სიყვარული რეანიმაციაში #2
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-1(836)
ადამიანებს ხშირად ეშინიათ სიყვარულის, სერიოზული ურთიერთობის. ყველა საშუალებით გაურბიან მას და ფიქრობენ, ასე დაიცავენ თავს მოსალოდნელი იმედგაცრუებისგან. თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც თავით გადაეშვებიან ხოლმე გრძნობების მორევში. ანგარიშმიუცემლად, რეალობის დანახვაზე უარის თქმით. შეიძლება, ერთ კატეგორიასაც გაუგო და მეორესაც, მაგრამ ცხოვრება ამით არავის უადვილდება.
თიკომ რამდენჯერმე გახედა მოწყენილ სოსოს, სტუმრებს წარბებს ქვემოდან რომ ათვალიერებდა და შამპანურის ჭიქას ანგარიშმიუცემლად ატრიალებდა ხელში. ქალი ბოლომდე ვერ აცნობიერებდა გრძნობას, რომელიც ამ მამაკაცის მიმართ ჰქონდა. გუკასთან გაცილებით მარტივად იყო ყველაფერი. ბიჭი მოსწონდა – ამაში დარწმუნებული იყო, მაგრამ დარწმუნებული იყო იმაშიც, რომ მასთან ოჯახური ცხოვრება არ გამოუვიდოდა. გუკას ყაიდის ტიპები ოჯახურ ცხოვრებაზე არ გიჟდებიან. მათთვის უხერხულია მზრუნველი ქმრისა და მამის როლი – პამპერსები, საწოვარები, საყიდლებზე სირბილი...
თიკომ ამოიოხრა ჭიქას თავადაც მოჰკიდა ხელი და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა სოსოს. კაცმა შეხედა და ნაძალადევად გაუღიმა.
– თავს იმ იდიოტივით ვგრძნობ, რომელიც ბრწყინვალე მეჯლისზე საღამურ პიჟამაში გამოწყობილი მივიდა.
თიკომ მამაკაცის ჩაცმულობა შეათვალიერა.
– ცუდად არ გამოიყურები. ეს პიჯაკი საკმაოდ ეფექტურია, უბრალოდ, უკეთესი პერანგის შერჩევა შეიძლებოდა. აი, ფეხსაცმელები კი მართლაც არაფერში ჯდება – ზედმეტად სპორტულია.
– სამაგიეროდ, კომფორტულია, – გამართლება მოუძებნა სოსომ, – საკუთარ გარდერობზე ვერ ვზრუნავ, დრო არ მაქვს. შეიძლება, არც სურვილი. ჩემი პაციენტებისთვის სულერთია, ფეხზე ბაზრობაზე ნაყიდი სპორტული ფეხსაცმელი მეცმევა თუ „დოლჩე და გაბანას“ კლასიკური ფეხსაცმელი. მთავარია, მათ პრობლემას ვუშველო. მერე მიდიან და სოსო ექიმი აღარავის ახსოვს. დაფნის გვირგვინი ბატონ დავითს – ბოლოს ყოველთვის ასე ხდება.
თიკომ გაიღიმა, კაცთან ახლოს მივიდა და მკლავზე მოჰკიდა ხელი. სოსო უხერხულად შეიშმუშნა.
– დავლიოთ, მშვენიერი წვეულებაა. დღეს გადასარჩენი არავინ გვყავს. შეგვიძლია, ცოტა გავერთოთ. მოვდუნდეთ, ვიცეკვოთ.
– არც მახსოვს, ბოლოს როდის ვიცეკვე. ძალიან სასაცილო ვიქნები.
– არა უშავს, მოცეკვავე არც მე ვარ. ცოტა დავლიოთ და ყველაფერი გამოგვივა.
სოსომ შამპანური მოსვა.
– არ მიყვარს ასეთი ევროპული სუფრები. ბოლოს, ყველას მაინც სუფრასთან დაჯდომა და ქეიფი რომ უნდა.
თიკომ მხრები აიჩეჩა.
