჩები მოიკვნიტა და ქმარს უთხრა:
– მაინც გაგვეპარა. არა და გული მიგრძნობდა, რომ ასე მოიქცეოდა. რა ეშველება ახლა იმ საცოდავს? ყველგან ეძებენ და პირველივე პატრული დააკავებს ქუჩაში.
– იქნებ დასამალი ადგილი აქვს და იქ წავიდა?
– არ მგონია, – თავი გააქნია ანამ და გააბოლა, – უბრალოდ, ჩვენ გაგვერიდა, რომ შარში არ გაგვხვიოს. რასაც წერილში წერს, მართალია და დარწმუნებული ვარ, ახლა ალალბედზეა მიშვებული.
– რა ვქნათ?
– უნდა მოვძებნოთ და დავაბრუნოთ. თანაც, ძალიან მალე – მანამდე, სანამ პოლიცია ან სხვები არ დაიჭერენ.
– კი მაგრამ, როგორ? – იკითხა კოტემ, მაგრამ ანა უკვე ტელეფონზე ურეკავდა ვანიკოს. ქმარს ხელით ანიშნა, მადროვეო და თავის თანაშემწე სტაჟიორს უთხრა:
– გეძინა, ხომ, ვანიკო?
– ძლივს გამეღვიძა. რა ხდება?
– მჭირდები. ახლავე შენი მოწყობილობებით მოდი ჩემთან. გელოდები.
– თხუთმეტ წუთში შენთან ვარ.
– გელოდები, – თქვა ანამ და ტელეფონი გათიშა. შემდეგ მეუღლეს მიუბრუნდა.
– კოტიკო, ძვირფასო, შანსი გვაქვს, პროფესორი ვიპოვოთ. მართალია, ამაში გარემოებებიც უნდა დაგვეხმაროს, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ფორტუნა არ გაგვწირავს.
– ესე იგი, იმედი არაა, ისე ლაპარაკობ, – ხელი ჩაიქნია კოტემ, ანამ კი უთხრა:
– იმედი რომ არ იყოს, გეტყოდი.
– მაინც, რას აპირებ?
– ვანიკომ ჩვენი სახლის პერიმეტრზე ხომ ვიდეოთვალები დააყენა, ყოველი შემთხვევისთვის. ჰოდა, ვნახავთ, საით წავიდა გოკიელი და შემდგომ, ამის მიხედვით ვიმოქმედებთ.
– ღმერთმა ქნას, რომ გაამართლოს, – მიუგო მეუღლეს კოტემ. უფრო იმიტომ, რომ მისთვის არ ეწყენინებინა. სინამდვილეში კი, არ სჯეროდა, რომ პროფესორის კვალს მიაგნებდნენ.
ვანიკო მართლაც თხუთმეტ წუთში მოვიდა. რომ გაიგო პროფესორის გაპარვის ამბავი და მიხვდა, რისთვის დაიბარა ანამ, მას უთხრა:
– ალბათ, გოკიელის კვალს გინდა, დაადგე ვიდეოთვალის მეშვეობით, ხომ?
– კი.
– ვნახოთ, ვნახოთ, – თქვა ვანიკომ. ლეპტოპზე ვიდეოთვალის ჩანაწერები გადაახვია და აღტაცებით შესძახა:
– აი, მგონი, გაგვიმართლა. გოკიელი მანქანით გაემგზავრა.
– მანქანა კარგად ჩანს? – იკითხა ანამ და მონიტორს მიაჩერდა.
– აი, მანქანა. ეს მისი ნომერია, – მიუგო ვანიკომ, გოჩა რუხაძის „მერსედესის“ ტაქსის ნომერი ამოაპრინტერა და ანას გაუწოდა.
– სასწრაფოდ უნდა დავადგინოთ ტაქსისტის ვინაობა და გამოვკითხოთ, თუ სად წაიყვანა გოკიელი, – თქვა ანამ, თან თავის ნაცნობს დაურეკა ტაქსების კომპანიაში და „მერსედესის“ ტაქსის ნომერი უკარნახა.
