„დიდოსტატის“ მარჯვენა #2
სამშენებლო კომპანია „დიდოსტატს” ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, მაღლივი შენობის ქვედა ხუთი სართული ეკავა. კომპნიას, „დიდოსტატი”, სვეტიცხოვლის ტაძრის ამგებ უტა არსაკიძის გამო კი არ შეარქვეს, დამფუძნებელი და დირექტორი – ბატონი ვახტანგ ნარჩემაშვილი, მუქთა ფულის შოვნის დიდოსტატი გახლდათ – კანონები ზეპირად იცოდა და ისეთს „დახლართავდა”, მოსამართლე კი არა, ეშმაკიც ვერ გაუგებდა თავსა და ბოლოს.
გაყიდვების სამსახური და საგამოფენო დარბაზი შენობის პირველ სართულზე იყო განლაგებული. შესულ კლიენტს, გაყიდვების მენეჯერი ჯერ თავის კაბინეტში, კომპიუტერის ეკრანზე მოაწონებდა ბინას, მერე საგამოფენო დარბაზში გაიყვანდა და იქ ისეთ „მასტერკლასს” ჩაუტარებდა, რომ კლიენტებს უკვე საკუთარ ბინაში ეგონათ თავი და იქიდან გამოსვლა აღარ უნდოდათ. მერე, ისევ კაბინეტში შეიყვანდა, სართულს და ხედს აარჩევინებდა, ფასზეც მოურიგდებოდა, „ხათრით”, 10 პროცენტსაც დაუკლებდა და მეორე სართულზე აგზავნიდა იპოთეკური სესხის გასაფორმებლად.
***
აკაკი ღონღაძე თბილისელი კაცი იყო. ცოლთან – ლიასთან და შვილთან – დიტოსთან ერთად ცხოვრობდა დიდუბეში, სამტრედიის ქუჩაზე, რვასართულიანი კორპუსის მესამე სართულზე, ოროთახიან ბინაში.
– ბიჭმა ცოლი უნდა მოიყვანოს, ცალკე ბინა სჭირდებაო! – შეუჩნდა ლია ქმარს. ტელევიზიით, მშენებარე ბინების შეთავაზების რეკლამა მოხვდათ თვალში. ასე მივიდნენ ცოლ–ქმარი სამშენებლო კომპანია „დიდოსტატის” ოფისში და ბედნიერები წამოვიდნენ იქიდან.
***
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „დიდოსტატ–კრედიტი” შენობის მეორე სართულზე იყო განთავსებული, სადაც, უკვე „დამუშავებულ” კლიენტებს, ახალგაზრდა, სიმპათიური გოგო–ბიჭები სესხის პირობებს გააცნობდნენ: აშენებული და გარემონტებული ბინა კლიენტს ერთ წელიწადში უნდა ჩაჰბარებოდა. ღირებულების 30 პროცენტის გადახდის შემდეგ, დარჩენილი ღირებულება 10 წელიწადზე ნაწილდებოდა. თვიური გადასახადი დიდი არ იყო. ამიტომ, კლიენტები კმაყოფილები და ბედნიერები მიდიოდნენ სახლში.
***
გაყიდეს ბინა, იმავე კორპუსში ერთოთახიანი იქირავეს. აღებული თანხის ნაწილი ორი ოროთახიანი ბინის მშენებლობაზე შეიტანეს. დანარჩენი ბანკში დადეს ანგარიშზე. ცოლ–ქმარი პენსიას იღებდა, დიტო მუშაობდა. სარისკო არაფერი იყო. ერთ წელიწადში, გარემონტებული ორი ბინა ბარდებოდათ. ოჯახის ხარჯებს და ყოველთვიურ გადასახადს, დიტოს ხელფასი და მათი პენსია თავისუფლად ჰყოფნიდა. ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი, თუ დიტო სამსახურს დაკარგავდა, ერთი წლის სამყოფი ბინის ქირის და სესხის დასაფარი ყოველთვიური შესატანი თანხა, ანგარიშზე ედოთ. ერთი წლის შემდეგ, ორ ბინას რომ მიიღებდნენ, ერთში იცხოვრებდნენ, ხოლო მეორეს გააქირავებდნენ, საიდანაც აღებული ქირის ოდენობა, თავისუფლად ეყოფოდა სესხის დაფარვას. – ეს, უარეს შემთხვევაში, ჩვეულებრივ პირობებში კი, ერთ ბინაში თვითონ იცხოვრებდნენ, მეორეს დიტოს მისცემდნენ.
ერთი წლის თავზე, ბინა რომ არ ჩაბარდათ და ადგილზე მივიდნენ, ნახეს, მშენებლობა ჯერ დაწყებულიც არ იყო. ირბინეს, კომპანიის ოფისშიც იკითხეს, მაგრამ ვერავინ უთხრა, ბინები როდის ჩაბარდებოდათ. შესაბამისად, ამათაც გააჩერეს სესხის დაფარვა. ცოტა ხანში, „დიდოსტატ–კრედიტიდან” მოადგნენ და ჯერ არმიღებული ბინების ჩამორთმევაზე დაუწყეს დავა. ამათ სასამართლოში უჩივლეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. სასამართლომ:
– სამშენებლო კომპანია „დიდოსტატს” და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „დიდოსტატ–კრედიტს”, ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ და საჩივარი არ დაკმაყოფილდება, სამშენებლო კომპანიას უჩივლეთო!
ამასობაში, ცხინვალის ომი დაიწყო და დიტო საბრძოლველად ჯარში გაიწვიეს. იქიდან, დაჭრილი, საავადმყოფოში მოხვდა. საავადმყოფოდან კი, ეტლზე მიჯაჭვული, წელსქვევით პარალიზებული მიუყვანეს დედ–მამას.
***
– ყველაფერს ვყიდით, არაფერს ვიტოვებთ. ჩემი ოჯახით ნაქირავებში გადავედი, რომ მოსახლეობა ან ბინებით დავაკმაყოფილო, ან თანხა დავუბრუნოო! – ტელევიზიით გამოვიდა მთავარი „დიდოსტატი” – ბატონი ვახტანგი. ელოდნენ კიდევ რამდენიმე თვეს, მაგრამ დაკმაყოფილებული რომ ვერავინ ნახეს, სამშენებლო კომპანიას სასამართლოში უჩივლეს.
– სამშენებლო კომპანია „დიდოსტატი” გაკოტრებულია, გაყიდული ქონებიდან ამოღებული თანხით სახელმწიფოს მიმართ ვალები დაიფარა. დამფუძნებელს კი, არაფერი გააჩნია, ანგარიშები დაყადაღებული აქვს. თუ რამე ექნება, პირველ რიგში დაკმაყოფილდებითო! – განაჩენი გამოაცხადა მოსამართლემ.
– ეგენიც ჩემ დღეში ყოფილან, თურმე, აღარაფერი გააჩნიათო! – დაწყნარდა აკაკი, თუმცა, შიმშილით იხოცებოდნენ და ბინის პატრონიც, ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, გამოსახლებით ემუქრებოდა. სხვა რა გზა ჰქონდა, სამტრედიის ქუჩისა და სანაპიროს კუთხეში დადგა სამათხოვროდ. გულმა კი, მაშინ უმტყუნა, შუქნიშანზე გაჩერებული „მაიბახის” უკანა მარჯვენა დამუქებული მინა რომ ჩამოიწია და იქიდან გამოყოფილმა „დიდოსტატის” მარჯვენამ, 20–თეთრიანი ჩაუდო სამათხოვროდ გაწვდილ ხელში.