– მე კი, სწორედ, სტანდარტულ, მამა-პაპურ ღრიანცელს ვერ ვიტან. დაუსრულებელ სადღეგრძელოებს და თამადა თვალებს რომ გიბრიალებს.
– დავითის ასაკის კაცები ქორწილებს აღარ უნდა იხდიდნენ. ნეტავი, თუ ხვდება, რა მდგომარეობაში ჩაიყენა თავი. ყველა უყურებს და ჩუმად იღიმება. პატარძალი ულამაზესი ბავშვია, სიძე კი... მგონი, აჯობებს, გავჩუმდე, – სოსომ ისევ მოსვა ღვინო და ჩაილაპარაკა, – რა სირცხვილია.
– მე ასე არ ვიტყოდი, ბედნიერების უფლება ყველას აქვს. ნებისმიერ ასაკში.
– რა თქმა უნდა. მათ შორის მეც. კარგი, ვიცეკვოთ.
სოსომ ქალს წელზე მოუხერხებლად მოხვია ხელი. მეორე ხელში შამპანურიანი ბოკალი ეჭირა, რომლის ვერც დადება შეძლო და საკმაოდ უცნაური ცეკვა გამოუვიდათ. თიკომ რამდენჯერმე შეხედა სახეში და გაუღიმა.
– შენთან ცეკვა სასიამოვნო ყოფილა. ცუდია, რომ ერთმანეთს აქამდე, მხოლოდ წინასაოპერაციო ოთახში, საოპერაციოსა და საორდინატოროში ვხვდებოდით. ვიცი, ზოგიერთი ექიმი ამ ყველაფრის ფონზეც ახერხებს სამსახურში რომანების გაბმას, მაგრამ მე ამაშიც ვერ ვივარგე. ვერ გავბედე. იქნებ, უარი არც ეთქვა.
თიკო შეცბა. ერთბაშად ვერ მიხვდა, ვის გულისხმობდა სოსო. მერე მის მზერას თვალი გააყოლა და დარწმუნდა, რომ კაცი ნიას უყურებდა.
– ნია მოგწონს? მაპატიე, ალბათ, არ უნდა გეკითხებოდე, მაგრამ სათქმელი თავისით მოვიდა.
– ჰო, არის მასში რაღაც. თუმცა, ჩემი შვილების დედად ვერ წარმოვიდგინე.
თიკომ თვალები მოჭუტა და სოსოს ავად შეხედა.
– აი, ეგ სიტყვები მაგიჟებს. თუმცა, არ მიკვირს. მარტო შენგან არ მომისმენია. ნიას კი შენ ნამდვილად არ მოეწონები, არაფერი გამოგივა.
– დარწმუნებული ვარ, ყურადღებას არ მაქცევს. შეუძლებელია, ვერ ხვდებოდეს, მის მიმართ ინტერესს რომ გამოვხატავ, მაგრამ ისე იქცევა, თითქოს არაფერი ხდება. ვიცი, ჩემი შესაფერისი არ არის. ზედმეტად თამამი ქალები არასდროს მომწონდა, მაგრამ ძალიან მიზიდავს.
თიკომ ცეკვა შეწყვიტა და სოსოს წყრომით შეხედა.
– აღარ მინდა ცეკვა. .
– რატომ? დათვივით ვბაჯბაჯებ?
– არც უმაგისობაა, – უხალისოდ ჩაილაპარაკა თიკომ.
– ანუ, თან, გაწყენინე კიდეც?
– ჰო, მოურიდებლად მელაპარაკები, როგორ მოგწონს ნია, როგორ დნები მისი სიყვარულით და გული გტკივა, ყურადღებას რომ არ გაქცევს.
სოსომ დაბნეულმა შეხედა.
– მაპატიე, ცუდად გამომივიდა.
– ჰო, ძალიან ცუდად, – თიკომ ზურგი შეაქცია კაცს. დარბაზის სიღრმეში ნია შენიშნა და მისკენ გაემართა.
ვახო ყოფილ სიძეს მიუახლოვდა და პატარა ჭიქა გაუწოდა.