ათიოდე წუთში ანა კიკვაძემ უკვე იცოდა ტაქსისტის ვინაობა და ვანიკოს და მეუღლეს უთხრა:
– დამატებითი ცნობები მჭირდება ამ ბიჭზე.
– ვისზე? – იკითხა კოტიკომ.
– 27 წლის ტაქსისტი, გოჩა რუხაძე, – მიუგო ანამ მეუღლეს და თავის სხვა ნაცნობს დაურეკა. გოჩა რუხაძის საცხოვრებელი ადგილი რომ გაეგო.
ათიოდე წუთის შემდეგ ანამ გოჩა რუხაძეზე თითქმის ყველაფერი იცოდა. მათ შორის, ისიც, რომ აღმაშენებლის გამზირზე ოროთახიან ბინას ოთხას დოლარად ქირაობდა, ერთ-ერთ იტალიურ ეზოში.
– ძალიან კარგი, – თქვა ანამ და ვანიკოს უთხრა:
– მოდი, ასე ვქნათ. ჯერ ამ ტაქსისტთან სახლში მივიდეთ და შორიდან დავზვეროთ სიტუაცია. რა იცი, რა ხდება? შემდეგ კი დაველაპარაკოთ.
– არ მგონია, სახლში იყოს. შუადღეა და გაგანია „პახაობაში“ იქნება, – თქვა ვანიკომ.
– ვნახოთ. ახლა კი წავედით. დრო არ ითმენს, – თქვა ანამ და მეუღლეს მიუბრუნდა:
– კოტიკო, ძვირფასო, წავედით. შენ კი არაფერზე ინერვიულო და კარგს იზამ, თუ ცოტას წაუძინებ.
– რა დამაძინებს, ანა. ძალიან ფრთხილად იყავით. თუ რამე... ეგრევე დამირეკეთ.
– კარგი, კარგი, – გაუღიმა ანამ მეუღლეს. აკოცა და თავის ასისტენტთან ერთად, სწრაფად გავიდა სახლიდან.
თითქმის დილის თერთმეტის ნახევარი შესრულდა, როცა ქალ-ვაჟმა ტაქსისტის სახლიდან ორასიოდე მეტრის მოშორებით გააჩერა მანქანა. იქიდან გზა ფეხით განაგრძეს, თან, ყველაფერს ყურადღებით ათვალიერებდნენ. ტაქსისტის სადარბაზოს ოცდაათიოდე მეტრით რომ მიუახლოვდნენ, ვანიკომ „მერსედესის“ ტაქსს მოჰკრა თვალი და ანას უთხრა:
– აი, რუხაძის ტაქსი.
ჟურნალისტი შეჩერდა. შეაჩერა ვანიკოც და უთხრა:
– შენი თქმის არ იყოს, ძალიან საეჭვოა, რომ ახლა ეს ტაქსისტი სახლშია. გაგანია მუშაობაა და სახლში რას უნდა აკეთებდეს?
– მაინც, რა გგონია? – იკითხა ვანიკომ.
– არ ვიცი, არ ვიცი, – თქვა ანამ და ჩაფიქრდა, ერთი აზრი მომივიდა თავში და გამორიცხული არაა, რომ გაგვიმართლოს.
– რა აზრი?
– რა და ახლა ამ ტაქსისტის ნომერს გავიგებ, ტელეფონზე დავურეკავ და თუ გოკიელი მასთანაა, რისი შანსიც მილიონში ერთია, პროფესორს მივაგნებთ.
– მიდი, გაეცინა ვანიკოს, რომელიც აღფრთოვანებული იყო ანათი და ოცნებობდა, თავადაც მასავით ენერგიული და საზრიანი ყოფილიყო. ჰყოლოდა უამრავი საჭირო ნაცნობი, რომლებიც ნებისმიერი ინფორმაციით მოამარაგებდნენ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3