№2 სადედამთილომ დამიწუნა და ახლა შეყვარებულს მალულად ვხვდები
ინტიმური საუბრები
ტრადიციულ ოჯახში გავიზადე და ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ ოჯახი ყველაზე მთავარია. ყველას ეგონა, გავთხოვდებოდი და ისეთ ოჯახს შევქმნიდი, როგორიც გვეკადრებოდა. სიმართლე გითხრათ, მეც ამაზე ვოცნებობდი, მაგრამ ოცნებები ხომ, ხშირად არ გვიხდება? ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ბადრი, მეგობართან გავიცანი და ისე შემიყვარდა, თავი დავკარგე. ორი თვე ვხვდებოდით ერთმანთს და მივხვდი, სწორედ ის იყო, ვისაც ვენდობოდი, მჭირდებოდა და ვისთანაც ბედნიერი ვიქნებოდი. თავადაც, ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ, დღეს მალულად ვხვდებით ერთმანეთს. ამის მიზეზი კი დედამისია. ბადრიმ რომ მითხრა, დედაჩემს შენზე მოვუყევი, აინტერესებს როგორი ხარ და შენი გაცნობა უნდაო, გამიხარდა და დავთანხმდი. თუმცა, შევცდი. მერჩივნა, საერთოდ არ მენახა და მომესმინა ის, რაც მან მაკადრა. მოკლედ, გამოვიპრანჭე და ვიყიდე საჩუქარი. გამომიარა ბადრიმ და ავედი დედამისის გასაცნობად. შემომხედა თუ არა, სახეზე ეწერა, არ მომწონხარო. მაგიდასთან კი, არც კი დამალა, მომახალა: ბადრი ისე მყავს გაზრდილი, სულ იმას ვეუბნებოდი, შენი ცოლი ისეთი უნდა იყოს, მე რომ მომეწონებაო. ვერ ვხვდები, რა არ მოეწონა – გარეგნობა, ქცევა თუ ოჯახიშვილობა, მაგრამ ფაქტია, სადედამთილომ დამიწუნა. ბადრი არც კი უსმენდა დედამისს, ჩემი ხელი ეჭირა და მეფერებოდა. სახლში რომ დავბრუნდი, ბევრი ვიფიქრე, მთელი ღამე ვერ დავიძინე. ისიც კი დავუშვი, ბადრის დავშორედები-მეთქი, მაგრამ ძალიან მიყვარს და ამას ვერ გადავიტან. მეორე დღეს, ბადრი ჩემთან ამოვიდა და ბოდიში მომიხადა. მითხრა: ნუ მიაქცევ დედაჩემის ლაპარაკს ყურადღებას, ყოველთვის ეგეთი პრეტენზიული იყო. მე და ჩემი და, ეგ რომ გველაპარაკება, ერთი ყურით ვუსმენთ და მეორიდან ვუშვებთ, მამაჩემმაც ვერ გაუძლო და გაშორდაო. მისთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ, როგორ ვიცხოვრო ქალთან, რომელმაც პირში მომახალა: რძლად არ მინდიხარ, არ მომწონხარო. დაქალებს რომ მოვუყევი ეს ამბავი, მითხრეს: აუ, დაანებე რა თავი იმ ქალს, შენ შენსას მიაწექი, მთავარია, ბადრის უყვარხარ და შენ გვერდითაა, დედამისს რას უსმენო. მაგრამ, როგორც გითხარით, მე ისეთ ოჯახში ვარ გაზრდილი, სადაც სიყვარულისა და სითბოს გარდა, ვერაფერს შეამჩნევთ. ოჯახის წევრები ერთმანეთზე ვგიჟდებით და ყოველწამს ერთმანეთს ვიხუტებთ. რომ წარმოვიდგენ, დედამთილი ზემოდან მიყურებს და ცდილობს, სიტყვებით გული მატკინოს, არ შემიძლია, ასეთ ადამიანთან ცხოვრება. ბადრისაც ვერ გავაგებინე, რომ ეს ადვილი არ არის და ცოლად ვერ გავყვები. ის კი მეუბნება, მე სხვა ბინა არ მაქვს და აბა, სად ვიცხოვროთ, სულ ასე შეყვარებულები ხომ არ ვიქნებითო. გაუგებრობაში ვარ. ვერც სიყვარულს ვთმობ და ვერც სადედამთილოს ქილიკურ საუბრებს ვუძლებ. ბადრის დედამ, არ იცის, მე რომ მის შვილს ისევ ვხვდები და მშვიდადაა. დავიღალე, ასე მალული შეხვედრებით და მინდა, თბილი, მოსიყვარულე ოჯახი შევქმნა.
თეა, 23 წლის.