– გამომართვი. ვისკია, აშკარად გჭირდება. ბარში ავიღე.
დავითმა მადლიერებით შეხედა.
– ძალიან ვნანობ, ცისიას რომ არ დავუჯერე და ამ მასკარადის მოწყობაზე დავთანხმდი. ახლა ვხვდები, რა არ უნდოდა ჩემს ცოლს. ამ ხალხს შეხედე, აღარც ერიდებათ, ისე აშკარად ჭორაობენ ჩვენზე.
– რა გაღელვებს? დღეს იჭორავებენ, ხვალ დაავიწყდებათ. ცისია კი შენთან დარჩება.
– ჰო, ეგეც არის, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ. მირიანი და ანა ჩამოვიდნენ. ჩემმა შვილმა კატეგორიული უარი თქვა, წვეულებამდე შეხვედროდა ცისიას და გაეცნო. მირიანმა მომიბოდიშა მის მაგივრად, ძალიან დაღლილები ვიყავითო, მაგრამ მე ხომ რეალობა ვიცი.
ზურაბმა მხარზე დაადო ხელი.
– ძალიან ბევრს ფიქრობ და ნერვიულობ. არ გინდა. ყველაფერი თავისით დალაგდება. შეეცადე გაიღიმო. სტუმრებთან მიდი. მილოცვები მიიღე. ჰო, მართლა, ცისია სად არის?
– ანდროს ვთხოვე, ეცეკვებინა. ძალიან მოწყენილი იყო, ანამ ისე შეუბღვირა. მოკლედ, თავს შვილის წინაშეც დამნაშავედ ვგრძნობ და ცოლის წინაშეც. ერთი სული მაქვს, როდის დამთავრდება ეს საღამო.
– ჰო, მართლა, იმას როგორ უჭირავს თავი? – მრავალმნიშვნელოვნად გადააქნია თავი ზურამ და იქით გაიხედა, სადაც ნია ეგულებოდა, – ძალიან მხიარულია. შენი მერიდება, თორემ მასთან ურთიერთობაზე უარს არ ვიტყოდი.
დავითს სახე გაუფითრდა. ზურაბი მიხვდა და გაიცინა.
– გეხუმრე, ნუ იგრუზები. პირობას გაძლევ, სიახლოვეს არ გავეკარები.
– საქმე მაგაში არ არის. ძალიან საეჭვოდ იქცევა. მერჩივნა, ერთი სკანდალი მოეწყო ჩემთვის და ამით დამთავრებულიყო ყველაფერი. როცა მახსენდება, რომ შეუძლია, ცისიას მოუყვეს, რაც ჩვენ შორის იყო...
– მოუყვეს მერე. თავისუფალი კაცი იყავი. შენი და ნიას ამბავი, ხომ იქამდე იყო, სანამ ცისიასთან აგეწყობოდა ურთიერთობა.
– ჰო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. მე თავად უნდა მომეყოლა მისთვის, მაგრამ შესაფერისი მომენტი ვერ ვიპოვე. თუ ახლა ნია მოუყვება. თან, წარმომიდგენია, როგორც მოუყვება, – დავითმა ხელი ჩაიქნია.
– დამშვიდდი, დავით. ის, რაც მოხდა და ხდება, შენი ბრალი არ არის. მე კი ვფიქრობ, აქ მყოფი ჩვენი კოლეგების უმრავლესობა ინატრებდა შენს ადგილზე ყოფნას. მათ სამკაულასხმულ, დაბოტოქსებულ ცოლებს შეხედე და მიხვდები, როგორ გაგიმართლა. რაც შეეხება ნიას, მგონი, შენით საერთოდ აღარ არის დაინტერესებული.
– ეს ამბები რომ ჩაივლის, იმაზე დავილაპარაკოთ, რაც მასთან დაკავშირებით გთხოვე. თუ კარგ შეთავაზებას გაუკეთებ, წესით, უარი არ უნდა თქვას. მზად ვარ, მისი სწავლის გაგრძელებაც დავაფინანსო. ოღონდ ისე, რომ ნიამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს.
ზურამ თავი დაუქნია.
– კარგი, მოვიფიქრებ რაღაცას.
***
ცისიას მანქანის საზურგეზე ედო თავი. თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ არ ეძინა. ანდრომ რამდენჯერმე მზრუნველად გადახედა.
– მგონი, ცუდად მოვიქეცი. ნეტავი, უკვე შეამჩნიეს იქ რომ არ ვარ? – თვალის გაუხელად თქვა გოგომ.
– გინდა, უკან მივბრუნდეთ?
– არა. ცოტა კიდევ გამასეირნე. დავითს ავუხსნი და გამიგებს.
– მე უკვე მესმის შენი. იმიტომაც შემოგთავაზე, ცოტა ხნით გასეირნება. თან, ბატონი დავითის მანქანის გასაღებიც მქონდა.
– თავი უცებ ისე ცუდად ვიგრძენი, კინაღამ გული ამერია.
ანდრომ ხმამაღლა გაიცინა.
– რა გაცინებს?
– წარმოვიდგინე, რა სეირი იქნებოდა, გული მართლა პირდაპირ დარბაზში რომ აგრეოდა.
ცისია ჯერ მოიღუშა. მერე წარბი გახსნა და ხალისიანად აკისკისდა. სული რომ მოითქვა, ანდროს მადლიერებით სავსე მზერა მიაპყრო.
– ძალიან საყვარელი ხარ. როგორ მეხმარები და ზრუნავ ჩემზე. ნათელი წერტილივით გამოჩნდი. საერთოდ არ ჰგავხარ იმ ბოროტ ადამიანებს, წვეულებაზე შურითა და დაცინვით რომ შემომცქეროდნენ. მართლა ვერ მივხვდი, რატომ არიან ასეთები. შეიძლება, სხვა ადამიანის ბედნიერება არ გიხაროდეს, მაგრამ რატომ უნდა იბოღმებოდე?
ანდრომ მხრები აიჩეჩა.
– რა გითხრა. მეც არ მესმის ასეთი ადამიანების.
– იმიტომ, რომ შენ კარგი ხარ, – შესცინა ცისიამ. ბიჭს უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა.
– რამეს დავლევდი, – თქვა უხერხულობის დასაფარად.
– კარგი იდეაა, – მხარი აუბა ცისიამ და ტანსაცმელზე დანანებით დაიხედა, – უარს არც მე ვიტყოდი, მაგრამ ჩემი კაბის გამო ბარში და კლუბში ვერ შევალთ.
– არა უშავს, რამეს მოვიფიქრებ, – ანდრომ თვალი ჩაუკრა და მანქანა შემოაბრუნა.
***
ქალებს მამაკაცებზე უკეთ შეუძლიათ ითამაშონ სიყვარულიც და მეგობრობაც, ალბათ, სიძულვილიც. თუმცა იმის გამო, რომ სიძულვილი მოთხოვნადი არ არის, ნაკლებად იწუხებენ თავს. ამიტომ სიძულვილი თითქმის ყოველთვის „ნატურალურია“. მთავარია, ისე არ იყოს შენიღბული, რომ ამოცნობა ვერ შეძლო.
ნია ნელი ნაბიჯით და თავაზიანი ღიმილით მიუახლოვდა ანას.
– კარგი წვეულებაა, არა? თქვენ ხომ ბატონი დავითის ქალიშვილი ბრძანდებით?
ანა შემოტრიალდა და გოგო თავიდან ფეხებამდე ამრეზით შეათვალიერა. ეტყობოდა, რომ დიდად არ ესიამოვნა მისი სითამამე.
ნია მიხვდა და დაასწრო.
– ბატონი დავითი მიყვებოდა თქვენზე. მე მისი საოპერაციოს ექთანი ვარ. ალბათ, ძალიან გაუხარდა, რომ ჩამოხვედით.
– ესე, იგი მამაჩემი ჩემზე გიყვებოდათ? – ანამ მრავალმნიშვნელოვნად მოჭუტა თვალები, – ცოტა ხომ არ დაგველია? შამპანური, მგონი, კოქტეილებიც არის. თან, ცოტას ვიჭორავებდით. მინდა, მამაჩემის მოულოდნელ შეყვარებაზე მომიყვე.
ნიამ ჩაიცინა.
– სიამოვნებით. ცისია ხომ ჩვენს კლინიკაში მოიყვანეს ავარიის შემდეგ. მის ოპერაციას პირადად ვესწრებოდი.
– მართლა? – ანამ აშკარად შეცვალა ტონი. ახლა უკვე კეთილგანწყობით უღიმოდა ნიას. მკლავზეც კი მოჰკიდა ხელი და ბარის დახლისკენ გაიყოლა. სადაც ბარმენი ოსტატურად ამზდებდა საფირმო კოქტეილებს.
***
– ანდრომ მანქანის კარი გამოაღო. ნავაჭრით სავსე ცელოფანი ცისიას გაუწოდა და თავადაც სავარძელზე მოკალათდა.
– ეს რა არის?
– ისეთ კოქტეილს გაგიკეთებ... სასმელი ვიყიდე. მარტინი, ლიმონი, ზეთისხილი, არაყი და ერთჯერადი ჭიქები. რამდენიმე წუთში გაგასინჯებ.
– უნდა დამათრო? – ცისია თავს შებოჭილად აღარ გრძნობდა. ბოლომდე გაიხსნა და ბიჭს თითქოს ცოტათი ეკეკლუცებოდა კიდეც.
ანდრომ მზერა მოარიდა მის მოშიშვლებულ მხრებს, ცელოფნიდან ერთჯერადი ჭიქები ამოალაგა, მარტინი ჩაასხა, შემდეგ არყით შეავსო, ლომონი ჩააწურა და ზეთისხილები ჩაყარა
– შენ არ ხუმრობ? მართლა კოქტეილი მომზადე. უნდა დამათრო? გაფრთხილებ, მთვრალი არასდროს ვყოფილვარ. წარმოდგენა არ მაქვს, როგორი სიმთვრალე მაქვს.
– ჰოდა, ახლა ვნახავ. ნუ გეშინია, ბატონ დავითს არაფერს მოვუყვები, – შეაგულიანა ანდრომ და ჭიქა გაუწოდა.
ცისიამ მოსვა და სასამოვნოდ შეაჟრჟოლა.
– როგორი კარგია? ანდრო, შენ რა მაგარი ყოფილხარ?!
მეორე ჭიქა კოქტეილის შემდეგ, ცისიას თვალებში მხიარული ნაპერწკლები აუთამაშდა. მესამე ჭიქაზე ანდროს საყვარელი ლეკვივით შესციცინებდა და ენას უჩლექდა. ბოლოს მხარზე მიადო თავი და ჩაილაპარაკა:
– ჩემი ნება რომ იყოს, იმ საზიზღარ წვეულებაზე არ დავბრუნდებოდი და აქ დავრჩებოდი, მანქანაში, შენთან.
ანდრომ ამოიოხრა.
– მერე ბატონი დავითი?
– ბატონი დავითი, ბატონი დავითი... – წაიმღერასავით ცისიამ, როგორ უცნაურად ჟღერს, როცა ჩემს ქმარს ბატონ დავითად მოიხსენიებ.
– რას იზამ, ის შენთვის არის ქმარი, ჩემთვის კი შეფია, საკმაოდ წონიანი და პატივსაცემი პროფესორი.
– და... ბებერიც, – თქვი, რატომ არ ამბობ? შენც ხომ ამას ფიქრობ, – ცისია მოულოდნელად გაანჩხლდა. ცარიელი ჭიქა ძირს დააგდო და ბიჭს თავისი პატარა მუშტები დაუშინა.
ანდრო იძულებული გახდა, ორივე ხელი მაგრად მოეხვია გოგოსთვის და მკერდზე მიეხუტებინა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში